მეთოდოლოგია და მეთოდი

ხშირია შემთხვევები, როდესაც მკვლევრები საკუთარ ნაშრომებში მეთოდოლოგიას და მეთოდს ახსენებენ, თუმცა ყოველთვის გასაგები არ არის, რა იგულისხმება მათში. ეს ორი ცნება ზოგჯერ სინონიმად აღიქმება, ან ურთიერთჩანაცვლებით გამოიყენება. შესაძლოა გაჩნდეს მრავალი კითხვა, მაგალითად: გამოკითხვა კვლევის ერთ-ერთი მეთოდია, თუ მეთოდოლოგია?  რა განსხვავებაა მათ შორის? რას გულისხმობს თითოეული მათგანი?

ნებისმიერი კვლევა მეთოდოლოგიას ეყრდნობა და გარკვეულ მეთოდებს იყენებს. მეთოდოლოგია უფრო ფართო ცნებაა და  მის ფარგლებში შესაძლოა ერთი ან რამდენიმე მეთოდი მოიაზრებოდეს. ის არის ერთგვარი მიდგომა საკვლევი საგნისადმი, რომელიც განსაზღვრავს კვლევის მთელ პროცესს, კერძოდ კი იმას, თუ რა მეთოდებს გამოვიყენებთ, როგორ დავამუშავებთ და გავაანალიზებთ მიღებულ მონაცემებს და ა.შ. რაც შეეხება მეთოდს, ეს არის ის კონკრეტული გზა, რომელსაც ავირჩევთ კვლევის ობიექტის შესასწავლად. მოკლედ რომ ვთქვათ, მეთოდოლოგია წარმოადგენს თეორიული პრინციპების და წესების ერთობლიობას; ხოლო მეთოდი მიზნის მისაღწევი კონკრეტული პრაქტიკული ხერხია, რომელიც მოიცავს წინასწარ განსაზღვრულ თანმიმდევრულ ნაბიჯებს.

სოციალურ მეცნიერებებში ძირითადად, ორი სახის მეთოდოლოგია არსებობს  - რაოდენობრივი და თვისებრივი. პირველ შემთხვევაში საქმე რიცხვებთან და საკვლევი საგნის რაოდენობრივ გაზომვასთან გვაქვს, მეორე შემთხვევაში კი, უპირატესობა სიტყვებს და თვისებრივ მონაცემებს ენიჭება. რაოდენობრივი მეთოდოლოგიის ფარგლებში შეგვიძლია განვიხილოთ კლასიკური ექსპერიმენტის მეთოდი, რომლის შედეგადაც ინფორმაციას რიცხვების სახით ვიღებთ. ხოლო თვისებრივი მეთოდოლოგიის შემთხვევაში კარგი მაგალითია ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდი. მისი გამოყენებით ინფორმაციას ვიღებთ ტექსტის და სიტყვების სახით. ერთი კვლევის ფარგლებში შესაძლებელი არის ორივე მეთოდოლოგიის გამოყენება, ვინაიდან ისინი ურთიერთშემავსებელია. მაგალითად,  თუ საკითხი არ არის კარგად შესწავლილი, შეგვიძლია თვისებრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩავატაროთ ჩაღრმავებული ინტერვიუ, რომლის საფუძველზეც შევიმუშავებთ კითხვარს და ჩავატარებთ რაოდენობრივ კვლევას.

განსხვავება მეთოდოლოგიასა და მეთოდს  შორის უფრო გასაგები რომ გახდეს, შეგვიძლია ისინი ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიტუაციას შევადაროთ. მაგალითად, განვიხილოთ წონის დაკლების ორი “მეთოდოლოგია” - ფიზიკური დატვირთვა და დიეტა. თუ თქვენ უპირატესობას ფიზიკურ დატვირთვას მიანიჭებთ, მაშინ ისეთ მეთოდებს გამოიყენებთ, როგორიცაა აერობიკა, ცურვა, სირბილი და ა.შ. დიეტის შემთხვევაში კი  სხვადასხვა ტიპის კვებით შეზღუდვას (“უგულავას დიეტა“, კალორიების დათვლა, წიწიბურას დიეტა და ა.შ) აირჩევთ.  წონის დაკლება შესაძლებელია აგრეთვე ფიზიკური დატვირთვის და დიეტის შეთავსებით, რაც შერეული მეთოდოლოგიის მაგალითს წარმოადგენს.

კვლევის მეთოდოლოგიასა და მეთოდ(ებ)ს შორის არსებული განსხვავებები კარგადაა ახსნილი სხვადსხვა სამეცნიერო ნაშრომში, მაგალითად, The practice of social research by Babbie, Earl R., რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენს ბიბლიოთეკაში. ასევე, დამატებითი ლიტერატურა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

დაბოლოს, მიღებული ინფორმაციის შემდეგ, როგორ პასუხს გასცემდით პოსტის დასაწყისში დასმულ კითხვას - გამოკითხვა კვლევის ერთ-ერთი მეთოდია, თუ მეთოდოლოგია? რატომ?

ნინო ქერქაძე
ირინა ვარდანაშვილი
ცისანა ხუნდაძე