საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეორე პოსტი

1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა  მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა). მგა-ს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ელექტრონული მთავრობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მას შემდეგ სახელმწიფომ ელექტრონული მთავრობის პროექტების მნიშვნელოვანი რიცხვი განახორციელა, მათ შორის my.gov.ge, hr.gov.ge, eauction.ge, rs.ge. საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, პროგრესი აშკარაა. გაეროს  ელექტრონულ მთავრობათა განვითარების მაჩვენებლის თანახმად, საქართველო 2012 წელს 72-ე ადგილიდან 2014 წელს 56-ადგილზე ავიდა.

ელექტრონული მთავრობა საქართველოში, რა თქმა უნდა, გააგრძელებს განვითარებას, მაგრამ ამავდროულად ის სასარგებლო და ეფექტური უნდა იყოს, რაც გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც მთავრობა ავითარებს და აუმჯობესებს თავის ციფრულ მომსახურებას და კომუნიკაციას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, მოსახლეობის დიდ ნაწილს - პოტენციურ ელექტრონულ მოქალაქეებს კომპიუტერის გამოყენების ისევე, როგორც ინტერნეტით სარგებლობის ცოდნა აკლია. კავკასიის ბარომეტრის (კბ) 2013 წლის გამოკითხვის მონაცემთა მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს (52%) კომპიუტერის გამოყენების საბაზისო ცოდნაც კი არ გააჩნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით ეს ადამიანები ვერ სარგებლობენ ელექტრონული მთავრობის მომსახურებით ან სამთავრობო ორგანოებთან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ინტერნეტის მეშვეობით. ელექტრონული მთავრობა კომპიუტერის მეტ-ნაკლებად გამოცდილი მომხმარებლების გარეშე დიდწილად მოსახლეობის გარეშე მთავრობას ჰგავს - მისი არსებობა აზრს მოკლებულია, სანამ არ იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ამ მომსახურებისგან სარგებელს მიიღებენ. წინამდებარე ბლოგ პოსტი ყურადღებით შეისწავლის საქართველოში ელექტრონული მთავრობის პოტენციალსა და პერსპექტივას კომპიუტერის ცოდნის თვითშეფასებული დონის გათვალისწინებით ასაკისა და დასახლების ტიპის მიხედვით.  

გამომდინარე იმ გავრცელებული აზრიდან, რომ ახალგაზრდებს ტექნიკასთან კარგი დამოკიდებულება აქვთ მაშინ, როდესაც უფროს თაობას უჭირს მისი გამოყენება, შესაძლოა, იფიქროთ, რომ უფროსი თაობა საზოგადოების ერთადერთი ჯგუფია, რომელსაც კომპიუტერის საბაზისო ცოდნა არ გააჩნია. კბ მონაცემები გარკვეულწილად ადასტურებს ამ ვარაუდს, 56 წლის და მეტი ასაკის ადამიანთა 86 პროცენტს კომპიუტერის ცუდი ან საერთოდ არანაირი ცოდნა აქვს. ამავე მონაცემების თანახმად, 18-35 წლის ასაკის ადამიანთა 24% არ აქვს კომპიუტერის გამოყენების საბაზისო ცოდნა. თუმცა, ამ ასაკობრივ ჯგუფში უმრავლესობას (76%) კომპიუტერის გარკვეული ცოდნა აქვს, მათგან 14 პროცენტს - მხოლოდ დაწყებითი. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდებს, ალბათ, უფრო შეუძლიათ ელექტრონული მთავრობის მომსახურების გამოყენება უფროსი ასაკის მოსახლეობასთან შედარებით.


შენიშვნა: შეკითხვა კომპიუტერის ცოდნის თაობაზე დასმული კომპიუტერული პროგრამების ცოდნის (თამაშების გარდა) დონის შესახებ. ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ წინამდებარე ბლოგ პოსტში წარმოდგენილი ანალიზიდან ამოღებულია.


ასაკის გარდა, კომპიუტერის ცოდნა ასევე განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით. კბ 2013-ის თანახმად, ქალაქების (დედაქალაქის გარდა) მოსახლეობის თითქმის ნახევარმა (46%) და სოფლის მოსახლეობის 67 პროცენტმა  არ იცის კომპიუტერის გამოყენება დედაქალაქის მაცხოვრებელთა 31%-თან შედარებით. ინტერნეტის ხელმისაწვდომობის განაწილებაც მსგავსია. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად 2013 წელს საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა შესახებ, 434 969 საკაბელო ინტერნეტის აბონენტთა შორის 2013 წელს 273 396 თბილისის ფარგლებში იყო. მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი მხოლოდ 42 198 აბონენტით. საქსტატის თანახმად, 2013 წელს თბილისის მოსახლეობა 1 171 200 ადამიანს შეადგენდა მაშინ, როდესაც იმერეთის მოსახლეობა 703 900 იყო. შესაბამისად, თბილისს დაახლოებით 233 საკაბელო ინტერნეტის აბონენტი ჰყავდა 1000 მაცხოვრებელზე, იმერეთის 60 აბონენტისგან განსხვავებით. შედეგად, ელექტრონული მთავრობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სამუშაოს უზარმაზარ წილს ცოდნის გავრცელება და სოფლებსა და ქალაქებში (დედაქალაქის ფარგლებს გარეთ) ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დედაქალაქის მაცხოვრებლებს უფრო ადვილად შეუძლიათ სამთავრობო ორგანოებთან კომუნიკაცია ან მომსახურების მიღება სამინისტროებსა და სააგენტოებში მისვლით, მაგრამ დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ნაკლები არჩევანი აქვთ.
მიუხედავად ამისა, ყველანაირი ტიპის დასახლებაში 18-35 წლის ადამიანებს კომპიუტერის უფრო უკეთესი ცოდნა აქვთ, ვიდრე 36 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს. დედაქალაქში ახალგაზრდების მხოლოდ 11% არ გააჩნია კომპიუტერის ცოდნა, დედაქალაქის ფარგლებს გარეთ ქალაქის დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდების 13%-თან და სოფლის დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდების 43%-თან შედარებით. და მაინც, ყველა ტიპის დასახლებაში კომპიუტერის ცოდნა ასაკის მატებასთან ერთად კლებულობს.

წინამდებარე ბლოგ პოსტმა გააანალიზა საქართველოში ელექტრონული მთავრობის გამოყენების პოტენციალი მოსახლეობის მიერ კომპიუტერის (თვითდასახელებული) ცოდნის გათვალისწინებით. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ უფროსმა თაობამ ზოგადად ნაკლები იცის კომპიუტერის შესახებ და, შესაბამისად, ელექტრონული მთავრობის მიერ მოწოდებულ მომსახურებაზე ნაკლებად მიუწვდება ხელი, ახალგაზრდა თაობას ხშირად აქვს კომპიუტერის საკმარისი ცოდნა ამ მომსახურების გამოყენებისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ დროთა განმავლობაში ეს ახალგაზრდა თაობა ჩაანაცვლებს უფროს თაობას, აშკარაა, რომ მომავალში კომპიუტერის ცოდნის ამაღლებასთან ერთად ელექტრონულ მთავრობას საქართველოში უფრო ფართო გამოყენება ექნება. მიუხედავად ამისა, დედაქალაქთან შედარებით სხვა ქალაქებში და განსაკუთრებით სოფლებში მოსახლეობას კომპიუტერის არასაკმარისი ცოდნა აქვს.

მეტი ინფორმაციისათვის წაიკითხეთ ჩვენი წინა ბლოგ პოსტი საქართველოში ელექტრონული მთავრობის შესახებ ან შეისწავლეთ ჩვენი მონაცემები ონლაინ რეჟიმში მონაცემთა ანალიზის ვებგვერდის გამოყენებით. 

დავით მზიკიანი

No comments:

Post a Comment