საცხოვრებლის ტიპები საქართველოს ქალაქებში

თბილისი, ხედი კუს ტბიდან (მარიამ კობალაძის ფოტო)

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო მეტად ურბანული გახდა. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ რეგიონებში უთანასწორო განვითარება გამოიწვია. უკეთესი საცხოვრებელი პირობებისა და მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებაში სულ უფრო მეტმა ადამიანმა მიაშურა დიდ ქალაქებს. ამის შედეგად, 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (57.5%) ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრობს.

CRRC-საქართველოს მიერ 2013 წელს მსოფლიო ბანკის დაკვეთით ჩატარებული STEP უნარების/ცოდნის შეფასების გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ეს ბლოგი აღწერს საცხოვრებლებს, რომლებშიც საქართველოს დედაქალაქისა და სხვა ქალაქების მოსახლეობა ცხოვრობს. ბლოგში წარმოდგენილია მონაცემები ოთახების რაოდენობის, იატაკის ტიპისა და ტუალეტების შესახებ. ამასთან, ბლოგი ეხება საცხოვრებლების საკუთრების სტატუსის საკითხს. მსოფლიო ბანკის ამ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 2015 წელს და ამ დროისათვის ყველაზე ახალ მონაცემებს წარმოადგენს.

ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა (თბილისის 78% და სხვა ქალაქების 53%) დიდ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობს. თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 14% ცხოვრობს კერძო სახლებში, სხვა ქალაქების მაცხოვრებლების 41 პროცენტთან შედარებით. 

რაც შეეხება საკუთრების ფორმას, თბილისის მოსახლეობის 83% და სხვა ქალაქების - 90% ფლობს საკუთარ საცხოვრებელს. თბილისში მაცხოვრებელთა მხოლოდ 9%, სხვა ქალაქებში კი 3% ქირაობს სახლს ან ბინას, რომელშიც ცხოვრობს.

ქალაქის მაცხოვრებელთა ერთი მესამედი სამოთახიან საცხოვრისში ცხოვრობს. ერთ და ოროთახიანი ბინები უფრო ხშირია დედაქალაქში, ხოლო ხუთ ან უფრო მეტ ოთახიანი საცხოვრისები - სხვა ქალაქებში.
თბილისში ყველაზე გავრცელებულია პარკეტის იატაკი. გამოკითხვის მიხედვით,  დედაქალაქის საცხოვრებლების 73%-ში პარკეტის იატაკია. სხვა ქალაქებში ეს რიცხვი 44%-ს შეადგენს. პარკეტის შემდეგ ყველაზე გავრცელებულია ხის გრძელი ფიცრები, რომელიც გვხვდება თბილისის საცხოვრებლების 16%-სა და სხვა ქალაქების საცხოვრებლების 39%-ში.























რადგან გამოკითხვა მხოლოდ დედაქალაქსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში ჩატარდა, არ არის გასაკვირი, რომ საცხოვრებლების უმეტესობას ჩასარეცხი ტუალეტი აქვს, რომელიც კანალიზაციის სისტემასთანაა მიერთებული (97% თბილისში და 79% სხვა ქალაქებში). თუმცა, კიდევ არსებობს საცხოვრებლები, სადაც სეპტიკურ ავზთან მიერთებული ჩასარეცხი ტუალეტია (2% თბილისში და 11% სხვა ქალაქის ტიპის დასახლებებში).

 შენიშვნა: დამრგვალების გამო პასუხების ჯამი აღემატება 100%-ს.

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა დიდ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობს. მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ორ ან სამოთახიან ბინებში ცხოვრობს. უმეტესობა ფლობს იმ საცხოვრებელს, რომელშიც ცხოვრობს. აღსანიშნავია ასევე ის, რომ ქალაქში არის საცხოვრებლები, სადაც ისეთი ტუალეტებია, რომლებიც არ არის შეერთებული საკანალიზაციო სისტემასთან.

გთხოვთ, იხილოთ მეტი მონაცემები ამ საკითხების შესახებ აქ