არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ: ცვლილებები საზოგადოებრივ აზრში

2012 წლის საპარლამენტარო არჩევნებმა საქართველოში დიდი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოიტანა ქვეყნისთვის.2012 წლის განმავლობაში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისთვის (NDI) ჩაატარა 4 გამოკითხვა საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური შეხედულებების შესწავლის მიზნით. გამოკითხვები ჩატარდა თებერვალში, ივნისში, აგვისტოსა და ნოემბერში და მოიცვა ისეთი საკითხები როგორიცაა ეკონომიკა, პოლიტიკა, დემოკრატია, მიმდინარე რეფორმები და სხვა. კვლევის თითოეული ტალღის ფარგლებში დაახლოებით 2000 ადამიანი გამოიკითხა. შედეგები საშუალებას გვაძლევს ერთმანეთს შევადაროთ საზოგადოებრი აზრი არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ და ბევრ საინტერესო ცვლილებას ავლენს, რომელთაგან აქ მხოლოდ ორი იქნება განხილული: საქართველოს დემოკრატიულობის აღქმა და რუსეთის მიმართ დამოკიდებულება.

პირველი ცვლილება ეხება დემოკრატიის აღქმას საქართველოში. კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ საქართველოს მოსახლეობისის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველო ჯერ კიდევ არაა დემოკრატიული, მაგრამ ამ მიმართულებით ვითარდება, არჩევნების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა და 34%-ს მიაღწია (აგვისტოში ეს მაჩვენებელი 20% იყო). არჩევნების შემდეგ 14%-დან 5%-მდე შემცირდა იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო შესაძლებელია გახდეს დემოკრატიული ქვეყანა მომავალში, მაგრამ ამჟამად ამ მიმართულებით არ ვითარდება (დიაგრამა 1). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოებრი აზრი თანხმობაშია ზოგიერთი ანალიტიკოსის მოსაზრებასთან, რომ არჩევნების შემდგომ შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში დემოკრატიის განვითარების კარგ წინაპირობას ქმნის (იხ.Cory Welt in CAD) და არჩევნების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბების შანსები გაიზარდა.


წყარო: პოლიტიკური დამოკიდებულების კვლევა საქართველოში,CRRC,2012
იმისთვის, რომ სურათი უფრო ნათელი გახდეს, გასათვალისწინებელია თუ რას გულისხმობს საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიაში. კითხვა „რას ნიშნავს თქვენთვის დემოკრატია?“  დაისვა ეროვნულ-დემოკრატიის ინსტიტუტის კვლევის ოთხივე ტალღაში. რადგან შედეგები საკმაოდ მყარი აღმოჩნდა, დიაგრამაში 2 წარმოდგენილია მხოლოდ ბოლო, ნოემბრის გამოკითხვის შედეგები. საქართველოს მოსახლეობის ნახევრაზე მეტისთვის (55%) დემოკრატია სიტყვის თავისუფლებას და განსხვავებული აზრის მოსმენას ნიშნავს, რასაც მოსდევს თანასწორობა კანონის წინაშე/სამართლიანობის დაცვა (43%) და ადამიანის უფლებათა დაცვა (33%).

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება საზოგადოებრივ აზრში რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას ეხება. საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება სწორედ საქართველოს და რუსეთს შორის გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენა იყო.დიაგრამა 3 აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი აზრი გარკვეულწილად ასახავს პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში და პოზიტიური ცვლილებები საქართველოს მოსახლეობის რუსეთისადმი დამოკიდებულებაში უკვე დაწყებულია.
2012 წლის თებერვალში და ნოემბერში ჩატარებულ გამოკითხვებში დასმული იყო კითხვა იმის შესახებ, აღიქვამს თუ არა საქართველოს მოსახლეობა რუსეთს საფრთხედ. შედეგები აჩვენებს, რომ ამ მოკლე დროის (9 თვის) განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მკვეთრად გაიზარდა. თებერვალში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 8% ფიქრობდა, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წაროადგენს, ხოლო ნოემბრისთვის ეს მაჩვენებელი 22%-მდე გაიზარდა. შესაბამისად, 49%-დან 40%-მდე შემცირდა საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს.


წყარო: პოლიტიკური დამოკიდებულების კვლევა საქართველოში,CRRC,2012

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ 2012 წელს საქართველოში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები დაკავშირებულია ცვლილებებთან საზოგადოებრივ აზრშიც. საკითხი, რომელიც შემდგომ კვლევას საჭიროებს, შემდეგია: პოლიტიკური მოვლენები განსაზღვრავს საზოგადოებრივ აზრს თუ საზოგადოებრივი აზრი ქმნის შესაძლებლობას კონკრეტული პოლიტიკური ცვლილებებისთვის? როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო შეესაბამება საქრთველოს შემთხვევას? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები ამ საკითხზე.

დაინტერესებული ხართ ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების შემდგომი ანალიზით? გამოკითხვის შედეგები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ჩვენი ვებგვერდიდან.

ნათია მესტვირიშვილი