განქორწინება რთული გასამართლებელია

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი

UNDP-ის 2013 წლის კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ. ამ მოსაზრებების ფონზე გაკვირვებას არ იწვევს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევის შედეგებიც, სადაც ფოკუს ჯგუფების მონაწილე ქალები განქორწინებას ახასიათებდნენ როგორც „კატასტროფას“ და „ქვეყნის დასასრულს“ და საუბრობდნენ განქორწინების შემდეგ ოჯახში დაბრუნებული ქალის სირცხვილზე, ასევე მეზობლებისა და ნათესავების უარყოფით დამოკიდებულებაზე. ფოკუს ჯგუფის მდედრობითი სქესის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ქალმა განქორწინებას თავი უნდა აარიდოს, თუ მის მიმართ ძალადობა აუტანელ მასშტაბებს არ მიაღწევს. ამ დამოკიდებულების საპირისპიროდ, საქართველოში 2006 წლიდან 2014 წლამდე განქორწინებათა ოფიციალური რიცხვი  იზრდებოდა. ეს ბლოგ პოსტი განიხილავს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას განქორწინების მიმართ CRRC-ის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით. იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ცვალებადი ღირებულებები ახალგაზრდებში, რომლებიც „ბრმად აღარ მიჰყვებიან ტრადიციებს“ და „ვეღარ იტანენ ქმრებისგან იმავეს, რასაც მათი ბებიები და დედები იტანდნენ თავის დროზე“, წინამდებარე ბლოგ პოსტი ყურადღებას ახალგაზრდა ქართველების მოსაზრებებზეც ამახვილებს.

საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი განქორწინებას გაუმართლებლად მიიჩნევს და ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვან ცვლილებას არ განიცდის 2011 წლიდან 2013 წლამდე. ეროვნული მასშტაბით ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავება მცირეა და ნდობის ინტერვალის ფარგლებში ექცევა ისევე, როგორც განსხვავება მამაკაცებისა და ქალების პოზიციებს შორის. თუმცა, განსხვავებული მდგომარეობაა დასახლების ტიპის მიხედვით განხილულ მონაცემებში - მნიშვნელოვანი განსხვავება შეინიშნება დედაქალაქისა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის მოსაზრებებს შორის. დედაქალაქის მკვიდრნი განქორწინებისადმი გაცილებით უფრო მაღალ შემწყნარებლობას გამოხატავენ, ვიდრე სხვა ქალაქებისა თუ სოფლის ტიპის დასახლების მაცხვორებლები.


შენიშვნა: კითხვისათვის „რამდენად გამართლებულია ან არ არის გამართლებული განქორწინება?“ პასუხის ვარიანტები ამ და მომდევნო დიაგრამისთვის ათქულიანი შკალიდან დაჯგუფდა სამქულიან შკალად. 1-დან 4-მდე პასუხები შეესაბამება კატეგორიას - „არ არის გამართლებული“, 5 და 6 – „ზოგჯერ გამართლებულია“ ხოლო 7-დან 10-მდე - „გამართლებულია“.

ქვემოთ ნაჩვენებ დიაგრამაზე ასახულია სხვადასხვა ტიპის დასახლების მცხოვრებთა მოსაზრებები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. დედაქალაქის მაცხოვრებელთა მოსაზრებები ყველა ასაკობრივ ჯგუფში საგრძნობლად განსხვავდება სხვა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობისგან. ამასთან, ახალგაზრდა და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის აზრთა სხვაობა ძალიან გამოკვეთილია დედაქალაქში მაშინ, როცა განსხვავება უმნიშვნელოა სხვა დასახლებებში. ზემოხსენებულიდან გამომდინარე შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ განქორწინებისადმი შემწყნარებლობა უფრო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნების საცხოვრებელ ადგილზე, ვიდრე მის ასაკზე. თუმცა, ფაქტია, რომ ასაკიც მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება რიგ შემთხვევებში.

საერთო ჯამში, განქორწინებისადმი შეუწყნარებლობა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია და მოსახლეობის ნახევარზე მეტი მას გაუმართლებლად მიიჩნევს. დედაქალაქის მაცხოვრებლების შეხედულებები საგრძნობლად განსხვავდება სოფლისა და სხვა ქალაქების მოსახლეობის მოსაზრებებისგან, ყველაზე ტოლერანტულ ჯგუფად კი დედაქალაქის ახალგაზრდა თაობა გვევლინება. მიუხედავად წინა კვლევის შედეგებისა, სადაც ახალგაზრდები „ბრმად აღარ მიჰყვებიან ტრადიციებს“, ეს მტკიცება კავკასიის ბარომეტრის მიხედვით, მხოლოდ დედაქალაქში მართლდება, რადგანაც თბილისს გარეთ მცხოვრები მოსახლეობა განქორწინების მიმართ ძირითადად ნეგატიურად არის განწყობილი.
კავკასიის ბარომეტრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ CRRC-ის ონლაინ ანალიზის ვებგვერდს.


მაია კომახიძე

No comments:

Post a Comment