სტალინის მედლის ორი მხარე


საბჭოთა კავშირის ყოფილი მმართველის, იოსებ სტალინის გარდაცვალების  შემდეგ სამოცი წელი გავიდა. საინტერესოა, რა დამოკიდებულება აქვს დღეს საქართველოს მოსახლეობას სტალინის მიმართ.რა ახასიათებთ ადამიანებს, ვინც სტალინისადმი დადებითად არის განწყობილი, და რა ახასიათებს მათ, ვისაც სტალინისადმი უარყოფითი განწყობა აქვთ? კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC)ყოველწლიური გამოკითხვის, „კავკასიის ბარომეტრი-2012“-ის ფარგლებში საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მოსახლეობას დავუსვით რამდენიმე კითხვა იოსებ სტალინის შესახებ1. გამოკითხვის შედეგად საქართველოში განსაკუთრებით საინტერესო პასუხები დაფიქსირდა. აღმოჩნდა, რომ ადგილი აქვს სტალინის პიროვნების არაერთგვაროვან და წინააღმდეგობრივ შეფასებებს. 

ერთი შეხედვით, ქართული საზოგადოება დადებითადაა განწყობილი სტალინისადმი: რესპონდენტების 45%-ს აფიქსირებს დადებით დამოკიდებულებას სტალინის მიმართ (პატივისცემა, სიმპათია, აღფრთოვანება), მაშინ როდესაც 15% გულგრილია საბჭოთა ლიდერის მიმართ, ხოლო 20% უარყოფითად არის განწყობილი (ანტიპათია, გაღიზიანება, შიში, ზიზღი). დანარჩენ რესპონდენტებს (15%) გაუჭირდათ პასუხის გაცემა ან უარი განაცხადეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე (დიაგრამა 1).
დიაგრამა 1

თუმცა, უფრო ღრმა ანალიზი ცხადყოფს, რომ ქართველი რესპონდენტების  დამოკიდებულება სტალინის მიმართ არაერთგვაროვანია. დიდ მნიშვნელობას იძენს გარემოება, თუ როგორ იყო ფორმულირებული კითხვა. „კავკასიის ბარომეტრი-2012“-ის ფარგლებში რესპონდენტებს ვთხოვეთ შეეფასებინათ განსხვავებული მოსაზრებები, რომელთა ნაწილი დადებითად ახასიათებდა სტალინს, ნაწილი კი – უარყოფითად. იმის მიხედვით, დადებითი იყო მოსაზრება თუ უარყოფითი, რესპონდენტები განსხავებულ დამოკიდებულებას აფიქსირებენ სტალინის მიმართ. ამავე დროს, განსაკუთრებით თვალშისაცემია, რომ არ არის რადიკალური (რაოდენობრივი) განსხვავებები რესპონდენტების მიერ შემდეგი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების შეფასებაში: „სტალინი იყო სასტიკი, არაადამიანური ტირანი, რომელიც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილშია დამნაშავე” და “სტალინი ბრძენი ლიდერი იყო, რომელმაც სიმძლავრე და კეთილდღეობა მოუტანა საბჭოთა კავშირს” (დიაგრამა 2).

დიაგრამა 2

სტალინის მიმართ არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სხვა კითხვებშიც ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი მხრივ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (45%)დადებით დამოკიდებულებას აფიქსირებს სტალინის მიმართ, ამავე დროს გამოკითხულთა  უმრავლესობა (63%) გვეუბნება, რომ არ სურს ცხოვრება და მუშაობა ისეთ ქვეყანაში, რომელსაც სტალინის მგავსი პიროვნება მართავს. რესპონდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი (49%) არც იმ მოსაზრებას ეთანხმება, რომ „ჩვენს ხალხს ყოველთვის ექნება მოთხოვნილება ჰყავდეს ისეთი ლიდერი, როგორიც სტალინი იყო, რომელიც მოვა და წესრიგს დაამყარებს“. 

სტალინისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ვლინდება მაშინაც, როდესაც პასუხებს რესპონდენტების დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით ვაანალიზებთ. სტალინის მიმართ დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება განასხვავებს რესპონდენტებს დასახლებული პუნქტის ტიპის, ასაკის და განათლების (მათ შორის, ინგლისური ენის ცოდნის დონის) მიხედვითაც. 

დიაგრამა 3

სტალინისადმი დამოკიდებულების კროსტაბულაცია დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით აჩვენებს, რომ სოფლებში სტალინისადმი დამოკიდებულება უფრო  დადებითია, ვიდრე ქალაქებში (დიაგრამა 3). აღსანიშნავია, რომ თბილისში დაფიქსირებული უარყოფითი დამოკიდებულება სტალინის მიმართ (28%) თითქმის ორჯერ მეტია ანალოგიური მაჩვენებლისა სოფლებში (15%). ამასთან, ყველა ტიპის დასახლებულ პუნქტში ჭარბობს დადებითი დამოკიდებულება.  მაგრამ, როგორც უკვე აღინიშნა, სტალინისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია და მხოლოდ ერთ კითხვაზე მიღებული პასუხები ვერ აღწერს მთლიან სურათს. ვნახოთ, როგორ განსხვავდება დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით რესპონდენტების მიერ შემდეგი მოსაზრებების შეფასება: „სტალინი იყო სასტიკი, არაადამიანური ტირანი, რომელიც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილშია დამნაშავე” და “სტალინი ბრძენი ლიდერი იყო, რომელმაც სიმძლავრე და კეთილდღეობა მოუტანა საბჭოთა კავშირს”(დიაგრამები 4 და 5).

დიაგრამა 4-5

რესპონდენტების დამოკიდებულება სტალინის მიმართ განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვითაც. შესამჩნევია ტენდენცია, რომ ასაკის მატებასთან ერთად დადებითი დამოკიდებულება სტალინის მიმართ იზრდება. 18–დან 30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში რესპონდენტთა მხოლოდ 30%-ია დადებითად განწყობილი სტალინის მიმართ, ხოლო 61 წლის და უფროსთა ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 72%–ია (დიაგრამა 6). 

დიაგრამა 6

განსხვავება ასაკობრივ ჯგუფებს შორის შეიმჩნევა სტალინის შესახებ სხვადასხვა მოსაზრების შეფასებაშიც (დიაგრამები 7 და 8). უარყოფითი დატვირთვის მქონე მოსაზრებას („სტალინი იყო ტირანი“) ეთანხმება ჩვენს მიერ გამოყოფილი ოთხივე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა უარყოფითი პასუხები მატულობს ასაკის მატებასთან ერთად და 61 წლის და უფროს რესპონდენტთა ასაკობრივ ჯგუფში გამოკითხულთა 38% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „სტალინი  იყო სასტიკი, არაადამიანური ტირანი, რომელიც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილშია დამნაშავე”. სტალინის შესახებ დადებით მოსაზრებასაც („სტალინი იყო ბრძენი მმართველი“) ოთხივე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა უმეტესობა ეთანხმება და ასაკის მატებასთან ერთად რესპონდენტები უფრო მეტად ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ “სტალინი ბრძენი ლიდერი იყო, რომელმაც სიმძლავრე და კეთილდღეობა მოუტანა საბჭოთა კავშირს”.

დიაგრამა 7-8

სტალინის მიმართ დამოკიდებულებებში გარკვეული განსხვავებები შეინიშნება  რესპონდენტთა განათლების დონის მიხედვითაც. უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები გამოირჩევიან სტალინის მიმართ შედარებით უარყოფითი დამოკიდებულებით, მაშინ როდესაც საშუალო სპეციალური ან საშუალო განათლების მქონე რესპონდენტები ნაკლებად ამჟღავნებენ უარყოფით დამოკიდებულებას საბჭოთა კავშირის ყოფილი ბელადის მიმართ (დიაგრამა 9). 

დიაგრამა 9

გარკვეული განსხვავებები გამოიკვეთა სტალინის დადებითად და უარყოფითად წარმომჩენი მოსაზრებების კროსტაბულაციისას განათლების დონის მიხედვით (დიაგრამები 10 და 11). მოსაზრებას, რომ „სტალინი იყო ტირანი“, ყველაზე მეტად ეთანხმებიან უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები(63%), ხოლო საშუალო განათლების მქონე რესპონდენტებისთვის ანალოგიური მაჩვენებელია 45%.  უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები ნაკლებად აფიქსირებენ დადებით დამოკიდებულებას სტალინის მიმართ:მათი24% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ “სტალინი ბრძენი ლიდერი იყო, რომელმაც სიმძლავრე და კეთილდღეობა მოუტანა საბჭოთა კავშირს”, მაშინ, როდესაც ეს მაჩვნებელი საშუალო განათლების მქონე რესპონდენტებისთვის  მხოლოდ 10%-ია. 

დიაგრამა 10-11

კიდევ ერთი მახასიათებელი, რომლითაც შესაძლებელია დახასიათდეს სტალინის მიმართ არსებული დამოკიდებულება, ინგლისური ენის ცოდნის დონეა. რაც უფრო კარგად იცის რესპონდენტმა ინგლისური ენა, მით ნაკლებ სავარაუდოა, რომ მისი დამოკიდებულება სტალინისადმი დადებითი იქნება (დიაგრამა 12). შესადარებლად კარგი მაგალითებია, ერთი მხრივ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებსაც არ აქვთ საწყისი ცოდნა ინგლისურ ენაში და დადებითად არიან განწყობილი სტალინის მიმართ (52%) და, მეორე მხრივ, ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონის მქონე რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც დადებითად არიან განწყობილი სტალინის მიმართ (27%). 

დიაგრამა 12

სტალინის შესახებ დასმული კითხვების ერთ ნაწილში იკვეთება აშკარად დადებითი დამოკიდებულება, მეორე ნაწილში კი უარყოფითი შეფასებები. ერთია, როდესაც რესპონდენტები ზოგადად აფიქსირებენ სიმპათიას ან ანტიპათიას რომელიმე ისტორიული ფიგურის მიმართ და მეორე – როდესაც ისინი საკუთარ თავს წარმოიდგენენ ამ პირის მიერ მართულ ქვეყანაში. მიუხედავად ზოგადად დაფიქსირებული სიმპათიებისა, რესპონდენტების უმრავლესობა (63%) აცხადებს, რომ არ სურს ცხოვრება და მუშაობა ისეთ ქვეყანაში, რომელსაც სტალინის მგავსი პიროვნება მართავს. 


დიაგრამა 13-14

ასეთია ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა დამოკიდებულება; ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია 61 წლის და უფროსი რესპონდენტებისათვის (45%), ხოლო 18–დან 30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 75%-ია. რაც შეეხება განსხვავებებს დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით, თბილისსა და სხვა ქალაქებში მცხოვრები რესპონდენტების უარყოფითი პასუხები მეტია (88% და 64%), ვიდრე სოფლებში მცხოვრები რესპონდენტების (54%). 

სტალინის მსგავსი პიროვნების მიერ მართულ ქვეყანაში მუშაობის და ცხოვრების სურვილი განსხვავებულია განათლების დონის მიხედვითაც (დიაგრამები 15 და 16). უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტების მხოლოდ 15%-ია თანახმა, იცხოვროს და იმუშაოს სტალინის მსგავსი პიროვნების მიერ მართულ ქვეყანაში, საშუალო განათლების მქონე რესპონდენტებისთვის კი ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია - 29%. ანალოგიურად, ინგლისური ენის ფლობის დონის ზრდასთან ერთად მცირდება სტალინის მსგავს პიროვნების მიერ მართულ ქვეყანაში ცხოვრების და მუშაობის მსურველთა რაოდენობა. 


დიაგრამა 15-16

არსებული ტენდენციები ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ისინი მიუთითებენ სტალინის ფიგურის შეფასების არაერთგვაროვნებაზე საქართველოში. ამ ტენდენციების  ახსნა სხვადასხვა ფაქტორითაა შესაძლებელი. სტალინის პიროვნების შეფასებისას აშკარად გამოიკვეთა განსხვავებები ურბანულ და არაურბანულ მოსახლეობას შორის. შესაძლებელია იგივეს თქმა ასაკობრივი ჯგუფების შესახებაც: სტალინი, როგორც ისტორიის ნაწილი, უფრო მეტი პატივისცემით და სიმპათიით სარგებლობს მოსახლეობის უფრო ასაკოვან ნაწილში. განათლება (ამ შეთხვევაში იგულისხმება ინგლისური ენის ცოდნის დონეც) ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს განსხვავებულ პოზიციებს სტალინის მიმართ- იზრდება საკითხზე არსებული ინფორმაციის მოპოვების და შეფასების საშუალებები. 

თუმცა, ყველაზე საგულისხმოა დაფიქსირებული დუალისტური დამოკიდებულება სტალინის მიმართ. კითხვებს სტალინის შესახებ რესპონდენტები არათანმიმდევრულად პასუხობენ. ერთი მხრივ, სახეზეა ზოგადი კეთილგანწყობა სტალინის მიმართ - 45% დადებითად აფასებს სტალინს; 68% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ის ბრძენი მმართველი იყო. მეორე მხრივ, ხალხს არ სურს ცხოვრება და მუშაობა ისეთ ქვეყანაში, რომელსაც სტალინის მგავსი პიროვნება მართავს (63%); 53%-ს მიაჩნია რომ „სტალინი იყო სასტიკი, არაადამიანური ტირანი, რომელიც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილშია დამნაშავე”. მოყვანილი შედეგების საფუძველზე რთულია ერთმნიშვნელოვნად განისაზღვროს, თუ რა განწყობა აქვს საქართველოს მოსახლეობას სტალინის მიმართ. დადებითი დამოკიდებულება, რომელიც ზოგიერთ კითხვაზე მიღებული პასუხებიდან ჩანს, გამოწვეულია სტალინის იდეალების გააზრებით თუ სტალინის, როგორც გამორჩეული ქართველი ისტორიული ფიგურის პატივისცემით? შესაბამისად, უარყოფითი შეფასებები გამოწვეულია სტალინური მსოფლმხედველობის უარყოფით თუ ზედაპირულად, სტალინის მხოლოდ სახელის და არა მისი მეთოდების და ქმედებების დაგმობით? 

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. 

რატი შუბლაძე



1 ეს კითხვები დაისვა Carnegie Endowment for International Peace ინიციატივით.