რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 1)

საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდების (ეეგ) დანერგვიდან თითქმის ათი წელი გავიდა. აღნიშნულ რეფორმას მსოფლიო ბანკი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნაბიჯად აფასებს. წინათ, უნივერსიტეტში მიღების პროცესის ზედამხედველობას თავად უმაღლესი სასწავლებლები ახორციელებდნენ და საგამოცდო პროცესი ხშირად კორუფციული გარიგებების საგანი ხდებოდა. ეროვნულმა გამოცდებმა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას კორუფცია (ე.წ. „მოწყობა“) და ნეპოტიზმი სრულად ამოძირკვა.

კორუფციის აღმოფხვრის გარდა, სამართლიანი და შედეგებზე დაფუძნებული ეროვნული გამოცდები მიზნად თბილისს გარეთ მცხოვრები აბიტურიენტებისთვის უკეთესი შესაძლებლობის უზრუნველყოფას ისახავდა. იყო მოლოდინი, რომ რეგიონებში მცხოვრებ კონკურსანტებს, მათ შორის - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვედრის მეტი შანსი ექნებოდათ. თუმცა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეს იმედები არ გამართლდა. მართალია, ამჟამად ხელთ არ გვაქვს მონაცემები, რომლებიც რეფორმამდელი და რეფორმის შემდგომი სიტუაციის შედარების საშუალებას მოგვცემდა, სამაგიეროდ, შეგვიძლია, დავაკვირდეთ, თუ რა შედეგები ჰქონდათ საქართველოს რეგიონების წარმომადგენლებს 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში.

გასული წლის გამოცდების შედეგების საჯაროდ ხელმისაწვდომი ბაზა ყველა აბიტურიენტის (დაახლოებით, 26 ათასამდე ინდივიდის) ქულებს მოიცავს. ბაზაში ასევე მოცემულია მათი მარტივი დემოგრაფიული მონაცემები: დაბადების თარიღი, სქესი და აბიტურიენტის რეგისტრაციის მუნიციპალიტეტი. აღსანიშნავია, რომ აპლიკანტის რეგისტრაციის ადგილი ზუსტად არ ასახავს მის საცხოვრებელ ადგილს, რადგანაც, საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეს რეგისტრაციის მისამართზე ყოფნის ვალდებულება არ გააჩნია. აღწერილი კარგად ჩანს დევნილების მაგალითზე, რომლებიც მიუხედავად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რეგისტრაციისა, საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ძირითადად თბილისში (სადაც დევნილთა 40%-ია თავმოყრილი) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (32%). მიუხედავად ამისა, რეგისტრაციის ადგილი მაინც გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას აბიტურიენტთა ტერიტორიულ განაწილებაზე, რადგან განსაკუთრებით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სწორედ იქ ცხოვრობენ, სადაც რეგისტრირებულნი არიან. 

ქვემოთ მოცემულ რუკაზე წარმოდგენილია 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულების განაწილება აპლიკანტის მუნიციპალიტეტის მიხედვით. ტერიტორიული ერთეულები ქულათა საშუალო მაჩვენებლიდან სტანდარტული გადახრის მიხედვითაა შეფერილი. თავის მხრივ, სტანდარტული გადახრა აღწერს, საშუალო მნიშვნელობისგან რამდენად დაშორებულია მონაცემთა თითოეული ელემენტი, ამ შემთხვევაში რომელიმე აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულა. ეს მაჩვენებელი რაოდენობრივად აღწერს მონაცემთა ერთობლიობის ვარიაციას ან დისპერსიას. რუკაზე უარყოფითი სტანდარტული გადახრა საშუალოზე ნაკლებ მნიშვნელობებზე მიუთითებს, ხოლო დადებითი - პირიქით, საშუალოზე მაღალ მაჩვენებლებზე გვაძლევს წარმოდგენას.

საშუალო საკონკურსო ქულების განაწილების რუკაზე რამდენიმე გეოგრაფიული თავისებურება გამოიყოფა, კერძოდ, მაღალი და დაბალი ქულები ტერიტორიული თვალსაზრისით თავმოყრილია და გამოკვეთილ რეგიონებს ქმნის. თბილისსა და მსხვილ ქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი) მცხოვრები აბიტურიენტები, საშუალოდ ყველაზე მაღალ ქულებს იღებდნენ. მაღალი ქულების თავმოყრის კიდევ ერთი არეალი კახეთია. საქართველოს დასავლეთ-ცენტრალური ნაწილების (რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთის აღმოსავლეთი, ხაშური და გორი) შედეგები ოდნავ უარესი იყო. საინტერესოა, რომ დევნილი აბიტურიენტები საკმაოდ მაღალ ქულებს იღებდნენ, განსაკუთრებით კი - სოხუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდები.

მეტწილად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებს საკონკურსო ქულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ. მარნეულის, ბოლნისის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აბიტურიენტები საშუალოდ ყველაზე ცუდ ქულებს იღებდნენ. ამ რეგიონების გარდა, დაბალი ქულების კონცენტრაციით ზემო აჭარა და სვანეთიც გამოირჩევიან.

ეროვნული გამოცდების შედეგები თვალსაჩინოდ აღწერს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის უმნიშვნელოვანეს პრობლემას - ხარისხიანი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის რეგიონულ უთანასწორობას. რეგიონების, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიების წარმომადგენელ აბიტურიენტებს უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულა მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სისტემა ყველას მეტ-ნაკლებად თანაბარ შანსს აძლევს. ამასთან, რადგან გამოცდების ჩასაბარებლად აუცილებელი იყო სახელმწიფო ენის - ქართულის ცოდნა , ეროვნული გამოცდები გარკვეულწილად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა, განსაკუთრებით კი სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის მცხოვრებთა დისკრიმინაციას ახდენს, რომლებიც, როგორც წესი, ქართულს ვერ ან ცუდად ფლობენ.

მიუხედავად იმისა, რომ შეფასების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პრობლემაზე რეაგირება მალევე მოახდინა და 2010 წლიდან გამოცდების უმცირესობების ენებზე (სომხურად, აზერბაიჯანულად და რუსულად) ჩატარება დაიწყო, როგორც რუკიდან ჩანს, ქართულენოვან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებს შორის უთანასწორობა მაინც არსებობს.

წინამდებარე პოსტი საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით რეგიონულ უთანასწორობას აღწერდა. მომდევნო ნაწილში ჩვენ გამოვიკვლევთ, ახდენს თუ არა გავლენას აბიტურიენტის შედეგზე მისი სქესი და რეგისტრაციის დასახლებული პუნქტის ტიპი. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული უთანასწორობის შესახებ ზემოთ მოტანილი ახსნა ამომწურავი არ არის, იგი განსჯისა და დისკუსიისთვის კარგ მასალას წარმოადგენს. გაქვთ სხვა მოსაზრებები? აუცილებლად შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე და მოგვწერეთ თქვენი კომენტარები.

ქალები საქართველოში და სექსი ქორწინებამდე

ქართულ საზოგადოებაში კონსერვატიული ტრადიციები ყოველთვის ძლიერი იყო, განსაკუთრებით, როცა საქმე ურთიერთობებს ეხება. კაცებისთვის ქორწინებამდე სექსი არა მხოლოდ დაშვებული, არამედ მოწოდებულიცაა, ქალებისთვის კი კვლავ მიუღებლად რჩება.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით CRRC-საქართველოს მიერ 2009, 2011 დან 2013 წლებში ევროკავშირის შესახებ ჩატარებული გამოკითხვის  მონაცემებზე დაყრდნობით ეს ბლოგი იკვლევს საქართველოში ხალხის დამოკიდებულებას ქორწინებამდე სექსის მიმართ.  ამ ბლოგის საშუალებით გავიგებთ, თუ ვის უფრო ლიბერალური შეხედულებები აქვს საქართველოში, ქალებს თუ კაცებს და განსხვავდება თუ არა დამოკიდებულებები განათლების დონისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქორწინებამდე სექსის მიმართ დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება. 2009 წელს, გამოკითხვაში დასმულ კითხვაზე: „რამდენად გამართლებულია ან არ არის გამართლებული ქალისთვის სექსუალური ურთიერთობა ქორწინებამდე?“ საქართველოს მოსახლეობის 78% პასუხობდა, რომ ეს არასდროსაა გამართლებული. 2013 წელს ეს რიცხვი 69%-მდე შემცირდა. ამავდროულად გაცილებით ნაკლებს მიაჩნია, რომ მამაკაცებისთვის სექსი ქორწინებამდე არასდროსაა გამართლებული - 2013 წელს 39% და  2011 წელს 33%.

მიუხედავად იმისა, რომ ღირებულებები, რელიგია და პატრიარქალური საზოგადოება ბევრ გენდერულ სტერეოტიპს წარმოშობს, მათ შენარჩუნებაში თავად ქალებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. 2011 წლის გამოკითხვის თანახმად, უფრო მეტმა ქალმა განაცხადა, რომ ქალებისთვის სექსი ქორწინებამდე არასდროსაა გამართლებული, ვიდრე კაცმა (70%  ქალები და 58% კაცები). 2013 და 2009 წლებში პროცენტული განაწილება ორივე სქესის შემთხვევაში თითქმის ერთნაირია.

საინტერესოა, რომ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები (18-35 წლის) ისევე არ ამართლებენ ქალების სექსს ქორწინებამდე, როგორც უფროსი თაობა. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში ჩანს, 18-35 წლის მოსახლოება თითქმის იგივენაირად არ ამართლებს ქალებისთვის ქორწინებამდე სექსს, როგორც 36-55 წლის ჯგუფი. თუმცა, 56 და მეტი ასაკის ჯგუფთან შედარებით, უფრო ლიბერალურადაა განწყობილი. 

დედაქალაქის მაცხოვრებლები ყველაზე ნაკლებად კონსერვატიულები არიან ამ საკითხთან მიმართებაში. თუმცა, მათმა რიცხვმა, ვინც ქალების ქორწინებამდე სექსს კატეგორიულად არ ამართლებდა, 2009 წლის შემდეგ დაიკლო როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2009 წლის 65%-ისგან განსხვავებით, 2013 წელს თბილისელების მხოლოდ 43%-ს მიაჩნდა, რომ ქალებისთვის ქორწინებამდე სექსუალური კავშირი დაუშვებელია . სხვა ქალაქებშიც რადიკალურად განწყობილი მოსახლეობის რიცხვი შედარებით შემცირდა - 2009 წელს 83% იყო, 2013-ში კი 71%. მონაცემების ადასტურებს, რომ სოფლის მოსახლეობა ყველაზე კონსერვატიულია. 2013 წლის გამოკითხვის მიხედვით, სოფლის მოსახლეობის 79%-ს მიაჩნდა, რომ ქორწინებამდე სექსი ქალებისთვის არასდროსაა გამართლებული. თუმცა, პატარა ცვლილებები სოფლის მაცხოვრებლებშიც შეინიშნება, რადგან 2011 და 2009 წლებში ეს რიცხვი 88% იყო. 

მონაცემები აჩვენებს, რომ განათლებაც დიდ როლს თამაშობს საქართველოში მცხოვრები ხალხის სტერეოტიპების ჩამოყალიბებაში. 2013 წლის გამოკითხვის მიხედვით, უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის 63%-ს მიაჩნდა, რომ ქალებისთვის სექსი ქორწინებამდე დაუშვებელია მაშინ, როცა საშუალო ტექნიკური განათლების მქონეთა 81% და საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონეთა 84% ფიქრობდა იგივეს

ამრიგად, ქორწინებამდე სექსის მიმართ დამოკიდებულებების განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია განათლების დონე, სქესი და დასახლების ტიპი . თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მოსახლეობა არ ამართლებს ქალებისთვის ქორწინებამდე სექსს, ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება.