ხმაური ქარიშხლის წინ

საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 2015 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები, რომელიც ზოგიერთმა მიმომხილველმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების „გენერალურ რეპეტიციად“ მონათლა, მწვავე განხილვის საგანი გახდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, თამარ ხიდაშელმა ერთ პროცენტზე ნაკლები სხვაობით მოუგო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელ ირმა ინაშვილს. შედეგებმა მძაფრი რეაქცია გამოიწვია არამარტო „ალიანსის მხარდამჭერებს შორის, არამედ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კოალიციის ზოგიერთი წევრის მხრიდანაც. კრიტიკის მთავარ ობიექტს ოლქში თავდაცვის სამინისტროს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი (ე. წ. სპეცუბანი) წარმოადგენდა, სადაც ხმას აძლევენ მუხროვანის ბაზაზე დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურეები. ეს სპეცუბანი სხვა არჩევნების დროსაც არსებობდა, თუმცა ხიდაშელის მოწინააღმდეგეთა აზრით, განსაკუთრებული როლი ითამაშა შარშანდელ არჩევნებში, რამდენადაც რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვება სწორედ სამხედროების ხმებმა განაპირობა; ისინი ასევე არჩევნების მიმდინარეობაში უკანონო ჩარევაში ადანაშაულებდნენ საგარეჯოს ყოფილ მაჟორიტარს, ამჟამად კი თავდაცვის მინისტრს, თინათინ ხიდაშელს. ვითარებამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საქართველოს პროკურატურას საგარეჯოს არჩევნების შედეგების მოკვლევის მოწოდებით/თხოვნით მიმართა (თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, პროკურატურამ მოკვლევა შეწყვიტა). წინამდებარე ბლოგ-პოსტში არ ვიმსჯელებთ საგარეჯოს შუალედური არჩევნების მსვლელობაში დაშვებული პროცედურული დარღვევების შესახებ, არამედ განვიხილავთ ამომრჩეველთა გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ და ეთნიკურ თავისებურებებს, რომლებიც თამარ ხიდაშელის გამარჯვების რეალურ? მიზეზად მიგვაჩნია.










დიაგრამა 1 
შენიშვნა: სვეტების სიმაღლე მიღებული ხმების აბსოლუტურ რაოდენობას შეესაბამება, ხოლო წარწერები - თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების პროცენტულ წილს. დამრგვალების გამო, შესაძლოა, პროცენტები 100-მდე არ ჯამდებოდეს ან - აღემატებოდეს 100%-ს. 
წყარო: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (http://results.cec.gov.ge)

არჩევნების შედეგების თანახმად, ხიდაშელის და ინაშვილის მიერ მიღებულ ხმებს შორის სხვაობა სულ რაღაც 559 ხმას შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, სპეცუბანზე დაფიქსირებული შედეგები სხვა, ე. წ. „დედა-უბნის“ მონაცემებთან ერთად ითვლება და ცალკე არსად ფიქსირდება, შესაბამისად, არჩევნების საბოლოო საუბნო შედეგების ოქმი საშუალებას არ იძლევა, განირჩეს მხოლოდ სპეცუბანზე დაფიქსირებული შედეგები. როგორც პირველი დიაგრამა გვიჩვენებს, მაშინაც კი, თუ სპეციალურ უბანსა და მის ე. წ. „დედა-უბანზე“ დაფიქსირებული შედეგები ბათილად იქნებოდა ცნობილი, გამარჯვება მაინც ხიდაშელს დარჩებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში - მხოლოდ 87 ხმით. ცხადია, რომ ამ პირობებში თითოეულ ხმას სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა მიენიჭებოდა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მოსახლეობის საარჩევნო ქცევა განსხვავებულია როგორც დასახლებული პუნქტის ტიპის, ასევე მოსახლეობის ეთნიკური კუთვნილების და რელიგიური შეხედულებების მიხედვით. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 80% სოფლად ცხოვრობს; მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ორმოც პროცენტს აზერბაიჯანელები შეადგენენ.  ისტორიულად, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ხმები, როგორც წესი, ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის საარჩევნო მხარდაჭერის მნიშვნელოვანი წყაროა. 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგების განხილვა დემოგრაფიული სტრუქტურის ჭრილში საინტერესო სურათს გვაძლევს (იხ. დიაგრამები 2 და 3).

დიაგრამა 2
შენიშვნა: სვეტების სიმაღლე მიღებული ხმების აბსოლუტურ რაოდენობას შეესაბამება, ხოლო წარწერები - კანდიდატების მიერ მიღებული ხმების წილს თითოეული ტიპის დასახლებულ პუნქტში. დამრგვალების გამო, შესაძლოა, პროცენტები 100-მდე არ ჯამდებოდეს ან - აღემატებოდეს 100%-ს.
წყარო: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (http://results.cec.gov.ge)

მეორე დიაგრამაზე წარმოდგენილია კანდიდატთა მიერ ქ. საგარეჯოში, აზერბაიჯანულ და ქართულ სოფლებში მიღებული ხმების აბსოლუტური და ფარდობითი მაჩვენებლები. ქალაქში ირმა ინაშვილმა დიდი სხვაობით მოუგო ხელისუფლების კანდიდატს; ქართული სოფლების საარჩევნო უბნებზე მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა წარიმართა, თუმცა, საბოლოო ჯამში, თამარ ხიდაშელმა ოპოზიციურ კანდიდატზე ნაკლები ხმა მოაგროვა; სამაგიეროდ, რესპუბლიკელმა პირწმინდად მოუგო ინაშვილს აზერბაიჯანელი მოსახლეობის საარჩევნო უბნებში.


დიაგრამა 3
წყარო:  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (http://results.cec.gov.ge)

როგორც მეორე დიაგრამიდან ირკვევა, ხელისუფლების კანდიდატის გამარჯვებისთვის აზერბაიჯანელი მოსახლეობის ხმები აღმოჩნდა გადამწყვეტი. თუ შევადარებთ, ერთი მხრივ, არჩევნებზე მისული ამომრჩევლების გეოგრაფიულ და დემოგრაფიულ განაწილებას და, მეორე მხრივ, თითოეული კანდიდატის ამომრჩეველთა გეოგრაფიულ და დემოგრაფიულ განაწილებას (დიაგრამა 3), ცხადი ხდება, რომ ხიდაშელის მხარდამჭერების სტრუქტურა მეტნაკლებად ემთხვევა არჩევნებზე გამოცხადებული ადამიანების დემოგრაფიულ სტრუქტურას, ხოლო ინაშვილის ამომრჩეველთა შორის ქალაქის და ქართული სოფლების მცხოვრებლები დისპროპორციულად მეტად არიან წარმოდგენილნი.
როგორც ვხედავთ, საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვება აზერბაიჯანული საარჩევნო უბნების ამომრჩევლების ხმებმა განაპირობა, ხოლო ირმა ინაშვილის ამომრჩეველთა ბირთვი მუნიციპალიტეტის ქართული მოსახლეობა იყო. ეს მიგნება საქართველოს საარჩევნო „კულტურის“ დიდი ხნის წინ დამკვიდრებული ტრადიციის გაგრძელებაზე მოწმობს - საგარეჯოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკური აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, რომლებიც თითქმის ყოველთვის ხმების იოლ წყაროს წარმოადგენენ სახელისუფლებო კანდიდატებისთვის. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ ამ სოფლებში ხმების 83% პროცენტი მიიღო, როდესაც მეტწილად ქართველებით დასახლებულ საარჩევნო უბნებში მათ მხარი ამომრჩეველთა 33%-მა დაუჭირა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანული მოსახლეობის ხმების უმეტესობა (58%) უკვე ახალი ხელისუფლების კანდიდატის „ყულაბაში“ აღმოჩნდა. შესაბამისად, საგარეჯოს 2015 წლის არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატის გამარჯვების მთავარ მიზეზს არა იმდენად სპეციალური უბნის არსებობა, არამედ - აზერბაიჯანული მოსახლეობის მხარდაჭერა წარმოადგენდა.

No comments:

Post a Comment