მოხალისეობა საქართველოში 2013-2015 წლებში: დამოკიდებულებები და პრაქტიკა

იქონია თუ არა 2015 წლის თბილისის სტიქიამ გავლენა მოხალისეობის დონეზე საქართველოში? მოხალისეობის თემაზე 2015 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ეყრდნობა CRRC- საქართველოს 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის შედეგებს, საუბარია იმაზე, რომ სტიქიის შემდგომი ფართომასშტაბიანი მოხალისეობის შედეგად გაჩნდა იმედი საქართველოში მოხალისეობის განვითარებასთან დაკავშირებით. 2015 წლის კავკასიის ბარომეტრის (რომელიც მალე გამოქვეყნდება) გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, წინამდებარე ბლოგის მიზანია, ნახოს, შეიცვალა თუ არა მოხალისეობის დონე საქართველოში და მოსახლეობის დამოკიდებულება მოხალისეობისადმი დასახლების ტიპის, ასაკისა და განათლების დონის მიხედვით.

ბოლო წლების "კავკასიის ბარომეტრის" მონაცემების მიხედვით, მცირედით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც მოხალისეობა მნიშვნელოვნად მიაჩნია. ასევე მცირედით გაიზარდა მოხალისეობის დონე, თუმცა, ამ ორ ინდიკატორს შორის საკმაოდ დიდი პროცენტული სხვაობაა.


შენიშვნა: კითხვისთის „თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ან რამდენად არ არის მნიშნველოვანი კარგი მოქალაქისთვის გააკეთოს საზოგადოებისთვის საჭირო საქმე როგორც მოხალისემ, ანუ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე?“ წინამდებარე ბლოგში გაანალიზებული და წარმოდგენილია მხოლოდ მათი წილი, ვინც 10-ბალიან სკალაზე, სადაც კოდი 1 ნიშნავდა „საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი“, ხოლო კოდი 10 ნიშნავდა „ძალიან მნიშვნელოვანია“, აირჩია კოდი 7-დან 10-მდე. კითხვისთვის „გთხოვთ, მითხრათ, რომელ მათგანში მიიღეთ მონაწილეობა ბოლო 6 თვის განმავლობაში? - იყავით მოხალისე, ანუ შეასრულეთ რაიმე საზოგადოებრივი სამუშაო ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე“, ბლოგში გაანალიზებული და წარმოდგენილია მხოლოდ მათი წილი, ვინც უპასუხა „დიახ“. 

პრაქტიკა

2013-დან 2015 წლამდე მოხალისეობის დონე შეიცვალა ზოგიერთ სოციო-დემოგრაფიულ ჯგუფში, თუმცა, ეს ცვლილება ხშირად ცდომილების ფარგლებშია. თუკი 2013 წელს თბილისის მცხოვრებთა 14%-ს ჰქონდა შესრულებული მოხალისეობრივი საქმიანობა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 21%-მდე გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით, მოხალისეობის დონე მცირედით გაიზარდა 18-35 ასაკობრივ ჯგუფსა და უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებს შორის მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა სხვა ასაკობრივ ჯგუფებსა და საშუალო ტექნიკური თუ საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონე მოქალაქეებში.



შენიშვნა: კითხვისათვის „რომელი შეესაბამება თქვენს მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალ საფეხურს?“ პასუხის ვარიანტები დაჯგუფდა შემდეგნაირად: ვარიანტები „დაწყებითი განათლების გარეშე“, „დაწყებითი განათლება (დასრულებული ან დაუსრულებელი)“, „არასრული საშუალო განათლება“ და „სრული საშუალო განათლება“ გაერთიანდა კატეგორიაში „საშუალო ან უფრო დაბალი“; ვარიანტები „არასრული უმაღლესი განათლება“, „უმაღლესი განათლება (ბაკალავრის, მაგისტრის ან სპეციალისტის დიპლომი)“ და „სამეცნიერო ხარისხი“ - კატეგორიაში „საშუალოზე მაღალი“. 

დამოკიდებულებები

2013 და 2015 წლებს შორის მცირე პოზიტიური ცვლილება შეინიშნება ყველა სოციო-დემოგრაფიულ ჯგუფში მოხალისეობის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებებში. სხვა ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებთან შედარებით, 2013 წელს თბილისის მცხოვრებთა შედარებით მცირე ნაწილი მიიჩნევდა, რომ მოხალისეობა მნიშვნელოვანია კარგი მოქალაქისთვის. 2015 წელს სურათი საპირისპიროა. ქვეყნის მასშტაბით, მოხალისეობის მნიშვნელობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა 18-35 ასაკობრივ ჯგუფშიც. თუკი ეს მაჩვენებელი 2013 წელს 66% იყო, 2015 წელს 75%-მდე გაიზარდა.




შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის მასშტაბით მოხალისეობის დონე 13 ივნისის სტიქიის შემდეგ არ გაზრდილა, თუმცა მცირედი ზრდა იყო თბილისში ისევე, როგორც ახალგაზრდებში და უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებში. ქვეყნის მასშტაბით, გაიზარდა მოქალაქეთა რიცხვი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მოხალისეობა მნიშვნელოვანია კარგი მოქალაქისთვის. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს ცვლილება ცდომილების ფარგლებშია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია შემდგომი დაკვირვებები იმის სანახავად, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დიდი სხვაობაა მოხალისეობის დონესა და მოსახლეობის იმ ნაწილს შორის, რომელიც დადებითად არის განწყობილი მოხალისეობის მიმართ, ამ ბლოგში წარმოდგენილი ცვლილებები შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ საქართველოში მოხალისეობა  ვითარდება. მოხალისეობის თემაზე არსებულ ლიტერატურაში საუბარია იმაზე, რომ მოხალისეობა კრიზისების დროს აყალიბებს საზოგადოების ერთიანობისა და სოლიდარობის გრძნობას, რაც თვალნათლივ გამოჩნდა მოხალისეებში თბილისის სტიქიის შემდეგ. მოხალისეობის მოგონებები შესაძლოა, ბიძგის მიმცემი და სამაგალითო აღმოჩნდეს საქართველოს მოქალაქეთათვის მოხალისეობრივ აქტივობებში უფრო აქტიურად ჩასართავად.


მეტი ინფორმაციისათვის მოხალისეობაზე საქართველოში, შეგიძლიათ, იხილოთ გამოკითხვა მოხალისეობა და სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში ისევე, როგორც ჩვენი წინა პოსტი მოხალისეობაზე: საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება იძულებითი „მოხალისეობისადმი“.

No comments:

Post a Comment