სახელმწიფო შესყიდვების სისტემა საქართველოში: კომპანიების შეხედულებები (ნაწილი 1)

საქართველოში სახელმწიფო შესყიდვები ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით 2010 წლიდან ხორციელდება. ამ სისტემის მიზანია მიმწოდებლებისათვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესის გამარტივება და პროცესის გამჭირვალობის უზურნველყოფა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიხედვით, „ყოველწლიურად სახელმწიფო ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს სხვადასხვა საქონლის, მომსახურებისა თუ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. <...> შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვები დიდი ინტერესის სფეროს წარმოადგენს კერძო კომპანიებისათვის, როგორც მათი შემოსავლების ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციური წყარო“. თუმცა, CRRC-საქართველოს მიერ 2016 წლის აგვისტოში Deloitte Consulting LLP-სა და USAID-ისთვის ჩატარებული კომპანიების გამოკითხვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ აჩვენებს, რომ კომპანიები ჯერ არ იღებენ აქტიურ მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში. ეს ბლოგ პოსტი მიზნად ისახავს არსებული პრობლემების მიმოხილვას CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას ღებულობს ე.წ. „აქტიური ეკონომიკური ოპერატორების“ 15.6% (გვ. 17). CRRC-საქართველოს გამოკითხვის შედეგების მიხედვით სურათი ანალოგიურია: კომპანიების 17% იღებს მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში, და მათი დაახლოებით ნახევარი მხოლოდ ზოგჯერ ან იშვიათად აკეთებს ამას. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილე კომპანიების წილი უაღრესად მცირეა. კომპანიების 73% დარეგისტრირებულიც კი არ არის შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რაც აუცილებელი პირობაა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისათვის გამართულ ტენდერებში.
 

შენიშვნა: ანალიზიდან გამორიცხულია კომპანიების 2%, რომელთა წარმომადგენელმაც კითხვას, „არის თუ არა თქვენი კომპანია დარეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში?“ უპასუხა „არ ვიცი“. 

ამ გამოკითხვის შედეგები გარკვეულ ცოდნას გვაძლევს იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც კომპანიები არ მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში.
ძირითად მიზეზად, რის გამოც კომპანიები არ რეგისტრირდებიან შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სახელდება ის გარემოება, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობით (56%) - თუმცა, ძნელი სათქმელია, რა მიზეზებითაა გამოწვეული ინტერესის ეს ნაკლებობა. შედარებით იშვიათად დასახელდა შეუსაბამობა კომპანიის საქმიანობის სფეროსა და გამოცხადებული ტენდერების სფეროებს შორის (27%).


შენიშვნა: დიაგრამაზე ნაჩვენებია კომპანიების 73%-ის პასუხების განაწილება, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

კომპანიების უმრავლესობას (64%-ს) არ აქვს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების გამოცხადების შესახებ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ინტერვიუების დროს მათ წარმომადგენლებს გაუჭირდათ პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანად ან უსამართლოდ ტარდება, მათი აზრით, ტენდერის ესა თუ ის სახეობა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ კომპანიების უმრავლესობას (76%-ს) არ სმენია იმ სემინარების შესახებ, რომელთა მიზანიც სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში კვალიფიკაციის ამაღლებაა, რაც კომპანიების უაღრეს არაინფორმიებულობაზე მიუთითებს შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.


შენიშვნა: დიაგრამაზე ნაჩვენებია კომპანიების 83%-ის პასუხების განაწილება, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. კომპანიები, რომელთა წარმომადგენელმაც შესაბამის კითხვაზე უპასუხა „უარი პასუხზე“, გამორიცხული არიან ანალიზიდან. საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების ხუთი ტიპი არსებობს: გამარტივებული შესყიდვა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი, კონსოლიდირებული ტენდერი და კონკურსი. თითოეული მათგანის განმარტება იხილეთ აქ.   

შესაძლებელია, რომ ასეთი არაინფორმირებულობა  მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის თვალსაზრისით,  ამიტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მეტად უნდა იზრუნოს კომპანიების ინფორმირებულობის დონის გაზრდაზე.

ამ ბლოგ პოსტის მეორე ნაწილი, რომელიც შემდეგ ორშაბათს გამოქვეყნდება, განიხილავს, თუ როგორ განსხვავდება სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მუშაობის შეფასებები იმის მიხედვით, მიუღია თუ არა კომპანიას მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში.

მასობრივი გამოკითხვის შედეგების ინტერპრეტაციის და გამოყენების პრობლემები საქართველოში

მასობრივი გამოკითხვის შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია საქართველოში ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. სამწუხაროდ, მონაცემების არასწორი ინტერპრეტაცია არა მხოლოდ კვლევის მნიშვნელობას ასუსტებს, არამედ ხშირად უფრო სერიოზულ შედეგებსაც იწვევს.

მასობრივი გამოკითხვის შედეგების არასწორი ინტერპრეტაციის მაგალითად შეიძლება, მოვიყვანოთ 2015 წელს საქართველოში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის კითხვა: „თქვენი აზრით, რა არის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოში?“ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ სამმა პროცენტმა დაასახელა დაბალი პენსია, ორმა პროცენტმა - ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ორმა პროცენტმა - განათლების ხარისხი. სხვა პრობლემები კი, როგორიცაა: კორუფცია, სასამართლოების სამართლიანობის უზრუნველყოფა, არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დარღვევები, ნატო-ში გაწევრიანება, პროფესიული ან უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, რელიგიური შეუწყნარებლობა, გენდერული უთანასწორობა და ემიგრაცია დაჯგუფდა როგორც სხვა კატეგორია, რადგან ჯამში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ შვიდმა პროცენტმა დაასახელა ისინი.

რას გვეუბნება ეს შედეგები? შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები უმნიშვნელოა ქვეყნისთვის? მსგავსი ინტერპრეტაცია არასწორი იქნებოდა, სულ მცირე ორი მიზეზის გამო:

1. გამოკითხვაში დასმული შეკითხვის, სავარაუდო პასუხების და ინსტრუქციის ზუსტი ფორმულირების უგულვებელყოფა. 

მოცემულ შემთხვევაში მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოსახლეობამ ადამიანის უფლებების დარღევები, გენდერული უთანასწორობა და რელიგიური შეუწყნარებლობა არ დაასახელა მარტივია: რესპონდენტს მხოლოდ ერთი პასუხის დასახელება შეეძლო. ის პრობლემები, რომლებიც ყველაზე ხშირად დასახელდა (სიღარიბე და უმუშევრობა), მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის უფლებების დარღვევა, გენდერული უთანასწორობა ან რელიგიური შეუწყნარებლობა.

იმ შემთხვევაში, თუ კითხვა სხვაგვარად იქნებოდა დასმული, მაგ: „რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დარღვევის [ან გენდერული უთანასწორობის, ან რელიგიური შეუწყნარებლობის] საკითხი საქართველოსთვის?“, დიდი ალბათობით, საქართველოს მოსახლეობის 2-3 პროცენტზე მეტი ნაწილი იტყოდა, რომ ქვეყნისთვის ეს საკითხები მნიშვნელოვანია. მიზეზი კი ისაა, რომ ეს შეკითხვა რესპონდენტებს სთხოვს, შეაფასონ თითოეული საკითხის აბსოლუტური მნიშვნელობა და არა მათი მნიშვნელობა სხვა საკითხებთან შედარებით.

როდესაც საქმე გამოკითხვის შედეგებს ეხება, უმნიშვნელოვანესია კითხვის ზუსტი ფორმულირების გათვალისწინება. რადგან კითხვის ინტერპრეტაცია ან ცვლილება თითქმის ყოველთვის იწვევს შედეგების არასწორ ინტერპრეტაციას. ასევე მნიშვნელოვანია კითხვის ინსტრუქციების გათვალისწინება - კვლევის ისეთი დეტალები, როგორიცაა სავარაუდო პასუხების ჩვენება (ბარათის გამოყენება) ან რესპონდენტისგან მიღებული პასუხების შეზღუდვა ერთ, ორ ან სამ პასუხამდე, მნიშვნელოვანია შედეგების ინტერპრეტაციისთვის.

შესაბამისად, არასწორი ინტერპრეტაციის რისკების შემცირებისთვის აუცილებელია, რომ კვლევის შედეგების პრეზენტაციისას და ანალიზისას მოხდეს დასმული კითხვის, შეთავაზებული პასუხის ვარიანტების და კითხვის ინსტრუქციის ზუსტი ფორმულირების გათვალისწინება. 

არასწორი ინტერპრეტაციის მეორე გავრცელებული მიზეზია:

2.  გამოკითხვის შედეგების, როგორც ობიექტური რეალობის და არა აღქმის, დამოკიდებულებებისა და განწყობების ინტერპრეტაცია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ განხილულ კითხვას სხვაგვარად დავსვამთ და რესპონდენტები საკითხის აბსოლუტურ მნიშვნელობას შეაფასებენ, შესაძლოა, მიღებული შედეგები კვლავ აჩვენებდეს, რომ, ხალხის აზრით, ადამიანის უფლებების დარღვევა, გენდერული უთანასწორობა და რელიგიური შეუწყნარებლობა არაა მნიშვნელოვანი საკითხები ქვეყნისთვის. თუმცა, ამ შედეგების, როგორც რეალობის პირდაპირი ანარეკლის ინტერპრეტაცია სწორი არ იქნებოდა, რადგან როგორც ბლოგის პირველ ნაწილში აღინიშნა, მოსახლეობის წარმოდგენები ზოგჯერ განსხვავდება რეალობისგან.

ხალხის წარმოდგენების ინტერპრეტაცია არ უნდა ხდებოდეს ისე, თითქოს ეს წარმოდგენები ობიექტურ რეალობას წარმოადგენს, რადგან ამ წარმოდგენებს არა მხოლოდ სწორი აღქმა და ინფორმაცია ქმნის, არამედ არასწორი აღქმა და დეზინფორმაცია. კვლევები აჩვენებს, რომ სხვადასხვა საკითხების შეფასებისას ადამიანები ხშირად ცდებიან.

თუმცა, ეს ფაქტი არ ამცირებს მასობრივი გამოკითხვების მნიშვნელობას. პირიქით, ხალხის არასწორი წარმოდგენები, რომელიც მასობრივი გამოკითხვის შედეგად ხდება ცნობილი, კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია პოლიტიკის შემქმნელებისთვის. პოლიტიკის სწორად დაგეგმვისთვის მნიშვნელოვანია იმ განსხვავების ანალიზი, რაც ხალხის წარმოდგენას და რეალობას შორის არსებობს.

ისევ კავკასიის ბარომეტრის კითხვას რომ დავუბრუნდეთ, შედეგების სწორი ინტერპრეტაციისთვის მნიშვნელოვანია, დავეყრდნოთ არა მხოლოდ ხალხის აზრს, რომელიც ინფორმაციის მხოლოდ ერთ-ერთი წყაროა, არამედ ინფორმაციის სხვა წყაროებსაც, როგორიცაა საქართველოში ადამიანის უფლებების (ან გენდერული თანასწორობის ან რელიგიური შემწყნარებლობის) კვლევები, რომელთა მოძიებაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და რომლებიც საქართველოში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს ავლენენ სამივე საკითხის კუთხით. ამის დასტურად მხოლოდ Human Rights Watch-ის ბოლო ანგარიში კმარა.

მეორეს მხრივ, ხალხის არასწორ წარმოდგენებს კარგად ავლენს ის შეუსაბამობა, რაც მათ მიერ გამოკითხვის სხვადასხვა კითხვებზე გაცემულ პასუხებს შორის არსებობს. მაგალითად, 2014 წლის გამოკითხვა, რომელიც CRRC-საქართველომ NDI-ს დაკვეთით ჩაატარა, აჩვენებს, რომ ყოველი მეოთხე ქართველი თვლის, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობაა. თუმცა, ამ ადამიანების ნახევარი ასევე ფიქრობს, რომ სახლზე და ოჯახზე ზრუნვა ქალს ისევე აკმაყოფილებს, როგორც ანაზღაურებადი სამუშაო და რომ ოჯახის შესანარჩუნებლად ქალმა ქმრისგან ბევრი რამ უნდა აიტანოს. 

იმისთვის, რომ კვლევის შედეგებმა უფრო ზუსტი წარმოდგენა შექმნას გენდერულ თანასწორობაზე ქვეყანაში, სასურველია, ეს სამი შედეგი წარმოდგენილი და განხილული იყოს არა ცალ-ცალკე, როგორც კვლევის სამი დამოუკიდებელი მიგნება, არამედ ერთმანეთთან კავშირში. კითხვა, რომელიც ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა დაისვას, არის ის, თუ რატომ და როგორ ჩნდება ეს შეუსაბამობა მოსახლეობის პასუხებს შორის.

მასობრივი გამოკითხვის შედეგების არასწორი გამოყენება ხშირად მონაცემთა არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია და კიდევ უფრო ამტკიცებს ხალხში არსებულ სტერეოტიპებს და არასწორ წარმოდგენებს.

რომ დავუბრუნდეთ კითხვას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, მიღებული შედეგის არასწორი გამოყენება იქნება უმოქმედობა და დასკვნა, რომ რადგან მოსახლეობა ადამიანის უფლებათა დარღვევას, გენდერულ თანასწორობას და რელიგიურ შემწყნარებლობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებად არ თვლის, ამ კუთხით პოლიტიკა განვითარებას და დახვეწას არ საჭიროებს. 

სინამდვილეში, რასაც გამოკითხვის შედეგები აჩვენებს სხვა კვლევებთან მიმართებაში, არის ის, რომ ადამიანები სათანადოდ არ აფასებენ ამ სამი საკითხის მნიშვნელობას, რაც პრობლემის გაუარესებას უწყობს ხელს. თუ გჯერა, რომ გენდერული თანასწორობა ან რელიგიური შემწყნარებლობა მნიშვნელოვანი არაა, არც არაფერს აკეთებ ამ ღირებულებებისთვის და არსებული პრობლემა ამით მხოლოდ უარესდება. შესაბამისად, რაც უფრო დიდია განსხვავება კონკრეტულ საკითხზე ხალხის წარმოდგენებსა და რეალობას შორის, მით უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს ეს საკითხი პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში. მასობრივი გამოკითხვის შედეგები არ უნდა იყოს პოლიტიკის პირდაპირი განმსაზღვრელი ფაქტორი, მასში ხალხის არასწორი აღქმების, წარმოდგენების და ინფორმაციის სხვა წყაროების კრიტიკული ანალიზის გარეშე. 

სამწუხაროდ, საქართველოში, ხშირად სწორედ ეს არასწორი აღქმები და წარმოდგენები განსაზღვრავს პოლიტიკას. ჰომოფობიური დამოკიდებულება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ახალისებს პოლიტიკოსებს, უფრო მეტი ისაუბრონ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვაზე, რომელიც არც არასოდეს ყოფილა ნებადართული საქართველოში, ვიდრე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომელიც ყოველდღიურად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება. არასწორი წარმოდგენები გენდერული როლების შესახებ უადვილებს პოლიტიკოსებს ფემიციდთან დაკავშირებული კანონპროექტის უარყოფას. ყოველივე ამის ფონზე, ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში მოსახლეობის აზრი იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს უქმნის საფრთხეს და ამ ტრადიციების მნიშვნელობა მოსახლეობისთვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი არ გახდება. 

ახლა, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ცდილობს, სტაბილურ დემოკრატიულ ქვეყნად იქცეს, ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და მკვლევრები, რომლებიც კვლევის შედეგების კრიტიკულ ანალიზს და სწორი პოლიტიკის ხელშეწყობას შეძლებენ.

მასობრივი გამოკითხვების კრიტიკა საქართველოში

[ნათია მესტვირიშვილი მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მკვლევარია, წარსულში კი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის უფროსი მკვლევარი იყო.]

საქართველოში მასობრივი გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას ხშირად თან ახლავს მწვავე დებატები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კვლევა ხალხის პოლიტიკურ შეხედულებებს ეხება. ეს დებატები ზოგჯერ იმდენად  კრიტიკულია, რომ მსმენელს კვლევის შედეგების უარყოფისკენ უბიძგებს.

ზოგადად, კვლევის კრიტიკა მიმართული უნდა იყოს კვლევის პროცესზე და უნდა ეხმარებოდეს მკვლევრებს, უკეთ აკეთონ თავისი საქმე. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში კვლევის კრიტიკა ხშირად არაკონსტრუქციული და არაპროდუქტიულია და კრიტიკოსთა მხრიდან კვლევის შედეგების არმოწონებას და არმიღებას უფრო ემყარება, ვიდრე კვლევის პროცესის ხარვეზებს.

კვლევის კონსტრუქციული კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა კვლევითი ორგანიზაციებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და, ზოგადად, ქვეყანაში „კვლევის კულტურის“ განვითარებისთვის. ხშირად მასობრივი გამოკითხვის კრიტიკას საქართველოში საფუძვლად უდევს ის განსხვავება, რაც გამოკითხვის შედეგებსა და კრიტიკოსთა მოსაზრებებს შორის არსებობს. სწორედ ამიტომ მათგან, ვინც კვლევას აკრიტიკებს, ხშირად გვესმის, რომ მასობრივი გამოკითხვის შედეგები რეალობას (უფრო ზუსტად - მათ რეალობას) არ შეესაბამება.

უნდა ასახავდეს თუ არა მასობრივი გამოკითხვის შედეგები რეალობას? უმეტეს შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. მასობრივი გამოკითხვის შედეგები ასახავს მოსახლეობის მოსაზრებებს, რომლებსაც არც თუ ისე იშვიათად რეალობის დამახინჯებული აღქმა უდევს საფუძვლად და რომლებსაც რესპონდენტები ინტერვიუერებს, მათთვის სრულიად უცხო ადამიანებს, თავისუფლად უზიარებენ. შესაბამისად, რომ დავივიწყოთ ფილოსოფიური დისკუსია იმის შესახებ, თუ რა არის რეალობა და საერთოდ არსებობს თუ არა ის, ერთი რამ ნათელია - მასობრივი გამოკითხვის შედეგები ასახავს მოსახლეობის წარმოდგენებს და არა რეალობას.

ბევრ სხვა დაშვებას შორის, რომელიც საქართველოში მასობრივი გამოკითხვის
კრიტიკისას კეთდება, ყველაზე ხშირია შემდეგი ორი დაშვება:


  1. მან, ვინც მასობრივ გამოკითხვას აკრიტიკებს, ყველაზე უკეთ იცის, თუ რას ფიქრობს ხალხი
  2. ის, რასაც მის გარშემო მყოფი ხალხი ფიქრობს, განზოგადებადია საქართველოს მთელს პოპულაციაზე.


უნდა აღინიშნოს, რომ ორივე დაშვება მცდარია, რადგან სინამდვილეში:


  1. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობას სჯერა, რომ მათ გარშემო მყოფ ადამიანებს კარგად იცნობს, ეს ასე არ არის. ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ადგილი აქვს ფართოდ გავრცელებულ ილუზიას, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ იმაზე უკეთ ვიცნობთ და გვესმის ადამიანების, ვიდრე ეს სინამდვილეშია - მაშინაც კი, თუ ეს ადამიანები ჩვენი ოჯახის წევრები ან უახლოესი მეგობრები არიან.
  2. დიდი შანსია, რომ ჩვენს სოციალურ წრეში მყოფი ადამიანები მართლაც ჩვენს მსგავსად ფიქრობდნენ ამა თუ იმ საკითხზე, რადგან ჩვენ მიდრეკილნი ვართ, საურთიერთოდ ავარჩიოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენნაირად ფიქრობენ და ჩვენს აზრებს იზიარებენ. შესაბამისად, ადამიანებს უფრო ხშირად ესმით არა მათი მოსაზრების საწინააღმდეგო, არამედ მსგავსი მოსაზრებები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მათ რწმენას იმის შესახებ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მათ მსგავსად ფიქრობს.
  3. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ ჩვენი სოციალური წრე ძალიან მრავალფეროვანია ის არასოდესაა საკმარისად მრავალფეროვანი იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითი იყოს. გარდა ამისა, ინდივიდუალური გამოკითხვა (თუ მოსაზრებების გაგება) ვერ მოგვცემს სწორ სურათს იმის შესახებ, თუ როგორც ნაწილდება მოსაზრებები საქართველოს მთელს მოსახლეობაში.


დაშვება, რომ ის, რაც ჩვენს გარშემო გვესმის, განზოგადებადია ქვეყნის მოსახლეობაზე, ძალიან გავს რომელიმე, მაგალითად, გლობალური თავისუფლების ინდექსის რუკაზე ერთი ქვეყნის, მაგალითად, კანადის გადიდებას და დაშვებას, რომ რადგან კანადა მწვანე ანუ „თავისუფალია“, მთელი მსოფლიო მწვანეა. სინამდვილეში, თუ მთლიან რუკას შევხედავთ, დავინახავთ, რომ მთელი მსოფლიო სულაც არაა მწვანე - ის ძალიან ფერადია და მასში მწვანეს სხვა ფერები სჭარბობს. ერთი ქვეყანა, რაც უნდა დიდი იყოს ის, სულაც არ ქმნის წარმოდგენას მსოფლიოს მრავალფეროვნების შესახებ.



წყარო: www.freedomhouse.org

მსგავსი ტიპის შეცდომას უშვებენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის, რასაც მათ გარშემო მყოფი ადამიანები ფიქრობენ (უფრო სწორად, რასაც, მათი აზრით, მათ გარშემო მყოფი ადამიანები ფიქრობენ) საქართველოს მოსახლეობის აზრს წარმოადგენს.

ობიექტური და კონსტრუქციული კრიტიკის ნაცვლად, რომელიც პროფესიონალურ ცოდნას ემყარება, საქართველოში მასობრივ გამოკითხვებს ხშირად ემოციების და  პერსონალური მოსაზრებების საფუძველზე აკრიტიკებენ. სამწუხაროდ, ის, რაც ასეთ დისკუსიებს ყველაზე მეტად აკლია, სწორედ პროფესიონალიზმია. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პოლიტიკოსები ერთსა და იმავე გამოკითხვის შედეგებს ხან დადებით კონტექსტში ახსენებენ, ხან - უარყოფითში იმის მიხედვით, თუ რამდენად მოსწონთ ან არ მოსწონთ ერთი გამოკითხვის სხვადასხვა საკითხზე მიღებული შედეგები. მაგალითად, რომელიმე კონკრეტული სახელმწიფო პროგრამისა თუ წამოწყების დადებითი შეფასება სიამაყით მოიხსენიება ხოლმე საჯარო მოხელეების მხრიდან, ისე, რომ კვლევის ხარისხში ეჭვი არავის შეაქვს. თუმცა, თუ იგივე გამოკითხვის შედეგები რომელიმე პოლიტიკოსს ან პარტიის შემცირებულ რეიტინგზე მიუთითებს, მაშინვე იწყება კვლევის მეთოდოლოგიის, ან უფრო მეტიც, კვლევითი ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა.

ყოველივე ამის ფონზე, სასურველია, რომ საქართველოში კვლევის კრიტიკა უფრო მეტად იყოს ფოკუსირებული კვლევის პროცესსა და მის გაუმჯობესებაზე და ნაკლებად - კვლევის შედეგებისა და, ზოგადად, კვლევის მნიშვნელობის უარყოფაზე. ჟურნალისტების, მკვლევრებისა და პოლიტიკოსების მოვალეობაა, ხელი შეუწყონ ჯანსაღ დისკუსიას მასობრივი გამოკითხვის თემაზე და ემოციური მესიჯების ნაცვლად, რომელიც ძირითადად კვლევისადმი და კვლევითი ორგანიზაციებისადმი ნდობის შემცირებას ემსახურება, რაციონალურად განიხილონ კვლევის პროცესი და მისი შეზღუდვები, კვლევის შედეგები და მათი მნიშვნელობა და, სადაც შესაძლებელია, მიუთითონ მასობრივი გამოკითხვის ხარისხის გაუმჯობესების გზები.

მასობრივი გამოკითხვის კრიტიკოსები, რომლებიც „გაურკვეველ“ ან „არასწორ“ მეთოდოლოგიაზე საუბრობენ, უფრო დამაჯერებელნი გახდებიან, თუ თავიანთ გამოსვლებში თუ საჯარო დისკუსიებში დააზუსტებენ კვლევის იმ ასპექტებს, რომლებიც მას „გაურკვეველს“ ან „არასწორს“ ხდის. კვლევითი ორგანიზაციები, ვფიქრობ, მხოლოდ მიესალმებიან ისეთ კრიტიკას, რომელიც კონკრეტულ კითხვებს სვამს და ამით კვლევის პროცესს აუმჯობესებს. ასეთი კითხვები შეიძლება, იყოს, მაგალითად: იძლევა თუ არა შერჩევის დიზაინი განზოგადების საშუალებას? იყო თუ არა თავიდან არიდებული მიმანიშნებელი კითხვები? როგორ ხდება ხარისხის კონტროლი საველე სამუშაოების მიმდინარეობისას? და ა.შ.

ის ფაქტი, რომ მასობრივი გამოკითხვის კრიტიკა საქართველოში ხშირად არასწორ დაშვებებს ეფუძნება და კვლევითი ორგანიზაციების საქმიანობის გაუმჯობესებაზე არაა მიმართული, საშიშროებას ქმნის, რომ საზოგადოებაში გაჩნდება არაინფორმირებული სკეპტიციზმი მასობრივი გამოკითხვებისა და ზოგადად კვლევის შედეგების მიმართ. ამის თავიდან ასაცილებლად კი მნიშვნელოვანია, გაჩნდეს მასობრივი გამოკითხვების კონსტრუქციული, პროფესიონალურ ცოდნაზე დაფუძნებული კრიტიკა, რომელიც გააუმჯობესებს კვლევის ხარისხს და ხელს შეუწყობს ხალხის აზრისა და საჭიროებების სწორად მიტანას პოლიტიკოსებამდე პოლიტიკის ინფორმირებულად დაგეგმვისთვის.