(უ)თანასწორობის აღქმა საქართველოს სასამართლოებში - ღარიბთა გასაჭირი

სასამართლო სისტემა სახელმწიფოს ფუნქციონირების აუცილებელი ნაწილია. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი კარგი მუშაობა, არამედ ის წარმოდგენები, რაც ხალხს სასამართლოების მიუკერძოებლობაზე აქვს. 2011 და 2014 წელს CRRC-საქართველომ ქვეყნის წარმომადგენლობითი ორი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვები დაფინანსდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. ეს გამოკითხვები იკვლევდა ქართველების მიერ მართლმსაჯულების სისტემის აღქმას, ცოდნას და ნდობას მის მიმართ. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2011-დან 2014 წლამდე მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. თუმცა, მცირედით გაიზარდა მოსახლეობის წილი, რომელიც სრულად ეთანხმება იმას, რომ საქართველოში ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე - 34%-დან 2011-ში 43%-მდე 2014 წელს. მიუხედავად ამისა, ხალხის მოლოდინით, სასამართლო ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ ერთნაირად მიუკერძოებელი არ იქნება.

ინტერვიუს დროს რესპონდენტები პასუხობდნენ კითხვებს, რომლებშიც მოცემული იყო რამდენიმე სცენარი სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებზე, რომელთაც ჰიპოთეტურად ბრალი ედებოდათ ერთნაირ დანაშაულში, რაც მათ არ ჩაუდენიათ. რესპონდენტებს ეკითხებოდნენ, მათი აზრით, ვისი გამტყუნება უფრო მოსალოდნელი იყო - მდიდარი თუ ღარიბი ადამიანის, ქართველის თუ არაქართველის, მართლმადიდებლის თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლის, ჰეტეროსექსუალის თუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის.

2014 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 60%-ზე მეტი ფიქრობს, რომ ქართველებსაც და არაქართველებსაც, მართლმადიდებლებსაც და სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც, ჰეტეროსექსუალებსაც და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებსაც ერთნაირი შანსი აქვთ როგორც გამართლების, ასევე დამნაშავედ ცნობის ერთსა და იმავე დანაშაულზე ბრალეულობის პირობებში, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. მიუხედავად ამისა, ხალხის აზრით, იმას მეტად აქვს მნიშვნელობა, მდიდარი ხარ თუ ღარიბი - მოსახლეობის 43%-მა უპასუხა, რომ უფრო მოსალოდნელია, ღარიბი ადამიანი ჩაითვალოს დამნაშავედ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე ხშირი პასუხი, რომელსაც 2014 წელს მოსახლეობის 49% პასუხობდა, იყო ის, რომ მდიდარსაც და ღარიბსაც ერთნაირი შანსი ჰქონდათ როგორც გამართლების, ისე დამნაშავედ ცნობის. საინტერესოა, რომ დედაქალაქის მაცხოვრებელთა 52% ამბობს, რომ უფრო მოსალოდნელია, ღარიბი ადამიანი ჩაითვალოს დამნაშავედ და მხოლოდ 40% თვლის, რომ მდიდარს და ღარიბს სასამართლოში გამართლების თუ გამტყუნების ერთნაირი შანსი აქვთ. აქედან გამომდინარე, ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, თბილისის მოსახლეობა სასამართლოს მიუკერძოებლად უფრო ნაკლებად აღიქვამს.
შენიშვნა: „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ პასუხები დიაგრამაზე წარმოდგენილი არ არის.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ 2011-დან 2014 წლამდე მცირედით გაიზარდა მოსახლეობის აღქმა იმისა, რომ საქართველოში ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე, მოსახლეობის თითქმის ნახევარი მაინც არ ელოდება, რომ სასამართლო თანასწორად მოექცევა მდიდარ და ღარიბ ადამიანებს.

მართლმსაჯულების შესახებ გამოკითხვებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გადახედეთ მონაცემებს აქ. ორივე წლის გამოკითხვის შედარებითი ანგარიში იხილეთ აქ.

ჰომოფობია საქართველოში: ნაწილი 5

ამ ბლოგში წარმოდგენილია 2013 წლის 17 მაისის გამოკითხვის შედეგების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები. წინა ბლოგები ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ: ნაწილი 1, ნაწილი 2, ნაწილი 3, ნაწილი 4.

როგორც წინა ბლოგებში იყო განხილული, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დადგენილი ფაქტორები (პრედიქტორები), რომლებიც ჰომოფობიის დონეს განსაზღვრავს, შემდეგია:

  • სქესი - მამაკაცებს უფრო ახასიათებთ ჰომოფობიური შეხედულებები, ვიდრე ქალებს;
  • განათლების დონე - უფრო განათლებულ ადამიანებს ნაკლებად ახასიათებთ ჰომოფობიური შეხედულებები, ვიდრე ნაკლებ განათლებულებს;
  • ტოლერანტობა და ლიბერალური ღირებულებები - ისინი, ვინც არ იზიარებენ ასეთ ღირებულებებს, უფრო ნეგატიურად არიან განწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ;
  • იმის რწმენა, რომ ჰომოსექსუალები საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის - ვინც ასე ფიქრობს, უფრო ნეგატიურად არის განწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ.

ეს ემპირიული მიგნებები მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის პოლიტიკოსებს საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, რომლებიც მიზნად უნდა ისახავდეს ჰომოფობიური შეხედულებების შემცირებას და ტოლერანტობისა და უმცირესობების უფლებების პატივისცემის გაძლიერებას.

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მიზნობრივი ინტერვენციები გატარდეს საკანონმდებლო და საგანმანათლებლო სფეროებში. კანონმდებლობის დახვეწა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს კანონები ჯერ კიდევ ვერ იძლევა უმცირესობების უფლებების დაცვის სათანადო გარანტიებს ისევე, როგორც შესაბამისი კანონების დაცვის ეფექტურ მექანიზმებს. საკანონმდებლო ხარვეზი განსაკუთრებით თვალნათელი ხდება, როდესაც საქმე სექსუალურ უმცირესობებს ეხება. ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა, რომელზე მუშაობაც საქართველოს მთავრობამ 2014 წლის აპრილში დაიწყო, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაშიც, სავარაუდოდ, ეკლესიის პოზიციასაც მიუძღვოდა თავისი წილი. თავდაპირველად, ეს კანონპროექტი მიზნად ისახავდა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების დაცვას და თანასწორობის დაცვის ინსპექტორის პოზიციის შექმნას ისევე, როგორც ჯარიმების დაწესებას დისკრიმინაციისთვის. მაგრამ ეკლესიის და სხვა, არარელიგიური, გაერთიანებების ზეწოლის შედეგად, პარლამენტში წარდგენილი ვერსია ბევრად რბილი იყო და მასში არ იყო გაწერილი უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების დაცვის კონკრეტული მექანიზმები.

შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მთავრობა არ მოექცეს რელიგიური ან სხვა ორგანიზაციების გავლენის ქვეშ, როდესაც საქმე უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობის შემუშავებას ეხება; რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი უმცირესობების უფლებების დაცვის ეფექტურ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს და უნდა უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა ეფექტური აღმასრულებელი მექანიზმების მეშვეობით.

კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ თბილისის ზრდასრული მოსახლეობის ჰომოფობიური შეხედულებები დამოკიდებულია განათლების დონეზე. ეს მიგნება უნიკალური არაა: განათლების მაღალი დონე ბევრ ქვეყანაში უკავშირდება ლიბერალურ შეხედულებებს და ტოლერანტობას, მაშინაც კი, როდესაც ფორმალური განათლების სისტემა მიზანმიმართულად არ ახალისებს ლიბერალურ ღირებულებებს. შესაბამისად, ძნელია არ დავაფასოთ განათლების მნიშვნელობა ჰომოფობიასთან და ზოგადად, შეუწყნარებლობასთან ბრძოლაში.

საქართველოს საჯარო სკოლების უფროსკლასელები 2006 წლიდან გადიან სამოქალაქო განათლების კურსს, რომლის ფარგლებშიც ისწავლება ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, სახელმწიფოს სტრუქტურა, საერთაშორისო სამართლის დოკუმენტები, არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ამ კურსის მაღალი ეფექტურობა ჯერ არაა დამტკიცებული, მას ნამდვილად აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ლიბერალური ღირებულებების ჩამოყალიბებას და განსხვავებულობის მიმღებლობას საზოგადოებაში.

ჩვენი რეკომენდაციაა, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ:

  • გააძლიეროს სამოქალაქო განათლების არსებული კურსი და ის დაწყებით კლასებშიც შეიტანოს.
  • შეიმუშავოს და განახორციელოს საფუძვლიანი ტრენინგი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის, სადაც აქცენტი იქნება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: თანასწორობა, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები.

სასურველია, მოცემული რეკომენდაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს, რათა ამ აქტივობებს დადებითი გავლენა ჰქონდეს არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობაზე.

ჰომოფობია საქართველოში: ნაწილი 4

ესაა რიგით მეოთხე ბლოგი სერიიდან, რომლის მიზანიცაა საქართველოს დედაქალაქში არსებული ჰომოფობიის ანალიზი. მოცემული ბლოგი ფოკუსირებულია ჰომოფობიასა და ლიბერალურ შეხედულებებს და განათლებას შორის არსებულ ურთიერთკავშირზე. ამ სერიის სხვა ბლოგები შეგიძლიათ ნახოთ აქ: ნაწილი 1, ნაწილი 2, ნაწილი 3

Adamczyk and Pitt-მა (2009) აღმოაჩინეს, რომ ჰომოსექსუალების მიმართ დამოკიდებულება უფრო ტოლერანტული გახდა იმ ქვეყნებში, რომლებმაც გაიარეს მოდერნიზაციის და ინდუსტრიალიზაციის პროცესები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ შევამოწმებთ იგივეს საქართველოს მაგალითზე, მონაცემები აჩვენებს, რომ ინდივიდუალ დონეზე, ჰომოფობიური დამოკიდებულებები უარყოფით კორელაციაშია განათლების დონესა და ლიბერალურ ღირებულებებთან.

როგორც წინა ბლოგში აღინიშნა, ჰომოფობიური დამოკიდებულების გასაზომად კვლევაში გამოყენებულ იქნა შემდეგი კითხვა: „ამ ჯგუფებიდან, ყველაზე მეტად რომელი ჯგუფის წარმომადგენელი არ გინდათ, რომ თქვენი მეზობელი იყოს?“. მოცემული ცვლადის კოდირება მოხდა ისე, რომ მივიღეთ ორი კატეგორია: ის, ვინც ასახელებს ჰომოსექსუალებს და ის, ვინც ასახელებს ყველა სხვა დანარჩენ ჯგუფებს.

გამოკითხულთა განათლების დონე სამ კატეგორიად დაიყო: საშუალო განათლება, საშუალო ტექნიკური განათლება და უმაღლესი განათლება. ლიბერეალურ ღირებულებათა ქულა კი თოთოეული გამოკითხულისთვის გამოითვალა ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე მათი გაცემული პასუხების მიხედვით:

გთხოვთ, მითხრათ, რამდენად მისაღებია თქვენთვის, თუ:
  • მამაკაცს აქვს გრძელი თმა?
  • მამაკაცს საყურე უკეთია?
  • ქალს წარბის პირსინგი აქვს?
  • ქალი სვამს ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს (კონიაკი, არაყი)?
  • ქალს აქვს სექსი ქორწინებამდე?
  • მამაკაცს აქვს სექსი ქორწინებამდე?

თითოეული კითხვის კოდებია: 0= არასდროს, 1=ზოგჯერ, 2=ყოველთვის. მოცემული კითხვების გამოყენებით, ფაქტორული ანალიზის შედეგად (კრონბახის ალფა=.80) მიღებულ იქნა ლიბერალიზმის სკალა, რომელიც გამოკითხულთა ტოლერანტულობის დონეს ზომავს. დამოუკიდებელი შერჩევის ტ-ტესტმა აჩვენა, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, რაც მაღალია განათლების დონე, მით უფრო სუსტია რესპონდენტის უარყოფითი დამოკიდებულება ჰომოსექსუალების მიმართ (t (526) = 2.19, p =. 03). ასევე, ისინი, ვისაც არ გამოუმჟღავნებია ჰომოფობიური დამოკიდებულება, ლიბერალიზმის სკალაზე გაცილებით მაღალ ქულას იღებდნენ (M= 0.14, SD = 1.09), ვიდრე ისინი, ვინც გამოხატა ჰომოფობიური დამოკიდებულებები (M = -0.29, SD = 0.72, t (526) = 5.09, p =.001).

კენდალის კორელაციიის კოეფიციენტმა ასევე აჩვენა, რომ რაც მაღალია განათლების დონე, მით ნაკლებ ჰომოფობიურ შეხედულებებს ამჟღავნებენ ადამიანები ( (Kendall’s τ (526) = - .10, p = .02). ლიბერალური შეხედულებები უარყოფითად ასოცირდება ჰომოფობიასთან (Kendall’s τ (214) =  - .19, p = .01), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტოლერანტობა და განსხვავებულობის მიმღებლობა შესაძლოა ამცირებდნენ ჰომოფობიურ შეხედულებებს.

დაბოლოს, უალდის კრიტერიუმმა ლოგისტიკურ რეგრესიაში დაადასტურა, რომ დაბალი განათლების დონე და ლიბერალური შეხედულებების არქონა, თბილისის მოსახლეობის ჰომოფობიური შეხედულების მნიშნელოვან პრედიქტორებს წარმოადგენენ. 

ჰომოფობიის ბინარული ლოგისტიკური შეფასება  (N = 526)


მოდელი 1
მოდელი 2

პრედიქტორები
B
SE B
eB
B
SE B
eB
კონსტანტა
-.41
.38
.66
-.08
.46
.93
ასაკი
-.00
.01
.99
-.01
.01
.99
სქესი
.60
.20
1.81**
.62
.21
1.87**
განათლება
-.25
.12
.78*
-.18
.12
.84
რელიგიურობა



-.10
.12
.90
ლიბერალური შეხედულებები



-.50
.13
.61***
მოდელი c2
13.745 **
33.446***

Df (თავისუფლების ხარისხი)
3
5

% სწორი წინასწარმეტყველება
70
71.5


eB  პირველ მოდელში მიუთითებს, რომ როდესაც განათლების დონე იზრდება ერთი ერთეულით, ალბათობის თანაფარდობა (odds ratio) მცირდება 0.78ჯერ ანუ ჰომოფობიური შეხედულებების ქონის ალბათობა მცირდება 0.78 ჯერ. 

წინასწარმეტყველების თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანს აქვს მხოლოდ საშუალო განათლება, მისი შანსი გამოამჟღავნოს ჰომოფობიური შეხედულებები 37%ია, მაშინ როდესაც ტექნიკური საშუალო განათლების მქონე ადამიანისთვის ეს შანსი 32%-მდე მცირდება, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების შემთხვევაში - 27%-ს უდრის. შესაბამისად, ლიბერალიზმის სკალაზე თითოეული ქულა ჰომოფიბიის რისკს 0.61 ჯერ ამცირებს (მოდელი 2).

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები ადასტურებს განათლების დონის პრედიქტორულ ღირებულებას ჰომოფიბიურ შეხედულებებთან მიმართებაში, აღსანიშნავია, რომ ეს პრედიქტორული ღირებულება ქრება, როდესაც მოდელში ლიბერალური ღირებულებები შემოდის. ეს ნიშნავს, რომ თბილისის მოსახლეობა, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს, ნაკლებად გამოხატავს ჰომოფობიურ შეხედულებებს, თუმცა ისინი ვინც ლიბერალურ ღირებულებებს იზაიარებენ (ეს ღირებულებები შეიძლება შეძენილი იყოს როგორც ფორმალური განათლებიდან, ისე სხვა წყაროებიდან), კიდევ უფრო ნაკლებად მიდრეკილნი არიან ჰომოფობიისკენ.

ზოგადად, განათლება მნიშვნელოვან იარაღად ითვლება ჰომოფობიის წინააღმდეგ. ითვლება, რომ განათლებული ადამიანები უფრო ლიბერალებიც არიან. თუმცა, ფორმალური განათლება საქართველოში სავარაუდოდ არ ნიშნავს ლიბერალური ღირებულებების ინტერნალიზაციას. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევა ინტერკულტურული განათლების ასპექტებზე საქართველოს სკოლების დაწყებით საფეხურზე აჩვენებს, რომ გამოკითხული მასწავლებლების 47% მიიჩნევს, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია სისხლის სამართლის წესით დასჯადი უნდა იყოს.

მოდერაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ლიბერალურ ღირებულებებს და ამავე დროს პირადად იცნობენ ჰომოსექსუალს, ნაკლებად გამოხატავენ ჰომოფობიურ შეხედულებებს ვიდრე ისინი, ვინც იზიარებს ლიბერალურ ღირებულებებს, მაგრამ პირადად არ იცნობს ჰომოსექსუალს. ამის საპირისპიროდ, ადამიანებიმ რომლებიც იღებენ დაბალ ქულას ლიბერალიზმის სკალაზე და პირადად იცნობენ ჰომოსექსუალს, უფრო მეტად მიდრეკილნი არიან გამოხატონ ჰომოფობიური შეხედულებები ვიდრე ისინი, ვისაც ლიბერალიზმის სკალაზე დაბალი ქულა აქვს მაგრამ არც პირადად იცნობს ჰომოსექსუალს.

შედეგები რომ შევაჯამოთ, ვნახავთ, რომ ჰომოფობიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრედიქტორი თბილისის მოსახლეობაში განათლების დონეა, იმის მიუხედავად, რომ კვლევების თანახმად ფორმალური განათლება საქართველოში ტოლერანტობას მაინცდამაინც არ ახალისებს. განათლების დონის პრედიქტორული ღირებულება ჰომოფიბიურ დამოკიდებულებებთან მიმართბეაში ქრება, როდესაც სტატისტიკურ მოდელს ლიბერალური ღირებულებები ემატება. მოდერაციის ანალიზი კი აჩვენებს, რომ ურთიერთკავშირი ლიბერალურ ღირებულებებს და ჰომოფობიურ დამოკიდებულებებს შორის უფრო ძლიერდება, როდესაც რესპონდენტი პირადად იცნობს ჰომოსექსუალს.

ეს შედეგები მიუთითებს, რომ ლიბერალური ღირებულებების წახალისება საქართველოს მოქალაქეებში, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური განათლებით, მედიის თუ სხვა საშუალებებით, კარგი სტრატეგია იქნებოდა ჰომოფობიის პრობლემის მოსაგვარებლად თბილისში და მთლიანად საქართველოში. კონკრეტული რეკომენდაციები პოლიტიკისთვის წარმოდგენილია შემდეგ ბლოგში.

ჰომოფობია საქართველოში: ნაწილი 3

ეს არის მესამე ბლოგი ჰომოფობიის თემაზე სერიიდან. აქ შეგიძლიათ ნახოთ პირველი და მეორე ბლოგები.

ბევრი კვლევა ადასტურებს რელიგიურობის კავშირს ჰომოსექსუალების უფლებების ნაკლებ მხარდაჭერასთან (Johnson, Brems, & Alford-Keating, 1997; Adamczyk, A., & Pitt, C., 2009; Merino, S. M., 2013). ერთის მხრივ ამ ლიტერატურას, და მეორეს მხრივ სასულიერო პირების აქტიურ მონაწილეობას 2013 წლის 17 მაისს მომხდარ მოვლენებში, მივყავართ კითვასთან: არის თუ არა ჰომოფობია და რელიგიურობა კავშირში ერთმანეთთან?

CRRC- საქართველოს  2013 წლის 17 მაისს მომხდარი მოვლენების შესახებ გამოკითხვაში, გამოყენებულია რელიგიურობის საზომი შემდეგი კითხვა: „გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებებს, თუ არ ჩავთვლით განსაკუთრებულ რელიგიურ დღესასწაულებს და ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა ჯვრისწერა ან გასვენება?“ ჰოპოთეზა მდგომარეობდა იმაში, რომ მას, ვინც რეგულარულად ესწრება რელიგიურ მსახურებებს და ისმენს ქადაგებას, ექნება უფრო ძლიერი ჰომოფობიური დამოკიდებულებები, ვიდრე მათ, ვინც ხშირად არ დადის ეკლესიაში. თუმცა, კვლევის შედეგები არ ადასტურებს ამ ჰიპოთეზას. როგორც დიაგრამა აჩვენებს, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი იშვიათად ან არასდროს ესწრება რელიგიურ მსახურებას.

ჰომოფობია გაზომილია კითხვით იმის, შესახებ თუ ვის არ ისურვებდნენ მზობლად ყველაზე მეტად თბილისელები. T-ტესტმა (t (n=526) =.669, p = 504) და კორელაციამ (Kendall’s τ (214) = -.09) არ დაადასტურა, რომ რელიგიურ მსახურებაზე დასწრების სიხშირე და ჰომოფობია სანდო სტატისტიკურ კავშირშია ერთმანეთთან.

შესაძლოა ამ შედეგმა გააკვირვოს მკითხველი, თუმცა ის ინტერპრეტირებული უნდა იქნეს საქართველოში რელიგიურობის ბუნების გათვალისწინებით. 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიას მიაკუთვნებს (მხოლოდ 10% ამბობს რომ მუსლიმია). ნდობა რელიგიური ინსტიტუტების მიმართ და რელიგიის აღქმული მნიშნელობა ადამიანების ცხოვრებაში საქართველოში საკმაოდ მაღალია: მოსახლეობის 72% სრულად ენდობა იმ რელიგიურ ინსტიტუტს, რომელსაც მიეკუთვნება და 93% ფიქრობს, რომ რელიგია ძალიან ან საკმაოდ მნიშვნელოვანია მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამავდროულად, და ზემოთაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, რელიგიურ მსახურებებზე დასწრება, ისევე როგორც მარხვა და ლოცვა ნაკლებად ხშირია. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, სტატისტიკური კავშირის არარსებობა რელიგიურობას და ჰომოფობიას შორის ნაკლებად გასაკვირია.

ასევე, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ რელიგიურ მსახურებაზე დასწრებას ადამიანი რელიგიური პრინციპების უკეთ გაგებამდე და ინტერნალიზაციამდე მიყავს, ეს შედეგები ასევე ნაკლებად გასაკვირი მოგვეჩვენება. ბოლოს და ბოლოს, ბიბლიაში ხომ უფრო მეტი სიყვარულზე და ტოლერანტობაზე წერია ვიდრე ზიზღზე და სხვათა განკითხვაზე.

შეუსაბამობა ეკლესიის მიმართ მაღალ ნდობას, რელიგიის აღქმულ მნიშვნელობას და რელიგიურ მსახურებებზე დასწრების სიხშირეს შორის, საქართველოში რელიგიურობის კომპლექსურობას უსვამს ხაზს. 17 მაისის შესახებ გამოკითხვაში, CRRC- საქართველომ ხალხს რელიგიურობის მხოლოთ ერთი განზომილების შესახებ ჰკითხა. რელიგიურ მსახურებაზე დასწრება შესაძლოა არაა საუკეთესო ინდიკატორი რელიგიურობის გასაზომად საქართველოში. უფრო მეტიც, მხოლოდ ერთი კითხვა ძნელად თუ გაზომავს ისეთ ფენომენს, როგორიც რელიგიურობაა. მოცემულ გამოკითხვაში რელიგიურობის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობა საშუალებას მოგვცემდა უფრო სრულყოფილი ანალიზი ჩაგვეტარებინა რელიგიურობას და ჰომოფობიას შორის კავშირის საკვლევად და შესაძლოა შეეცვალა კიდეც ის სურათი, რაც მოცემულ ბლოგში აღვწერეთ. მიგვაჩნია, რომ მომავალი კვლევები ამ საკითხის უკეთ შესწავლად უნდა დაეთმოს.

შემდეგი ბლოგი განიხილავს ჰომოფობიას, განათლების დონეს და ლიბერალურ ღირებულებებს შორის არსებულ კავშირებს თბილისის მოსახლეობის მაგალითზე.

ჰომოფობიის კვლევა საქართველოში: ნაწილი 2

ეს არის მეორე ბლოგი ჰომოფობიის თემაზე სერიიდან. პირველი ბლოგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ვის აქვს უფრო მკვეთრად გამოხატული ჰომოფობიური დამოკიდებულებები თბილისში - ქალებს თუ კაცებს? ეს ბლოგი იკვლევს ქალებს და კაცებს შორის არსებულ სხვაობებს ჰომოფობიურ დამოკიდებულებებში CRRC-საქართველოს 2013 წლის 17 მაისის გამოკითხვაზე დაყრდნობით. აღმოჩნდა, რომ თბილიში კაცები უფრო ხასიათდებიან ჰომოფობიური დამოკიდებულებებით, ვიდრე ქალები. უფრო მეტიც, კაცების ჰომოფობია იზრდება, თუ ჯერათ რომ ჰომოსექსუალობა თანდაყოლილია და არა შეძენილი.

ბლოგების ამ სერიაში, ჰომოფობიის ინდიკატორად აღებულია პასუხი კითხვაზე: „ამ ჯგუფებიდან, ყველაზე მეტად რომელი ჯგუფის წარმომადგენელი არ გინდათ, რომ თქვენი მეზობელი იყოს?“ პასუხების ექვსი ვარიანტიდან, რომელშიც ჰომოსექსუალების გარდა შედიოდა ნარკომანები, შავკანიანები, (რესპონდენტისგან) განსხვავებული რელიგიის მიმდევრები, (რესპონდენტისგან) განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები და კრიმინალები, რესპონდენტები მხოლოდ ერთს ირჩევდნენ. როგორც დიაგრამა აჩვენებს, თბილისის მოსახლეობისთვის, ჰომოსექსუალები ისეთივე არასასურველი მეზობლები არიან, როგორც ნარკომანები და კრიმინალები.


უბრალო კროსტაბულაცია აჩვენებს, რომ თბილისში მცხოვრები კაცებისთვის, ჰომოსექსუალები ყველაზე არასასურველი მეზობლები არიან. კრიმინალები, მხოლოდ კაცების 21%ისთვის წარმოადგენენ ყველაზე არასასურველ მეზობლებს, მაშინ, როდესაც ორჯერ მეტი (43%) ჰომოსექსუალებს თვლის ყველაზე არასასურველ მეზობლებად. თბილისში მცხოვრები ქალებისთვის, ეს სურათი შებრუნებულია - მათი 23% ყველაზე არასასურველ მეზობლებად ჰომოსექსუალებს მიიჩნევს, მაშინ, როდესაც ორჯერ მეტი კრიმინალებს ასახელებს.

ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის (NUPI) მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის ფარგლებში გაკეთდა ამ მონაცემების უფრო ღრმა სტატისტიკური ანალიზი. გამოყენებული იქნა ისეთი სტატისტიკური ტექნიკები, როგორიცაა კორელაცია, ხი-კვადრატი, ლოგისტიკური რეგრესია და მოდერაციის ანალიზი. ანალიზისთვის მოცემული ცვლადი (ვის არ ისურვებდით მეზობლად) გადაკეთდა ორ კატეგორიან ცვლადად, რომელშიც: 0= სხვა კატეგორიები, 1=ჰომოსექსუალები.
ხი-კვადრატმა დაადასტურა რომ მოცემულ შერჩევაში, რომელიც რეპრეზენტატული თბილისის მასშტაბით, კაცები უფრო მიდრეკილნი არიან გამოამჟღავნნ ჰომოფობიური დამოკიდებულებები, ვიდრე ქალები 2 (1, n=526)=8,65; p=.003). კორელაციამ ასევე აჩვენა, რომ სქესი სანდო კავშირშია ჰომოფობიასთან და რომ კაცები უფრო ამჟღავნებენ ჰომოფობიურ დამოკიდებულებებს, ვიდრე ქალები (Kendall’s τ  (526) = - .13, p = .001). და ბოლოს, როგორც ლოგისტიკური რეგრესიის შედეგები აჩვენებს, გენდერი ჰომოფობიის მნიშვნელოვან პრედიქტორად გვევლინება (eB = 1.81, p = .003)  (-2 LL =629.22, Cox and Snell R square = .026 and Nagelkerke R square = .037). სხვა სიტყვებით, კაცებისთვის ჰომოფობიური შეხედულებების ქონის ალბათობა 39%-ს აღწევს, ხოლო ქალებისთვის 29%-მდე მცირდება.
როგორც მოდერაციის ანალიზი აჩვენებს, გენდერს და ჰომოფობიას შორის კავშირზე გავლენას ახდენს ის, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი ჰომოსექსუალობას - როგორც შეძენილს თუ თანდაყოლილს. აღმოჩნდა, რომ იმ კაცები გაცილებით უფრო მეტად მიდრეკილნი არიან ჰომოფობიური დამოკიდებულებების ქონისკენ თუ მათ სჯერათ, რომ ჰომოსექსუალობა თანდაყოლილია(b = 1.021, 95% CI (0.475, 1.566), z= 3.666, p =. 00), მაშინ როდესაც ქალების ჰომოფობიურ დამოკიდებულებებზე ჰომოსექსუალობის აღქმული მიზეზი  გავლენას არ ახდენს (b = -. 057,  p>0 .05).

რატომ არიან კაცები უფრო ჰომოფობები ქალებთან შედარებით, და რატომ უმძაფრდებათ მათ ჰომოფობია როდესაც ჰომოსექსუალობა თანდაყოლილი ჰგონიათ?
პირველ კითხვასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს რომ ეს მიგნება უნიკალური არ არის: სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ კაცები ქალებთან შედარებით უფრო მეტად გამოყატავენ ჰომოფობიურ დამოკიდებულებებს (Baker & Fishbein, 1998; Poteat, Espelage & Koenig, 2009). გენდერული პანიკის თეორია (Gender panic theory) ჰომოფობიას განმარტავს, როგორც კაცების შიშს და დაცვით რეაქციას მიმართულს მათი მამაკაცობით მინიჭებული პრივილეგიის დაკარვის წინააღმდეგ. ეს თეორია ჰომოფობიას მამაკაცების მიერ მამაკაცის სტატუსის არასრულფასოვანი მიღწევით ხსნის: როდესაც კაცებს არ შეუძლიათ საკუთარი მამაკაცობის რაციონალური გზით შეგრძნება და გამოხატვა, ისინი მას ჰომოფობიური დამოკიდებულებებით გამოხატავენ. ამ თეორიის მიხედვით, ჰომოფობია უფრო გავრცელებულია პატრიარქალურ საზოგადოებებში, სადაც არსებობს ტრადიციული გენდერული როლები. საქართველოში არსებული კონსერვატიული ტრადიციების გათვალისწინებით, ეს მიგნება გასაკვირი აღარ უნდა იყოს.
რაც გასაკვირია, არის ის, რომ თბილისში მცხოვრები მამაკაცების ჰომოფობიური დამოკიდებულებები ძლიერდება, თუ ისინი ჰომოსექსუალობას თანდაყოლილად მიიჩნევენ. ლოგიკურად, თუ რაიმე თანდაყოლილია და ადამიანის კონტროლს არ ექვემდებარება, ძნელია ეს ადამიანი მასში დაადანაშაულო. თუმცა, როგორც სჩანს, ეს ლოგიკა არ მუშაობს თბილისში მცხოვრები მამაკაცებისთვის, რომლებიც უფრო მეტად ამჟღავნებენ ჰომოფობიურ დამოკიდებულებებს, თუ ფიქრობენ რომ ჰომოსექსუალები ვერ აკონტროლებენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას.  „გენდერული პანიკის თეორია“ ნაწილობრივ ამ მიგნებასაც ხსნის: თუ ჰომოფობია მამაკაცობასთან დაკავშირებული სტატუსის და პრივილეგიების დაკარგვის შიშია, ეს შიში გაიზრდება თუ საფრთხის შემცველი ობიექტი (ამ შემთხვევაში ჰომოსექსუალობა) აღიქმება როგორც თანდაყოლილი და უცვლელი. როდესაც ჰომოსექსუალობა აღიქმება როგორც თანდაყოლილი, ჰომოსექსუალები შესაძლებელი აღქმულნი იქვნენ როგორც „ბუნების შეცდომები“, რომელთა „გამოსწორება“ შეუძლებელია და რომლების მხოლოდ ზიზღს იმსახურებენ (Douglas, 2002).
როგორც ვნახეთ, „გენდერული პანკის თეორია“ კვლევის ზოგიერთი შედეგის დამაჯერებელ ახსნას გვთავ აზობს. თუმცა, თუ გაქვთ განსხვავებული მოსაზრება გაგვიზიარეთ Facebook გვერდზე.

შემდეგი ბლოგის თემა იქნება ჰომოფობიას და რელიგიურობას შორის კავშირის გამოკვლევა. 

ჰომოფობია საქართველოში: ნაწილი 1

ჰომოფობია განიმარტება, როგორც გეი და ლესბოსელი ინდივიდების სიძულვილი, რომელიც მჟღავნდება ადამიანების კოგნიტურ, ემოციურ და ქცევით დამოკიდებულებებში და ხასიათდება ისეთი ემოციური რეაქციებით, როგორებიცაა შიში, ზიზღი და გაბრაზება (Wright, Adams, & Bernat, 1999, O’Donohue & Caselles, 1993, Rozin, Haidt, & McCauley, 2008). ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ მრავალჯერ გამოამჟღავნა ჰომოფობიური განწყობები. CRRC-ის 2011 წლის კავკასიის ბარომეტრის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 88%-ს მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალობა არასოდესაა გამართლებული. ამ ინდიკატორის მიხედვით, ჰომოფობიის დონე საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში და უახლოვდება აფრიკული ქვეყნების მაჩვენებელს.

ბლოგების ამ სერიაში - „ჰომოფობია საქართველოში” - ჩვენ გავაანალიზებთ თბილისის მოსახლეობის ჰომოფობიური განწყობების სხვადასხვა ასპექტს; ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებს ჰომოფობიას და მის შესაძლო შედეგებს. თუმცა ჰომოფობიას ხშირად განიხილავენ, როგორც მხოლოდ ლგბტ ინდივიდების პრობლემას, ჩვენი მიზანია, გიჩვენოთ, რომ ჰომოფობია მთელი საზოგადოების პრობლემას წარმოადგენს. ჰომოფობიური განწყობების გავრცელება გაუნათლებლობის და არატოლერანტულობის ნიშანია და შეუძლია მნიშვნელოვნად შეაფერხოს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარება, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანის უფლებების დაცვაზე. დღევანდელ ბლოგში განხილულია პრობლემები, რომლებიც შეიძლება, გამოიწვიოს ჰომოფობიამ.

2013 და 2014 წლების 17 მაისს  თბილისში მომხდარმა მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ ჰომოფობიური განწყობები ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ფიზიკურ და სიმბოლურ ძალადობაში. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ოფიციალურად დაგმო 2013 წლის 17 მაისს მომხდარი ძალადობა, ამ მოვლენების ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირად სწორედ ეკლესია გვევლინება. რამდენიმე სასულიერო პირმა უშუალო მონაწილეობა მიიღო ძალადობის აქტებში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ჰომოსექსუალებად ან მათი უფლებების დამცველებად მიიჩნიეს.

17 მაისის მოვლენებმა ასევე დაადასტურა, რომ ძლიერი და ფართოდ გავრცელებული ჰომოფობიური განწყობები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების უფლებების დაცვას, არამედ საქართველოს სწრაფვას, იყოს დემოკრატიული სახელმწიფო და გახდეს ევროკავშირის წევრი. 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შედეგად მხოლოდ იმ რამდენიმე ათეული ადამიანის უფლებები კი არ შეილახა, ვინც თანამემამულეთა მიერ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლები გახდნენ, არამედ, ანტიდისკრიმინაციული კანონის ხელმოწერის წინ, რისკის ქვეშ დადგა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავალი.

ჰომოფობია შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვისაც, როგორც ამას რიჩარდ ფლორიდა გვიჩვენებს 2002 წელს გამოქვეყნებულ ცნობილ წიგნში „კრეატიული კლასის აღზევება”. ავტორი ამბობს, რომ ტოლერანტობა ჰომოსექსუალების მიმართ შეიძლება, იყოს ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი და ის ქალაქები, რომლებიც არ იღებენ განსხვავებულს (მათ შორის - სექსუალური ორიენტაციის ნიშნით), ჩამორჩებიან ეკონომიკური განვითარების კუთხით.

და ბოლოს, ყველაზე დიდ საფრთხეს ჰომოფობია საზოგადოებისთვის წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ზიზღის და აგრესიის გავრცელებას. საკუთარი ოჯახისა და საზოგადოების მიერ გარიყულ ლგბტ ახალგაზრებს შორის ოთხჯერ უფრო მაღალია თვითმკვლელობის ალბათობა, ვიდრე მათ არა-ლგბტ თანატოლებს შორის. ლგბტ ახალგაზრდების დისკრიმინაციის თითოეული ეპიზოდი, ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფის ჩათვლით, 2.5-ჯერ ზრდის მათ მიერ თვითდაზიანებითი ქცევის ალბათობას. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჰომოფობია და მისი გავრცელება მიანიშნებს საზოგადოებაში არსებულ უფრო ღრმა პრობლემებზე, როგორებიცაა ტოლერანტობის და განათლების ნაკლებობა.

მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა სასწრაფო ჩარევას მოითხოვს, ჰომოფობიის საკითხი საქართველოში შეუსწავლელი და ხშირად იგნორირებულია. ჰომოფობიასთან ბრძოლაში პირველი ნაბიჯი უნდა იყოს მისი გამომწვევი მიზეზების და ხელისშემწყობი ფაქტორების (პრედიქტორების) შესწავლა. 2013 წლის 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციის გასაგებად CRRC-საქართველომ ჩაატარა თბილისის მოსახლეობის გამოკითხვა (შემდგომში ეს გამოკითხვა მოხსენიებულია როგორც 17 მაისის გამოკითხვა). გამოკითხული იქნა თბილისის ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითი შერჩევა (542 რესპონდენტი). გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ აუცილებელია ამ საკითხების შემდგომი შესწავლა.

საქართველოში გავრცელებული ჰომოფობიური დამოკიდებულებების უკეთ შესასწავლად, ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტმა (NUPI) დააფინანსა დამოუკიდებელი კვლევითი პროექტი ჰომოფობია საქართველოში: შეიძლება თუ არა მისი წინასწარმეტყველება?” ეს პროექტი CRRC-საქართველოს გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით იკვლევს თბილისის მოსახლეობის ჰომოფობიური განწყობების ძირითად სტატისტიკურ პრედიქტორებს.

შემდგომ ბლოგებში ჩვენ განვიხილავთ კვლევის ძირითად მიგნებებს, რომლებიც ეხება კავშირს ჰომოფობიასა ე.წ. დამოუკიდებელ ცვლადებს შორის: გენდერი, განათლების დონე, ლიბერალურ ღირებულებები და რელიგიურობა; აგრეთვე, წარმოგიდგენთ კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს არსებული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად.