კვლევის შედეგების გამოქვეყნება

CRRC, როგორც წესი, კვლევის შედეგებს აქვეყნებს თავის ვებ-გვერდებზე (CRRC-საქართველო და CRRC-რეგიონული). 
მონაცემთა გამოქვეყნება ხდება ორი გზით: 1) ვებ-გვერდზე განთავსდება საწყისი ბაზა და კითხვარი. 2) მონაცემთა ონლაინ ანალიზის პროგრამის (Online Data Analysis – ODA) მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ეძლევა, გაეცნოს კვლევის შედეგებს და მეთოდოლოგიას. ODA-ს დანერგვით კვლევის შედეგები ადვილად ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის და მარტივი სტატისტიკური ოპერაციებისთვის აღარ არის საჭირო ისეთი პროგრამების გამოყენება, როგორიც არის SPSS და STATA.

მონაცემთა შეყვანა ბაზაში

CRRC-ის მიერ გამოკითხვის მეთოდით მიღებული მონაცემები შედის აშშ აღწერის ბიუროს (U.S. Census Bureau) და ICF Macro-ს მიერ შექმნილ უფასო პროგრამა CSPro-ში (The Census and Survey Processing System). 
იმისათვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი შეცდომების ალბათობა, CRRC-ის მონაცემების შეყვანა ხდება ორჯერ.  ასეთი გზით ხდება შეცდომით შეყვანილი მონაცემების გამოვლენა და შესწორება.

რამდენად არის დაცული რესპონდენტების ანონიმურობა?

CRRC-ის გამოკითხვებში მონაწილე რესპონდენტების ანონიმურობა დაცულია იმდენად, რამდენადაც არსად ფიქსირდება ისეთი მახასიათებლები, რაც მოახდენდა პიროვნების იდენტიფიცირებას. მაგალითად, რესპონდენტის საცხოვრებელი ადგილი (საარჩევნო უბანი) კოდირებილია ისე, რომ შეუძლებელია მასში რომელიმე კონკრეტული უბნის ამოცნობა. ინტერვიუს დაწყებამდე ინტერვიუერი აცნობს რესპონდენტს გამოკითხვის შესახებ ინფორმაციას და მათ შორის ესაუბრება ინტერვიუს კონფიდენციალობასა და ანონიმურობაზე. ეს ინფორმაცია გარკვეულწილად უზრუნველყოფს/ხელს უწყობს რესპონდენტთა გულახდილობას და ნდობის მოპოვებას.

საიდან ვიცით, რომ რესპონდენტი გულწრფელია?

გამოკითხვის ჩატარების დროს, რა თქმა უნდა, არსებობს იმის ალბათობა, რომ რესპონდენტი არ იტყვის იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობს. ასეთი „შეცდომების“ თავიდან ასარიდებლად რამდენიმე გზა არსებობს: პირველ რიგში, კითხვარში ჩადებულია ე. წ. „საკონტროლო კითხვები“, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ჩვენთვის საინტერესო კითხვა სხვა ფორმით კიდევ ერთხელ დავუსვათ რესპონდენტს კითხვარის სხვა ნაწილში და ორი მსგავსი კითხვის შედეგების შედარებით გამოვიტანოთ დასკვნა.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კითხვის ფორმულირებას. სწორედ დასმული კითხვები საშუალებას გვაძლევს, რესპონდენტს ვუბიძგოთ გულახდილობისკენ და არა ერთი რომელიმე კონკრეტული პასუხისაკენ.
გარდა ამისა, CRRC ხშირად სვამს ერთიდაიგივე (ან მსგავს) კითხვას სხვადასხვა გამოკითხვაში და, როგორც წესი, მსგავს შედეგს იღებს. ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რესპონდენტები საკმაოდ გულახდილები არიან.

საველე სამუშაოები/ინტერვიუების ჩატარება

ინტერვიუერების ტრეინინგის შემდეგ იწყება საველე სამუშაოები, რომელიც დაახლოებით 2-3 კვირა გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ინტერვიუერები ატარებენ პირისპირ გამოკითხვას შერჩეულ რესპონდენტებთან. საველე სამუშაოები და ინტერვიუერები CRRC-ის მიერ კონტროლდება როგორც ზედამხედველების მეშვეობით, ასევე საველე სამუშაოების კონტროლისა და ბაზის გაწმენდის დროს.
რა თქმა უნდა, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ინტერვიუერი კეთილსინდისიერად არ ავსებს კითხვარს. ასეთი შემთხვევების გამოაშკარავება ხდება საველე სამუშაოების კონტროლის დროს, როდესაც CRRC-ის წარმომადგენელი უკავშირდება შემთხვევით შერჩეულ რესპონდენებს და ამოწმებს მათ მიერ რამდენიმე კითხვაზე გაცემულ პასუხებს. ველის კონტროლის მიზნით როგორც წესი, შეირჩევა ინტერვიუების მთლიანი რაოდენობის არანაკლებ 10 პროცენტისა. მაგალითად, თუ სულ 1000 ინტერვიუ ჩატარდა, საველე სამუშაოების ხარისხი შემთხვევით შერჩეულ 100 რესპონდენტთან გადამოწმდება. გადამოწმებისათვის გამოიყენება კითხვები, რომლებზე პასუხიც ნაკლებად მოსალოდნელია, რამდენიმე დღეში შეიცვალოს (მაგალითად, ოჯახის წევრთა რაოდენობა, ასაკი, სქესი, განათლება, დასაქმება, ასევე ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა - ავტომანქანა, კონდიციონერი, მობილური ტელეფონი და ა.შ.)
ინტერვიუერები, რომლებმაც ბევრი შეცდომა დაუშვეს კითხვარის შევსებისას ან არაკეთილსინდისიერად შეასრულეს სამუშაო, რჩებიან ანაზღაურების გარეშე და აღარ არიან მოწვეული შემდეგ საველე სამუშაოებზე. თუმცა, ინტერვიუერების ხანგრძლივი შერჩევისა და გაცხრილვის შედეგად, ასეთი შემთხვევები ძალზე მცირეა და, რა თქმა უნდა, არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას კვლევის საერთო შედეგებზე.

ვინ არიან CRRC-ის ინტერვიუერები?

CRRC-ის ინტერვიუერები არიან კონტრაქტით დაქირავებული კერძო პირები, რომლებსაც, როგორც წესი, აქვთ ინტერვიუერად მუშაობის გამოცდილება. ისინი არ არიან ორგანიზაციის მუდმივი თანამშრომლები. მიუხედავად გამოცდილებისა,  ყოველი საველე სამუშაოს წინ თითოეულ ინტერვიუერს უტარდება ინტენსიური ტრეინინგი, რაც გულისხმობს კითხვარის დეტალურ განხილვას, შინამეურნეობის და რესპონდენტის შერჩევის წესების შესწავლას და შესაბამისი სავარჯიშოების შესრულებას.
ინტერვიუერების შერჩევაში CRRC-ის ეხმარებიან რეგიონის ზედამხედველები, რომლებსაც ევალებათ თავიანთ რეგიონში მიმდინარე საველე სამუშაობის ზედამხედველობა და კონტროლი.

როგორ ხდება კითხვარის შემოწმება გამოკითხვის დაწყებამდე?

საველე სამუშაოებამდე კითხვარის შემოწმება გულისხმობს არსებული კითხვარით გამოკითხვის ჩატარებას რამდენიმე ათეულ რესპონდენტთან, რათა მოხდეს შემოწმება, თუ რამდენად მარტივად და გასაგებადაა კითხვები ფორმულირებული. ამ დროს ყურადღება ექცევა კითხვარის როგორც ტექნიკურ, ისე შინაარსობრივ მხარეს. კითხვარის შემოწმების დროს ასევე ხდება კითხვების სავარაუდო პასუხების გადამოწმება და სხვა პრობლემების გამოაშკარავება. გამოვლენილი შეცდომების გათვალისწინებით და შესწორებით კითხვარი საბოლოო სახეს იღებს.

კითხვარის შედგენა

კითხვარის შედგენაზე, როგორც წესი, მუშაობს მკვლევართა გუნდი. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ რომელი კითხვები შევა საბოლოო კითხვარში, ერთობლივი განხილვის შედეგად ხდება. კითხვარის შედგენისას ყურადღება ექცევა კითხვის ისე ფორმულირებას, რომ მან არ უბიძგოს რესპონდენტს ერთი რომელიმე პასუხისაკენ. აგრეთვე ექცევა ყურადღება კითხვის სავარაუდო პასუხებს - ისინი არ უნდა ფარავდეს ერთმანეთს და არ უნდა იყოს ურთირთგამომრიცხავი. ხშირ შემთხვევაში CRRC თავის გამოკითხვებში „სესხულობს“ საერთაშორისო კვლევებში გამოყენებულ კითხვებს (მაგ. ESS, WVS, Afrobarometer, Latinobarometro). 
CRRC-ის ზოგი პროექტისათვის კითხვარის შემუშავება ხდება დამკვეთ ორგანიზაციასთან ერთობლივი მუშაობის შედეგად. ამ შემთხვევაში თვითონ დამკვეთი ორგანიზაცია ადგენს კითხვარის მონახაზს, და შემდეგ CRRC-ის მკვლევართა გუნდი მუშაობს კითხვარის დახვეწაზე.

როგორ უზრუნველყოფთ იმას, რომ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის აზრს?

რესპონდენტთა შერჩევის სწორი მეთოდის  გამოყენება საშუალებას გვაძლევს რამდენიმე ასეული ადამიანის გამოკითხვით კვლევის შედეგები განვაზოგადოთ საქართველოს მოსახლეობაზე  ცდომილების გარკვეული დონის გათვალისწინებით.
შერჩევის ზომის დაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება არგამოპასუხების მოსალოდნელი დონე თითოეული ტიპის დასახლებაში და, შესაბამისად, შეირჩევა  გარკვეული რაოდენობით მეტი რესპონდენტი, ვიდრე რეპრეზენტატულობისთვის საკმარისი რაოდენობაა. არგამოპასუხების მოსალოდნელი დონე იანგარიშება წინა კვლევებზე დაყრდნობით და, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ეს მაჩვენებელი  კვლევიდან კვლევამდე საკმაოდ სტაბილურია. მაგალითად, თუ საქართველოს სოფლის მოსახლეობის დასახასიათებლად საკმარისია 1000 რესპონდენტის გამოკითხვა, შერჩევაში 1100 რესპონდენტი მოხვდება, რადგან წინა კვლევების თანახმად, ინტერვიუზე უარს აცხადებს სოფლის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი.

რა ხდება, როდესაც რესპონდენტი ინტერვიუს ჩატარებაზე უარს ამბობს?

შემთხვევითი წესით შერჩეული რესპონდენტის ჩანაცვლება დაუშვებელია. რესპონდენტის უარი, როგორც წესი, არ არის შემთხვევითი მოვლენა, არამედ მას კონკრეტული მიზეზი აქვს. ინტერვიუზე უარის მთქმელები რომ სხვებით ჩავანაცვლოთ,  ხელს შევუწყობთ შემთხვევითობის პრინციპის დარღვევას და საბოლოოდ მივიღებთ კვლევაში მონაწილე რესპონდენტებში გარკვეული შეხედულებების თუ სოციალური მახასიათებლების მქონე ჯგუფებს შორის დისბალანსს. უარის შემთხვევაში ხდება ამ კონტაქტის აღრიცხვა და მონაცემთა ბაზაში შეყვანა.
არგამოპასუხებად (უარის თქმა ინტერვიუს ჩატარებაზე) ითვლება ისეთი შემთხვევები, როდესაც:
  1. ბიჯით შერჩეულ შინამეურნეობასთან დაკავშირება ვერ ხერხდება გარკვეული მიზეზების გამო (სამჯერ მისვლის შემთხვევაშიც კი სახლში არავინ არის, შინამეურნეობაში სრულწლოვანი წევრი არ არის, საცხოვრებელი მიუწვდომელია და სხვ.);
  2. კიშის ცხრილით შერჩეულ რესპონდენტთან ინტერვიუს ჩატარება ვერ ხერხდება გარკვეული მიზეზის გამო (რესპონდენტმა არ იცის ინტერვიუს ენა, არ იმყოფება სახლში და არ დაბრუნდება საველე სამუშაოების პერიოდში, უარი განაცხადა ინტერვიუს ჩატარებაზე და სხვა).

როგორ ხდება გამოსაკითხი რესპონდენტის შერჩევა?

შინამეურნეობის შერჩევის შემდეგ რესპონდენტის შერჩევა ხდება კიშის ცხრილის მეშვეობით. კიშის ცხრილი გვეხმარება იმაში, რომ შინამეურნეობაში შემთხვევითი წესით შევარჩიოთ გამოსაკითხი რესპონდენტი.
კიშის ცხრილი არის რიცხვებისგან შემდგარი ცხრილი, რომელიც ინტერვიუერს საშუალებას აძლევს შინამეურნობის ყველა ზრდასრული წევრიდან წესების მკაცრად დაცვით შეარჩიოს რესპონდენტი.
ზოგჯერ კითხულობენ - როგორ მოხდა, რომ ჩემი ნაცნობებიდან არავინ გამოუკითხავთ? თითოეული ადამიანის შერჩევაში მოხვედრის ალბათობა საშუალოდ არის 1/1000, შესაბამისად გასაკვირია არ არის, რომ  თქვენი ნაცნობებიდან ვერავინ ვერ მოხვდეს გამოკითხვაში.

როგორ ხდება გამოკითხვისთვის შინამეურნეობის შერჩევა?

შინამეურნეობის შერჩევა ხდება ე.წ. შემთხვევითი ხეტიალის მეთოდით. მოცემული დასახლების ფარგლებში (საარჩევნო უბანში) ინტერვიუერი დასახლების ცენტრში მითითებული მისამართიდან მოძრაობს განსაზღვრული მიმართულებით და წინასწარ განსაზღვრული ინტერვალით (ბიჯით) ირჩევს, მაგალითად, ყოველ მეხუთე, მეშვიდე, მეათე და ა.შ. შინამეურნეობას, სადაც შეარჩევს რესპონდენტს, რომელიც უნდა გამოიკითხოს.
ბიჯი განისაზღვრება შემდეგნაირად: შერჩევის პირველად ერთეულში (საარჩევნო უბანში) გამოვთვლით შინამეურნეობების საერთო რაოდენობას, რომელსაც გავყოფთ ამ საარჩევნო უბანში გამოსაკითხი შინამეურნეობების რაოდენობაზე.


რა ტიპის შერჩევას იყენებს CRRC?

იმისათვის, რომ გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემების განზოგადება მოვახდინოთ საქართველოს მთელ მოსახლეობაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), CRRC იყენებს კომპლექსური (სტრატიფიცირებული და კლასტერული) შერჩევის მეთოდს.
ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მთელი ტერიტორია  იყოფა დასახლების ტიპების ან ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. დასახლების ტიპი, როგორც წესი, არის დედაქალაქი, სხვა ქალაქები და სოფლები, ხოლო ტერიტორიული ერთეულები – რეგიონები. თითოეულ დასახლების ტიპში ან ტერიტორიულ ერთეულში ხდება საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევა. ეს არის შერჩევის პირველადი ერთეული.  ამ შემთხვევით შერჩეულ სარჩევნო უბნებში შემთხვევითი ხეტიალის პრინციპით ხდება შინამეურნეობის შერჩევა. შინამეურნეობა არის შერჩევის მეორადი ერთეული, ხოლო შინამეურნეობიდან შემთხვევით შერჩეული რესპონდენტი შერჩევის საბოლოო ერთეულია.


როგორ ატარებს კვლევებს CRRC?

კვლევის ჩატარებისას CRRC მიმართავს როგორც თვისებრივ, ისე რაოდენობრივ კვლევის მეთოდებს.
კვლევის თვისებრივი მეთოდებიდან CRRC ძირითადად იყენებს ჩაღრმავებულ ინტერვიუს, ფოკუსურ ჯგუფს და ჩართული დაკვირვების მეთოდს.
კვლევის რაოდენობრივი მეთოდებიდან CRRC უპირატესობას ანიჭებს პირისპირი გამოკითხვის მეთოდს.
საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, პირისპირი გამოკითხვის ჩატარება გულისხმობს რამდენიმე ნაბიჯს:
  • კვლევითი კითხვის ფორმულირება/ჩამოყალიბება
  • კითხვარის შედგენა
  • რესპონდენტთა შერჩევის მეთოდის შემუშავება
  • ინტერვიუერების ტრეინინგი
  • საველე სამუშაოები/ინტერვიუების ჩატარება
  • კითხვარების შემოწმება
  • მონაცემთა შეყვანა ბაზაში და გაწმენდა
  • შედეგების ანალიზი

ვისთვის ატარებს კვლევებს CRRC?

CRRC არის მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რომელიც ატარებს კვლევებს ნებისმიერი დაინტერესებული ორგანიზაციის დაკვეთით იმ პირობით, თუ კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება გონივრულ ვადაში. როგორც წესი, კვლევის შედეგები საჯარო ხდება კვლევის ჩატარებიდან 6-12 თვის ვადაში.
მონაცემთა საჯაროობა გულისხმობს როგორც კვლევის შედეგების გაცნობას საზოგადოებისა და მედიისთვის, ისე მონაცემთა ბაზების და მეთოდოლოგიის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის ვებ-გვერდის საშუალებით. ამგვარად, ნებისმიერ ადამიანს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, შეეძლება კვლევის ბაზების გამოყენება სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან პოლიტიკის შემუშავების მიზნით.

რით განსხვავდება CRRC სხვა კვლევითი ორგანიზაციებისგან?

CRRC არის ერთადერთი კვლევითი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც სრულად აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მონაცემეთა ბაზებს.
მონაცემთა ბაზების საჯაროობით CRRC ხელს უწყობს როგორც მკვლევარებს, ისე ყველა დაინტერესებულ პირს, გააანალიზონ კვლევის შედეგები და გაიგონ, რას ფიქრობს ხალხი.

ვინ არიან CRRC საქართველოს პარტნიორები?

CRRC საქართველო თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის არიან:
  • აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (East West Management Institute – EWMI)
  • გაეროს განვითარების პროგრამა (United Nations Development Programme - UNDP)
  • გლობალური განვითარების ქსელი (Global Development Network - GDN)
  • დანიის ლტოლვილთა საბჭო (Danish Refugee Council - DRC)
  • დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობათა ოფისი (Foreign and Commonwealth Office - UK)
  • დელავერის უნივერსიტეტი (University of Delaware)
  • ევროკომისია (European Commission - EC)
  • ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (Organization for Security and Cooperation in Europe - OSCE)
  • ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (International School of Economics -ISET)
  • უორიკის უნივერსიტეტი (University of Warwick)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Tbilisi State University - TSU)
  • მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი (Manchester Metropolitan University – MMU)
  • მსოფლიო ბანკი (World Bank)
  • ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (Netherlands Institute for Multi-Party Democracy - NIMD)
  • საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (International Foundation for Electoral Systems - IFES)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (Transparency International Georgia - TI)
  • საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (International Research and Exchange Board – IREX)
  • საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (National Democratic Institute for International Affairs - NDI)
  • სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (Center for Social Sciences -CSS)
  • უსაფრთხო მსოფლიო (Saferworld)
  • ფოლქსვაგენის ფონდი (Volkswagen Stiftung)
  • ქეა საერთაშორისო (CARE International)
  • შერიგების რესურსები (Conciliation Resources)
  • ჩიკაგოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი (National Opinion Research Center at the University of Chicago - NORC)