ქველმოქმედება საქართველოში

რა ახასიათებს ადამიანს, რომელიც გულგრილი არ რჩება გაჭირვებულის თხოვნისადმი, თანხა გაიღოს მის დასახმარებლად? ქველმოქმედი ადამიანების საქციელი შეიძლება მთელი რიგი მოტივებით იყოს განპირობებული: ალტრუისტული სულისკვეთებით გამოწვეული სხვებზე უანგაროდ ზრუნვის სურვილი; პირადი ინტერესები; ამა თუ იმ სახის სარგებლის მიღების მოლოდინი, როგორიცაა, მაგალითად, სასურველ სოციალურ წრეში მოხვედრა, საკუთარი თვითშეფასების ამაღლება, საზოგადოების თვალში პრესტიჟის მოპოვება. მიუხედავად იმისა, რომ რთულია გადაწყვეტით ვთქვათ, თუ რა მოტივები ამოძრავებს ქველმოქმედ ადამიანებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შევეცდებით გამოვავლინოთ ის ძირითადი თვისებები, რომლებიც, ჩვენი მონაცემების თანახმად, ქველმოქმედებს არაქველმოქმედებისგან განასხვავებს.

2012 წლის "კავკასიის ბარომეტრის" შედეგები საშუალებას გვაძლევს, ამ თვალსაზრისით გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. ამისათვის, გავაანალიზებთ იმ რესპონდენტთა პასუხებს, ვინც ბოლო 6 თვის განმავლობაში მისცა ფული მათხოვარს, შეწირა თანხა ქველმოქმედების მიზნით (მათ შორის - მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით) ან გაიღო ფული ეკლესიისა თუ მეჩეთისთვის. 

გამოკითხულთა 55%-მა განაცხადა, რომ გასული 6 თვის განმავლობაში ან თანხა გაიღო ქველმოქმედებისთვის, ან ფული შესწირა ეკლესიას/მეჩეთს. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ('ქველმოქმედები') გაცილებით უფრო მეტად ენდობიან სხვებს, ვიდრე დანარჩენი 45% ('არაქველმოქმედები'). როგორც დიაგრამა 1-ზე ჩანს, 'ქველმოქმედთა' 42% სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ "ბევრი ადამიანი არსებობს, ვისაც შემიძლია სრულად ვენდო". მათგან განსხვავებით, 'არაქველმოქმედთა' შორის იგივე აზრისაა გაცილებით ნაკლები - 29%. აგრეთვე, 'არაქველმოქმედთა' მხოლოდ მესამედი (32%) სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ "ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, ვისი იმედიც შემიძლია მქონდეს გასაჭირში", 'ქველმოქმედთა' შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 14 პუნქტით იზრდება და 46%-ს უტოლდება.

 დიაგრამა 11

გარდა სხვების მიმართ ნდობის მაღალი მაჩვენებლისა, საქართველოს კონტექსტში როგორც სხვისი კეთილდღეობისთვის თანხის გაღება, ისე ეკლესიის/მეჩეთის სასარგებლოდ ფულის შეწირვა დაკავშირებულია სოციალური მხარდაჭერის მოლოდინთანაც. ამაზე მიუთითებს პასუხები კითხვაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია რესპონდენტისთვის, რომ მისი ახლო ნათესავები, მეგობრები ან მეზობლები დაეხმარებიან მას სამ კონკრეტულ სიტუაციაში - სახლის/ბინის რემონტის; ავადმყოფობის; და ფულის სესხების დროს (დიაგრამა 2). 'არაქველოქმედთა' 16%-სგან განსხვავებით, 'ქველმოქმედთა' 24%-სთვის სავსებით მოსალოდნელია, რომ ახლობლები დაეხმარებიან რემონტის დროს. ავად გახდომის შემთხვევაში, 'ქველმოქმედთა' 39% მოელის, რომ მეგობრები, მეზობლები და ნათესავები მოუვლიან - ანალოგიურ სიტუაციაში 'არაქველმოქმედთა' 28%-ს აქვს ახლობლების დახმარების იმედი. მესამე სიტუაცია კიდევ უფრო თვალსაჩინო სხვაობას წარმოგვიდგენს. მაშინ, როდესაც 'ქველმოქმედთა' 40%-ისთვის სავსებით მოსალოდნელია, რომ ახლობლები მათ ორი კვირით ფულს ასესხებენ, 'არაქველმოქმედთა' მხოლოდ მეოთხედი (25%) ამჟღავნებს მსგავს მოლოდინს.

დიაგრამა 2 2

აღსანიშნავია, რომ 'ქველმოქმედთა' ოპტიმიზმი მხოლოდ ადამიანების მიმართ ნდობით და ახლობლებისგან დახმარების მიღების მოლოდინით არ შემოიფარგლება; ის მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების იმედზეც ვრცელდება, რაც ასახულია დიაგრამაში 3.

დიაგრამა 33

"კავკასიის ბარომეტრის" შედეგების მიხედვით, 'ქველმოქმედ' რესპონდენტებს 'არაქველმოქმედებთან' შედარებით უფრო დადებითი შეფასებები აქვთ თავიანთი ოჯახების როგორც ამჟამინდელ, ისე სამომავლო ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს პასუხების საშუალო მნიშვნელობებში აისახა. 'ქველმოქმედთა' ოპტიმიზმი ჭარბობს მაშინაც, როდესაც საქმე მომავალში მათი შვილების ეკონომიკურ კეთილდღეობას ეხება. გამოკითხულ 'ქველმოქმედთა' 65% მიიჩნევს, რომ მათ ასაკში შვილები ფინანსურად მათზე უკეთესად იქნებიან უზრუნველყოფილნი, 'არაქველმოქმედთა' შორის კი იგივე მოლოდინი 56%-ს აქვს.

ამგვარად, საქართველოში ქველმოქმედების მიზნით თანხის გაღება თუ ეკლესია/მეჩეთისთვის ფულის შეწირვა ახასიათებს მათ, ვინც მეტად ენდობა ადამიანებს, გაჭირვების დროს ნათესავების, მეგობრებისა და მეზობლების  დახმარების მოლოდინი და მომავალში უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის  იმედი აქვს. ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული ასეთი დასკვნა საშუალებას გვაძლევს მსჯელობა განვაგრძოთ იმაზე, არსებობს თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ქველმოქმედების მიზნით გაღებულ თანხასა და ქველმოქმედთა სოციალური გარემოსა და მომავლისადმი უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას შორის. თქვენ როგორ ფიქრობთ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები! 


მადონა შილდელაშვილი


1 კითხვარში გამოყენებული იყო 10-ბალიანი სკალა, სადაც კოდი '1' შეესაბამებოდა პასუხს "საერთოდ არ შეესაბამება" [რესპონდენტის განწყობას], ხოლო კოდი '10' შეესაბამებოდა პასუხს "სრულად შეესაბამება" [რესპონდენტის განწყობას]. მონაცემთა ანალიზის დროს მოხდა პასუხების გადაჯგუფება და 10-ბალიანი სკალის ნაცვლად მივიღეთ 5-ბალიანი სკალა (კერძოდ, პასუხის ვარიანტები '1' და '2' გაერთიანდა პასუხში "საერთოდ არ შეესაბამება", პასუხის ვარიანტები '3' და '4' - პასუხში "ნაწილობრივ არ შეესაბამება", პასუხის ვარიანტები '5' და '6' - პასუხში "არც შეესაბამება, არც არ შეესაბამება", პასუხის ვარიანტები '7' და '8' - პასუხში "ნაწილობრივ შეესაბამება", ხოლო პასუხის ვარიანტები 9 და 10 - პასუხში "სრულად შეესაბამება"). შესაბამისად, დიაგრამაში მოყვანილია მხოლოდ იმ რესპონდენტების პასუხები, ვინც განაცხადა, რომ ეს დებულებები სრულად ან ნაწილობრივ შეესაბამება მათ განწყობას.

2 კითხვარში გამოყენებული იყო 10-ბალიანი სკალა, რომელიც ანალიზის დროს დაყვანილია 5-ბალიან სკალაზე ისევე, როგორც წინა დიაგრამის შემთხვევაში. მე-2 დიაგრამაში მოყვანილია მხოლოდ იმ რესპონდენტთა პასუხები, ვინც აცხადებს, მათთავის "სავსებით მოსალოდნელია" ამა თუ იმ სახის დახმარების მიღება (10-ბალიანი სკალის პასუხის ვარიანტები 9 და 10).

3 კითხვარში გამოყენებული იყო 10-ბალიანი სკალა. ამ დიაგრამაში მოყვანილია პასუხების საშუალო მნიშვნელობა (mean) 'ქველმოქმედი' და 'არაქველმოქმედი' რესპონდენტებისთვის.