პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში და ცვლილებები მოსახლეობის დამოკიდებულებაში რუსეთისადმი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა. საქართველოში პირველად მოხდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. არჩევნების შედეგებმა გავლენა მოახდინა როგორც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, აგრეთვე მოსახლეობის შეხედულებებზე ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, საგულისხმო ცვლილებები აღინიშნა რუსეთის მიმართ არსებულ განწყობებში. გასაგები მიზეზების გამო, წლების განმავლობაში ფიქსირდებოდა ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთისადმი, თუმცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

"კავკასიის ბარომეტრის" ძირითადი ცვლადები, რომლებიც რუსეთის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებს ზომავს, შემდეგია: 
  • რუსეთის, როგორც მეგობარი ან, პირიქით, მტერი სახელმწიფოს აღქმა (2011 და 2012 წწ.), 
  • რესპონდენტების მიერ რუსებთან  საქმიანი ურთიერთობების მოწონება/არმოწონება (2009–2012 წწ.), და
  • რუსული ენის, როგორც აუცილებელი უცხო ენის, სწავლების მხარდაჭერასაქართველოს საშუალო სკოლებში (2009–2012 წწ.).

თანმიმდევრობით განვიხილოთ ცვლილებები, რომლებიც 2012 წელს დაფიქსირდა.

დიაგრამა 1.
შენიშვნა: დიაგრამაზე მოყვანილია მხოლოდ იმ რესპონდენტთა განაწილება, ვინც რუსეთი დაასახელა.

კითხვაზე: "თქვენი აზრით, რომელი ქვეყანაა ამჟამად საქართველოს ყველაზე დიდი მტერი?" როგორც 2011, ასევე 2012 წელს ყველაზე ხშირად რუსეთი სახელდებოდა. თუმცა, თუ 2011 წელს ასე თვლიდა საქართველოს მოსახლეობის ნახევარი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მთავარ მტრად მხოლოდ 35%-მა დაასახელა (დიაგრამა 1). აღსანიშნავია აგრეთვე იმ რესპონდენტთა რაოდენობის მცირე ზრდა, ვინც დაასახელა რუსეთი, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი (კითხვა - "თქვენი აზრით, რომელი ქვეყანაა ამჟამად საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი?"). 

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე რუსეთისადმი, როგორც სახელმწიფოსადმი არცთუ დადებითი დამოკიდებულება შედარებით ნაკლებ გავლენას ახდენდა მოსახლეობის მიერ რუსებთან საქმიანი ურთიერთობის მოწონება/არ მოწონებაზე; გამოკითხულთა დაახლოებით 3/4 სტაბილურად აცხადებდა, რომ მოიწონებდა ქართველების საქმიან ურთიერთობებს რუსებთან. თუმცა რუსეთის, როგორც საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს აღქმის მასშტაბების შემცირებასთან ერთად ოდნავ გაიზარდა რუსებთან საქმიანი ურთიერთობების წარმოების მხარდამჭერთა რაოდენობაც. თუ 2012 წლამდე ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით კითხვაზე, "მოუწონებდით თუ არა თქვენი ეროვნების წარმომადგენელს საქმიან ურთიერთობებს რუსთან?" პასუხი სტაბილურად მერყეობდა 73%-76%-ის ფარგლებში, 2012 წლის არჩევნების შემდეგ დადებითი პასუხების რაოდენობა გაიზარდა და 84% შეადგინა, მაშინ როდესაც  შემცირდა იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვინც ასეთ ურთიერთობას არ მოიწონებდა (დიაგრამა 2).

დიაგრამა 2.

შეიცვალა დამოკიდებულება რუსული ენის მიმართაც. თუ წინა წლებში კითხვაზე, "რომელი უცხო ენა უნდა იყოს სავალდებულო საქართველოს საშუალო სკოლებში?" რესპონდენტების 14%-15% პასუხობდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო რუსული ენა, 2012 წლის მონაცემების მიხედვით ასეთი რესპონდენტების რაოდენობა გაორმაგდა (დიაგრამა 3).

დიაგრამა 3.
შენიშვნა: დიაგრამაზე მოყვანილია მხოლოდ იმ რესპონდენტთა განაწილება, ვინც რუსული ენა დაასახელა.

დაკავშირებულია თუ არა რუსეთის მიმართ პოზიტიური განწყობის ზრდა არჩევნების შედეგებთან და ახალი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლასთან? ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება დაკავშირებული იყოს სოციალური იზოლაციის შიშის წარმომშობ ე.წ. "სიჩუმის სპირალის" ეფექტთან1.

ელიზაბეთ ნოელ–ნოიმანის მიერ ჯერ კიდევ 1974 წელს აღწერილი "სიჩუმის სპირალის" თეორიის მიხედვით, ინდივიდების აზრები მეტ–ნაკლებად უცვლელია, ამ აზრების გულწრფელად გამოხატვის სურვილი კი ცვალებადია და დამოკიდებულია გარემოებებზე, მათ შორის - ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ მათი შეხედულებები ფართოდაა გავრცელებული და გაზიარებულია სხვების მიერ, თამამად გამოთქვამენ საკუთარ აზრებს. მეორე მხრივ, როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ მათი აზრი უმცირესობაში ექცევა, თავს იკავებენ საკუთარი შეხედულებების თამამად დაფიქსირებისგან, ერიდებიან რა საზოგადოებასთან დაპირისპირებას და იზოლაციას. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი აზრი იცვლება ქვეყანაში არსებული "პოლიტიკური კლიმატის"მიხედვით.2

ბოლო წლებში საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ "სიჩუმის სპირალის" თეორია დიდწილად ხსნის საზოგადოებრივი აზრის ცვლილებების დინამიკას. შესაძლებელია, "სიჩუმის სპირალის" გამო ვიღებდით რესპონდენტთა საკმაოდ დიდ რაოდენობას, ვინც თავს იკავებდა საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან პოლიტიკურ კითხვებზე პასუხისას,  პასუხობდა "არ ვიცი"–ს ან უარს ამბობდა, კითხვაზე რაიმე პასუხი გაეცა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მთელ რიგ კითხვებთან დაკავშირებით მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რაზეც "კავკასიის ბარომეტრის" შედეგებიც მეტყველებს (დიაგრამა 4).

დიაგრამა 4.

ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობის შეფასებას ეხება. მე–4 დიაგრამა გარკვეულწილად არჩევნებისადმი ნდობასაც ზომავს, და თვალსაჩინოა ცვლილებები 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ არსებულ ნდობაში. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები მოსახლეობის უმრავლესობამ სამართლიანად ჩატარებულად მიიჩნია (56% აფასებს მათ როგორც "სრულიად სამართლიანად" ჩატარებულს, და 32% - როგორც "ნაწილობრივ სამართლიანად" ჩატარებულს). განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თითქმის აღარავის გაუჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა (თუმცა 11%-მა უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე).

ჩვენთვის საინტერესოა, რამდენად ხსნის ეს ცვლილება ჩვენს მოსაზრებას, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი - ისინი, ვინც თავს იკავებდა გამოკთხვის დროს საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან - "სიჩუმის სპირალის" მსხვერპლი იყო. სამწუხაროდ, ამ მოსაზრების ემპირიულად დამტკიცებისთვის ამ ეტეპზე ჯერ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია. თუმცა, შესაძლებელია, რომ რესპონდენტები, რომლებიც 2009-2011 წლებში ჩატარებულ გამოკითხვებში ბოლო არჩევნებს აფასებდნენ, როგორც უსამართლოდ ჩატარებულს, მოქცეული იყვნენ "სიჩუმის სპირალში" და არსებული პოლიტიკური გარემოს ზეგავლენით ერიდებოდნენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას.ე.წ. ("გამარჯვებულის ეფექტის " ("winner effect") თანახმად, არსებობს კავშირი არჩევნებისადმი ნდობასა და ამ არჩევნებში გამარჯვებული სუბიექტის მხარდაჭერას შორის3. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალ ხელისუფლებას საკუთარი მოსაზრებების გამომხატველად მიიჩნევდა, რის შედეგადაც თამამად დააფიქსირა საკუთარი აზრი, მათ შორის - რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.

შეგვიძლია ვნახოთ, როგორ პასუხობენ კითხვას სკოლებში რუსული ენის საჭიროების შესახებ ის რესპონდენტები, ვინც ბოლო საპარლამენტო არჩევნებს აფასებს, როგორც სრულიად სამართლიანად ჩატარებულს (დიაგრამა 5):


დიაგრამა 5

2012 წლის მონაცემების მიხედვით, იმ რესპონდენტებს შორის, რომლებმაც არჩევნები სრულიად სამართლიანად მიიჩნიეს, თითქმის გასამმგდა რუსული ენის სკოლებში სწავლების სურვილი (როგორც სავალდებულო უცხო ენის). გამოიკვეთა განსხვავებები რუსეთის, როგორც მტრული სახელწმიფოს აღქმაშიც.

დიაგრამა 6

2012 წელს შემცირდა რუსეთის მტრულ სახელმწიფოდ აღქმის მაჩვენებელიც. იმ რესპოდენტებისგან, ვინც, 2011 წლის გამოკითხვის თანახმად, ბოლო (ე.ი. 2008 წლის 21 მაისის) საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარებულად მიიჩნია, 64% რუსეთს საქართველოს ყველაზე დიდ მტრად მიიჩნევდა. 2012 წელს კი სიტუაცია შეიცვალა: იმავე კატეგორიის ადამიანების მხოლოდ 38%–მა დაასახელა რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდ მტრად. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინა წლებში "სიჩუმის სპირალში" მოხვედრილმა რესპონდენტებმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სხვაგვარად შეაფასეს საქართველოს მიმართ რუსეთის დამოკიდებულება.
დიაგრამა 7

რუსებთან საქმიანი ურთიერთობების მოწონება/არ მოწონება კიდევ ერთი ასპექტია, რომელიც 2012 წლის გამოკითხვის შედეგების თანახმად მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა წლების მონაცემებისგან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსი ეროვნების წარმომადგენელთან საქმიანი ურთიერთობის მომხრე რესპონდენტების რაოდენობა გაიზარდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ზრდა შეინიშნება არჩევნების სამართლიანად ჩატარების აზრის მქონე რესპონდენტებშიც - 2010 და 2011 წლების მონაცემებთან შედარებით დაფიქსირდა დაახლოებით 10%-იან ზრდა იმ რესპონდენტებისა, რომლებმაც უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარებულად მიიჩნიეს და ამავდროულად მოიწონებდნენ რუსი ეროვნების წარმომადგენელთან საქმიან ურთიერთობებს.

"სიჩუმის სპირალის" თეორიის თანახმად, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ინდივიდის  შეხედულებებისა და სოციალურ გარემოს შორის კავშირით შედგება4. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლების შეცვლა 2012 წელს გამოდგა ის მძლავრი ბიძგი, რომელმაც მოსახლეობაში ცვლილებების შეგრძნება გამოიწვია. რუსეთის მიმართ რესპონდენტების შეცვლილი დამოკიდებულებები შესაძლოა იყოს სწორედ ეს განსხვავებული აზრი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში რესპონდენტების მიერ არ აღიქმებოდა დომინანტურად და შესაბამისად, ისინი ცდილობდნენ, არ დაეფიქსირებინათ საჯაროდ ეს შეხედულებები. 2012 წლის არჩევნებისადმი ნდობისა და პოლიტიკური ცვლილების შედეგად კი სავარაუდოდ, მოხდა ამ დაფარული შეხედულებების საჯაროდ გაზიარება. საზოგადოებრივი აზრის მზარდი ზეწოლის დროს, როდესაც ადამიანები თვლიან, რომ უმცირესობაში არიან, ისინი ცდილობენ დამალონ საკუთარი შეხედულებები5. საზოგადოებრივი აზრის ან სოციალური გარემოს ცვლილებას კი შეუძლია ამ დაფარული მოსაზრებების  საჯაროდ გამოხატვა გამოიწვიოს.

როგორ ფიქრობთ, რამდენად დამაჯერებელია ჩვენი არგუმენტები? თქვენი აზრით, მართლდება თუ არა "სიჩუმის სპირალის" თეორია თანამედროვე საქართველოს შემთხვევაში?

რატი შუბლაძე



1 Allen, B. (1991). The Spiral of Silence & Institutional Design: Tocqueville's Analysis of Public Opinion& Democracy. Polity.1

2 Taylor, D. G. (1982). Pluralistic ignorance and the spiral of silence: A formal analysis. Public Opinion Quarterly, 46(3), p. 312.2

3 Anderson, C. J., & LoTempio, A. J. (2002).Winning, losing and political trust in America. British Journal of Political Science, 32(2), p. 336.3
4 Taylor, D. G. (1982). Pluralistic ignorance and the spiral of silence: A formal analysis. Public Opinion Quarterly, 46(3), p. 312.4
5 Griffin, E. M. (2003). A first look at communication theory 4th edition. Boston: McGraw-Hill.p. 3725

1 comment: