ეთნიკური ტოლერანტობის ქართული თავისებურებები

"ტოლერანტობის გარეშე შეუძლებელია მშვიდობა, ხოლო მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარება ან დემოკრატია", ამბობს 1995 წლის იუნესკოს ტოლერანტობის პრინციპთა დეკლარაცია1. აღნიშნული დოკუმენტი ერთ-ერთია იმ მრავალ საერთაშორისო ინსტრუმენტთაგან, რომლებიც ტოლერანტობის, ანუ განსხვავებულობის მიმართ შემწყნარებელი, დამთმენი დამოკიდებულების მნიშვნელობას განიხილავს და მასზე მიუთითებს, როგორც არა მხოლოდ მშვიდობის განმტკიცების, არამედ დემოკრატიული  წინსვლისა და ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აუცილებელ პირობაზე. 

საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩვენი საზოგადოება ოდითგანვე შემწყნარებლობის მაღალი დონით გამოირჩეოდა - იქნებოდა ეს  დამოკიდებულება განსხვავებული კულტურის, შეხედულებების, ეთნიკური წარმომავლობის თუ რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანების მიმართ. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან და, კერძოდ, ბოლო დროს რელიგიურ, ეთნიკურ და სხვა უმცირესობებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების2  გათვალისწინებით რთულია დანამდვილებით იმის თქმა, თუ რამდენად სწორად ასახავს ეს მოსაზრება ქვეყანაში არსებულ რეალობას. 

2012 წლის "კავკასიის ბარომეტრის" შედეგები საშუალებას გვაძლევს, საქართველოს მოსახლეობისთვის საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ მიწერილი 'გამორჩეული' შემწყნარებლობის საკითხი ეთნიკური ტოლერანტობის ჭრილში განვიხილოთ და დავადგინოთ, თუ რა ვითარებაა ამ მხრივ ქვეყანაში და რა ფაქტორები ახდენს გავლენას საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა ეთნიკური შემწყნარებლობის დონეზე. რესპონდენტთა ეთნიკური შემწყნარებლობის დონის გასაზომად და არსებული ტენდენციების წარმოსაჩენად გამოვიყენებთ "კავკასიის ბარომეტრის" შემდეგ კითხვებს: 

  • "მოუწონებდით თუ არა თქვენი ეროვნების წარმომადგენელს საქმიან ურთიერთობებს [ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთან]?" კითხვარში ჩამოთვლილი იყო 14 ეთნიკური ჯგუფი, რომელთა შესახებაც რესპონდენტებმა თავიანთი აზრი დააფიქსირეს: ებრაელი, ამერიკელი, აზერბაიჯანელი, ბერძენი, რუსი, სომეხი, თურქი, ქართველი3, ქურთი/იეზიდი, ინგლისელი, აფხაზი, ოსი, საქართველოში მცხოვრები სომეხი და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი.  

რესპონდენტების მახასიათებლების შესასწავლად კი შემდეგ ცვლადებს გამოვიყენებთ:


  • რესპონდენტის პირადი შემოსავალი გასულ თვეში; 
  • რესპონდენტის განათლების დონე;
  • "რამდენად ხშირად სარგებლობთ ინტერნეტით?"
  • "ზოგადად, რამდენად რელიგიური ხართ?"
  • "განსაკუთრებული ღონისძიებების გარდა, როგორიცაა ქორწინება ან გასვენება,        რამდენად ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებას?"
  • "გსურთ თუ არა იცხოვროთ და იმუშაოთ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც სტალინის მსგავსი    პიროვნება მართავს?"

თავდაპირველად, გავეცნოთ გამოკითხულთა ზოგად დამოკიდებულებას განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების მიმართ. ამ მიზნით, ეთნიკურ ტოლერანტობას განვსაზღვრავთ, როგორც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების მზაობას, ხოლო ტოლერანტობის საზომად გამოვიყენებთ პასუხებს კითხვაზე, მოუწონებდნენ თუ არა რესპონდენტები თავიანთი ეროვნების წარმომადგენელს საქმიან ურთიერთობებს პირველ დიაგრამაზე მითითებული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან.

დიაგრამა 1

როგორც ვხედავთ, გამოკითხულთა უმეტესობისთვის მეტწილად მისაღებია ზემოთ მოყვანილ ეთნიკურ ჯგუფებთან საქმიანი ურთიერთობების წარმოება. თანამშრომლობის პერსპექტივაზე დადებითი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტი კეთილგანწყობით საქართველოში სარგებლობენ რუსები (84%), ამერიკელები (79%) და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები (77%), ყველაზე ნაკლებით კი - სომხები (70%), თურქები (65%) და ქურთები/იეზიდები (60%). ამგვარად, მოწონების მაჩვენებელი სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებთან მიმართებაში მერყეობს, თუმცა ნიშნული 60%-ზე დაბლა არ ეცემა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შედეგები სტაბილურია ბოლო წლების მანძილზე. თუ ამ მონაცემებს საქართველოში მცხოვრებთა ტოლერანტობის ინდიკატორად განვიხილავთ და სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვების შედეგებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ეთნიკური შემწყნარებლობის თვალსაზრისით საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ტოლერანტულია რეგიონში (იხ. დიაგრამა 2).

დიაგრამა 2

გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა ეთნიკური შემწყნარებლობის დონე განსხვავდება დასახლებული პუნქტის ტიპის; რესპონდენტის განათლების დონის; ინტერნეტით სარგებლობის სიხშირის და პირადი შემოსავლის ოდენობის მიხედვით. 

აღმოჩნდა, რომ თბილისელებს ტოლერანტობის უფრო მაღალი საშუალო მაჩვენებელი ახასიათებთ (81%), ვიდრე მათ, ვინც ცხოვრობს სხვა ქალაქებში (79%) ან სოფლად (67%) (იხ. დიაგრამა 34). განსხვავება მეტად თვალშისაცემია მაშინ, როდესაც, მაგალითად,  ებრაელებისა და ქურთების/იეზიდების შემთხვევებს განვიხილავთ - ამ ეთნიკური ჯგუფების მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებაში თბილისსა და სოფლებში მცხოვრებ რესპონდენტებს შორის სხვაობა, შესაბამისად, 23 და 25 პროცენტს აღწევს. მსგავს ტენდენციას შევნიშნავთ მაშინაც, თუ გამოკითხულებს მიღებული განათლების დონის მიხედვით დავყოფთ. როგორც მე-3 დიაგრამაზე ჩანს, სრული ან არასრული საშუალო განათლების მქონე რესპონდენტების 68%-ს აქვს დადებითი რეაქცია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან საქმიანი ურთიერთობების შესაძლებლობაზე, სრული ან არასრული უმაღლესი განათლების მქონეთა შორის კი იგივე მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება და 81%-ს უტოლდება. ანალოგიურ შედეგებს ვიღებთ, როდესაც ინტერნეტით სარგებლობასა და პირად შემოსავალზე ვამახვილებთ ყურადღებას. რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად მოიხმარს ინტერნეტს, უფრო ტოლერანტულად არის განწყობილი (83%) სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ, ვიდრე ის, რომელიც ინტერნეტით კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად5;(76%), ან სულაც არასოდეს (72%) სარგებლობს. მსგავსად ინტერნეტის ყოველდღიურად მომხმარებლებისა, ის პირები, რომელთა პირადი ფულადი შემოსავლის ოდენობა (გასულ თვეში) 701 ლარს6;აღემატებოდა, ეთნიკური ტოლერანტობის შედარებით მაღალი საშუალო მაჩვენებლით გამოირჩევიან.


დიაგრამა 3

დიდი ხანია, რაც სერიოზული მსჯელობის საგანს წარმოადგენს რელიგიური რწმენის როლი სხვა ეროვნებების წარმომადგენლებისადმი დამოკიდებულებასა და ეროვნებათაშორის ურთიერთობებში. მკვლევრების ნაწილი7 რელიგიას იმდენად რთულ და კომპლექსურ ფენომენად მიიჩნევს, რომ, მათი აზრით, რელიგიასა და ნეგატიურ წინარწმენას შორის კავშირის შესწავლისას მიღებული შედეგები, შესაძლოა, განსხვავებული ან ურთიერთსაპირისპიროც კი აღმოჩნდეს, თუ ამ კავშირის საკვლევად რელიგიურობის სხვადასხვა ასპექტებს გამოვიყენებთ (მაგ. რელიგიურ მსახურებაზე დასწრება, რელიგიის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, და ა.შ). მცდელობამ, გამოგვეტანა გარკვეული დასკვნები საქართველოში რელიგიისა და ტოლერანტობის ურთიერთქმედების თაობაზე პირდაპირ კითხვაზე დაყრდნობით ("ზოგადად, რამდენად რელიგიური ხართ?"), ერთმნიშვნელოვანი შედეგი არ გამოიღო, რადგან ზოგ შემთხვევაში მორწმუნე რესპონდენტების ტოლერანტობის დონე სჭარბობდა, სხვებში კი - არარელიგიური რესპონდენტებისა. მაგალითად, რელიგიური ადამიანები ებრაელებისა და ამერიკელების მიმართ უფრო კეთილგანწყობილნი აღმოჩნდნენ, ვიდრე არარელიგიური რესპონდენტები. სამაგიეროდ, აზერბაიჯანელებსა და სომხებთან მიმართებაში ტოლერანტობის შედარებით მაღალი დონე არარელიგიურ რესპონდენტებს შორის დაფიქსირდა.

ტოლერანტობასთან დაკავშირებული უფრო საფუძვლიანი ტენდენციების გამოვლენა შესაძლებელი გახდა მაშინ, როდესაც რელიგიურობა განვიხილეთ არა ცალკე, არამედ ეკლესიაში სიარულის სიხშირესა და ავტორიტარიზმის მხარდაჭერასთან ერთად. ამისათვის, ისინი, ვინც საკუთარ თავს აფასებს როგორც "რელიგიურს"8;(რესპონდენტთა 48%), დავყავით, ერთი მხრივ,  ე.წ. 'ეკლესიაში მოსიარულეებად' (ვინც თვეში ერთხელ მაინც ან უფრო ხშირად ესწრება რელიგიურ მსახურებას) და ე.წ. 'სულიერ მაძიებლებად' (ვინც მხოლოდ განსაკუთრებულ რელიგიურ დღესასწაულებზე, უფრო იშვიათად ან არასოდეს ესწრება რელიგიურ მსახურებას)9. გარდა ამისა, გამოვყავით რელიგიურ რესპონდენტთა კიდევ ორი ჯგუფი: 'ავტორიტარიზმის მომხრეები' (ვინც რელიგიურია და ისურვებდა სტალინის მსგავსი პიროვნების მიერ მართულ ქვეყანაში ცხოვრებას/მუშაობას) და 'ავტორიტარიზმის მოწინააღმდეგეები' (ვინც რელიგიურია და არ ისურვებდა სტალინის მსგავსი პიროვნების მიერ მართულ ქვეყანაში ცხოვრებას/მუშაობას)10. შედეგების ნაწილი მე-4 დიაგრამაშია წარმოდგენილი.

დიაგრამა 4

დიაგრამაზე ნათლად ჩანს ორივე ტენდენცია - რომ ეკლესიაში მოსიარულე მორწმუნე რესპონდენტები გარკვეულწილად უფრო ტოლერანტულები არიან, ვიდრე ე.წ. სულიერი მაძიებლები (თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულ ქვეყნებში ტენდენცია ხშირად საპირისპიროა - რაც უფრო ხშირად დადიან ადამიანები ეკლესიაში, მით უფრო მეტად ახასიათებთ ნეგატიური ცრურწმენა11); და რომ ავტორიტარიზმის მომხრე რელიგიურ ადამიანთა ეთნიკური შემწყნარებლობის მაჩვენებელი ჩამოუვარდება ავტორიტარიზმის 
მოწინააღმდეგეთა მაჩვენებელს. 

ამგვარად, საქართველოში დეკლარირებული ეთნიკური ტოლერანტობის დონე საშუალოზე მაღალია და განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებთან მიმართებაში 60-დან 84 პროცენტამდე მერყეობს; ეთნიკური ტოლერანტობის განსაკუთრებით მაღალი საშუალო დონე გამოავლინეს დედაქალაქში მცხოვრებმა, უმაღლესი განათლების მქონე, ინტერნეტის ყოველდღიურად მომხმარებელმა და 701 ლარზე მეტი თვიური შემოსავლის მქონე რესპონდენტებმა; შემწყნარებლობის შედარებით მაღალი მაჩვენებლით ასევე ხასიათდებოდნენ ეკლესიაში მოსიარულე და ავტორიტარიზმის მოწინააღმდეგე რელიგიური ადამიანები. 

რამდენად ეთანხმებით ამგვარ შეფასებებს? თავად რომელ მნიშვნელოვან მახასიათებლებს დაამატებდით იმ ფაქტორებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, გავლენას ახდენს ადამიანის ტოლერანტობის დონეზე? 

მადონა შილდელაშვილი



1 http://www.tolerantoba.ge/index.php?id=1317639567&kat=166 (ქართული ვერსია) http://www.unesco.org/webworld/peace_library/UNESCO/HRIGHTS/124-129.HTM (ინგლისური ვერსია).
2 ასეთი მოვლენების მაგალითებია: 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, როდესაც ადგილი ჰქონდა სოფლის მუსულმანი მოსახლეობისთვის ლოცვის უფლების შეზღუდვის მცდელობას; 2013 წლის 17 მაისს თბილისში ორგანიზებული ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის დარბევა; 2013 წლის აგვისტოში პანკისის ხეობაში ქართველებსა და ქისტებს შორის მომხდარი კონფლიქტი
3 ამ ბლოგში, საქართველოს მოსახლეობის ტოლერანტობის დონის გამოთვლის პროცესში არ გამოყენებულა ეთნიკურ ჯგუფ 'ქართველებთან' მიმართებაში დაფიქსირებული პასუხები.
4 დიაგრამის ყოველ სვეტში მოყვანილია კითხვარში მითითებული ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლისადმი დადებითი პასუხების საშუალო მნიშვნელობა.
5 პასუხების გადაჯგუფების შედეგად, ვარიანტები 'კვირაში ერთხელ მაინც' [ვსარგებლობ ინტერნეტით], 'თვეში ერთხელ მაინც' და 'უფრო იშვიათად' გაერთიანდა პასუხში 'კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად'.
6 პასუხების გადაჯგუფების შედეგად, ვარიანტები '0', '80 ლარამდე' და '80-150 ლარი' გაერთიანდა პასუხში '0-150 ლარი', ხოლო ვარიანტები '701-1300 ლარი', '1301-2000 ლარი' და '2000 ლარზე მეტი' გაერთიანდა პასუხში '701 ლარზე მეტი'.
7 Brian Laythe, Deborah G. Finkel, Robert G. Bringle, and Lee A. Kirkpatrick. 2002. "Religious Fundamentalism as a Predictor of Prejudice: A Two-Component Model”. Journal for the Scientific Study of Religion, 41:4, pp. 623-635
8 კითხვარში გამოყენებული იყო 10-ბალიანი სკალა, სადაც კოდი '1' შეესაბამებოდა პასუხს 'საერთოდ არ ვარ რელიგიური', ხოლო კოდი '10' შეესაბამებოდა პასუხს 'ძალიან რელიგიური ვარ'. პასუხების გადაჯგუფების შედეგად 10-ბალიანი სკალის ნაცვლად მივიღეთ 3-ბალიანი სკალა (პასუხის ვარიანტები '1', '2', '3' და '4' გაერთიანდა პასუხში 'არ ვარ რელიგიური', '5' და '6' - პასუხში "საშუალოდ რელიგიური ვარ", ხოლო ვარიანტები '7', '8', '9' და '10' - პასუხში 'ვარ რელიგიური'. ამ უკანასკნელ კატეგორიაში რესპონდენტების 48% გაერთიანდა.
9 პასუხის ვარიანტები 'ყოველდღე' [ვესწრები რელიგიურ მსახურებას], 'უფრო ხშირად, ვიდრე კვირაში ერთხელ', 'კვირაში ერთხელ' და 'თვეში ერთხელ მაინც' გაერთიანდა. რესპონდენტები, ვინც ამ კატეგორიაში მოხვდა და, ამასთან, ვინც თავს მიიჩნევს რელიგიურად, გავაერთიანეთ ჯგუფში პირობითი სახელით "ეკლესიაში მოსიარულენი", რომელნიც გამოკითხულთა 23%–ს შეადგენენ. მეორე მხრივ, რელიგიურ რესპონდენტებს, რომლებიც, მათი თქმით, 'მხოლოდ განსაკუთრებულ რელიგიურ დღესასწაულებზე' ესწრებიან რელიგიურ მსახურებას, 'უფრო იშვიათად' ან 'არასდროს', პირობითად ეწოდათ "სულიერი მაძიებლები" – გამოკითხულთა 24%. ტერმინები 'ეკლესიაში მოსიარულე' და 'სულიერი მაძიებელი' გამოყენებულია ნაშრომში: Paul Wink, Michele Dillon, and Adrienne Prettyman. 2007. "Religiousness, Spiritual Seeking and Authoritarianism: Findings from a Longitudinal Study”. Journal for the Scientific Study of Religion, 46:3, pp. 321-335.
10 პასუხების გადაჯგუფების შედეგად, ვარიანტები 'ნამდვილად მინდა' [ისეთ ქვეყანაში ცხოვრება და მუშაობა, რომელსაც სტალინის მსგავსი პიროვნება მართავს] და 'უფრო მინდა, ვიდრე არ მინდა' გაერთიანდა ერთ პასუხში. რელიგიურ რესპონდენტებს, რომელთაც აღნიშნული პასუხი აირჩიეს, 'ავტორიტარიზმის მომხრენი' ეწოდათ (გამოკითხულთა 10%). ხოლო იმ რელიგიურ რესპონდენტებს, რომლებმაც აირჩიეს ვარიანტები 'უფრო არ მინდა, ვიდრე მინდა' და 'ნამდვილად არ მინდა', ეწოდათ 'ავტორიტარიზმის მოწინააღდეგეები' (გამოკითხულთა 32%).
11 Peer Scheepers, Mérove Gijsberts and Evelyn Hello. 2002. "Religiosity and Prejudice against Ethnic Minorities in Europe: Cross-National Tests on a Controversial Relationship”. Review of Religious Research, 43:3, pp. 242-265.

1 comment: