რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 2)

ჩვენი წინა პოსტი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულების რეგიონულ განაწილებას აღწერდა. ამ ნაწილში კი განვიხილავთ აბიტურიენტის სქესსა და რეგისტრაციის ადგილს იმის გასაგებად, თუ როგორ იცვლება საკონკურსო ქულები დასახელებული ცვლადების მიხედვით. მოცემული პოსტის კიდევ ერთი მიზანია, შეაფასოს მასწავლებელთა ხარისხის როლი რეგიონული სხვაობების წარმოშობაში.

აბიტურიენტის რეგისტრაციის მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით, გამოვთვალეთ მდებარეობის ახალი ცვლადი, რომელიც აპლიკანტებს ხუთ კატეგორიად - დედაქალაქში, მსხვილ ქალაქებში (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი), დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში, აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში და სხვა დასახლებულ პუნქტებში (დევნილები და უცხოეთში მყოფი) რეგისტრირებულებად ყოფს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მეშვეობით შეუძლებელია, დეტალურად განვასხვავოთ შედეგები დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით, თუმცა ვვარაუდობთ, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში მოხვედრილი აბიტურიენტების დიდი ნაწილი სოფლებში ცხოვრობს.

როგორც ამ ბლოგის პირველ ნაწილში მოტანილი აღწერილობითი ანალიზი აჩვენებს, თბილისსა და მსხვილ ქალაქებში რეგისტრირებული აბიტურიენტები გამოცდებზე ყველაზე მეტ ქულას იღებდნენ. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აპლიკანტებს ყველაზე ცუდი შედეგები ქონდათ. იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ აღნიშნული განსხვავებები შემთხვევითი არ არის, გამოვიყენებთ სპეციალურ სტატისტიკურ ტექნიკას - დისპერსიულ ანალიზს (ე. წ. ANOVA). აღნიშნული მიდგომით მოწმდება, არის თუ არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცალკეულ ჯგუფებს შორის ცვლადის საშუალო მნიშვნელობების სხვაობა. მოპოვებულ მონაცემებზე ჩატარებული დისპერსიული ანალიზი აჩვენებს, რომ სქესის F(1, 26311)= 136.43, p<0.001, და მდებარეობის F(4, 26311)= 396.36, p<0.001 მთავარი ეფექტი აბიტურიენტის საშუალო საკონკურსო ქულაზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც მოცემული ორი ცვლადის ურთიერთქმედების ეფექტი არ დასტურდება F(4, 26311)=1.67, p=0.1531. მონაცემთა შემდგომი ანალიზი ადასტურებს, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის წარმოდგენილი.


როგორც დიაგრამიდან ჩანს, ყველა ტიპის დასახლებებში, აბიტურიენტი გოგონები ვაჟებზე უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ. თბილისელი გოგონები და ბიჭები საშუალოდ, ყველაზე წარმატებულები იყვნენ. მსხვილი ქალაქების მცხოვრებლები უკეთ გამოდიოდნენ, ვიდრე მეტწილად სასოფლო მოსახლეობით დასახლებული მუნიციპალიტეტები. დაბოლოს, აპლიკანტები „სხვა“ ჯგუფიდან უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ, ვიდრე მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები.

აღსანიშნავია, რომ გოგონებსა და ვაჟებს შორის ქულების განაწილებაში წარმოჩენილი სხვაობა დიდი არ გახლდათ. სამაგიეროდ, ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მსჯელობისას, ნათლად იკვეთება განსხვავება ტერიტორიულ ერთეულებს შორის. ჩვენი აზრით, ამ სურათს რამდენიმე მიზეზი წარმოშობს.

პირველ რიგში, საქართველო ენდემური რეგიონული უთანასწორობით ხასიათდება, რაც ქვეყანაში განათლების არათანაბარ ხარისხსაც გულისხმობს. განსაკუთრებით დიდი განსხვავება მსხვილ ქალაქებსა და სასოფლო მუნიციპალიტეტებს შორისაა. დაბალი ხარისხის განათლება და კარგი მასწავლებლების სიმცირე კარგად ჩანს საერთაშორისო ტესტების (TIMSS, PISA, PIRLS) შედეგების მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, ქართველი მოსწავლეების შედეგები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს უახლოვდება, განსხვავება დასახლებული პუნქტების მიხედვით თვალსაჩინოა.

საქართველოში, ზოგადად, ხარისხიანი სწავლების და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების სიმწირეა - ქვეყნის მასშტაბით, 2013 წელს სერტიფიცირების გამოცდა გარკვეულ დარგებში მასწავლებელთა 90%-მა ჩააგდო. პედაგოგთა დაბალი ხარისხი განსაკუთრებით სოფლებში იგრძნობა. თუკი სერტიფიცირებულ მასწავლებლებზე მოსწავლეთა რაოდენობის სტატისტიკას (ე. ი. იმ მასწავლებლების რაოდენობას, რომლებმაც სპეციალური გამოცდები ჩააბარეს და ითვლებიან, რომ მათი კვალიფიკაცია უკეთესია) გავეცნობით, ვნახავთ, რომ ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებშია. ამ არეალებში ცოტა სერტიფიცირებული მასწავლებელია, შესაბამისად, მათი დატვირთვა მაღალია და ერთ სერტიფიცირებულ პედაგოგზე მეტი მოსწავლე მოდის. მარნეულის, ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში აღნიშნული მაჩვენებელი ას მოსწავლეზე მეტს შეადგენს, როდესაც საჩხერეში ერთ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე მხოლოდ 25 მოსწავლე მოდის.

როგორც ვხედავთ, სასკოლო განათლება, რომელიც მოსწავლეს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებისთვის უნდა ამზადებდეს, არაადეკვატურია. შესაბამისად, აბიტურიენტები (და მათი მშობლები) დამამთავრებელ მე-11 და მე-12 კლასებში სიარულს კერძო მასწავლებლებთან მომზადებას არჩევენ. თუკი მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ რეპეტიტორების უმეტესობა აქტიური მასწავლებელია, მათი რაოდენობა სოფლებში, მსხვილი ქალაქებისგან განსხვავებით, ასევე საკმაოდ მცირეა. აღნიშნული ფაქტორი ეროვნული გამოცდების უთანასწორობის კიდევ ერთი მაჩვენებელია.

ჩვენს მიერ მომზადებული პოსტების სერია მიმოიხილავდა 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგიონულ და გენდერულ თავისებურებებს. როგორც აღწერილობითმა, ასევე ახსნითმა სტატისტიკურმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ აბიტურიენტებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, განსაკუთრებით - გეოგრაფიული თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც ეროვნული გამოცდები ბევრი აბიტურიენტისთვის ხარისხიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაბარების ერთადერთი შანსი გახლდათ, მოსახლეობის გარკვეული სეგმენტი ისევ ვერ სარგებლობს შემოთავაზებული თანაბარი შესაძლებლობით. ეს ფაქტი არა ეროვნული გამოცდებს, არამედ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სექტორში არსებულ ენდემურ პრობლემებს უკავშირდება. მიუხედავად თვალსაჩინო წარმატებისა, გაუმჯობესებულმა მისაღებმა გამოცდებმა ვერ უზრუნველყვეს საქართველოში ღრმად ფესვგადგმული უთანასწორობის აღმოფხვრა საგანმანათლებლო სფეროში.

გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები? შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე ან მოგვწერეთ თქვენი აზრები კომენტარების სექციაში.

2 comments:

  1. trong quá khứ, không...

    Không đợi Lưu Văn Cử nói xong, Phác Nam Tử ngắt lời nóng nãy nói:

    -Cút! Ngoại trừ thân thể các ngươi, không một thứ gì có thể bị mang đi, còn yêu sách, lão phu cũng không ngại diệt sạch cả Hằng Nhạc phái các

    ngươi.

    Lão phụ nhân vẻ mặt ttrung tâm kế toán tại tphcm, khóa học kế toán cho giám đốc, học kế toán tổng hợp, Hoàng Trung Dũng, hack game online, hình nền đẹp, video hài hước, thủ thuật internet, tin tức kế toán, tài liệu kế toán, dịch vụ tư vấn thành lập doanh nghiệp giá rẻ, brainy quotes, love quotes, dịch vụ kế toán trọn gói, dịch vụ dọn dẹp sổ sách, Dịch vụ báo cáo tài chính, kế toán, dịch vụ kế toán, trung tâm kế toán hà nội, dịch vụ kê khai thuế
    ức giận, đang muốn mở miệng, Lưu Văn Cử vội vàng giữ bà lại, hít sâu một hơi, cung kính nói:

    -Vãn bối tuân mệnh! Nhưng Hằng Nhạc Sơn là sơn môn của Hằng Nhạc phái

    chúng ta, vãn bối không có quyền đem dâng cho tiền bối, chỉ có thể ước

    định cho mượn, ngày sau nếu...

    Phán Nam Tử cười lạnh một tiếng, lại ngắt lời hắn, ngạo mạn nói:

    ReplyDelete