ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია

საქართველოში, ტრადიციულად, ოჯახში ვაჟი რჩება და მოხუცებულ მშობლებზე ზრუნვა მის პასუხისმგებლობად მიიჩნევა. შესაბამისად, მშობლები საკუთრებას ბიჭ შვილებს გადასცემენ. ეს კი ეკონომიკურ რესურსებზე ქალთა ხელმისაწვდომობას ზღუდავს. კავკასიის ბარომეტრის ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობს ხალხი იმაზე, ვინ უნდა იზრუნოს მშობლებზე სიბერეში: ვაჟმა, ქალიშვილმა თუ ორივემ თანაბრად, ბევრი ფიქრობს, რომ მემკვიდრეობა მაინც ვაჟმა უნდა მიიღოს.

მონაცემები აჩვენებს, რომ ხალხი უფრო იმ აზრისკენ იხრება, რომ სახლი ვაჟებსა და ქალიშვილებს შორის ან თანაბრად გაანაწილოს, ან მხოლოდ ვაჟს გადასცეს. ქალიშვილები იშვიათად აღიქმებიან ქონების მთავარ მემკვიდრეებად. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (52%) მიიჩნევს, რომ ბინა ორივე ბავშვს თანაბრად უნდა მისცეს. ამავე დროს, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (47%) ფიქრობს, რომ ვაჟია მთავარი მემკვიდრე. მხოლოდ 1% მიიჩნევს, რომ მშობლების სახლი ქალიშვილს უნდა დარჩეს.

ამის საპირისპიროდ, ქართველებს სჯერათ, რომ როცა საქმე მშობლების მოვლას ეხება, მოვალეობები ორივე სქესის შვილმა უნდა გაინაწილოს. ქართველთა სამი მეოთხედი თვლის, რომ ორივე სქესის შვილმა თანაბრად უნდა იზრუნოს მშობლებზე, ხოლო 20% ფიქრობს, რომ ვაჟს მშობლების მიმართ უფრო მეტი ზრუნვა მოეთხოვება. მხოლოდ 6% მიიჩნევს, რომ ქალიშვილი უნდა იყოს მშობლების მთავარი მზრუნველი.

რესპონდენტების უმეტესობა (77%), ვინც ფიქრობს, რომ მშობლებზე ბიჭმა უნდა იზრუნოს, თვლის, რომ მემკვიდრეობა მას  უნდა გადაეცეს. ერთი მეხუთედი (21%) თანაბარი განაწილების მომხრეა და მხოლოდ 1% თვლის, რომ ქონება ქალიშვილს უნდა გადასცეს. უმეტესობა (60%), ვინც ფიქრობს, რომ მშობლებზე ორივემ ერთნაირად უნდა იზრუნოს, მიიჩნევს, რომ ქონება თანაბრად უნდა განაწილდეს. მიუხედავად ამისა, 37% ფიქრობს, რომ მთავარი მემკვიდრე ვაჟი უნდა იყოს და მხოლოდ 1% -  ქალიშვილი. უფრო მეტიც, 55%-ს მათგან, ვინც თვლის, რომ მშობლებზე ქალიშვილებმა უნდა იზრუნონ, მიაჩნია, რომ ქონება ბიჭს უნდა დარჩეს, ხოლო 40% ფიქრობს, რომ ის თანაბრად უნდა განაწილდეს. მნიშვნელოვანია, ამ რიცხვებს სიფრთხილით მოვეკიდოთ, რადგან მცირეა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც განაცხადა, რომ მშობლებზე სიბერეში ქალიშვილებმა უნდა იზრუნონ.






 

შენიშვნა: პასუხის ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ ანალიზიდან ამოღებულია. საერთო ჯამში, პასუხის ეს ვარიანტები 2%-ზე ნაკლებმა დაასახელა. კითხვა „როდესაც ოჯახში გოგო და ბიჭი იზრდება და ოჯახს მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინა აქვს, როგორ ფიქრობთ, ვის საკუთრებაში უნდა გადავიდეს ეს ბინა - გოგოსი თუ ბიჭის?“ შემოკლდა შემდეგნაირად: „თქვენი აზრით, ვის საკუთრებაში უნდა გადავიდეს ბინა?

დამატებითი ანალიზი აჩვენებს, რომ კაცებთან შედარებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალებმა აღნიშნონ, რომ კერძო საკუთრება ბიჭებს უნდა დარჩეთ. თბილისის მაცხოვრებლები ნაკლებად აღნიშნავენ იმას, რომ მემკვიდრეობა ბიჭს უნდა დარჩეს, ვიდრე სოფლის მაცხოვრებლები. ვინც თბილისში ცხოვრობს, უფრო მეტად ამბობს, რომ მემკვიდრეობა შვილებზე თანაბრად უნდა განაწილდეს. ისინი, ვისაც საშუალო ან დაბალი განათლება აქვს, უფრო მეტი ალბათობით ამბობენ, რომ მემკვიდრეობა ვაჟმა უნდა მიიღოს, ვიდრე ისინი, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს. ისინი, ასევე, ნაკლებად ამბობენ, რომ მემკვიდრეობა თანაბრად უნდა განაწილდეს შვილებზე. 




<

 
შენიშვნა: ზემოთ მოცემულ გრაფიკზე, თითოეული ცვლადის საბაზო კატეგორიები შემდეგია: კაცი, 18-35 წლის ასაკობრივ ჯგუფში, თანაბრად უნდა იზრუნოს, სოფლის მაცხოვრებელი, ეთნიკური ქართველი და უმაღლესი განათლების მქონე. პასუხის ვარიანტები „არ ვიცი“, „უარი პასუხზე“ და „სხვა“ ანალიზში არ შედის. 

მონაცემები გვიჩვენებს, რომ ადამიანები შვილებს შორის მემკვიდრეობის თანაბარ განაწილებას ემხრობიან, ან მის გადაცემას მხოლოდ ვაჟისთვის. უმეტესობა თვლის, რომ ყველა შვილმა თანაბრად უნდა იზრუნოს მშობლებზე, მიუხედავად მათი სქესისა. ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა მემკვიდრეობის მიღების დროს ჯერ კიდევ არ არის. 

შენიშვნა: ზემოთ მოცემულ ანალიზში გამოყენებულია მულტინომინალური ლოგისიტიკური რეგრესიული ანალიზი, სადაც დამოკიდებული ცვლადია პასუხი კითხვაზე „ვის საკუთრებაში უნდა გადავიდეს ბინა: ბიჭის თუ გოგოსი?“ დამოუკიდებელი ცვლადია სქესი, ასაკობრივი ჯგუფი, ეთნიკურობა, დასახლების ტიპი, განათლება და კონსერვატულობის ინდექსი. ამ ბლოგში გამოყენებული მონაცემები ხელმისაწვდომია აქ. რეპლიკაციის კოდის კი - აქ.