განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?

მრავალი მკვლევარი მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონეს დიდი გავლენა აქვს მათი შვილების განათლებაზე, ვინაიდან მშობლები მათთვის მაგალითის მიმცემები და პირველი მასწავლებლები არიან. Gratz-ის მიხედვით, უფრო მოსალოდნელია, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუ მათ მშობლებს განათლების მაღალი დონე აქვთ, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც განათლების დაბალი დონე აქვთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის განათლებას აქვს მეტი მნიშვნელობა, დედის თუ მამის. თუმცა, უფრო და უფრო მეტი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ორივე მშობელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შვილის განათლებაზე.
წინამდებარე ბლოგ პოსტი ეფუძნება საქართველოში მოხალისეობისა და სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ 2014 წლის აპრილ-მაისში სი-არ-არ-სი-საქართველოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებს. ამ კვლევის შედეგები მშობლებისა და შვილების განათლებას შორის კორელაციის დადგენის შესაძლებლობას გვაძლევს.
აღნიშნული გამოკითხვა სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს მონაცემებს შემდეგზე:
  • რესპონდენტის მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალი საფეხური;
  • რესპონდენტის მამის მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალი საფეხური;
  • რესპონდენტის დედის მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალი საფეხური;
  • რესპონდენტის ცოდნის დონე რუსულ და ინგლისურ ენებში და
  • რესპონდენტის ცოდნის დონე კომპიუტერში (Microsoft Office-ის პროგრამები, თამაშების გარდა).

ამ ბლოგ პოსტისთვის ჩატარებული ანალიზის დროს მონაცემები არ შეწონილა.
როგორც უკვე არსებული კვლევებიდან იყო მოსალოდნელი, საქართველოში მოხალისეობისა და სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ ძლიერი კორელაცია არსებობს ინდივიდის დედისა და მამის განათლების დონეებს შორის. ამასთანავე, კორელაცია მშობლის განათლების დონესა და შვილის განათლების დონეს შორის მხოლოდ საშუალო სიძლიერისაა. რესპონდენტის განათლების კორელაცია მამის განათლების დონესთან მცირედით უფრო მეტია, ვიდრე დედის განათლების დონესთან. თუმცა, შვილის განათლების დონის კორელაცია როგორც დედის, ასევე მამის განათლების დონესთან მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც მეორე მშობლის განათლების დონეს ვაკონტროლებთ.

რესპონდენტის განათლების დონე
მამის განათლების დონე
დედის განათლების დონე
ბივარიაციული კორელაციები (სპირმენის r)
მამის განათლების დონე
0.451
1.000
-
დედის განათლების დონე
0.389
0.701
1.000
ორივე მშობლის გაერთიანებული განათლების დონე*
0.445
-
-
ნაწილობრივი კორელაცია, მეორე მშობლის განათლების დონის გაკონტროლებით
მამის განათლების დონე
0.242
-
-
დედის განათლების დონე
0.107
-
-
შენიშვნა: ყველა შემთხვევაში p<0.01*განათლების დონე რიგის სკალაზეა გაზომილი და მისი მნიშვნელობა 1-დან 8-მდე იცვლება (1 – „დაწყებითი განათლების გარეშე”, 2 – „დაწყებითი განათლება”, 3 – „არასრული საშუალო განათლება”, 4 – „სრული საშუალო განათლება”, 5 – „საშუალო ტექნიკური/საშუალო სპეციალური განათლება”, 6 – „არასრული უმაღლესი განათლება”, 7 – „უმაღლესი განათლება”, 8 – „სამეცნიერო ხარისხი”). ორივე მშობლის გაერთიანებული განათლების დონის მისაღებად, დედის და მამის განათლების დონეები დაჯამდა (მაგალითად, თუ დედას საშუალო ტექნიკური განათლება ჰქონდა - კოდი 5, ხოლო მამას - სრული საშუალო - კოდი 4, ორივეს დონე შეიკრიბა და მივიღეთ კოდი 9 გაერთიანებულ განათლების დონეზე). გაერთიანებული ცვლადი 2-დან 16-მდე იცვლება და რაც უფრო მაღალია კოდი, მით უფრო მაღალია ორივე მშობლის განათლება და პირიქით.

წინამდებარე დიაგრამა აჩვენებს, რომ როდესაც ერთ-ერთ მშობელს მაინც აქვს უმაღლესი განათლება, სტატისტიკურად უფრო მეტადაა მოსალოდნელი, რომ შვილსაც უმაღლესი განათლება ჰქონდეს, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ. ამას ადასტურებს Kruskal-Wallis-ის ტესტი.

*რესპონდენტის მიერ მიღებული განათლების უმაღლესი დონის შესახებ გამოკითხვაში დასმული კითხვა გადაიკოდა. პასუხის ვარიანტები „დაწყებითი განათლების გარეშე”, „დაწყებითი განათლება”, „არასრული საშუალო განათლება” და „სრული საშუალო განათლება” გაერთიანდა პასუხში „საშუალო ან უფრო დაბალი განათლება”; პასუხის ვარიანტები „არასრული უმაღლესი განათლება”, „უმაღლესი განათლება” და სამეცნიერო ხარისხი” - პასუხში „უმაღლესი განათლება”.
**რესპონდენტის მშობლების მიერ მიღწეული განათლების უმაღლესი საფეხურის შესახებ საწყისი ცვლადები გადაიკოდა ერთ ცვლადად - „მშობლების განათლება”, რომელიც მოიცავს მშობლების განათლების დონის ყველა კომბინაციას: (1) ორივე მშობელს აქვს უმაღლესი განათლება; (2) ორივე მშობელს აქვს საშუალო ან უფრო დაბალი განათლება; (3) მამას აქვს უმაღლესი, ხოლო დედას საშუალო ტექნიკური ან უფრო დაბალი განათლება; (4) დედას აქვს უმაღლესი, ხოლო მამას საშუალო ტექნიკური ან უფრო დაბალი განათლება.

რაც შეეხება ინდივიდის მიერ უცხო ენებისა და კომპიუტერის ცოდნას  (Microsoft Office-ის პროგრამები, თამაშების გარდა), რესპონდენტები, რომელთა მშობლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ, ცოდნის უფრო მაღალ დონეზე მიუთითებენ, ვიდრე რესპონდენტები, რომელთა მშობლების განათლების დონე უფრო დაბალია. გასაკვირი არ არის, რომ კომპიუტერის ცოდნის დონე უფრო მაღალია, როდესაც ორივე მშობელს უმაღლესი განათლება აქვს, ვიდრე მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთ მშობელს აქვს უმაღლესი განათლება. აღსანიშნავია, რომ როდესაც მხოლოდ ერთ მშობელს აქვს უმაღლესი განათლება, ინგლისური ენის ცოდნის დონე უფრო მაღალია, როდესაც ეს მშობელი დედაა და არა მამა. Mann-Whitney-ის ტესტი აჩვენებს, რომ ეს განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. 

ამრიგად, მონაცემები ადასტურებს, რომ მშობლების განათლების დონეებს შორის კორელაცია ძლიერია, ხოლო რესპონდენტის განათლების დონის კორელაცია დედის და მამის განათლების დონესთან საშუალო სიძლიერისაა. მონაცემები მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონე ყველაზე ძლიერად შვილის განათლებასთან მაშინაა დაკავშირებული, როდესაც მათ ერთად განვიხილავთ. რესპონდენტის განათლება უფრო მაღალია, როდესაც ერთ-ერთ მშობელს მაინც აქვს უმაღლესი განათლება მიუხედავად იმისა, დედაა ეს მშობელი თუ მამა. იგივე ტენდენციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ენებისა (ინგლისური და რუსული) და კომპიუტერის (Microsoft Office-ის პროგრამები, თამაშების გარდა) ცოდნას განვიხილავთ. უმაღლესი განათლების მქონე დედის შვილები ინგლისურის უკეთ ცოდნაზე მიუთითებენ.
მშობლის განათლებასა და შვილის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის გაეცანით ადრინდელ ბლოგ პოსტებს:  A taxi driver’s tale, Part 1 და Part 2. ასევე, ეწვიეთ CRRC-ის ონლაინ ანალიზის ვებგვერდს.