პორტალს რამდენიმე განსხვავებული ფუნქცია გააჩნია. აქ წარმოდგენილია თემატური მოდელირებით გამოკვეთილი საკითხები, რომლებზეც შესწავლილი გვერდები წლების განმავლობაში საუბრობენ. ეს თემები ასევე გაანალიზებულია ანტიდასავლური პროპაგანდის ცალკეული წყაროების მიხედვით. ამასთან, ვებსაიტის თავფურცელზე მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ (დადებითად ან უარყოფითად) საუბრობენ სხვადასხვა ჯგუფები დასავლეთისა და რუსეთის შესახებ.
გარდა ამისა, პორტალზე მონაცემთა გაანალიზების სხვა საშუალებებიცაა წარმოდგენილი. „პოსტების“ გვერდზე მოცემულია გვერდების მიერ სოციალურ მედიაში განთავსებული შეტყობინებები, ასევე - მოწონებების, კომენტარებისა და გაზიარების რაოდენობები. აქვეა მონაცემები ქსელებს შორის ინფორმაციის გაცვლის, კვირის დღეებისა და საათობრივი აქტიურობის შესახებ.
„ტექსტის“ მენიუ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს რუსეთთან და დასავლეთთან დაკავშირებული სხვადასხვა სიტყვისა და სიტყვათა კომბინაციის (ბიგრამების) მოხსენიების სიხშირე.
ვებსაიტი ამჟამად მხოლოდ ქართულადაა ხელმისაწვდომი. თუმცა, „CRRC-საქართველოს“ ბლოგზე მომდევნო თვეების განმავლობაში განთავსდება სიახლეები მონაცემთა ანალიზის შედეგების შესახებ. იმავე პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის სანახავად დააჭირეთ აქ, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული სტატია იხილეთ ამ ბმულზე.