საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა მცირდება

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირველი პრეცენდენტის შედეგად საქართველოს პოზიცია Freedom House-ისა და Polity IV-ის რეიტინგებში გაუმჯობესდა. ამის მიუხედავად, ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან დემოკრატიის მხარდაჭერა მცირდება. ეს ტენდენცია თუ გაგრძელდება, ის, სავარაუდოდ, სერიოზულ პრობლემად იქცევა ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის, ანუ საქართველოს დემოკრატიული მიღწევების ინსტიტუციონალიზაციისა და გამყარებისათვის.

კონსოლიდირებულ დემოკრატიაში არადემოკრატიული რეჟიმის დაბრუნების მოლოდინი ნაკლებია და არსებობს საყოველთაო თანხმობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიული წესების დაცვაზე; დემოკრატია აღიქმება, როგორც ერთადერთი შესაძლო პოლიტიკური წყობა (The only game in town). მოსახლეობის მხრიდან დემოკრატიული წყობის მხარდაჭერის გაზომვის შესაძლებლობას საზოგადოებრივი აზრის შესწავლა, კერძოდ მასობრივი გამოკითხვები იძლევა. ამ ბლოგპოსტში განხილულია, თუ როგორ შეიცვალა დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერის ინდიკატორები ბოლო წლების მანძილზე.
CRRC-საქართველოს გამოკითხვის, კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით, 2015 წელს საქართველოში დემოკრატიას კვლავ საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა. კერძოდ, მოსახლეობის 47% ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ „დემოკრატია ყველა სხვა პოლიტიკურ წყობაზე უკეთესია“ და მხოლოდ 16% იზიარებდა აზრს, რომ „ზოგ შემთხვევაში არადემოკრატიული მთავრობა უფრო კარგია, ვიდრე დემოკრატიული“.


თუმცა, თუ ამ შედეგებს წინა წლების კავკასიის ბარომეტრის მონაცემებთან მიმართებაში განვიხილავთ, დავინახავთ, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა შემცირდა. მაგალითად, 2011 წელს მოსახლეობის 65% მიიჩნევდა დემოკრატიულ მმართველობას საუკეთესოდ, 2012 წელს - 68%, ხოლო 2013 წელს - 62%, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო. რაც შეეხება არადემოკრატიული მმართველობის მხარდამჭერებს, მათი წილი ბოლო წლების განმავლობაში გაორმაგდა და 16%-მდე გაიზარდა. ანალოგიურად გაიზარდა იმ ადამიანთა წილიც, ვინც აცხადებს, რომ მათთვის „არ აქვს მნიშვნელობა, როგორი მთავრობა გვეყოლება“.

შენიშვნა: დიაგრამებზე არ არის ნაჩვენები პასუხები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“. 2014 წელს კავკასიის ბარომეტრი არ ჩატარებულა.
საყურადღებოა, რომ მცირდება მათი წილიც, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველო დემოკრატიულია. კერძოდ, 2011 წლის კავკასიის ბარომეტრის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის ნახევარი საქართველოს ახასიათებდა, როგორც „სრულიად დემოკრატიულს“ ან როგორც „დემოკრატიულს, პატარა პრობლემებით“ (შესაბამისად, 8% და 42%). 2015 წელს შესაბამისი მაჩვენებლები მხოლოდ 3% და 20% იყო. მეორეს მხრივ, გაიზარდა მათი წილი, ვინც თვლის, რომ საქართველო დემოკრატიულია, თუმცა, დიდი პრობლემებით, ან საერთოდ არ არის დემოკრატიული.


დემოკრატიის მხარდაჭერის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება, საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების შემცირება იყოს. CRRC-საქართველოს გამოკითხვების შედეგად მიღებული მონაცემები არ ადასტურებს ასეთ ვარაუდს: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიული ღირებულებები შესამჩნევად გაიზარდა. კერძოდ, გაიზარდა მათი წილი, ვინც ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ხალხმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში, რათა უჩვენოს მთავრობას, რომ ხალხი არის მმართველი ძალა.“ საქართველოს მოსახლეობის ეს წილი 2015 წელს ბევრად აღემატებოდა იმ ადამიანების წილს, ვინც საპირისპირო მოსაზრებას იზიარებდა.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის ის წილი, ვინც საქართველოს დემოკრატიულად თვლის, შემცირდა, მონაცემები აჩვენებს, რომ საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლების აღქმა საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, 2009 წლის შემდეგ მოსახლეობის წილი, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოში ხალხს უფლება აქვს, ღიად თქვას, რასაც ფიქრობს, 55%-დან 72%-მდე გაიზარდა, ხოლო მათი წილი, ვინც არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, თითქმის განახევრდა.




შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიის მხარდაჭერის დონის ცვლილება საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულების შემცირებასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და პრობლემა სხვაგან უნდა ვეძებოთ. 

შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე საუბრისას მოსახლეობის აზრი ხშირად მივიწყებულია. როგორც ეს ბლოგ პოსტი აჩვენებს, პოლიტიკურმა ელიტამ არ უნდა ჩათვალოს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა დემოკრატიული პოლიტიკური წყობის მიმართ ავტომატურადაა გარანტირებული. მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიისადმი, ისევე, როგორც ცოდნა იმის შესახებ, თუ რა არის დემოკრატია, იცვლება და მნიშვნელოვანია როგორც ამ ცვლილების დაკვირვება, ასევე მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა, ვინაიდან დემოკრატიის კონსოლიდაცია ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა. 


საქართველოში საზოგადოებრივი აზრის შესახებ მეტი ინფრომაცია იხილეთ CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებ-გვერდი. 

No comments:

Post a Comment