საოჯახო ელექტროტექნიკის შეძენის ტენდენციები სამხრეთ კავკასიაში, 2000-2013

სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს და ძვირადღირებული ელექტროტექნიკის შეძენა არ შეუძლია. CRRC-საქრთველოს მიერ 2013 წელს ჩატარებული გამოკითხვის, კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით, საქრთველოში მოსახლეობის 28% აცხადებს, რომ საკვებზე ფული არ ჰყოფნის; 33%-ს საკვებისთვის ფული აქვს, მაგრამ ტანსაცმლის შესაძენად - არა და 31% აცხადებს, რომ ფული საკვებსა და ტანსაცმელზე ჰყოფნის, მაგრამ არ შეუძლია ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა. მოსახლეობის მხოლოდ 7% ამბობს, რომ შეუძლია ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა და მხოლოდ 2%, რომელსაც ყველაფრის შეძენა შეუძლია, რაც სურს. მსგავსი მდგომარეობაა სომხეთში. თუმცა, ოდნავ განსხვავებულია აზერბაიჯანში, სადაც ნაკლებია იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც ფული საკვების შესაძენად არ ჰყოფნით (22%).

2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემებზე დაყრდნობით ეს ბლოგი იკვლევს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მცხოვრები ოჯახების რა რაოდენობა ფლობს სარეცხ მანქანას, მაცივარს და კონდიციონერს. ამ ბლოგის საშუალებით ასევე გავიგებთ, რომელ წელს შეიძინეს ოჯახებმა ეს ნივთები, 2000 წელს თუ მის შემდეგ.

იმ საოჯახო ტექნიკიდან, რომელსაც ამ ბლოგში განვიხილავთ, მაცივარი ყველაზე ფართოდაა გავრცელებული (აზერბაიჯანში მას ოჯახების 94% ფლობს, სომხეთში - 79% და საქართველოში - 78%). აზერბაიჯანსა და საქართველოში ოჯახების დაახლოებით ნახევარს აქვს ერთი ავტომატურ სარეცხი მანქანა. სომხეთში ოჯახების რაოდენობა, რომელსაც სარეცხი მანქანა აქვს, ოდნავ მეტია. კონდიციონერებს ფლობს სომხეთსა და საქართველოში მცხოვრები ოჯახების მხოლოდ მცირე რაოდენობა. აზერბაიჯანში ეს რიცხვი გაცილებით დიდია (29%). გასაკვირი არ არის, რომ სამივე ქვეყანაში, დედაქალაქში მცხოვრები ოჯახები უფრო მეტად ფლობენ საოჯახო ტექნიკას, ვიდრე სხვა დასახლებებში მცხოვრები ოჯახები.

საქართველოში საოჯახო ტექნიკის შეძენის ტენდენციის ანალიზისას ჩანს, რომ 2000-დან 2008 წლამდე პერიოდში ტექნიკის შეძენა გაიზარდა, შემდეგ კი დაიკლო.  ეს კლება შეიძლება, დავუკავშიროთ 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს. 2010 წელს ტექნიკის შეძენის ტენდენცია ისევ გაიზარდა, ხოლო 2011 წელს კვლავ დაეცა.  2012 წელს კონდიციონერების შეძენა გაიზარდა 2012 წელს, ავტომატური სარეცხი მანქანების შეძენის ტენდენციამ იკლო, ხოლო მაცივრების იგივე დარჩა. 2013 წელს,  სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებმა ოჯახებმა, ნაკლები კონდიციონერი და ავტომატური სარეცხი მანქანა შეიძინეს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფიკში ჩანს, საოჯახო ტექნიკის შეძენის ტენდენციები გარკვეულწილად ემთხვევა მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკას. გამონაკლისია 2013 წელი, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით გაიზარდა, ხოლო ავტომატური სარეცხი მანქანების და კონდიციონერების შეძენა შემცირდა. 

სომხეთში, საოჯახო ტექნიკის ყიდვის ტენდენციები საქართველოს მსგავსია. გამონაკლისია კონდიციონერები, რომელთა შეძენა გაიზარდა 2013 წელს. 


შენიშვნა: 2001 და 2002 წლებში, საქართველოში მცხოვრები ოჯახების დაახლოებით ერთნაირმა რაოდენობამ შეიძინა მაცივრები, სარეცხი მანქანები და კონდიციონერები.  

როგორც ჩანს, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა აზერბაიჯანზეც იმოქმედა. თუმცა, 2009 წლის შემდეგ, მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტექნიკის შეძენა შემცირდა. ამის შესაძლო ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა აზერბაიჯანში ბუნებრივი გაზთან და ნავთობთანაა დაკავშირებული. ეს კი, სავარაუდოდ, უფრო ეკონომიკურ ელიტას ეხება და ნაკლებად - ჩვეულებრივ მოსახლეობას და მის მსყიდველობით უნარს.


ამრიგად, რეგიონში კიდევ ბევრი ოჯახია, რომელსაც არ აქვს ისეთი საოჯახო ტექნიკა, როგორიცაა ავტომატური სარეცხი მანქანა და კონდიციონერი. დედაქალაქში მცხოვრებნი უკეთ არიან აღჭურვილი საოჯახო ტექნიკით, ვიდრე სხვა დასახლებებში მცხოვრები ოჯახები.



თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ესტუმრეთ CRRC-ის ვებგვერდს ან  მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემის გამოყენებით.

საზოგადოების დამოკიდებულება კონფლიქტებისადმი სამხრეთ კავკასიაში




2015 წლის 18 ივნისს თბილისში შეკრებილმა ათასობით ქართველმა გააპროტესტა რუსეთის „მცოცავი ოკუპაცია“ მას მერე, რაც სამხრეთ ოსეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცებმა კვლავ დაიწყეს საზღვრის გავლება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიას შორის არსებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ. სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კონფლიქტები, რომელსაც  ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ნელი მოქმედების ნაღმებს, არასტაბილურობის მთავარი წყაროა სამხრეთ კავკასიაში. მიუხედავად მრავალი საერთო გამოწვევისა, ითვლება, რომ რეგიონი „უფრო დაყოფილია, ვიდრე ერთიანი“, რისი მიზეზიც ძირითადად ზემოხსენებული ტერიტორიული კონფლიქტები და რეგიონული მოთამაშეების - რუსეთის, თურქეთისა და ირანის - ინტერესთა კონფლიქტია. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური ურთიერთობები აქვს ამ ქვეყნებთან და დასავლეთთან. 2013 წელს CRRC-საქართველოს გამოკითხვის, კავკასიის ბარომეტრის მონაცემები საშუალებას იძლევა, ვნახოთ, რას ფიქრობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსახლეობა ტერიტორიულ კონფლიქტებზე საკუთარ და მეზობელ ქვეყნებში. უფრო ზუსტად, წინამდებარე ბლოგ პოსტის მიზანია იმის ნახვა, თუ რას ფიქრობს რეგიონის საზოგადოება აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობას ინფორმაცია ექნებოდა საკუთარ ქვეყანაში არსებულ კონფლიქტებზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობას ჰკითხეს, სმენიათ თუ არა აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ, საქართველოს მოქალაქეებს კი - სმენიათ თუ არა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ. მომდევნო კითხვები დაესვა მხოლოდ მათ, ვისაც ამ კონფლიქტებზე ინფორმაცია ჰქონდა. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილს სმენია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე (62%), ვიდრე სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობას - აფხაზეთის კონფლიქტზე (49% და 43%, შესაბამისად).

თითოეულ კონფლიქტთან მიმართებაში კითხვები ეხებოდა კონფლიქტის გადაჭრის შესაძლო გზებს. სომხეთის მოქალაქეები ყველაზე ხშირად (46%) ემხრობიან მოსაზრებას, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს. მომდევნო ყველაზე ხშირად დასახელებული მოსაზრებაა, რომ აფხაზეთი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს (26%). მხოლოდ 7%-ისთვისაა მისაღები, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყოს.


შენიშვნა: კითხვა დაესვა სომხეთის მოქალაქეთა იმ 49%-ს, რომელმაც განაცხადა, რომ სმენია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ.

ამის საწინააღმდეგოდ, აზერბაიჯანელთა უმეტესობა (77%) ემხრობა მოსაზრებას, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი უნდა იყოს, 12% კი ამბობს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს. მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები  მიიჩნევს, რომ აფხაზეთი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს.

შენიშვნა: კითხვა დაესვა აზერბაიჯანის მოქალაქეთა იმ 43%-ს, რომელმაც განაცხადა, რომ სმენია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ.

ქართველთა უმრავლესობა (73%) ემხრობა მოსაზრებას, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი უნდა იყოს ავტონომიის გარეშე, 33% კი ფიქრობს, რომ აფხაზეთი უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ავტონომიით. მხოლოდ 3%-ს მიაჩნია, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს.






სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსახლეობის მოსაზრებები განსხვავდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებითაც. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ კონფლიქტში სომხეთი და აზერბაიჯანი მოწინააღმდეგე მხარეები არიან, გასაკვირი არ არის, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობას ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები აქვს მთიანი ყარაბაღის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით. სომხეთის მოქალაქეთა უმრავლესობა (73%) ემხრობა მოსაზრებას, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთის ნაწილი უნდა იყოს, ნახევარზე მეტს (54%) მისაღებად მიაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს, იმ მოსაზრებას კი, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილი იყოს, თითქმის არავინ ემხრობა.  

აზერბაიჯანელთა სრული უმრავლესობისათვის (95%) მისაღებია, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილი იყოს. შედარებით ნაკლები, მოსახლეობის დაახლოებით მესამედი, ემხრობა მოსაზრებას, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში იყოს მნიშვნელოვანი ავტონომიით. სომხეთის მოქალაქეთაგან განსხვავებით, აზერბაიჯანელები საერთოდ არ ემხრობიან მოსაზრებას, რომ მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს.

რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზების მიმართ, დაახლოებით ნახევარზე ნაკლებს, მათგან, ვინც განაცხადა, რომ სმენია ამ კონფლიქტის შესახებ, ან არ ჰქონდა მოსაზრება მთიანი ყარაბაღის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით, ან უარი განაცხადა პასუხი გაეცა შეკითხვაზე. რაც შეეხება მოსახლეობის მეორე ნაწილს, უფრო ხშირად (26%) გამოითქვა მოსაზრება, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილი უნდა იყოს, ვიდრე რომ ეს ტერიტორია სომხეთის ნაწილი უნდა იყოს (9%).

შენიშვნა: კითხვა დაესვა საქართველოს მოქალაქეთა იმ 62%-ს, რომელმაც განაცხადა, რომ სმენია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ.

ბლოგპოსტის მიზანი იყო ენახა,თუ როგორ იცვლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსახლეობის მოსაზრებები რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, თუკი აფხაზეთის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით ქართველებს და აზერბაიჯანელებს მსგავსი მოსაზრებები აქვთ, სომხეთის მოქალაქეთა მოსაზრებები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. რაც შეეხება დამოკიდებულებას მთიანი ყარაბაღის მიმართ, აზერბაიჯანის მოსახლეობის დამოკიდებულებები უფრო მძაფრია სომხეთის მოსახლეობის დამოკიდებულებებთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეები კი ან თავს არიდებენ მოსაზრების გამოთქმას, ან ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება არ გააჩნიათ. ამის მიუხედავად, ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც შეხედულება გამოთქვა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზებთან დაკავშრებით, უფრო მეტად ემხრობა მოსაზრებას, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილი უნდა იყოს, ვიდრე სომხეთის. თუკი გავითვალისწინებთ გეოპოლიტიკურ რეალობებს, ეს შედეგები არც ისე გასაკვირია. საქართველო და აზერბაიჯანი მსგავს სიტუაციაში არიან, რადგან ორივე მათგანმა დაკარგა ტერიტორიები მაშინ, როცა სომხეთი ინარჩუნებს დე ფაქტო კონტროლს მთიან ყარაბაღზე რუსეთის მხარდაჭერით. როგორც სვანტე კორნელი და სხვები (2005) აცხადებენ ნაშრომში სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებთან დაკავშირებით, აფხაზეთის კონფლიქტს იგივე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს - აზერბაიჯანისთვის, რადგან ორივე ქვეყანა დამარცხდა ამ კონფლიქტებში რიცხობრივად მცირე მოწინააღმდეგესთან, რომელსაც ზურგს გარე ძალები უმაგრებდნენ მაშინ, როცა სომხეთი ნაკლებადაა დაინტერესებული კონფლიქტის გადაჭრის გზების ძიებით და ცდილობს სამხედრო სტატუს-ქვოს შენარჩუნებას.

სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებზე საზოგადოების დამოკიდებულებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბლოგ პოსტები როდის არ არის ომი ომი?, მთიანი ყარაბაღი: რთული შერიგების პერსპექტივები (სომხეთი) და ჩართულობა აღიარების გარეშე?  ან მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემის გამოყენებით.