სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად CRRC-საქართველომ 2018 წლის 19-26 ივნისს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში და გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი 1005 მოქალაქე. მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია. ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.8 %-ის ტოლია.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას (96%) სმენია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ. თუმცა, მათგან მხოლოდ 17%-მა იცოდა ზუსტად, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე - მოსამართლემ ერთ-ერთ ბრალდებულს მკვლელობისთვის, ხოლო მეორე ბრალდებულს მკვლელობის მცდელობისთვის შეუფარდა სასჯელი. საქართველოში მცხოვრებთა უმრავლესობამ (61%) არ იცოდა, რა გადაწყვიტა სასამართლომ. დანარჩენებს კი არაზუსტი ან ნაწილობრივი ინფორმაცია ჰქონდათ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მაგალითად, მოსახლეობის 9%-მა განაცხადა, რომ სასამართლომ ერთი ბრალდებული გაამართლა, მეორეს კი მკვლელობისთვის შეუფარდა ციხის სასჯელი. 5%-მა უპასუხა, რომ სასამართლომ ორივე ბრალდებული გაამართლა, ხოლო 2%-ის თქმით, მოსამართლემ ორივე ბრალდებულს მკვლელობისთვის შეუფარდა სასჯელი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ თბილისის მაცხოვრებლები შედარებით უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებულნი ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, ვიდრე საქართველოს სხვა დასახლებული პუნქტების მოსახლეობა (7-10%-იანი განსხვავება).
- პროკურატურის მიერ გავლენიანი პირების ახლობლებისთვის ხელის დაფარება (28%);
- პროკურატურის მიერ საქმის უხარისხო, არაკვალიფიციური გამოძიება (8%);
- გავლენიანი პირების ახლობლებისთვის ხელის დაფარება (7%).
მათი 3%, ვინც სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ აფასებს, მიიჩნევს, რომ უსამართლო გადაწყვეტილება ზოგადად ქვეყანაში არსებულმა უსამართლობამ განაპირობა. თბილისში სასამართლოს გადაწყვეტილება ოდნავ უფრო სამართლიანადაა შეფასებული, ვიდრე თბილისს გარეთ (5-7%-იანი სხვაობა).
კითხვაზე: „თქვენი აზრით, რომელ მათგანზე აგებს პასუხს სასამართლო, რომელზე პროკურატურა, რომელზე შინაგან საქმეთა სამინისტრო და რომელზე - სხვა ორგანოები?“, 7%-მა უპასუხა, რომ სასამართლო პასუხისმგებელია მტკიცებულებების შეგროვებაზე ბრალდებულის დანაშაულის დამტკიცების მიზნით. 12%-მა განაცხადა, რომ სასამართლოს მოვალეობაა მტკიცებულებების შეგროვება ბრალდებულის უდანაშაულობის დამტკიცების მიზნით. მტკიცებულებების შეგროვების შესახებ ცოდნის შეფასების კითხვებზე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უპასუხა „არ ვიცი“ (33% და 38%).
ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს სახელმწიფოს მხრიდან ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოჰყვა: თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და საქმის საგამოძიებო პროცესის შესწავლის მიზნით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს მოსახლეობის 50% ემხრობა, თითქმის მეხუთედი (19%) კი არ ემხრობა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ. 30%-ს გაუჭირდა შოთაძის გადაწყვეტილების შეფასება. რაც შეეხება საპარლამენტო კომისიას, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სმენია ხორავას ქუჩის მკვლელობის შესახებ, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ დროებით კომისიასთან დაკავშირებით. 28% მიიჩნევს, რომ კომისია შეძლებს სიმართლის დადგენას, 32%-ის აზრით კი კომისია ამას ვერ შეძლებს. მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (33%) უჭირს იმის შეფასება, შეძლებს თუ არა კომისია სიმართლის დადგენას, ხოლო 7%-ს საერთოდ არ სმენია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია სატელეფონო გამოკითხვას ეფუძნება. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CRRC-საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.
No comments:
Post a Comment