სტუდენტები მოხალისეობის შესახებ

თბილისელი სტუდენტების 15% ამჟამად მოხალისეა, 30% წარსულში იყო მოხალისე, ხოლო 55% არასდროს ყოფილა მოხალისე. ასეთი შედეგები უჩვენა ამ ზაფხულს არასამთავრობო ორგანიზაცია Helping Hand–ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომლის შედეგებიც წარმომადგენლობითია თბილისის რვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის1.  ამ უნივერსიტეტების 49867 ბაკალავრის სიიდან შემთხვევითი შერჩევის წესით 1500 რესპონდენტი შეირჩა. მათგან 160-მა გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, გამოიკითხა ბაკალავრიატის 1340 სტუდენტი, რომელთა ასაკი 17-დან 29 წლამდეა; გამოკითხულთა 52% მდედრობითი სქესისაა, 48% კი – მამრობითი.

გარდა იმისა, რომ თბილისელ სტუდენტებს შორის მოხალისეები უმცირესობას წარმოადგენენ, სტუდენტთა 51% თვლის, რომ საქართველოში მოხალისეობის ინსტიტუტი ეფექტური არ არის; საპირისპირო მოსაზრებას მხოლოდ 15% ეთანხმება. თუმცა, ეს მონაცემები იმდენად უიმედოდ აღარ მოგვეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათგან, ვინც ამჟამად არ არის მოხალისე, 71% აცხადებს, რომ ისურვებდა მოხალისეობრივი საქმიანობის შესრულებას. მსგავსი სურვილის არსებობა ცხადყოფს, რომ მოხალისეობას საქართველოში განვითარების პერსპექტივა აქვს; ამ პერსპექტივის გამოყენებისთვის კი საჭიროა პასუხი გაეცეს კითხვას: რა არის ის დაბრკოლებები, რაც ხელს უშლის მოხალისეობის განვითარებას თბილისელ სტუდენტებს შორის?2   კერძოდ:
  • რამდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან მოხალისე და არამოხალისე სტუდენტების დემოგრაფიული მახასიათებლები?
  • რამდენად გააჩნიათ ახალგაზრდებს ინფორმაცია მოხალისეობის შესახებ? 
  • აქვთ თუ არა მათ თავისუფალი დრო, რომელიც შეუძლიათ, რომ მოხალისეობას დაუთმონ? 
  • რამდენად დადებითია ახალგაზრდების დამოკიდებულება მოხალისეობის ინსტიტუტის მიმართ? 
გამოკითხვის შედეგები უჩვენებს, რომ მოხალისეობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები დემოგრაფიულ მონაცემებთან არ უნდა ასოცირდებოდეს (იხ. დიაგარმა 1). მაგალითად, სხვადასხვა ასაკისა და სქესის რესპონდენტებს შორის მოხალისეების, ყოფილი მოხალისეებისა და არამოხალისეების პროცენტული წილი თანაბრია. სტუდენტების 11% დაოჯახებულია, და ეს მაჩვნებელი მოხალისეებსა და არამოხალისეებს შორის მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.

მოსალოდნელია, რომ მათ, ვინც ამჟამად არ მუშაობს, უფრო მეტი თავისუფალი დრო ექნებათ და, სავარაუდოდ, მათ შორის მეტი მოხალისე იქნება, ვიდრე დასაქმებულებს შორის. გამოკითხვის შედეგები ასეთ ვარაუდს არ ადასტურებს: სტუდენტთა 30% ამჟამად დასაქმებულია, 69% კი - დაუსაქმებელი. თუმცა, ორივე ჯგუფიდან მხოლოდ 15%-15% აცხადებს, რომ ამჟამად მოხალისეობს. ამასთან, მოხალისეებს, ყოფილ მოხალისეებსა და არამოხალისეებს საშუალო ყოველთვიური დანახარჯიც თითქმის ერთნაირი აქვთ.

არც ერთი ფაკულტეტი არ გამოირჩევა მოხალისე სტუდენტების განსაკუთრებული კონცენტრაციით.
დიაგრამა 1
როგორც აღმოჩნდა, მოხალისეები არამოხალისეებისგან არ განსხვავდებიან დემოგრაფიული მონცემებით. შესაბამისად, მოხალისეობის განვითარების შესაძლო ხელისშემშლელი მიზეზებიც სხვაგან უნდა ვეძებოთ.

თავად სტუდენტები მოხალისეობრივი საქმიანობის ხელისშემშლელ მიზეზად ყველაზე ხშირად დროის არქონას ასახელებენ. ნახევარზე ოდნავ მეტი (52%) მათგან, ვინც ამჟამად არ მოხალისეობს, მოხალისეობაზე უარს თავისუფალი დროის არქონის გამო ამბობს. ამ პრობლემაზე ის სტუდენტებიც ამახვილებენ ყურადღებას, ვინც ამჟამად მოხალისეობენ. კითხვაზე, "რა შემთხვევაში დაუთმობდით მეტ დროს მოხალისეობას?", უმეტესობა (33%) პასუხობს, რომ მეტი თავისუფალი დროის ქონის შემთხვევაში. თავისუფალი დროის ნაკლებობას ემატება ისიც, რომ, როგორც ჩანს, მოხალისეობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები ახალგაზრდებს ნაკლებად სთავაზობენ ისეთ მოხალისეობრივ პროგრამებს, რომელებიც სტუდენტის დღის გრაფიკს ითვალისწინებს. ამაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ მოხალისე სტუდენტების 21% მზად არის, მოხალისეობას მეტი დრო დაუთმოს, თუ სამსახურის / სწავლისა და მოხალისეობის დროის შეთავსება შესაძლებელი იქნება.

Helping Hand–ის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოხალისეობის შესახებ ინფორმაციის არქონა მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა საქართველოში. არამოხალისეების მხოლოდ 27% აცხადებს, რომ სმენია ისეთი ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საქმიანობას სთავაზობენ. კითხვაზე, "რატომ არ გინდათ შეასრულოთ მოხალისეობრივი საქმიანობა?", მათ, ვინც არასდროს ყოფილა მოხალისე, მიზეზად შესაბამისი ინფორმაციის არქონა დაასახელეს (17%).

მათგან, ვინც არასდროს ყოფილა მოხალისე და ამის სურვილი აქვს (გამოკითხული სტუდენტების 38%) 25% ამბობს, რომ თავისი მოხალისეობრივი საქმიანობისთვის სამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებულ მოხალისეობრივ პროგრამებს მიანიჭებდა უპირატესობას. თუმცა, მათ უმრავლესობას სახელმწიფოს მიერ წამოწყებული მოხალისეობრივი პროგრამების შესახებ არ სმენია. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ გამოკითხული სტუდენტების 23% საქართველოში მოხალისეობის განვითარებისთვის სამთავრობო სექტორის გააქტიურების აუცილებლობაზე მიუთითებს.

სტუდენტები პრობლემას სამოქალაქო თვითშეგნების ნაკლებობაშიც ხედავენ. მათი 30% თვლის, რომ ქართველ ახალგაზრდებში მოხალისეობის განსავითარებლად სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლებაა საჭირო. ამავე პრობლემაზე შეიძლება მიუთითებდეს ისიც, რომ მათგან, ვინც არასდროს ყოფილა მოხალისე, მხოლოდ 21% თვლის, რომ მოხალისეობა კარგი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მათი მხოლოდ 26% ამბობს, რომ მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ახალგაზრდების მსგავსი დამოკიდებულება მათი გამოუცდელობით შეიძლება აიხსნას, რადგან გამოკითხვა აშკარად უჩვენებს, რომ იმ ახალგაზრდებიდან, რომლებსაც მოხალისეობის გამოცდილება აქვთ, პროცენტულად უფრო მეტი თვლის, რომ ეს ინსტიტუტი მნიშვნელოვანია კარგი მოქალაქისთვის და ქართული საზოგადოებისთვის (იხ. დიაგრამა 2). ამ ლოგიკით, ეს გარემოება პრობლემას წარმოადგენს მოხალისეობის განვითარების მხოლოდ პირველ ეტაპზე, რადგან მას შემდეგ, რაც სტუდენტები, რომლებიც არასდროს ყოფილან მოხალისეები, ერთხელ მაინც ჩაერთვებიან ამ საქმიანობაში, ავტომატურად გაიზრდება მათი რიცხვი, ვინც მოხალისეობის ინსტიტუტს ძალიან მნიშვნელოვნად თვლის.
დიაგრამა 2
როგორც გამოკითხვის შედეგები უჩვენებს, არსებობენ სტუდენტები, რომლებსაც მოხალისეობის სურვილი აქვთ ან უკვე მოხალისეები არიან და უნდათ, რომ ამ საქმეს უფრო მეტი დრო დაუთმონ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. მოხალისეობის განვითარების ხელისშემშლელი სამი ძირითადი ფაქტორი გამოიკვეთა: მოხალისეობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის არქონა, თავისუფალი დროის ნაკლებობა და მოხალისეობის საზოგადოებრივი როლის შესახებ სათანადო ინფორმაციის არქონა, რის შედეგადაც მცირეა იმ ახალგაზრდების რიცხვი, ვინც მოხალისეობას ქართული საზოგადოებისთვისა და კარგი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

თქვენ როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა საქართველოში მოხალისეობის განვითარება, და თუ საჭიროა – რომელი დაბრკოლების გადალახვაა ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში მოხალისეობის განსავითარებლად?

Helping Hand–ის გამოკითხვის სრული ანგარიში იხილეთ აქ.
ზაქარია თავბერიძე




1 გამოკითხვა ჩატარდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში და CRRC–საქართველოს მხარდაჭერით, შემდეგ უნივერსიტეტებში: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ); და საქართველოს უნივერსიტეტი.1
2 წინამდებარე ბლოგის მიზანია მოხალისეობასა და სხვა ცვლადებს შორის არსებული ასოციაციების წარმოჩენა. მასში მოხალისეობასა და სხვა ცვლადებს შორის ურთიერთკავშირი არ არის ასახული.2

No comments:

Post a Comment