სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში

სოციალურ აქტივობებში ჩართულობას შეუძლია, დაეხმაროს ხალხს, მთავრობის ჩარევის გარეშე მოაგვარონ მათთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პრობლემები, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ასეთ აქტივობებში ჩართულობაზე გავლენა აქვს სხვადასხვა ფაქტორს, რომელთაგან რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანია: სქესი, ასაკი და დასახლებული პუნქტის ტიპი.

CRRC-ის 2015 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ შედეგები საშუალებას გვაძლევს, გავარკვიოთ, ჩამოთვლილი თორმეტიდან რომელ სოციალურ აქტივობებშია ჩართული საქართველოს მოსახლეობა. ამ ბლოგ პოსტის მიზანია იმ აქტივობების გამოყოფა, რომლებშიც მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი მონაწილეობს და იმის გარკვევა, თუ როგორ განსხვავდება მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულება სქესის, ასაკისა და დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით.

საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი (58%) აცხადებს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში დაეხმარა მეგობარს ან მეზობელს საოჯახო საქმეში ან ბავშვის მოვლაში მაშინ, როცა ძალიან მცირე ნაწილი (6%) პასუხობს, რომ მოაწერა ხელი პეტიციას ან  გააგზავნა წერილი ტელევიზიაში ან რადიოში (5%). აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილი (17%) პასუხობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში დაესწრო საჯარო შეხვედრას, რომელიც საზოგადოებისთვის ან ამა თუ იმ თემისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას მიეძღვნა.

 შენიშვნა: დიაგრამაზე მოყვანილია მხოლოდ დადებითი პასუხების წილი.


ის, რომ მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ეხმარება მეგობრებს ან მეზობლებს საოჯახო საქმეში ან ბავშვის მოვლაში შეიძლება, აიხსნას იმ გარემოებით, რომ, როგორც ადრე ჩატარებული კვლევები მოწმობს, საქართველო არის ქვეყანა, სადაც განსაკუთრებით ძლიერიანდობა, თანამშრომლობა და თანაგრძნობა პირველადი სოციალური ჯგუფების (ოჯახი, სამეგობრო)წევრებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოში მეტადაა გავრცელებული ე.წ.„შემაკავებელი“ („bonding“) სოციალური კაპიტალი, ხოლო ე.წ. „მაკავშირებელი“ („bridging“) სოციალური კაპიტალი, რომელიც განსხვავებული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებსაკავშირებს, შედარებით სუსტია.
შედეგები განსხვავებულია დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით და ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინოა დედაქალაქსა და სოფლებში მიღებულ პასუხებს შორის. მაგალითად, დედაქალაქის მოსახლეობის 62% აცხადებს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე შესწირა ფული ეკლესიას ან მეჩეთს მაშინ, როცა სოფლებში მცხოვრებთა 52% ამბობს იგივეს. დედაქალაქისა და სხვა ქალაქების მოსახლეობასთან შედარებით სოფლების მოსახლეობის უფრო მცირე წილი აცხადებს, რომ შესწირა თანხა არარელიგიური ქველმოქმედების მიზნით ან მისცა ფული მათხოვარს. თუმცა, სოფლებში მცხოვრებთა უფრო დიდი წილი ეხმარება მეზობლებს ან მეგობრებს, ვიდრე ამას თბილისში და სხვა ქალაქებში მცხოვრებნი აკეთებენ. რაც შეეხება მოხალისეობას, განსხვავება დასახლებული პუნქტის ტიპებს შორის ფაქტობრივად არ არის.


ამ გრაფიკზე ისევე, როგორც ქვემოთ მოყვანილ გრაფიკებზე მოცემულია ის აქტივობები, რომლებშიც მოსახლეობის 20%-ზე მეტია ჩართული.

განხილულ აქტივობებში ჩართულობა საგრძნობლად დაბალია 56 წელს გადაცილებული ადამინების შემთხვევაში. 18-დან 35 წლამდე ასაკის და 36-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანები თითქმის თანაბრად მონაწილეობენ  სხვადასხვა აქტივობაში გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმე ეხება რესტორანში/პიცერიაში/სახინკლეში და ა.შ. წასვლას. აქ განსხვავება იკვეთება სამივე ასაკობრივ ჯგუფს შორის.



საინტერესოა, რომ, ქალებთან შედარებით, მამაკაცების უფრო დიდი წილი პასუხობს, რომ დაეხმარა ვინმეს დავის მოგვარებაში, იყო მოხალისე, წავიდა რესტორანში, პიცერიაში ან სახინკლეში, დაეხმარა მეზობელს ან მეგობარს. განხილული აქტივობებიდან ერთადერთი, რომელშიც ქალები მეტად იღებენ მონაწილეობას, ვიდრე მამაკაცები, ეკლესიის ან მეჩეთისთვის ფულის შეწირვაა; რიგ შემთხვევაში ქალები და მამაკაცები ფაქტობრივად ერთნაირი სიხშირით პასუხობენ კითხვებს თავისი მონაწილეობის შესახებ ამ აქტივობებში.



ამ ბლოგ პოსტში განხილული იყო საქართველოს მოსახლეობის ჩართულობა სხვადასხვა აქტივობაში და ის, თუ როგორ განსხვავდება ეს ჩართულობა სქესის, ასაკისა და დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით. „კავკასიის ბარომეტრის“ შედეგები შეგიძლიათ, სრულად იხილოთ CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდზე.