თბილისში არსებული ავტოსადგურების ინფრასტრუქტურა და სამარშრუტო ტაქსების კომფორტი



ავტოსადგური თბილისში (ცისანა ხუნდაძის ფოტო)  

კომფორტული საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია როგორც კეთილმოწყობილი ავტოსადგური, ასევე მგზავრობის ზუსტი განრიგი და სუფთა და მოწესრიგებული ტრანსპორტი. CRRC-საქართველოს მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“  შედეგებზე დაყრდნობით ეს ბლოგი აღწერს თბილისის ავტოსადგურებში (დიდუბე ნიგე, ტრანსდიდუბე, დედაქალაქი, ისანი და ორთაჭალა) არსებულ მდგომარეობას. ბლოგი ეყრდნობა მგზავრების, მძღოლებისა და ავტოსადგურების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შეხედულებებს, ასევე CRRC-საქართველოს მკვლევართა დაკვირვებებს.

პირველივე, რაც ავტოსადგურში მისულ მგზავრს თვალში ხვდება, იქ არსებული ქაოტური გარემოა. შესწავლილი ავტოსადგურებიდან მხოლოდ ორს - ორთაჭალისა და დიდუბის ავტოსადგურებს - აქვს კაპიტალური შენობა. დანარჩენი ღია ცის ქვეშაა განთავსებული. ავტოტრანსპორტი, რომელთა უმეტესობა საკმაოდ მოძველებული და არაკომფორტულია, სადგურის ტერიტორიაზე უწესრიგოდ დგას. მძღოლები და მგზავრები ერთმანეთში ირევიან. ტერიტორიაზე ისმის მძღოლების ხმა, რომლებიც ყვირილით ატყობინებენ მგზავრებს თავიანთ მიმართულებას  და გასვლის დროს. პრობლემას წარმოადგენს, აგრეთვე ავტოსადგურის მოუწესრიგებელი შიდა და მიმდებარე გზებიც.

ორთაჭალის და დიდუბის ავტოსადგურების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მძღოლების ნაწილი ავტოსადგურებში არსებულ პირობებს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. მათი თქმით, ავტოსადგურში ყველანაირი პირობაა შექმნილი მძღოლებისა და მგზავრების კომფორტისთვის, არის დედათა და ბავშვთა ოთახი, საშხაპე მძღოლებისთვის, საპარიკმახერო და კვების ობიექტი. თუმცა, CRRC-ის მკვლევარების დაკვირვებით, ეს ავტოსადგურები სათანადოდ აღჭურვილი არ არის და სერვისების უმეტესობა არ ფუნქციონირებს. სხვა ავტოსადგურებში მგზავრებისათვის მოსაცდელი ოთახი კი არა, გადახურული სივრცეც არ მოიძებნება, სადაც ადამიანი თავის გამგზავრებას დაელოდება.

სამედიცინო ოთახი CRRC-ის მკვლევარებმა მხოლოდ დიდუბისა და ორთაჭალის ავტოსადგურებში დააფიქსირეს. მიუხედავად იმისა, რომ სადგურები მძღოლების წინასარეისო სამედიცინო შემოწმებაზე პასუხისმგებელნი არიან, ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს კანონმდებლობა მძღოლთა გამგზავრების წინ სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას არ ითვალისწინებს. მხოლოდ ორთაჭალის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ მათთან მძღოლის წინასარეისო სამედიცინო შემოწმება ხდება.

მოწესრიგებული საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის აუცილებელი პირობაა ზუსტი განრიგის არსებობა. სამწუხაროდ, თბილისის ავტოსადგურების უმეტესობაში, რეისების განხორციელების განრიგი მგზავრებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი არ არის. ინფორმაციის მისაღებად სალაროში მისვლაა საჭირო. ხშირად არც სალაროს აქვს ამომწურავი ინფორმაცია განრიგთან დაკავშირებით და გადამისამართება უშუალოდ მძღოლებთან ხდება. CRRC-ის დაკვირვებით, ზოგჯერ მგზავრების მცირე რაოდენობის შემთხვევაში, შეიძლება რეისი გაუქმდეს მძღოლის პირადი გადაწყვეტილებით, რის შესახებაც, ბუნებრივია, მგზავრებს წინასწარ ინფორმაცია ვერ ექნებათ. ასევე, აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, სალაროებში ბილეთების აღებაც კი შეუძლებელია და მგზავრობის საფასურის გადახდა უშუალოდ მძღოლთან ხდება. შესწავლილი ავტოსადგურებიდან, სამის სამგზავრო განრიგი ხელმისაწვდომია  ვებგვერდის საშუალებით.  CRRC-ის მკვლევარებს არ გადაუმოწმებიათ ონლაინ განთავსებული ინფორმაციის სიზუსტე.

საქალაქთაშორისო მგზავრობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტი სამარშრუტო ტაქსებში. ხშირ შემთხვევაში სამარშრუტო ტაქსებში სისუფთავე დაცულია და მძღოლები ზრუნავენ ამაზე. ისინი სისტემატურად რეცხავენ ტრანსპორტს და ყოველდღე ხელით ასუფთავებენ სალონს. თუმცა, ავტროსატრანსპორტო საშუალების სიძველე მაინც აისახება მის კომფორტულობაზე. მგზავრებისა და თავად მძღოლების თქმითაც, სამარშრუტო ტაქსებში ზაფხულობით კონდიციონერი ან საერთოდ არ არის ჩართული, ან არ არის დამონტაჟებული. რამდენიმე მძღოლმა კონდიცირების არ არსებობა მისი დამონტაჟებისა და მოხმარების სიძვირით ახსნა.

სამარშრუტო ტაქსების უმეტესობაში მგზავრების სკამები არ არის კომფორტული. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების უმეტესობა სატვირთო დანიშნულებისაა და კუსტარულად არის გადაკეთებული სამგზავროდ. შესაბამისად, სკამები ხშირად უხარისხოდაა დამონტაჟებული. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევაში, ტრანსპორტში ნორმაზე მეტი სკამია განთავსებული, რაც ასევე აისახება მგზავრობის დისკომფორტზე და უსაფრთხოებაზე.

ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ მგზავრთა კომფორტის თვალსაზრისით საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. არსებული სიტუაცია ხელს უშლის მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვას და მისი ხანგრძლივობის განსაზღვრას. კაპიტალური შენობის, მოსაცდელი დარბაზებისა და სხვა მომსახურების ნაკლებობა აგრეთვე ნეგატიურად აისახება მგზავრთა კომფორტზე. ხოლო, გაუმართავი და ხშირად კუსტარულად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალებები პირდაპირ გავლენას ახდენენ არა მარტო მგზავრობის კომფორტზე, არამედ მის უსაფრთხოებაზეც.

მგზავრების, მძღოლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა უმრავლესობა არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მიერ არასათანადოდ ხდება ავტოსადგურების ფუნქციონირებისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი; ისინი ასევე აღნიშნავენ ავტოსადგურებისთვის სახელმწიფო სტანდარტებისა და რეგულაციების არ არსებობას.

შესაბამისად, არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად, ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, როგორც დამატებითი სტანდარტებისა და რეგულაციების შემოღებით, აგრეთვე მათ განხორციელებაზე კონტროლის გზით.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ავტოსადგურებს აქვთ ვალდებულება, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს გამგზავრებამდე ჩაუტარონ სამედიცინო შემოწმება, თუმცა კანონმდებლობის ეს მოთხოვნა ყოველთვის არ სრულდება, ხოლო შესრულების მონიტორინგი საერთოდ არ ხდება. ამდენად, აუცილებელია ყველა ავტოსადგურის აღჭურვა სამედიცინო ოთახით, სადაც მძღოლები გაივლიან წინასარეისო სამედიცინო შემოწმებას. ასევე რეკომენდებულია წინასარეისო სამედიცინო შემოწმების პერიოდული მონიტორინგი.

თუმცა, ხელისუფლების მიერ ამ ნაბიჯების გადადგმამდეც, ავტოსადგურების ადმინისტრაციებს შეუძლიათ მოაწესრიგონ რამდენიმე პრობლემა, როგორიცაა შიდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და რეისების განრიგის მოწესრიგება.

No comments:

Post a Comment