ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია

საქართველოში, ტრადიციულად, ოჯახში ვაჟი რჩება და მოხუცებულ მშობლებზე ზრუნვა მის პასუხისმგებლობად მიიჩნევა. შესაბამისად, მშობლები საკუთრებას ბიჭ შვილებს გადასცემენ. ეს კი ეკონომიკურ რესურსებზე ქალთა ხელმისაწვდომობას ზღუდავს. კავკასიის ბარომეტრის ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობს ხალხი იმაზე, ვინ უნდა იზრუნოს მშობლებზე სიბერეში: ვაჟმა, ქალიშვილმა თუ ორივემ თანაბრად, ბევრი ფიქრობს, რომ მემკვიდრეობა მაინც ვაჟმა უნდა მიიღოს.

მონაცემები აჩვენებს, რომ ხალხი უფრო იმ აზრისკენ იხრება, რომ სახლი ვაჟებსა და ქალიშვილებს შორის ან თანაბრად გაანაწილოს, ან მხოლოდ ვაჟს გადასცეს. ქალიშვილები იშვიათად აღიქმებიან ქონების მთავარ მემკვიდრეებად. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (52%) მიიჩნევს, რომ ბინა ორივე ბავშვს თანაბრად უნდა მისცეს. ამავე დროს, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (47%) ფიქრობს, რომ ვაჟია მთავარი მემკვიდრე. მხოლოდ 1% მიიჩნევს, რომ მშობლების სახლი ქალიშვილს უნდა დარჩეს.

ამის საპირისპიროდ, ქართველებს სჯერათ, რომ როცა საქმე მშობლების მოვლას ეხება, მოვალეობები ორივე სქესის შვილმა უნდა გაინაწილოს. ქართველთა სამი მეოთხედი თვლის, რომ ორივე სქესის შვილმა თანაბრად უნდა იზრუნოს მშობლებზე, ხოლო 20% ფიქრობს, რომ ვაჟს მშობლების მიმართ უფრო მეტი ზრუნვა მოეთხოვება. მხოლოდ 6% მიიჩნევს, რომ ქალიშვილი უნდა იყოს მშობლების მთავარი მზრუნველი.

რესპონდენტების უმეტესობა (77%), ვინც ფიქრობს, რომ მშობლებზე ბიჭმა უნდა იზრუნოს, თვლის, რომ მემკვიდრეობა მას  უნდა გადაეცეს. ერთი მეხუთედი (21%) თანაბარი განაწილების მომხრეა და მხოლოდ 1% თვლის, რომ ქონება ქალიშვილს უნდა გადასცეს. უმეტესობა (60%), ვინც ფიქრობს, რომ მშობლებზე ორივემ ერთნაირად უნდა იზრუნოს, მიიჩნევს, რომ ქონება თანაბრად უნდა განაწილდეს. მიუხედავად ამისა, 37% ფიქრობს, რომ მთავარი მემკვიდრე ვაჟი უნდა იყოს და მხოლოდ 1% -  ქალიშვილი. უფრო მეტიც, 55%-ს მათგან, ვინც თვლის, რომ მშობლებზე ქალიშვილებმა უნდა იზრუნონ, მიაჩნია, რომ ქონება ბიჭს უნდა დარჩეს, ხოლო 40% ფიქრობს, რომ ის თანაბრად უნდა განაწილდეს. მნიშვნელოვანია, ამ რიცხვებს სიფრთხილით მოვეკიდოთ, რადგან მცირეა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც განაცხადა, რომ მშობლებზე სიბერეში ქალიშვილებმა უნდა იზრუნონ.






 

შენიშვნა: პასუხის ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ ანალიზიდან ამოღებულია. საერთო ჯამში, პასუხის ეს ვარიანტები 2%-ზე ნაკლებმა დაასახელა. კითხვა „როდესაც ოჯახში გოგო და ბიჭი იზრდება და ოჯახს მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინა აქვს, როგორ ფიქრობთ, ვის საკუთრებაში უნდა გადავიდეს ეს ბინა - გოგოსი თუ ბიჭის?“ შემოკლდა შემდეგნაირად: „თქვენი აზრით, ვის საკუთრებაში უნდა გადავიდეს ბინა?

დამატებითი ანალიზი აჩვენებს, რომ კაცებთან შედარებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალებმა აღნიშნონ, რომ კერძო საკუთრება ბიჭებს უნდა დარჩეთ. თბილისის მაცხოვრებლები ნაკლებად აღნიშნავენ იმას, რომ მემკვიდრეობა ბიჭს უნდა დარჩეს, ვიდრე სოფლის მაცხოვრებლები. ვინც თბილისში ცხოვრობს, უფრო მეტად ამბობს, რომ მემკვიდრეობა შვილებზე თანაბრად უნდა განაწილდეს. ისინი, ვისაც საშუალო ან დაბალი განათლება აქვს, უფრო მეტი ალბათობით ამბობენ, რომ მემკვიდრეობა ვაჟმა უნდა მიიღოს, ვიდრე ისინი, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს. ისინი, ასევე, ნაკლებად ამბობენ, რომ მემკვიდრეობა თანაბრად უნდა განაწილდეს შვილებზე. 




<

 
შენიშვნა: ზემოთ მოცემულ გრაფიკზე, თითოეული ცვლადის საბაზო კატეგორიები შემდეგია: კაცი, 18-35 წლის ასაკობრივ ჯგუფში, თანაბრად უნდა იზრუნოს, სოფლის მაცხოვრებელი, ეთნიკური ქართველი და უმაღლესი განათლების მქონე. პასუხის ვარიანტები „არ ვიცი“, „უარი პასუხზე“ და „სხვა“ ანალიზში არ შედის. 

მონაცემები გვიჩვენებს, რომ ადამიანები შვილებს შორის მემკვიდრეობის თანაბარ განაწილებას ემხრობიან, ან მის გადაცემას მხოლოდ ვაჟისთვის. უმეტესობა თვლის, რომ ყველა შვილმა თანაბრად უნდა იზრუნოს მშობლებზე, მიუხედავად მათი სქესისა. ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა მემკვიდრეობის მიღების დროს ჯერ კიდევ არ არის. 

შენიშვნა: ზემოთ მოცემულ ანალიზში გამოყენებულია მულტინომინალური ლოგისიტიკური რეგრესიული ანალიზი, სადაც დამოკიდებული ცვლადია პასუხი კითხვაზე „ვის საკუთრებაში უნდა გადავიდეს ბინა: ბიჭის თუ გოგოსი?“ დამოუკიდებელი ცვლადია სქესი, ასაკობრივი ჯგუფი, ეთნიკურობა, დასახლების ტიპი, განათლება და კონსერვატულობის ინდექსი. ამ ბლოგში გამოყენებული მონაცემები ხელმისაწვდომია აქ. რეპლიკაციის კოდის კი - აქ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შედეგად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა უვადო დანიშვნის წესით შეიცვალა და პარლამენტის წინაშე მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო და 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა იმ 20 კანდიდატის სია, რომელიც პარლამენტს წარუდგინეს დასამტკიცებლად. კანდიდატებთან გასაუბრება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შერჩევის პროცესი ქართულმა მედიამ საკმაოდ ფართოდ გააშუქა.

მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესს კრიტიკა მოჰყვა იმის მიუხედავად, რომ დადებითი შეფასება დაიმსახურა გასაუბრებების საჯაროობამ. ეუთომ/ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა შერჩევის პროცესი შემდეგნაირად შეაფასა: „საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი, მიუხედავად სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის გასამყარებლად გატარებული გარკვეული დადებითი ზომებისა.“ კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ასევე გააკრიტიკა პროცესი და საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შესაძლებელს ხდიდა სიის იმგვარად ფორმირებას, „რომელიც ძირითადად სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.“

რა იცის საზოგადოებამ ამ პროცესის შესახებ საქართველოში, როგორია მათი დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისა და სასამართლო სისტემის ინსტიტუტების შესახებ? 2019 წლის 5-დან 11 სექტემბრამდე ჩატარებული სატელეფონო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა გაყოფილია სასამართლო ინსტიტუტების მიმართ ნდობის კუთხით, დიდ ნაწილს არ სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ, არ ენდობა მას და ასევე უმეტესად არ სმენია შერჩეული კანდიდატების შესახებ.

საზოგადოება გაყოფილია ნდობის კუთხით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოსა და ზოგადად სასამართლო სისტემის მიმართ. მათ პასუხებში მსგავსი ტენდენცია შეინიშნება. მოსახლეობის მსგავსი წილი (46-47%) ენდობა მათ, ხოლო 42-47% ამ ინსტიტუტებსა და სისტემას არ ენდობა.

საქართველოში საზოგადოება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხშიც გაყოფილია. მოსახლეობის უმრავლესობას (54%) სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესახებ. თუმცა, მათი დამოკიდებულება უარყოფითისკენ იხრება. მათი ნახევარზე მეტი (53%), ვისაც სმენია მოსამართლეთა შერჩევის შესახებ, ამ პროცესს არ ენდობა. ამის მსგავსად, მათი თითქმის ნახევარი (48%), ვისაც სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის შესახებ, ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი მიუკერძოებლად არ წარიმართა.



სატელეფონო გამოკითხვაში რესპონდენტებს სთხოვეს, გაეზიარებინათ პირველი ასოციაცია, რაც ახსენდებოდათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. საინტერესოა, რომ უმრავლესობამ (64%) არანაირი ასოციაცია არ დაასახელა - კითხვაზე მათი პასუხი იყო „არ ვიცი“. დასახელებულ პასუხებში ფიგურირებდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი  და ნეიტრალური ასოციაციები. თუმცა, უარყოფითი ასოციაციები სჭარბობდა. საერთო ჯამში, რესპონდენტთა 3%-მა დაასახელა დადებითი ასოციაცია, 20%-მა - უარყოფითი, ხოლო პასუხების 10% ნეიტრალური იყო. სამი ყველაზე ხშირად დასახელებული ასოციაცია იყო: „მოსამართლეები უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ“ (6%), „დაუცველობა“ (3%) და „უნდობლობა“ (2%). დადებით ასოციაციებს შორის იყო „იმედი“ (1%), „პროცესი კარგი მიმართულებით მიდის“ (0.6%) და „სამართლიანი სასამართლო“ (0.2%). უარყოფით ასოციაციებად, მათ შორის, დასახელდა: „უარყოფითი დამოკიდებულება“ (2%), „უსამართლობა“ (1%), „კლანი“ (1%).

შერჩევის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია 20 კანდიდატი პარლამენტში წარსადგენად. სატელეფონო გამოკითხვაში რესპონდენტებს თითოეულ კანდიდატზე ჰკითხეს, მათი აზრით, უნდა დაინიშნოს თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას (60%-ზე მეტს კანდიდატების უმეტესობის შემთხვევაში) არ სმენია ამ ადამიანების შესახებ. სამი კანდიდატი, რომლის შემთხვევაშიც მოსახლეობის 10% ან მეტი ამბობს, რომ უნდა დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, არის: საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე (14%), იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (13%) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე (10%).

საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეხუთედი (19%) ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში ამ 20 კანდიდატის დანიშვნით საქართველოში მართლმსაჯულება გაუმჯობესდება. მოსახლეობის იგივე წილის (19%) თქმით, საქართველოში მართლმსაჯულება გაუარესდება და ერთ მესამედზე ნაკლები (29%) მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულება ისეთივე დარჩება, როგორიც ამჟამადაა.
შერჩევის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და მის მიმართ დამოკიდებულების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ქართულენოვანი სრულწლოვანი მოსახლეობის მხოლოდ 1%-მა დაასახელა აღნიშნული პროცესი ზაფხულში მიმდინარე მოვლენებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად. ხუთი ყველაზე ხშირად დასახელებული მოვლენა იყო:

  • ლარის გაუფასურება, 
  • 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლა,
  • საქართველოსა და სამაჩაბლოს გამყოფი ხაზის გადმოწევა,
  • საპროტესტო აქციები „სირცხვილია“ და
  • გავრილოვის ვიზიტი საქართველოს პარლამენტში.

მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედმა ზაფხულში განვითარებული ვერცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ვერ დაასახელა, არჩია, ეთქვა „არ ვიცი“ ან საერთოდ უარი განეცხადებინა პასუხზე. რესპონდენტებმა ამ კითხვას არარელევანტური პასუხებიც გასცეს, მაგალითად, „კარგი ამინდები“ ან „უწყლობა/უდენობა“ და ა.შ.


ამრიგად, საქართველოს მოსახლეობა მეტ-ნაკლებად თანაბრადაა გაყოფილი მათ შორის, ვინც ენდობა ან არ ენდობა სასამართლო ინსტიტუტებს. მოსახლეობის ნახევარზე მეტს სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შესახებ. თუმცა, მცირე ნაწილი ასახელებს ამას ზაფხულში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენათა შორის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ მათი დამოკიდებულება, ვისაც სმენია ამ პროცესის შესახებ,  უარყოფითისკენ იხრება. მოსახლეობას უჭირს კონკრეტული კანდიდატების შემთხვევაში იმის თქმა, უნდა დაინიშნონ თუ არა ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ და მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ არ სმენია ამ ადამიანების შესახებ ან არ იცის, უნდა დაინიშნონ ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად თუ არა.

შენიშვნა: ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მასში წარმოდგენილი ინფორმაცია სატელეფონო გამოკითხვას ეფუძნება. ტექსტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „CRRC-საქართველო“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI). სტატიაში არსებული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად „CRRC-საქართველომ“ 2019 წლის 5-11 სექტემბერს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში. გამოიკითხა 867 მოქალაქე; მონაცემები საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია; ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.2%-ის ტოლია.