ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეხუთე პოსტი

2002 წლის ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია. ეს პოსტი მიმოიხილავს კავშირს ქართველების მიერ ბედნიერების პირობით აღქმასა და სოციალური კავშირების სიძლიერის ზოგიერთ მახასიათებელს შორის, 2014 წლის „მოხალისეობა და სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში“ კვლევის გამოყენებით, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
მეტი სიმარტივისთვის, ბლოგ პოსტში ის ადამიანები, რომლებიც თავს ბედნიერად აღიქვამენ, ჩავანაცვლეთ ტერმინით „ბედნიერი“ ადამიანები, ხოლო ისინი, ვინც თავს უბედურებად მიიჩნევს - ტერმინით „უბედური“ ადამიანები.

საგრძნობი განსხვავებაა (31%) იმ ბედნიერ და უბედურ ადამიანებს შორის, რომლებსაც ახალ ადამიანებთან შეხვედრა სიამოვნებთ. მათი პროცენტული რაოდენობა, შესაბამისად, 80% და 49%-ის ტოლია.
 შენიშვნა: ორივე შეკითხვაზე პასუხის გასაცემად 10-ქულიანი სკალა იყო გამოყენებული. კითხვაზე „რამდენად ბედნიერი ხართ?“ კოდი 1 შეესაბამებოდა „ძალიან უბედურს“, ხოლო კოდი 10 „ძალიან ბედნიერს“. ანალიზისთვის, თავდაპირველი სკალა დაჯგუფდა შემდეგნაირად: კოდები 1-4 შეესაბამება „უბედურს“, 5 და 6 – „არც ბედნიერს და არც უბედურს“, ხოლო კოდები 7-10 „ბედნიერს“. ანალოგიურად დაჯგუფდა მეორე კითხვის პასუხებიც.

უბედურებთან შედარებით, ბედნიერები უფრო ხშირად ამბობენ, რომ ბევრი ადამიანი არსებობს, ვისი იმედიც შეუძლიათ, ჰქონდეთ გასაჭირში. ბედნიერი ქართველების 61%, ხოლო უბედურების მხოლოდ 29% ამბობს, რომ მათ გარშემო ასეთი ადამიანები ჰყავთ. მსგავსი ტენდენციაა, როდესაც ადამიანებს ეკითხებიან „ავად რომ გახდეთ, არიან თუ არა ისეთი ადამიანები, თქვენი ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც მოგხედავენ და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იზრუნებენ თქვენზე?“ ბედნიერების 79%, ხოლო უბედური ადამიანების 60% ადასტურებს მათ გარშემო ასეთი ადამიანების არსებობას.

 ბედნიერი ადამიანების 77%, ხოლო უბედურების 51% ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში დაეხმარნენ „მეზობელს ან მეგობარს საოჯახო საქმეში ან ბავშვის მოვლაში“. გასაკვირი არაა, რომ ბედნიერი ქართველების 70%, ხოლო უბედურების მხოლოდ 38% ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების გარდა, „ბევრი ადამიანი არსებობს, ვისაც შეიძლება გამოადგნენ.“
მიუხედავად იმისა, რომ ბლოგ პოსტში სოციალური კავშირების ყოვლისმომცველი საზომი არ არის გამოყენებული, შედეგები გვიჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებიც თავს ბედნიერად აღიქვამენ, უფრო ძლიერი სოციალური კავშირები აქვთ უბედურ ადამიანებთან შედარებით. შესაბამისად, იმ კვლევების შედეგები, რომლებიც ბლოგ პოსტის დასაწყისშია მითითებული ზუსტად ეხმიანება ქართულ რეალობას.


სამხრეთ კავკასიაში ბედნიერებაზე უფრო მეტი ინფორმაციისთვის, გაეცანით ბლოგ პოსტს „ბედნიერება საქართველოში“ ან მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემის გამოყენებით.

მარიამ ლონდარიძე

სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის აღქმა

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეოთხე პოსტი

ანგარიშვალდებული სასამართლოს უზრუნველსაყოფად და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია გამჭვირვალე სასამართლოების არსებობა. საქართველოს ორგანული კანონის უახლესი ვერსია საერთო სასამართლოების შესახებ, 2013 წელს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის შემდეგ, მიზნად ისახავს სასამართლო გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. დღესდღეობით სასამართლო ვალდებულია, სასამართლო სხდომები ჩაწეროს და მოთხოვნის შესაბამისად ჩანაწერები ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს. ამასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება აქვს, ჩაწეროს და ტელევიზიით გადმოსცეს სასამართლო სხდომები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სასამართლო სხდომა ნაწილობრივ ან მთლიანად დახურულია; ასევე, ჩანაწერები მოთხოვნის შემთხვევაში მედიის სხვა წარმომადგენლებს მიაწოდოს. კანონი ასევე ითვალისწინებს უფლებას, რომ როგორც დაცვისა და ბრალდების მხარეს, ასევე სხდომაზე დამსწრე ნებისმიერ პირს შეეძლოს სასამართლო სხდომის ჩაწერა.
იმის დასადგენად, თუ რამდენად მუშაობს სასამართლო სხდომის განმავლობაში ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩაწერის შესახებ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 ქართული მედია საშუალება გამოკითხა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სასამართლო სხდომები საქართველოში ნამდვილად გამჭვირვალეა, რადგან კანონთან ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი ყველა მედია საშუალების მიმართვა, მიეღოთ სასამართლოს სხდომის ჩანაწერი, დაკმაყოფილდა.
არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ეს ბლოგი აჩვენებს, თუ როგორ აღიქვამენ საქართველოს მოქალაქეები სასამართლოს გამჭვირვალობას და ამისთვის იყენებს CRRC-ის 2014 წლის გამოკითხვას „მართლმსაჯულების სისტემისადმი დამოკიდებულება საქართველოში, 2014“, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მიერ.

რესპონდენტებს ეკითხებოდნენ, მათი აზრით, რამდენად გამჭვირვალე იყო სასამართლო პროცესები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე  და ამის შემდეგ. მხოლოდ 13%-მა განაცხადა, რომ სასამართლოები 2012 წლამდე გამჭირვალე იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც მხოლოდ სასამართლოს ჰქონდა ჩაწერისა და სტენოგრაფირების უფლებამოსილება და მოსამართლეს შეეძლო, „მოტივირებული გადაწყვეტილებით“ ესეც აეკრძალა. 2012 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის იგივე პასუხი გასცა რესპონდენტთა 34%-მა.

შენიშვნა: პასუხები კითხვაზე „რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ სასამართლო პროცესები გამჭვირვალეა საქართველოში?“ კითხვარში გამოყენებული 10-ბალიანი სკალიდან გადაიკოდა 3-ბალიან სკალად, სადაც თავდაპირველი ვარიანტები 1-დან 4-ის ჩათვლით დაჯგუფდა კატეგორიაში „არ ვეთანხმები“, ვარიანტები 5 და 6 - კატეგორიაში „არც ვეთანხმები, არც არ ვეთანხმები“, ვარიანტები 7-დან 10-ის ჩათვლით - კატეგორიაში „ვეთანხმები“.

დამოკიდებულებათა შორის განსხვავება დასახლების ტიპის მიხედვითაც ნათლად ჩანს. თბილისის მაცხოვრებელთა მხოლოდ 7%, სხვა ქალაქების მოსახლეობის 13% და სოფლის მაცხოვრებელთა 17% თვლის, რომ 2012 წლამდე სასამართლოები გამჭვირვალე იყო.

სასამართლო გამჭვირვალობის აღქმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მსგავსად გადანაწილდა: დედაქალაქის მაცხოვრებლების 20%, სხვა ქალაქების მცხოვრებთა 33% და სოფლის მოსახლეობის 44% ეთანხმება მოსაზრებას, რომ სასამართლო პროცესები გამჭვირვალე იყო. აღმოჩნდა, რომ სოფლის მოსახლეობას ყველაზე მეტად სჯერა სასამართლოების გამჭვირვალების. თუმცა, როგორც ცნობილია, სოფლის მოსახლეობა ინსტიტუტების მიმართ ყოველთვის შედარებით მეტი ნდობით გამოირჩევა.

 ამრიგად, საქართველოში ხალხის მიერ სასამართლოს გამჭვირვალობის აღქმა, ასევე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მდგომარეობა განსხვავებულად ფასდება. თუმცა, ორივე შემთხვევაში (არჩევნებამდე და მის შემდეგ) ამ საკითხზე სოფლისა და ქალაქის მოსახლეობას ძალიან განსხვავებული შეხედულებები აქვს.
გამოკითხვის „მართლმსაჯულების სისტემისადმი დამოკიდებულება საქართველოში, 2014“ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გადახედეთ მონაცემებს აქ.
მარი მეხრიშვილი

განქორწინება რთული გასამართლებელია

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი

UNDP-ის 2013 წლის კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ. ამ მოსაზრებების ფონზე გაკვირვებას არ იწვევს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევის შედეგებიც, სადაც ფოკუს ჯგუფების მონაწილე ქალები განქორწინებას ახასიათებდნენ როგორც „კატასტროფას“ და „ქვეყნის დასასრულს“ და საუბრობდნენ განქორწინების შემდეგ ოჯახში დაბრუნებული ქალის სირცხვილზე, ასევე მეზობლებისა და ნათესავების უარყოფით დამოკიდებულებაზე. ფოკუს ჯგუფის მდედრობითი სქესის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ქალმა განქორწინებას თავი უნდა აარიდოს, თუ მის მიმართ ძალადობა აუტანელ მასშტაბებს არ მიაღწევს. ამ დამოკიდებულების საპირისპიროდ, საქართველოში 2006 წლიდან 2014 წლამდე განქორწინებათა ოფიციალური რიცხვი  იზრდებოდა. ეს ბლოგ პოსტი განიხილავს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას განქორწინების მიმართ CRRC-ის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით. იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ცვალებადი ღირებულებები ახალგაზრდებში, რომლებიც „ბრმად აღარ მიჰყვებიან ტრადიციებს“ და „ვეღარ იტანენ ქმრებისგან იმავეს, რასაც მათი ბებიები და დედები იტანდნენ თავის დროზე“, წინამდებარე ბლოგ პოსტი ყურადღებას ახალგაზრდა ქართველების მოსაზრებებზეც ამახვილებს.

საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი განქორწინებას გაუმართლებლად მიიჩნევს და ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვან ცვლილებას არ განიცდის 2011 წლიდან 2013 წლამდე. ეროვნული მასშტაბით ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავება მცირეა და ნდობის ინტერვალის ფარგლებში ექცევა ისევე, როგორც განსხვავება მამაკაცებისა და ქალების პოზიციებს შორის. თუმცა, განსხვავებული მდგომარეობაა დასახლების ტიპის მიხედვით განხილულ მონაცემებში - მნიშვნელოვანი განსხვავება შეინიშნება დედაქალაქისა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის მოსაზრებებს შორის. დედაქალაქის მკვიდრნი განქორწინებისადმი გაცილებით უფრო მაღალ შემწყნარებლობას გამოხატავენ, ვიდრე სხვა ქალაქებისა თუ სოფლის ტიპის დასახლების მაცხვორებლები.


შენიშვნა: კითხვისათვის „რამდენად გამართლებულია ან არ არის გამართლებული განქორწინება?“ პასუხის ვარიანტები ამ და მომდევნო დიაგრამისთვის ათქულიანი შკალიდან დაჯგუფდა სამქულიან შკალად. 1-დან 4-მდე პასუხები შეესაბამება კატეგორიას - „არ არის გამართლებული“, 5 და 6 – „ზოგჯერ გამართლებულია“ ხოლო 7-დან 10-მდე - „გამართლებულია“.

ქვემოთ ნაჩვენებ დიაგრამაზე ასახულია სხვადასხვა ტიპის დასახლების მცხოვრებთა მოსაზრებები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. დედაქალაქის მაცხოვრებელთა მოსაზრებები ყველა ასაკობრივ ჯგუფში საგრძნობლად განსხვავდება სხვა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობისგან. ამასთან, ახალგაზრდა და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის აზრთა სხვაობა ძალიან გამოკვეთილია დედაქალაქში მაშინ, როცა განსხვავება უმნიშვნელოა სხვა დასახლებებში. ზემოხსენებულიდან გამომდინარე შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ განქორწინებისადმი შემწყნარებლობა უფრო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნების საცხოვრებელ ადგილზე, ვიდრე მის ასაკზე. თუმცა, ფაქტია, რომ ასაკიც მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება რიგ შემთხვევებში.

საერთო ჯამში, განქორწინებისადმი შეუწყნარებლობა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია და მოსახლეობის ნახევარზე მეტი მას გაუმართლებლად მიიჩნევს. დედაქალაქის მაცხოვრებლების შეხედულებები საგრძნობლად განსხვავდება სოფლისა და სხვა ქალაქების მოსახლეობის მოსაზრებებისგან, ყველაზე ტოლერანტულ ჯგუფად კი დედაქალაქის ახალგაზრდა თაობა გვევლინება. მიუხედავად წინა კვლევის შედეგებისა, სადაც ახალგაზრდები „ბრმად აღარ მიჰყვებიან ტრადიციებს“, ეს მტკიცება კავკასიის ბარომეტრის მიხედვით, მხოლოდ დედაქალაქში მართლდება, რადგანაც თბილისს გარეთ მცხოვრები მოსახლეობა განქორწინების მიმართ ძირითადად ნეგატიურად არის განწყობილი.
კავკასიის ბარომეტრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ CRRC-ის ონლაინ ანალიზის ვებგვერდს.


მაია კომახიძე