უსაფრთხოება საქალაქთაშორისო მგზავრობის დროს - მანევრირების სტილი

საქალაქთაშორისო გადაადგილების უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა, სატრანსპორტო საშუალების გამართულობის გარდა,  ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვაა. CRRC-ის მკვლევრების მიერ ჩატარებულმა ინტერვიუებმა მძღოლებთან, მგზავრებთან და ავტოსადგურების ადმინისტრაციასთან და ასევე სოციალურმა ექსპერიმენტმა პროექტისთვის „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ ცხადყო, რომ მძღოლის მიერ ავტომობილის მართვის სტილთან დაკავშირებით საქართველოში გარკვეულ გამოწვევებთან გვაქვს საქმე. პრობლემების ჩამონათვალში ხვდება არა მხოლოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა, არამედ მძღოლის გადაღლილობა, მობილურ ტელეფონზე საუბარი და სიგარეტის მოწევა მანქანის მართვის პარალელურად.

მგზავრები მიუთითებენ, რომ სამარშრუტო ტაქსები ძალიან სწრაფად დადიან და ხშირად აჭარბებენ დასაშვებ სიჩქარეს. თუმცა, ეს ყოველთვის პრობლემად არ აღიქმება. თუ მძღოლი კარგად მართავს მანქანას, მგზავრები ნაკლებად წუხდებიან სიჩქარით. თავად მძღოლები საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარეზე საუბრისას ამბობენ, რომ საშუალოდ 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ, რაც ავტობანზე დასაშვებზე (110 კმ/სთ) დაბალია. მძღოლების ნაწილი აღნიშნავს, რომ მაღალი სიჩქარით მოძრაობის საჭიროება ხანდახან სიტუაციიდან გამომდინარეობს, რადგან მგზავრების ჩასასმელად წინ მყოფი არაოფიციალური მანქანის, ე.წ. „ხიშნიკის“ გასწრება უწევთ.

მგზავრების აზრით, გზებზე სიჩქარის გადაჭარბებისა და საშიში მოძრაობის აღმოფხვრის ერთადერთი გზა გზებზე კონტროლის გამკაცრება და მეტი ჯარიმის დაწესებაა. მძღოლებისა და ავტოსადგურების ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ეს პრობლემა იმიტომ არსებობს, რომ საქალაქთაშორისო გადაადგილება საქართველოში დაურეგულირებელია. ყველას შეუძლია ავტომობილზე სანიშნე დაფის დადგმა და მგზავრების გადაყვანა ნებისმიერი მიმართულებით. ამის გამო ოფიციალური ავტოსადგურების გარდა, ერთი და იგივე მიმართულებით ბევრი ადგილიდან გადის ტრანსპორტი და შედეგად ყველას არ ჰყავს სათანადო რაოდენობის მგზავრი. ამიტომ ყველა ცდილობს მგზავრობის მსურველების გზაზე აყვანას, რაც გზებზე ქაოსს იწვევს. სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მუდმივად ცდილობენ სხვა, ხშირ შემთხვევაში არაოფიციალური მანქანების გადასწრებას.

CRRC-ის მკვლევრების დაკვირვებით, რომლებმაც საქალაქთაშორისო სამარშუტო ტაქსებით იმგზავრეს, ძალიან ხშირი იყო მძღოლის მხრიდან სიჩქარის გადაჭარბებისა და სახიფათო მანევრირების შემთხვევები ცუდი ამინდისა და ხილვადობის მიუხედავად. იყო შემთხვევები, როდესაც სიჩქარეს მძღოლი აშკარად პირადი მიზეზების გამო აჭარბებდა (მაგალითად, დაურეკეს და სადღაც ეჩქარებოდა). ასეთ შემთხვევებში მგზავრები, როგორც წესი, შეშინებულები იყვნენ, თუმცა, თავს იკავებდნენ მძღოლის გაღიზიანებისაგან. რიგ შემთხვევებში კი მგზავრების თხოვნას სიჩქარის შემცირების შესახებ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

გარდა სიჩქარისა, CRRC-ის მკვლევრების დაკვირვების შედეგები ცხადყოფს, რომ მძღოლები ხშირად არღვევენ უსაფრთხოებისა და საგზაო მოძრაობის წესებს. შემთხვევების 47%-ში, მძღოლების იმ ჯგუფიდან, რომელმაც არ იცოდა, რომ აკვირდებოდნენ, 3-ჯერ ან მეტჯერ მოხდა ღერძულა ხაზის გადაკვეთა, ხოლო შემთხვევების 45%-ში ერთხელ მაინც გააკეთა მძღოლმა აგრესიული მანევრირება. ამასთანავე, შემთხვევების 36%-ში მძღოლს გარკვეული დროის მანძილზე  არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი.

გარდა სიჩქარისა და მანევრირებისა, უსაფრთხო მგზავრობისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მძღოლის სიფხიზლე და მობილიზებულობა. მგზავრების მხრიდან გამოითქვა ჩივილი მძღოლების გადაღლილობასთან დაკავშირებითაც, რაც მათ მიერ ტრანსპორტის მართვაზე აისახება. თავად მძღოლები მიუთითებენ, რომ ისინი, ვინც რეგისტრირებულ ავტოსადგურებში მუშაობენ, იცავენ გრაფიკს და, შესაბამისად, ისვენებენ მგზავრობებს შორის. მხოლოდ არაოფიციალური საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები დადიან განრიგის გარეშე.

ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა ასევე სამარშუტო ტაქსის მართვისას ტელეფონზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დარღვევა ჯარიმით ისჯება, მძღოლებმაც და მგზავრებმაც აღნიშნეს, რომ მგზავრობისას სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მობილურ ტელეფონებს ხშირად იყენებენ. მძღოლების მტკიცებით, მათ ხშირად ურეკავენ მგზავრები და იძულებულები არიან, უპასუხონ მათ. მგზავრები კი მიუთითებენ, რომ ჰქონიათ შემთხვევა, როცა მძღოლს თხოვნითაც კი მიმართეს, არ ესაუბრა მობილურზე. თუმცა, ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა და საკმაოდ უხეში პასუხიც მიიღეს.

ავტოსადგურის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ყველა მძღოლმა იცის, რომ მგზავრობისას მობილურ ტელეფონზე საუბარი აკრძალულია, თუმცა, ამის კონტროლი არ ხდება.

CRRC-ის მკვლევრების მიერ განხორციელებული დაკვირვება საშუალებას იძლევა, შევაფასოთ, თუ რეალურად რა სიხშირით საუბრობენ მძღოლები მობილური ტელეფონით. აღმოჩნდა, რომ მძღოლების იმ ჯგუფში, რომელმაც არ იცოდა, რომ აკვირდებოდნენ, შემთხვევების 67%-ში მძღოლმა ავტომობილის მართვისას ერთხელ მაინც ისაუბრა მობილურ ტელეფონზე, ხოლო 6%-ში ერთხელ მაინც დაწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება.

არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია სამარშუტო ტაქსის მართვისას სიგარეტის მოწევა. მძღოლების მტკიცებით, სიგარეტს მგზავრობისას არც მძღოლები და არც მგზავრები არ ეწევიან. უფრო მეტიც, ისინი ამტყუნებენ მძღოლებს, რომლებიც ამ წესს არ იცავენ. CRRC-ის მკვლევრების მიერ განხორციელებულ დაკვირვებაზე დაყრდნობით კი, იმ ჯგუფში, რომელშიც მძღოლებმა არ იცოდნენ, რომ მათ ქცევას აკვირდებოდნენ, შემთხვევების 40%-ში მძღოლმა ერთხელ მაინც მოწია სიგარეტი მანქანის მართვის პარალელურად.
როგორც ვხედავთ, საქართველოში საქალაქთაშორისო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებს ვხვდებით მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლებისთვის ცნობილია უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი წესები, მთელ რიგ შემთხვევებში ეს წესები ირღვევა. ხშირად დარღვევის მიზეზად არარეგულირებული ბაზარი სახელდება, კერძოდ კი, არაოფიციალურ სატრანსპორტო საშუალებებთან კონკურენცია. იმისათვის, რომ სამარშუტო ტაქსის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდეს, რეკომენდირებულია, სახელმწიფომ შექმნას მიკროავტობუსებზე ანონიმური დაკვირვების პროგრამა. ასევე საჭიროა, სიჩქარის კონტროლის უკეთესი მექანიზმების შემუშავება, ურჩი მძღოლების დაჯარიმება და მძღოლების მიერ ღვედის ტარების უფრო ეფექტური მონიტორინგის სისტემის შემუშავება.

No comments:

Post a Comment