ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებს ენდობა, უფრო აქტიურია

არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ქართულ საზოგადოებაში დიდია. ისინი მუშაობენ საზოგადოებისთვის საჭირბოროტო ბევრ საკითხზე. ამის ფონზე საინტერესოა, თუ რამდენად ენდობიან ადამინები არასამთავრობო ორგანიზაციებს და რამდენად განსხვავდებიან ის ადამიანები, ვინც ენდობა, იმათგან, ვინც არასამთავრობოებს უნდობლობას  უცხადებს. ამ ბლოგში ერთმანეთს ვადარებთ ადამიანებს, ვინც გამოკითხვის დროს თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ენდობა და მათ, ვინც თქვა რომ არ ენდობა ამ ორგანიზაციებს და განვიხილვთ მათ სოციალური და პოლიტიკური აქტივობის ჭრილში.

CRRC-ის გამოკითხვის „კავკასიის ბარომეტრი“ ფარგლებში რესპონდენტები პასუხობენ კითხვას არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობასთან დაკავშირებით. 2015 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 23% სრულად ან ძირითადად ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს მაშინ, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით იგივე წილი სრულად ან ძირითადად არ ენდობა არასამთავრობოებს. ასევე, მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა (42%) თქვა, რომ ნაწილობრივ ენდობა და ნაწილობრივ არ ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ ადამიანთა წილი, ვინც დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“ 2012 წელს 31%-დან 2015 წელს 14%-მდე ჩამოვიდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობადობა ბოლო წლებში გაიზარდა. იმ ადამიანთა წილი, ვინც ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეტ-ნაკლებად იგივე დარჩა მაშინ, როცა იმ ადამიანთა წილი, ვინც არ ენდობა, 2012 წელს 9%-იდან 2015 წელს 20%-მდე გაიზარდა.

ის ადამიანები, ვინც ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოციალურად და პოლიტიკურად უფრო აქტიურები არიან (ესწრებიან საჯარო შეხვედრებს, მონაწილეობას იღებენ არჩევნებში და ა.შ.) განსხვავებით მათგან, ვინც არ ენდობა არასამთავრობოებს. 2015 წლის გამოკითხვაში მოსახლეების მეოთხედი (25%), ვინც ენდობა არასამთავრობოებს, ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში დაესწრო საჯარო შეხვედრას მნიშვნელოვანი საკითხების ან პრობლემების განსახილველად. მათგან, ვინც არ ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მხოლოდ 15% ამბობს, რომ დაესწრო ასეთ შეხვედრას.

შენიშვნა: პასუხის ვარიანტები „სრულად ვენდობი“ და „ძირითადად ვენდობი“ გაერთიანებულია კატეგორიაში „ენდობა“, ხოლო პასუხის ვარიანტები „ძირითადად არ ვენდობი“ და „საერთოდ არ ვენდობი“ გაერთიანებულია კატეგორიაში „არ ენდობა“.

ადამიანების წილი, ვინც ამბობს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს არჩევნები, უფრო მეტია არასამთავრობობის მიმართ ნდობით გამსჭვალულ პირებში, ვიდრე იმ ადამიანებში, ვინც უნდობლობას უცხადებს ამ ორგანიზაციებს. 2015 წლის გამოკითხვაში მათი 78%, ვინც ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამბობს, რომ „აუცილებლად“ ან „ალბათ“ მიიღებდა მონაწილეობას, მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს არჩევნები მაშინ, როდესაც ეს პროცენტული მაჩვენებელი უფრო დაბალია (69%) იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ენდობიან. 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება, შევაჯამოთ, რომ ადამიანები, ვინც ენდობიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოციალურად უფრო აქტიურები არიან, ვიდრე ისინი, ვინც არასამთავრობოებს არ ენდობიან. ეს გამოიხატება როგორც საჯარო ლექციებზე დასწრებით, ისე არჩევნებში მონაწილეობის მზაობით.

2015 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენi ონლაინ ანალიზის პროგრამის გვერდზე.

სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.

საქართველოში არსებული ბევრი პოლიტიკური ინსტიტუტის მიმართ ნდობის დონე 2012 წლის შემდეგ საგრძნობლად დაეცა. ყველაზე მეტად ნდობის დონემ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ იკლო 2012 წელს 49%-დან 2015 წელს 21%-მდე. ასევე, 2011 წელთან შედარებით, ნდობის დონე შემცირდა ადგილობრივი მთავრობისა და პრეზიდენტის მიმართ, თუმცა, პრეზიდენტის შემთხვევაში, 2013 წლის შემდეგ მის მიმართ ნდობა 10 პროცენტით კვლავ გაიზარდა. CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, მხარდაჭერა კოალიცია ქართული ოცნების მიმართ იკლებს. კოალიცია ქართული ოცნება საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს და მთავრობას აყალიბებს. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი საკმაოდ დაშორდა მმართველ პარტიას და ხშირად მათი კრიტიკის ქვეშ ყვება. თავად პრეზიდენტსაც არაერთხელ გაუკრიტიკებია კოალიცია ქართული ოცნება და მისი ლიდერები. ნაწილობრივ ამით შეიძლება აიხსნას პრეზიდენტის მიმართ ნდობის ზრდა და აღმასრულებელი მთავრობის მიმართ ნდობის კლება 2013 და 2015 წლებში, თუმცა, მეტი კვლევაა საჭირო ამ საკითხთან მიმართებაში.



შენიშვნა: დიაგრამაზე პასუხის ვარიანტები „სრულად ვენდობი“ და „უფრო ვენდობი“ გაერთიანებულია. ნაჩვენებია მხოლოდ მათი წილი, ვინც ნდობას გამოხატავს სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ.

მსგავსი სურათია პოლიციისა და განათლების სისტემის მიმართ ნდობასთან დაკავშირებით 2011 წლის შემდეგ. თუმცა, ნდობის დონე ამ შემთხვევაში დრამატულად არ იკლებს. გამონაკლისია ჯანდაცვის სისტემა - 2012 წლიდან მის მიმართ ნდობა 16 პროცენტით გაიზარდა. ეს შეიძლება, იყოს 2013 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შედეგი. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის საქმიანობა უმაღლესად შეფასდა NDI-ის საზოგადოების აზრის გამოკითხვაში. ნდობა ჯარის მიმართ მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. სასამართლოს მიმართ ნდობის დონე 2012 წლიდან შედარებით გაიზარდა.


გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ნდობის დონე ადგილობრივი და აღმასრულებელი მთავრობის, პარლამენტის, განათლების სისტემის და პოლიციის მიმართ საქართველოში შემცირდა, პრეზიდენტისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ კი გაიზარდა. ნდობა ჯარის მიმართ კვლავ მაღალია.
გთხოვთ, ამ საკითხზე მეტი მონაცემები იხილოთ აქ.