ქართველი ახალგაზრდები: ევროკავშირისადმი სწრაფვა ტოლერანტობის გარეშე

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველთა უმრავლესობას უნდა, რომ ევროკავშირის ნაწილი გახდეს. საქართველოში ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასების კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც CRRC-საქართველომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით ჩაატარა, ევროპის მომხრენი განსაკუთრებით ახალგაზრდები არიან და ხშირად ამბობენ, რომ იმავე ღირებულებებს იზიარებენ, რასაც მათი თანატოლები ევროპაში. თუმცა, როდესაც საქმე ისეთ მოსაზრებებს და შეხედულებებს ეხება, რომლებიც მათი შეხედულებებისგან განსხვავდება, ახალგაზრდები ყოველთვის ტოლერანტები და გახსნილები არ არიან. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ეს ბლოგი ერთმანეთს ადარებს ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების ტოლერანტობის დონეს და ლიბერალურ დამოკიდებულებებს. გამოკითხვა ჩატარდა  კვლევითი პროექტის „მახსოვრობა, ახალგაზრდობა, პოლიტიკური მემკვიდრეობა და სამოქალაქო ჩართულობა“ (MYPLACE) ფარგლებში ევროპის 14 ქვეყანაში (საქართველოს და რუსეთის ჩათვლით) 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებთან. თითოეულ ქვეყანაში გამოკითხვა ორ დასახლებულ პუნქტში/ქალაქში მიმდინარეობდა. საქართველოში კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ ქუთაისსა და თელავში 2012 წლის შემოდგომაზე.

საქართველოში ადამიანების უფლებების პატივისცემის თვალსაზრისით ბევრად უფრო ცუდი მდგომარეობაა ვიდრე ხორვატიაში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთში და დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიაში (გერმანიის შემთხვევაში გამოკითხვა დასავლეთსა და აღმოსავლეთში ცალ-ცალკე ჩატარდა). გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდების უმრავლესობა (70%) ქუთაისსა და თელავში ფიქრობს, რომ საქართველოში არც თუ ისე დიდ პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს. ამის ახსნა ნაწილობრივ იმით შეიძლება, რომ 2012 წლის შემოდგომაზე, გამოკითხვის ჩატარებამდე, მედიამ გაავრცელა ციხეებში წამების ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალა. ამას მოჰყვა დემონსტრაციები და თავისი როლი ითამაშა ხელისუფლების შეცვლაში, რომელიც 2012 წლის ოქტომბის საპარლამენტო არჩევნების გზით მოხდა.

იმისდა მიუხედავად, რომ ქართველი ახალგაზრდები კრიტიკულად უყურებენ იმას, თუ რამდენად სცემენ პატივს საქართველოში ადამიანის უფლებებს, მათი ინტერესი სექსუალურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების მიმართ საკმაოდ დაბალია. განსაკუთრებით დაბალია ახალგაზრდების ინტერესი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერის (ლგბტ) წარმომადგენლების უფლებების მიმართ: გამოკითხული ახალგაზრდების მხოლოდ 13%-მა აღნიშნა, რომ აინტერესებს სექსუალურ უმცირესობათა უფლებები, ხოლო 68%-მა თქვა, რომ არ აქვს ინტერესი. მსგავსი შედეგები დაფიქსირდა რუსეთში, ხოლო ყველა სხვა ქვეყანაში ლგბტ-თა უფლებების მიმართ ინტერესი უფრო მაღალია - 20%-ს აღემატება ხორვატიასა და დიდ ბრიტანეთში, ხოლო 40%-ს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიაში. საქართველოში ამ უმცირესობათა უფლებებისადმი ინტერესის ნაკლებობა შესაძლოა, მიუთითებდეს მათი უფლებების მიმართ უპატივცემულობაზე.
შენიშვნა: 11-ბალიანი სკალა გადაიკოდა ისე, რომ კოდები 0-დან 3-ის ჩათვლით დაჯგუფდა კატეგორიაში „არ მაინტერესებს“, კოდები 4-დან 6-ის ჩათვლით - კატეგორიაში „საშუალო ინტერესი“ და კოდები 7-დან 10-ის ჩათვლით - კატეგორიაში „მაინტერესებს“.

ამ შესაძლო დაშვებას ადასტურებს ის მოვლენები, რომელიც გამოკითხვიდან რამდენიმე თვის შემდეგ განვითარდა საქართველოში. 2013 წლის 17 მაისს, ჰომობობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქართულმა საზოგადოებამ, ახალგაზრდების ჩათვლით, თავისი არატოლერანტული დამოკიდებულება გამოავლინა სექსუალური უმცირესობების მიმართ. ათასობით გაღიზიანებული ადამიანი, რომელთაც წინ მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირები მიუძღვოდნენ, აგრესიულად დაესხნენ თავს ლგბტ-თა უფლებების დამცველ აქტივისტებს, რომლებიც თბილისის ცენტრში ჰომობობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ. ამ ძალადობის შედეგად დაშავდა 17 ადამიანი. მათგან 12 საავადმყოფოში მოხვდა, მათ შორის სამი პოლიციელი და ერთი ჟურნალისტი.

სექსუალურ უმცირესობებთან შედარებით ქართველი ახალგაზრდები უფრო ტოლერანტულები და გახსნილები არიან ეთნიკურ უმცირესობათა, სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა და მიგრანტთა უფლებების მიმართ. ამის მიუხედავად, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ტოლერანტობის დონე მაინც დაბალია. საქართველოში გამოკითხულთა დაახლოებით 40% „სრულად ეთანხმება“ ან „ეთანხმება“ მოსაზრებას: „მიგრანტებს იგივე უფლებები უნდა ჰქონდეთ სოციალური დახმარების მისაღებად, როგორც საქართველოს მოქალაქეებს“. მეორეს მხრივ, 38% „საერთოდ არ ეთანხმება“ ან „არ ეთანხმება“ ამ მოსაზრებას.

სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, მხოლოდ რუსეთია ნაკლებად ტოლერანტული - გამოკითხულთა 46% არ ეთანხმება ზემოთ ხსენებულ მოსაზრებას. ევროპულ ქვეყნებში ახალგაზრდები უფრო გახსნილები არიან სხვა ეროვნებების მიმართ და, შესაბამისად, მეტი ახალგაზრდა ეთანხმება ზემოთ ხსენებულ მოსაზრებას. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ იმიგრანტების მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით, ქართველი ახალგაზრდები რუს ახალგაზრდებს უფრო გვანან, ვიდრე ევროპელებს.

ტოლერანტობა და გახსნილობა იმის მიმართაც, რაც არ არის „ქართული“ და „ჩვენი“, ხშირად ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაღები არ არის. ამის გამო, ალბათ, ჯერ ადრეა საუბარი ქართველი ახალგაზრდების ღრმა ლიბერალურ დამოკიდებულებასა და ტოლერანტობაზე. ეს ღირებულებები უფრო ევროპის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი და საქართველოში ჯერ სათანადოდ არ განვითარებულა, რადგან ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილი არ არის მზად, მიიღოს განსხვავებული აზრი და პატივი სცეს უმცირესობათა უფლებებს.

MYPLACE პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს. CRRC-ის სხვა გამოკითხვების შედეგების სანახავად გამოიყენეთ ჩვენი ონლაინ ანალიზის პროგრამა. 

პოლიტიკური კლიმატი საქართველოში 2012-2014 წლებში: მზარდი ნიჰილიზმი თუ ნიადაგი ახალი პოლიტიკური ძალებისთვის?

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართულმა ოცნებამ პარტიული სიით ხმების 54.97% და საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. მაშინდელმა მმართველმა პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხმების 40.34% მიიღო და ოპოზიციაში გადაინაცვლა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოხდა. ამ მოვლენის შემდეგ ორწელიწადნახევარი გავიდა და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებიც ახლოვდება, რომელიც 2016 წლისთვის არის დაგეგმილი. დღევანდელ დღეს პოლიტიკურ არენაზე  ერთმანეთს ორი მთავარი პოლიტიკური ძალა ეჯიბრება და ცდილობს ხალხის მხარდაჭერის მოპოვებასა და შენარჩუნებას. პოლიტიკური შეხედულებების შესახებ გამოკითხვის მონაცემები კი აჩვენებს, რომ შესაძლოა, საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ახალი პოლიტიკური ძალების აღმოცენებისთვის ხელსაყრელი ნიადაგი არსებობდეს. წინამდებარე ბლოგპოსტი აღწერს კოალიცია ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ ხალხის დამოკიდებულების დინამიკას 2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აგვისტომდე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მონაცემებზე დაყრდნობით. ეს მონაცემები საქართველოში მცხოვრები და ქართულ ენაზე მოსაუბრე ზრდასრული (18+) მოსახლეობის წარმომადგენლობითია ეროვნულ დონეზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა, არაპირდაპირ გაზომილი პასუხით კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“, სტაბილური იყო 2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც მოსახლეობის 10% ნაციონალურ მოძრაობას თავის პირველ არჩევანად ასახელებდა. 2012 წლის ნოემბერში მოსახლეობის დაახლოებით 30% მიუთითებდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა მოსწონდა და მას შემდეგ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ვანო მერაბიშვილის მოწონების მაჩვენებელმა კი დაიკლო 28%-დან 2012 წლის ნოემბერში 17%-მდე 2013 წლის ივნისში და არ შეცვლილა ამის შემდეგ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიდან გიგა ბოკერია ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად, ხოლო დავით ბაქრაძე ყველაზე მეტად მოწონებული პოლიტიკოსი იყო.

შენიშვნა: დიაგრამა აჩვენებს მხოლოდ „მომწონს“ პასუხებს.

განსხვავებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობისაგან, კოალიცია ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერა ამ პერიოდის განმავლობაში იცვლებოდა. 2012 წლის ნოემბერში შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პოლიტიკური პარტიის შესახებ კითხვისას მოსახლეობის 63% თავის პირველ არჩევანად კოალიცია ქართულ ოცნებას ასახელებდა. მომდევნო თვეების განმავლობაში ამ რიცხვმა კლება დაიწყო , თუმცა 2013 წლის ნოემბრისთვის კვლავ აიწია. 2014 წლის აპრილში კოალიცია ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერამ კიდევ უფრო მეტად დაიკლო, პირველ არჩევანად იგი მოსახლეობის 42%-მა დაასახელა.

2012 წლის ნოემბერში პარტიის მიმართ მხარდაჭერის მსგავსად, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერების უმრავლესობის მოწონების მაჩვენებლები 60%-ს აღემატებოდა. 2013 წლის დასაწყისში, ამ მაჩვენებლებმა კლება დაიწყო და 2014 წლის აგვისტოში შესამჩნევად შემცირდა. 2012 და 2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო ყველაზე მოწონებული წარმომადგენელი ქართული ოცნებიდან, თუმცა, 2014 წელს იმ ადამიანთა წილი, ვინც მიუთითებდა, რომ ივანიშვილი მოსწონდა, შემცირდა. 2014 წლის აგვისტოში ქართული ოცნებიდან ყველაზე მეტად მოწონებული ირაკლი ალასანია იყო. მას მოჰყვებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილი და დავით უსუფაშვილი.
შენიშვნა: დიაგრამა აჩვენებს მხოლოდ „მომწონს“ პასუხებს. ირაკლი ალასანიას, ირაკლი ღარიბაშვილის და კახა კალაძის შესახებ ეს კითხვა არ დაუსვამთ 2013 წლის ნოემბრამდე. 

გასაკვირი არ არის, რომ მონაცემების მიხედვით, კოალიცია ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ მხარდაჭერა ხალხის მიერ მათი საქმიანობის შეფასების მონაცემებს ჰგავს. 2012 წლის ნოემბერში ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას კარგად მოსახლეობის 14% აფასებდა და ეს მონაცემები ამის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, 2012 წლის ნოემბერში მათ საქმიანობას კარგად მოსახლეობის 65% პროცენტი აფასებდა. ეს რიცხვი მუდმივად მცირდებოდა (გარდა 2013 წლის ნოემბრისა) და 2014 წლის აგვისტოში 23% შეადგინა.  

კიდევ ერთი შესამჩნევი ტენდენცია ეხება მათ, ვინც „არცერთ პარტიას“ „არ ვიცის“, „უარს პასუხზე“ პასუხობს, როდესაც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტიის შესახებ ეკითხებიან. მოსახლეობის უფრო და უფრო დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ არცერთი არსებული პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. 2012 წლის ნოემბერში ამ ადამიანებმა 5%, ხოლო 2014 წლის აგვისტოში 30% შეადგინეს. 2012 წლის ნოემბერში მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი აფიქსირებდა ამ კითხვაზე პასუხს „არ ვიცი“ ან „უარი პასუხზე“. 2014 წლის აგვისტოში ამ რიცხვმა 8%-მდე დაიკლო.

ამრიგად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ მხარდაჭერა სტაბილური და შედარებით დაბალი იყო, ხოლო კოალიცია ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერა თანდათან იკლებდა. 2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული უფრო ნაკლები ადამიანი ერიდებოდა მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფი პოლიტიკური პარტიის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემას და მეტი ამბობდა, რომ ასეთი პარტია არ არსებობს. შესაძლოა ეს მიგნებები მიუთითებდეს, რომ ქართულ პოლიტიკურ არენაზე ახალი პოლიტიკური პარტიებისათვის გაჩნდა სივრცე? შესაძლოა ეს გაზრდილ პოლიტიკურ ნიჰილიზმზე მიგვანიშნებდეს? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარების ნაწილში ან ჩვენს ფეისბუქის გვერდზე.

უფრო მეტი მონაცემები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვებიდან და დეტალური ინფორმაცია მეთოდოლოგიის შესახებ ხელმისაწვდომია აქ. 

სამეზობლოები და მეზობლები საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში

სოფელსა თუ ქალაქში ცხოვრებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს - განსხვავდება ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება, წვდომა საზოგადოებრივ სიკეთეებზე, სერვისებსა და ინფორმაციაზე. ამ ბლოგპოსტის მიზანია, აჩვენოს, თუ როგორი კავშირი აქვთ ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებლებს მეზობლებთან.ბლოგი იყენებს CRRC-საქართველოს მიერ 2014 წელს ჩატარებულ გამოკითხვას „მოხალისეობა და სამოქალაქო მონაწილეობა საქართველოში“, რომელიც დაფინანსებული იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ.

ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი დასახლების სხვადასხვა ტიპს შორის მოცემულ სამეზობლოში ადამიანების ცხოვრების ხანგრძლივობაა. არსებული მონაცემების თანახმად, დედაქალაქსა და სხვა ურბანულ დასახლებებში მაცხოვრებელთა მიერ სამეზობლოს შეცვლა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე სოფლებში. იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ამჟამინდელ სამეზობლოში ექვს წელზე მცირე ხანია, ცხოვრობენ, უფრო მეტია დედაქალაქში (27%), ვიდრე ურბანულ (15%) და სოფლის (8%) ტიპის დასახლებებში. 

ურბანულ გარემოში ცხოვრება სოციალური ქცევის ტრადიციული ფორმების ცვლილებას იწვევს. კერძოდ, არსებული მონაცემებით, მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც დედაქალაქის მიღმა ცხოვრობს, აცხადებს, რომ საკუთარი სამეზობლოს ყველა ოჯახს იცნობს მაშინ, როდესაც დედაქალაქის შემთხვევაში ანალოგიური მაჩვენებელი 34 პროცენტია. მაშინაც კი, თუ შედარებას სამეზობლოში ცხოვრების ხანგრძლივობის მიხედვით გავაკეთებთ, საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, დედაქალაქში იმ ადამიანების რაოდენობა კვლავ გაცილებით მცირეა, ვინც ყველა მეზობელს იცნობს.
შენიშვნა: გრაფიკი ასახავს მხოლოდ ორი უკიდურესი ჯგუფის მონაცემებს - მათი,ვინც მოცემულ სამეზობლოში 5 ან ნაკლები წლის განმავლობაში ცხოვრობენ და მათი, ვინც სამეზობლოში  45 წელზე მეტ ხანს ცხოვრობენ. ინფორმაცია რესპოდენტების შესახებ, რომლებიც თავის სამეზობლოში 6-დან 45 წლის ჩათვლით ცხოვრობენ,დიაგრამაზე წარმოდგენილი არ არის.

დედაქალაქს გარეთ მაცხოვრებლებთან შედარებით, თბილისელები საკუთარ მეზობლებთან უფრო იშვიათად ურთიერთობენ. მაშინ, როდესაც სოფლის მოსახელობის 79% ამბობს, რომ საკუთარ მეზობლებსყოველდღიურად ესაუბრება, ურბანული დასახლებების მცხოვრებთა 63% და თბილისელების მხოლოდ 44% აცხადებს იმავეს.

მეზობლებთან ჩართულობის დაბალი დონე დედაქალაქში შეიძლება, დაკავშირებული იყოს იმ გარემოებასთან, რომ თბილისის მცხოვრებთა დაახლოებით ერთი მესამედი ამჟამინდელ სამეზობლოში ბოლო 5 წლის განმავლობაში გადმოვიდა. თუმცა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო ახსნაა. თქვენს რას ფიქრობთ?

მეზობლებთან და სოციალურ ინტერაქციასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესასწავლად შეგიძლიათ ისარგებლოთ CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდით.