ნაცნობობა თუ განათლება - რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის პირველი პოსტი


რა ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან პირობად კარგი სამსახურის საშოვნელად ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რომ საქართველოში ასეთ პირობად ყველაზე ხშირად ნაცნობობა (30%) და განათლება (28%) სახელდება. ეს შედეგები შეესაბამება სხვადასხვა ქვეყანაში სოციალურ კაპიტალზე ჩატარებული კვლევების მიგნებებს, რომლის მიხედვითაც სოციალური კავშირები უზრუნველყოფს ადამიანებს უკეთესი შესაძლებლობებით შრომით ბაზარზე (ლინი, 1999; მოუვი, 2003;  მაკდონალდი და ელდერი, 2006). ასევე იმ კვლევების მიგნებებს, რომელიც სწავლობს განათლების მნიშვნელობას შრომით ბაზარზე და ასკვნის, რომ განათლება მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც ინდივიდების დასაქმების შესაძლებლობებს და კარგად ანაზღაურებადი სამსახურის შოვნის შანსებს ზრდის (კილკულენი, 1972; აპლეტონი, სიმონი და სხვ., 2003; სმიტი და მაკკოი, 2009). CRRC-ის წინა პოსტი, კარგი სამსახურის შოვნა საქართველოში, ანალიზებს ურთიერთობას სოციალურ კავშირებსა და კარგი სამსახურის საშოვნელად დასახელებულ მნიშვნელოვან პირობებს შორის და ასკვნის, რომ ნაკლები სოციალური კავშრების მქონე ქართველები შესაძლოა, მეტად ფიქრობდნენ, რომ ნაცნობობა ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა კარგი სამსახურის საშოვნელად.  წინამდებარე პოსტის მიზანი კი იმის ნახვაა, თუ როგორ იცვლება მოსაზრებები კარგი სამსახურის საშოვნელად მნიშვნელოვან პირობებთან დაკავშირებით განათლების დონისა და დასაქმების სტატუსის მიხედვით და იმის დადგენა, თუ ვინ უფრო მეტად ფიქრობს, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა კარგი სამსახურის საშოვნელად

2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემები აჩვენებს, რომ ეს მოსაზრებები თითქმის არ განსხვავდება განათლების დონის მიხედვით. ერთადერთი შესამჩნევი განსხვავება პროფესიონალიზმის/სამუშაო გამოცდილების, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი პირობის აღქმას უკავშრდება. თუკი უმაღლესი განათლების მქონეთა 17% მიიჩნევს, რომ ესაა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კარგი სამსახურის საშოვნელად, საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონეთა მხოლოდ 8% ფიქრობს იგივეს

 შენიშვნა: კითხვისათვისრომელი შეესაბამება თქვენს მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალ საფეხურს?“ პასუხის ვარიანტები დაჯგუფდა შემდეგნაირად: ვარიანტებიდაწყებითი განათლების გარეშე“, „დაწყებითი განათლება (დასრულებული ან დაუსრულებელი)“, „არასრული საშუალო განათლებადასრული საშუალო განათლებადაჯგუფდა ერთად კატეგორიაშისაშუალო ან უფრო დაბალი“; ვარიანტებიარასრული უმაღლესი განათლება“, „უმაღლესი განათლება (ბაკალავრის, მაგისტრის ან სპეციალისტის დიპლომი)“ დასამეცნიერო ხარისხიდაჯგუფდა ერთად კატეგორიაშისაშუალოზე მაღალი“.


კითხვისათვისრომელი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშნელოვნად საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად?“ იშვიათად დასახელებული პასუხის ვარიანტები - „ასაკი“, „გარეგნობა“, „ნიჭი“, „საჭირო ხალხის პატივისცემადასხვადაჯგუფდა კატეგორიაშისხვა“.

თუკი კარგი სამსახურის საშოვნელად მნიშვნელოვან პირობებთან დაკავშირებული მოსაზრებები თითქმის არ განსხვავდება განათლების დონის მიხედვით, ასეთი განსხვავებები შეიმჩნევა დასაქმების სტატუსის მიხედვით, კერძოდ, იმ ინდივიდთა მოსაზრებებს შორის, რომლებიც თავს თვითდასაქმებულად, დასაქმებულად და უმუშევრად მიიჩნევენ. უფრო ზუსტად, დასაქმებულთა 34% მიიჩნევს, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა კარგი სამსახურის საშოვნელად მაშინ, როცა ამავე ჯგუფის წარმომადგენლების 25% ნაცნობობას ასახელებს. ამის საპირისპიროდ, თვითდასაქმებულები უფრო იშვიათად ასახელებენ განათლებას (20%), ვიდრე ნაცნობობას (33%). ყველაზე ხშირად კი ნაცნობობა (40%) სახელდება იმ ინდივიდებს შორის, რომლებიც თავს უმუშევრად მიიჩნევენ.
შენიშვნა: კითხვისათვისრა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას?“ პასუხის ვარიანტებივარ სტუდენტი და არ ვმუშაობ“, „ვარ ინვალიდი/უნარშეზღუდული და მუშაობა არ შემიძლია“, „სხვა“, „არ ვიციდაუარი პასუხზედაჯგუფდა კატეგორიაშისხვა“.

ამგვარად, პოსტმა აჩვენა, რომ თუკი განათლების დონის მიხედვით თითქმის არ იცვლება მოსაზრებები იმასთან დაკავშრებით, თუ რა პირობებია ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად, ეს მოსაზრებები იცვლება დასაქმების სტატუსის მიხედვით. ისინი, ვინც თავს დასაქმებულად მიიჩნევენ, უფრო ხშირად ფიქრობენ, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კარგი სამსახურის საშოვნელად მაშინ, როცა თვითდასაქმებულები და უმუშევრები უფრო ხშირად ნაცნობობას ასახელებენ.

CRRC-ის გამოკითხვებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ CRRC-ის ვებგვერდს ან მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემის გამოყენებით

ნინო ზუბაშვილი

რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 2)

ჩვენი წინა პოსტი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულების რეგიონულ განაწილებას აღწერდა. ამ ნაწილში კი განვიხილავთ აბიტურიენტის სქესსა და რეგისტრაციის ადგილს იმის გასაგებად, თუ როგორ იცვლება საკონკურსო ქულები დასახელებული ცვლადების მიხედვით. მოცემული პოსტის კიდევ ერთი მიზანია, შეაფასოს მასწავლებელთა ხარისხის როლი რეგიონული სხვაობების წარმოშობაში.

აბიტურიენტის რეგისტრაციის მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით, გამოვთვალეთ მდებარეობის ახალი ცვლადი, რომელიც აპლიკანტებს ხუთ კატეგორიად - დედაქალაქში, მსხვილ ქალაქებში (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი), დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში, აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში და სხვა დასახლებულ პუნქტებში (დევნილები და უცხოეთში მყოფი) რეგისტრირებულებად ყოფს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მეშვეობით შეუძლებელია, დეტალურად განვასხვავოთ შედეგები დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით, თუმცა ვვარაუდობთ, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში მოხვედრილი აბიტურიენტების დიდი ნაწილი სოფლებში ცხოვრობს.

როგორც ამ ბლოგის პირველ ნაწილში მოტანილი აღწერილობითი ანალიზი აჩვენებს, თბილისსა და მსხვილ ქალაქებში რეგისტრირებული აბიტურიენტები გამოცდებზე ყველაზე მეტ ქულას იღებდნენ. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აპლიკანტებს ყველაზე ცუდი შედეგები ქონდათ. იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ აღნიშნული განსხვავებები შემთხვევითი არ არის, გამოვიყენებთ სპეციალურ სტატისტიკურ ტექნიკას - დისპერსიულ ანალიზს (ე. წ. ANOVA). აღნიშნული მიდგომით მოწმდება, არის თუ არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცალკეულ ჯგუფებს შორის ცვლადის საშუალო მნიშვნელობების სხვაობა. მოპოვებულ მონაცემებზე ჩატარებული დისპერსიული ანალიზი აჩვენებს, რომ სქესის F(1, 26311)= 136.43, p<0.001, და მდებარეობის F(4, 26311)= 396.36, p<0.001 მთავარი ეფექტი აბიტურიენტის საშუალო საკონკურსო ქულაზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც მოცემული ორი ცვლადის ურთიერთქმედების ეფექტი არ დასტურდება F(4, 26311)=1.67, p=0.1531. მონაცემთა შემდგომი ანალიზი ადასტურებს, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის წარმოდგენილი.


როგორც დიაგრამიდან ჩანს, ყველა ტიპის დასახლებებში, აბიტურიენტი გოგონები ვაჟებზე უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ. თბილისელი გოგონები და ბიჭები საშუალოდ, ყველაზე წარმატებულები იყვნენ. მსხვილი ქალაქების მცხოვრებლები უკეთ გამოდიოდნენ, ვიდრე მეტწილად სასოფლო მოსახლეობით დასახლებული მუნიციპალიტეტები. დაბოლოს, აპლიკანტები „სხვა“ ჯგუფიდან უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ, ვიდრე მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები.

აღსანიშნავია, რომ გოგონებსა და ვაჟებს შორის ქულების განაწილებაში წარმოჩენილი სხვაობა დიდი არ გახლდათ. სამაგიეროდ, ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მსჯელობისას, ნათლად იკვეთება განსხვავება ტერიტორიულ ერთეულებს შორის. ჩვენი აზრით, ამ სურათს რამდენიმე მიზეზი წარმოშობს.

პირველ რიგში, საქართველო ენდემური რეგიონული უთანასწორობით ხასიათდება, რაც ქვეყანაში განათლების არათანაბარ ხარისხსაც გულისხმობს. განსაკუთრებით დიდი განსხვავება მსხვილ ქალაქებსა და სასოფლო მუნიციპალიტეტებს შორისაა. დაბალი ხარისხის განათლება და კარგი მასწავლებლების სიმცირე კარგად ჩანს საერთაშორისო ტესტების (TIMSS, PISA, PIRLS) შედეგების მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, ქართველი მოსწავლეების შედეგები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს უახლოვდება, განსხვავება დასახლებული პუნქტების მიხედვით თვალსაჩინოა.

საქართველოში, ზოგადად, ხარისხიანი სწავლების და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების სიმწირეა - ქვეყნის მასშტაბით, 2013 წელს სერტიფიცირების გამოცდა გარკვეულ დარგებში მასწავლებელთა 90%-მა ჩააგდო. პედაგოგთა დაბალი ხარისხი განსაკუთრებით სოფლებში იგრძნობა. თუკი სერტიფიცირებულ მასწავლებლებზე მოსწავლეთა რაოდენობის სტატისტიკას (ე. ი. იმ მასწავლებლების რაოდენობას, რომლებმაც სპეციალური გამოცდები ჩააბარეს და ითვლებიან, რომ მათი კვალიფიკაცია უკეთესია) გავეცნობით, ვნახავთ, რომ ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებშია. ამ არეალებში ცოტა სერტიფიცირებული მასწავლებელია, შესაბამისად, მათი დატვირთვა მაღალია და ერთ სერტიფიცირებულ პედაგოგზე მეტი მოსწავლე მოდის. მარნეულის, ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში აღნიშნული მაჩვენებელი ას მოსწავლეზე მეტს შეადგენს, როდესაც საჩხერეში ერთ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე მხოლოდ 25 მოსწავლე მოდის.

როგორც ვხედავთ, სასკოლო განათლება, რომელიც მოსწავლეს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებისთვის უნდა ამზადებდეს, არაადეკვატურია. შესაბამისად, აბიტურიენტები (და მათი მშობლები) დამამთავრებელ მე-11 და მე-12 კლასებში სიარულს კერძო მასწავლებლებთან მომზადებას არჩევენ. თუკი მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ რეპეტიტორების უმეტესობა აქტიური მასწავლებელია, მათი რაოდენობა სოფლებში, მსხვილი ქალაქებისგან განსხვავებით, ასევე საკმაოდ მცირეა. აღნიშნული ფაქტორი ეროვნული გამოცდების უთანასწორობის კიდევ ერთი მაჩვენებელია.

ჩვენს მიერ მომზადებული პოსტების სერია მიმოიხილავდა 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგიონულ და გენდერულ თავისებურებებს. როგორც აღწერილობითმა, ასევე ახსნითმა სტატისტიკურმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ აბიტურიენტებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, განსაკუთრებით - გეოგრაფიული თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც ეროვნული გამოცდები ბევრი აბიტურიენტისთვის ხარისხიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაბარების ერთადერთი შანსი გახლდათ, მოსახლეობის გარკვეული სეგმენტი ისევ ვერ სარგებლობს შემოთავაზებული თანაბარი შესაძლებლობით. ეს ფაქტი არა ეროვნული გამოცდებს, არამედ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სექტორში არსებულ ენდემურ პრობლემებს უკავშირდება. მიუხედავად თვალსაჩინო წარმატებისა, გაუმჯობესებულმა მისაღებმა გამოცდებმა ვერ უზრუნველყვეს საქართველოში ღრმად ფესვგადგმული უთანასწორობის აღმოფხვრა საგანმანათლებლო სფეროში.

გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები? შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე ან მოგვწერეთ თქვენი აზრები კომენტარების სექციაში.