ბედნიერება, როგორც შედარებითი სარგებელი

მეცნიერები სოციალური ფსიქოლოგიისა და ქცევითი ეკონომიკის დარგში უკვე დიდი ხანია სწავლობენ ადამიანების მიერ საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის სუბიექტურ შეფასებას. მასობრივი გამოკითხვების დროს ამ ინფორმაციის შესაგროვებლად, როგორც წესი, სკალები გამოიყენება, რომელთა მეშვეობითაც რესპონდენტები საკუთარ კეთილდღეობას აფასებენ - როგორც ზოგადად, ისე სხვებთან შედარებით. ამ ბლოგში განხილული  მაგალითი ადასტურებს  მოსაზრებას, რომ ეკონომიკური მდგომარეობის თვითშეფასება დამოკიდებულია დასმული კითხვის ფორმულირებაზე (wording), ისევე, როგორც არსებულ გარემოებებზე. 
ეკონომიკური მდგომარეობის შესამჩნევად განსხვავებული თვითშეფასება აბსოლუტურ და შედარებით კონტექსტში დანიელ კანემანის მიკერძოებულობის თეორიით შეგვიძლია ავხსნათ1. აღნიშნული თეორიის მიხედვით, კითხვის  ფორმულირება რესპონდენტებს ერთგვარად უზღუდავს პასუხის თავისუფლებას და შერჩეული ტერმინოლოგიით დიდ გავლენას ახდენს რესპონდენტის პასუხზე. ასეთ გავლენას კანემანი და მისი  თანამოაზრეები ტენდენციურობად მოიხსენიებენ2.
ეკონომიკური კეთილდღეობის გარდა, სოციოლოგიურ და ეკონომიკურ დარგებში მუდმივად აქტუალურია კითხვები რესპონდენტთა ბედნიერებზე. თუმცა, ამ შემთხვევაში აღსანიშნავი ისაა, რომ რესპონდენტების ბედნიერების თვითშეფასება მათი ზოგადი და შედარებითი ეკონომიკური სტატუსის თვითშეფასების მიხედვით მერყეობს. 
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოში არსებული უთანასწორობის დონის მიხედვით, რომელიც ეკონომიკაში ჯინის კოეფიციენტით იზომება3, იცვლება საზოგადოების ტენდენციურობა. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობიდან  გამომდინარე, ადამიანები მეტი ან ნაკლები ტენდენციურობით აფასებენ თავიანთ ეკონომიკურ სტატუსს. მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე ქცევითი ეკონომიკის დარგში დადასტურდა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ჯინის ინდექსი მაღალია, ადამიანების ტენდენციურობა უფრო შესამჩნევია, რასაც, თავის მხრივ, უარყოფითი გავლენა აქვს მოსახლეობის მიერ ბედნიერების თვითშეფასებაზე. მეორე მხრივ, საპირისპირო მოსაზრება მართლდება ეკონომიკურად თანაბარ საზოგადოებებში, სადაც ჯინის ინდექსი შედარებით დაბალია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ ქვეყნებში, სადაც სიმდიდრის გადანაწილება შედარებით თანაბარია, ადამიანები უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს. აქვე მინდა დავურთო, რომ ეკონომისტების რწმენით, მინიმალურ შემოსავალს გაცდენილი კომფორტული ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანების ბედნიერებისთვის უმნიშვნელოა. ისინი იმ შემთხვევაში გრძნობენ თავს უფრო ბედნიერად (ან უბედურად), თუ თვლიან, რომ  გარშემომყოფებზე მეტი (ან ნაკლები) აქვთ.  
რა კავშირია ადამიანების ბედნიერების თვითშეფასებასა და მათი ოჯახების აბსოლუტური და შედარებითი ეკონომიკური მდგომარეობის თვითშეფასებას შორის საქართველოში?
2012 წლის "კავკასიის ბარომეტრის" მონაცემებზე დაყრდნობით შემდეგი ჰიპოთეზა იქნება განხილული: ადამიანების ბედნიერებისთვის უფრო პრიორიტეტულია, ჰქონდეთ გარშემომყოფებზე მეტი, ვიდრე ჰქონდეთ ობიექტურად საკმარისი შემოსავალი. 
ქვემოთ განვიხილავთ მხოლოდ საქართველოს მონაცემებს; განიმარტება კავშირი რესპონდენტების ბედნიერების თვითშეფასებასა და მათ მიერ საკუთარი ოჯახების აბსოლუტური და შედარებითი ეკონომიკური მდგომარეობის თვითშეფასებას შორის. ცხრილში 1 მოყვანილია 2012 წლის "კავკასიის ბარომეტრის" კითხვები, რომლებიც განიხილება ანალიზის დროს.

კითხვის ნომერი
კითხვა
გაზომვის სკალა
რა იზომება
C11
თქვენი აზრით, ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი 10 საფეხურიანი კიბის რომელ საფეხურზე დგას თქვენი ოჯახი ამჟამად?“
10-ბალიანი, ბარათი. (ამ ბლოგში 10–ბალიანი სკალა დაყვანილია 4-ბალიან სკალაზე4)
აბსოლუტური ეკონომიკური მდგომარეობა
C13
თქვენს ირგვლივ მცხოვრები ოჯახების უმრავლესობასთან შედარებით, როგორ შეაფასებდით თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ამჟამად?“
4–ბალიანი
შედარებითი ეკონომიკური მდგომარეობა
N1
ზოგადად, რამდენად ბედნიერი ხართ?“
10-ბალიანი, ბარათი. (ამ ბლოგში 10–ბალიანი სკალა დაყვანილია 4-ბალიან სკალაზე, ისევე, როგორც კითხვის C11 შემთხვევაში.)
ბედნიერება

ცხრილი 1

დიაგრამებში 1 და 2 წარმოდგენილია რესპონდენტების პასუხების განაწილება კითხვებზე C11 და C13. პირველ მათგანზე გამოსახულია საქართველოში გამოკითხულ რესპონდენტთა მიერ აღქმული აბსოლუტური ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო მეორეზე - შედარებითი ეკონომიკური მდგომარეობა. მაშინ, როდესაც პირველ დიაგრამაზე პასუხების განაწილება შედარებით თანაბარია, მეორეში საკმაოდ განსხვავებულ სურათს ვაწყდებით, სადაც რესპონდენტთა 90%-მა საშუალო პოზიცია აირჩია (კოდები '2' და '3').

დიაგრამა 1

დიაგრამა 2

შესაძლოა, ამ შემთხევაში ზემოთ განმარტებულ ტენდენციურობის თეორიას ემოქმედა. არსებობს იმის ალბათობა, რომ რესპონდენტების პასუხებზე გავლენა მოახდინა კითხვის ფორმულირებამ: "თქვენს ირგვლივ მცხოვრები ოჯახების უმრავლესობასთან შედარებით, როგორ შეაფასებდით თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ამჟამად?". 
პირველ და მეორე დიაგრამებზე მოცემული პირველი საფეხური შეესაბამება საზოგადოებაში არსებულ ყველაზე დაბალ ეკონომიკურ მდგომარეობას, ხოლო ბოლო საფეხური შეესაბამება ყველაზე მაღალ ეკონომიკურ მდგომარეობას. შესაძლებელია, რომ C13 კითხვის შემთხვევაში რესპონდენტთა უმრავლესობა გაერიდა სკალის ორივე რადიკალურ პასუხს შესაძლო გარემოებრივი ტენდენციურობის გამო5. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანები ტენდენციურ ხასიათს თავიანთი გარემოდან გამომდინარე იძენენ, რასაც ქვეყანაში არსებული უთანასწორობა კიდევ უფრო უწყობს ხელს. ეს რეაქცია შეიძლება შემდეგნაირად განვმარტოთ: სიღარიბეში მყოფი ადამიანები ერიდებიან მოსაზრებას, რომ საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენას განეკუთვნებიან. მეორე მხრივ, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მდიდარია, ცდილობს უარყოს ეს ფაქტი. ამისთვის ორი ახსნა არსებობს. პირველ რიგში, ადამიანები ძირითადად "ნორმალურობას" ამჯობინებენ, რომელიც ამ შემთხვევაში "საშუალოს" ანალოგიურია. მეორე მიზეზი შესაძლოა მათი უშუალო წრე იყოს - მდიდარ ადამიანებს, ჩვეულებრივ, სხვა, თავისავით მდიდარ ადამიანებთან აქვთ ურთიერთობა, ხოლო ღარიბ ადამიანებს - სხვა, თავისავით ღარიბ ადამიანებთან; ისინი თავის უშუალო გარემოცვას ადარებენ თავს,  და არა ზოგადად მოსახლეობას.

დიაგრამა 3

დიაგრამა 4
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯინის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია6, მოცემული მაგალითი ტენდენციურობის ეფექტს ცხადყოფს - უთანასწორო ეკონომიკურ სისტემაში მცხოვრები ადამიანები ქვეცნობიერად ხდებიან ტენდენციურები, როდესაც ისინი საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას სხვისას ადარებენ. თუმცა, აქაც მინდა დავურთო, რომ ადამიანის უშუალო წრე დიდ როლს თამაშობს მის მიერ გარემოს აღქმაში. იგი საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობასაც სწორედ ამ წრესთან შედარებით აფასებს, და რადგან უმეტეს შემთხვევაში ერთ წრეში მყოფი ადამიანები მსგავსი ეკონომიკური მდგომარეობით გამოირჩევიან, მესამე და მეოთხე დიაგრამებზე მაჩვენებლების ზრდა და კლება შესაძლოა შეუმჩნევლადაც მოგვეჩვენოს. 
მიუხედავად ამისა, ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობის დადებითი ან უარყოფითი კავშირი ადამიანის ბედნიერების თვითშეფასებასთან სავსებით მოსალოდნელია, რაც, თავის მხრივ, ადამიანის უშუალო გარემოსა და მის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. თუ რესპონდენტთა ყველაზე ნაკლებად ბედნიერ ნაწილზე გავამახვილებთ ყურადღებას (წითელი ზოლები დიაგრამებში 3 და 4), ჩანს, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია შედარებითი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბედნიერების მაჩვენებელი (მწვანე ზოლები) კლებულობს შედარებითი ეკონომიკური მდგომარეობის გაზომვისას, აბსოლუტურ ეკონომიკურ მდგომარეობასთან შედარებით. 
დასკვნით მოსაზრებად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ჰიპოთეზა საქართველოში მართლდება  - ქართველებისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი მათი შედარებითი, და არა აბსოლუტური ეკონომიკური სტატუსია. 
ეთანხმებით თუ არა კანემანის თეორიას, და მის შესაბამისობას საქართველოს მაგალითთან? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები! 

ნატა კერესელიძე


თუ გსურთ, უფრო დეტალურად გაიგოთ ხალხის დამოკიდებულება ამ და სხვა ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, თუ ფსიქოლოგიურ საკითხებზე, შეგიძლიათ დამოუკიდებლად გააანალიზოთ "კავკასიის ბარომეტრის" მონაცემები მარტივი ონლაინ-ანალიზის პროგრამით, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია CRRC-ის ვებ-გვერდზე (www.crrc.ge/oda). 

1 Kahneman, D. 2011. Thinking Fast and Slow, New York: Farrar, Strauss and Giroux.
2 იხ. Ball, R. and Chernova, K. 2008. “Absolute Income, Relative Income, and Happiness.” Social Indicators Research, 88: 497-529; Beegle, K. et al. 2009. Frame-of-Reference Bias in Subjective Welfare Regressions. Washington DC: The World Bank; Layard, R. 2006. Happiness: Lessons from a New Science, London, Penguin Books; Oishi, S. et al. 2011. “Income Inequality and Happiness.” Psychological Science, 22: 1095-1100.
3 ჯინის კოეფიციენტი ზომავს ქვეყანაში არსებული უთანასწორობის დონეს შინამეურნეობებზე სიმდიდრის გადანაწილების მიხედვით, სადაც კოეფიციენტი 0 მაქსიმალურ თანასწორობას აღნიშნავს, ხოლო კოეფიციენტი 100 - მაქსიმალურ უთანასწორობას.
4 10-ბალიანი სკალის კოდები '1', '2', '3' შეესაბამება 4-ბალიანი სკალის კოდს '1'; კოდები '4', '5' - კოდს '2'; კოდები '6', '7' - კოდს '3'; კოდები '8', '9', '10' - კოდს '4'.
5 შეძენილი ტენდენციურობა, რომელიც ჩნდება გარშემომყოფების ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
6 2011 წლის მონაცემებით, საქართველოში ჯინის კოეფიციენტი 46-ია. იხ.: The World Factbook. 2013. Washington, DC. Available: https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/rankorder/2172rank.html [Accessed: 19 April 2013].