ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

„ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ1 აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა. რატომ არის მნიშვნელოვანი ფატალიზმის შესწავლა? სტროჰანის და სიუს2, ვუს და შაპიროს3, ასევე რუიუს4 კვლევებმა დაადასტურა, რომ ფატალისტური დამოკიდებულების გათვალისწინება ადამიანების ქცევის საკმაოდ ფართო სპექტრის ახსნაში გვეხმარება. მაგალითად, დადასტურდა ფატალიზმის კავშირი ისეთ ქცევებთან, როგორებიცაა: ფულის შეგროვება, პროფესიის არჩევა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მზაობაც კი. წინამდებარე ბლოგი მიზნად ისახავს ფატალიზმის მიმართების დადგენას ეკონომიკურ კეთილდღეობასთან და განათლების დონესთან საქართველოში.

CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით, ქართველების უმრავლესობა (39%) არ ამჟღავნებს ფატალიზმს და მეტად იხრება შემდეგი მოსაზრებისკენ: „ადამიანები თავად განაგებენ საკუთარ ბედს.“ თუმცა, არც თუ ისე მცირეა საპირისპირო შეხედულების მქონე ადამიანთა რიცხვიც. ქართველების დაახლოებით მეოთხედი (28%) ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ „ცხოვრებაში ყველაფერი ბედისწერას ემორჩილება“ (იხ. დიაგრამა 1)5.

დიაგრამა 1

რა შედეგამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ფატალიზმმა? კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ფატალიზმი და ეკონომიკური კეთილდღეობა ერთმანეთთან უარყოფით მიმართებაშია. ოცდათხუთმეტი პროცენტი მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელიც საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას აღწერს, როგორც „ცუდს“, ფიქრობს, რომ „ცხოვრებაში ყველაფერი ბედისწერას ემორჩილება.“ მაშინ, როცა „კარგი“ ეკონომიკური მდგომარეობის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 19% იზიარებს იგივე რწმენას (იხ. დიაგრამა 2)6. რა განაპირობებს ამ ურთიერთმიმართებას? ეკონომიკური მეცნიერება ფატალიზმს განიხილავს, როგორც ეკონომიკურ საქმიანობაში კაპიტალის დაბანდების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორს7. ფატალისტები თავს იკავებენ ფულის ინვესტირებისგან, რადგან არ სჯერათ, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა შეუძლიათ. მსგავსი პესიმისტური განწყობა მათ შეიძლება ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის სხვა საშუალებების მიმართაც გამოამჟღავნონ.

დიაგრამა 2

დერკონი და ტაფესი ფატალისტურ ხედვასა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის ურთიერთმიმართებას ჩაკეტილ წრეს ადარებენ. როდესაც ადამიანს არ სჯერა, რომ შეუძლია შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, მისი მოქმედების მოტივაციაც მცირდება. ის აღარ ეძებს საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს (მათ შორის, არ ზრუნავს საკუთარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე). უმოქმედობა კი, თავის მხრივ, პოზიტიური ცვლილებების განხორციელების უუნარობის რწმენას ამყარებს.

რა როლს თამაშობს აქ განათლება? განათლება არამარტო მეტი ინფორმაციის მიღებას, არამედ უნარების განვითარებასა და პრაქტიკაში მათ რეალიზაციასაც უზრუნველყოფს8. შესაბამისად, რუიუს აზრით, განათლების დონის ზრდის კვალდაკვალ უნდა ვლინდებოდეს ფატალიზმის შესუსტების ტენდენცია. მისი კვლევით ფატალიზმსა და განათლებას შორის მართლაც დადგინდა ძლიერი უარყოფითი კორელაცია.

დიაგრამა 3

კავკასიის ბარომეტრის შედეგების მიხედვით, განათლების დონესა და ფატალიზმს შორის საქართველოშიც უარყოფითი მიმართებაა. ორმოცდაერთი პროცენტი საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელსაც მხოლოდ დაწყებითი განათლება აქვს, იხრება მოსაზრებისკენ, რომ „ცხოვრებაში ყველაფერი ბედისწერას ემორჩილება“ მაშინ, როცა უმაღლესი განათლების მქონეთა მხოლოდ 22% იზიარებს იგივე შეხედულებას (იხ. დიაგრამა 3)9.

დასკვნის სახით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოში ფატალიზმი უარყოფით მიმართებაშია მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობასთან (თუმცა, ვერაფერს ვიტყვით მათ შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე). ფატალისტური ხედვის მქონე საქართველოს მოსახლეობა, საპირისპირო შეხედულებების მქონე თანამემამულეებთან შედარებით, უფრო ნაკლებად აფასებს საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას, როგორც კარგს. უარყოფითი ურთიერთმიმართება შეიმჩნევა განათლების დონესა და ფატალიზმს შორისაც: განათლების დონის ზრდის კვალდაკვალ მცირდება ფატალიზმი, რაც საქართველოს მოსახლეობის შემთხვევაშიც დერკონის და ტაფესის მიერ აღწერილი ჩაკეტილი წრის გარღვევაში განათლების როლზე მიუთითებს.

თამუნა ჩხაიძე




6 კითხვარში გამოყენებული იყო 10-ბალიანი სკალა, სადაც კოდი 1 შეესაბამებოდა პასუხს „ცხოვრებაში ყველაფერი ბედისწერას ემორჩილება“, ხოლო კოდი 10 - პასუხს „ადამიანები თავად განაგებენ საკუთარ ბედს.“ პასუხების დაჯგუფების შედეგად 10-ბალიანი სკალის ნაცვლად მივიღეთ 3-ბალიანი სკალა (პასუხის ვარიანტები 1, 2, 3 და 4 გაერთიანდა პასუხში „ცხოვრებაში ყველაფერი ბედისწერას ემორჩილება“, 5 და 6 - პასუხში „ნეიტრალური“, ხოლო 7, 8, 9 და 10 - პასუხში „ადამიანები თავად განაგებენ საკუთარ ბედს“).
6 პასუხების დაჯგუფების შედეგად, ვარიანტები „ფული არ გვყოფნის საკვებზე“ და „ფული გვყოფნის მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ გვყოფნის ტანსაცმელზე“ გაერთიანდა კატეგორიაში „ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა“. პასუხის ვარიანტები „ფული გვყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორებიცაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა“ - კატეგორიაში „საშუალო ეკონომიკური მდგომარეობა“. პასუხის ვარიანტები „საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორებიცაა მაცივარი ან სარეცხი მანქანა“ და „საშუალება გვაქვს, შევიძინოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება“ გაერთიანდა კატეგორიაში „კარგი ეკონომიკური მდგომარეობა“.
9 პასუხების დაჯგუფების შედეგად ვარიანტები „დაწყებითი განათლების გარეშე“, „დაწყებითი განათლება (დასრულებული ან დაუსრულებელი)“ და „არასრული საშუალო განათლება“ გაერთიანდა პასუხში „არასრული საშუალო განათლება“. პასუხის ვარიანტები „სრული საშუალო განათლება“, „საშუალო ტექნიკური / საშუალო სპეციალური განათლება“ და „არასრული უმაღლესი განათლება“ გაერთიანდა პასუხში „საშუალო განათლება“. პასუხის ვარიანტები „უმაღლესი განათლება (ბაკალავრის, მაგისტრის ან სპეციალისტის დიპლომი)“ და „სამეცნიერო ხარისხი“ კი გაერთიანდა პასუხში „უმაღლესი განათლება“.