საქართველოს არჩევნების მიკროგეოგრაფია



2012 წლის არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებულია. გარდა იმისა, რომ ეს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილების პირველი პრეცენდენტია, არჩევნების შედეგების ანალიზი ბევრ საყურადღებო თავისებურებას ავლენს. გეოგრაფიული თვალსაზრისით, საინტერესოა შევაფასოთ, თუ როგორი საარჩევნო ქცევით ხასიათდებოდნენ მოსახლეობის ესა თუ ის შედარებით მცირე ჯგუფები, რომლებსაც გარკვეული თავისებურებები გააჩნიათ. არჩევნების შედეგების „მიკროგეოგრაფიული“ დახასიათებისთვის გადავხედოთ შემთხვევებს, რომლებიც დიდი სივრცითი განფენილობით არ გამოირჩევიან, მაგრამ მათ საარჩევნო ქცევაზე დაკვირვება საინტერესო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ თბილისის სასოფლო მოსახლეობის და სპეციალურ საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საარჩევნო ქცევას.

უკანასკნელი არჩევნების გეოგრაფიული თავისებურებებიდან ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მოვლენას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი“ სოფლის მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერა წარმოადგენდა. სამი საარჩევნო ოლქის (საჩხერე, თეთრიწყარო, გარდაბანი) გარდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ოლქის სასოფლო არეალებში უფრო მეტი ხმის დაგროვებას ახერხებდა, ვიდრე მუნიციპალიტეტის ცენტრებსა და საქალაქო ტიპის დასახლებებში. ამასთან, 30-მდე საარჩევნო ოლქის სოფლებში პარტიის მიერ მიღებული ხმები მუნიციპალიტეტის ცენტრებსა და ქალაქებში ნაჩვენებ შედეგებს 10%-ით ან უფრო მეტით აღემატებოდა.
რუკა 1
 ბოლო წლების მანძილზე, თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები რამდენჯერმე შეიცვალა და მის შემადგენლობაში მეზობელი მუნიციპალიტეტების ფარგლებში არსებული რამდენიმე სასოფლო ტიპის დასახლება შევიდა. მსგავსად ადმინისტრაციულისა, საარჩევნო-ტერიტორიული დაყოფის მხრივ, ეს სოფლები დედაქალაქის ნაწილს წარმოადგენენ. სოფლები - კიკეთი, ტაბახმელა, წავკისი და შინდისი, დაბა კოჯორთან ერთად, მთაწმინდის ოლქში შედიან, ვაკის საარჩევნო ოლქის შემადგენლობაშია წყნეთი და მისი მიმდებარე სოფლები, სოფელი დიღომი  საბურთალოს საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება და ა.შ. სულ სასოფლო დასახლებები თბილისის ათი საარჩევნო ოლქიდან ექვსშია წარმოდგენილი. ამასთან, მთაწმინდის და კრწანისის ოლქებში სოფლის მცხოვრებლები ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით მეათედს შეადგენენ, დანარჩენებში კი მათი წილი 6%-ს არ აღემატება.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ საერთო სურათის მიხედვით, თბილისის შემადგენლობაში შემავალი სასოფლო დასახლებების უმეტესობაში არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია გამარჯვებას, თუმცა მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სოფლებში უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებდა, ვიდრე ოლქის საქალაქო დასახლებებში. შედარებისთვის, მთაწმინდის ოლქში შემავალ სოფლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 57% მოაგროვა, როდესაც უშუალოდ ქალაქში არსებულ უბნებზე მხოლოდ 29%-ის მოპოვება შეძლო (რუკა 1). სხვაობა კიდევ უფრო მაღალი იყო კრწანისის შემთხვევაში - 35% ქალაქში და 80% სასოფლო დასახლებებში. რაც შეეხება მთლიანად თბილისს, დედაქალაქის ურბანულ ნაწილში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმების მხოლოდ 27% მოაგროვა, ხოლო სასოფლო არეალებში კი - 39%. 
დიაგრამა 1

როგორც წინა არჩევნების შედეგების ანალიზიდან ჩანს, აღნიშნული ტენდენცია საკმაოდ მდგრადია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მმართველი გუნდი სასოფლო არეალებში გაცილებით მაღალი მხარდაჭერით სარგებლობდა (დიაგრამა 1). 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც მ. სააკაშვილი თბილისის მასშტაბით დამარცხდა, დედაქალაქის სასოფლო არეალებში მან სხვა კანდიდატებზე მეტი ხმის მოგროვება შეძლო. ანალოგიურად, 2008 წლის საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია სოფლებში ხმების 10% და უფრო მეტ წილს მოიპოვებდა, ვიდრე ურბანულ არეალებში.

აღსანიშნავია, რომ განხილულ პერიოდში საარჩევნო ოლქების საზღვრები მუდმივი არ ყოფილა. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კრწანისის საარჩევნო ოლქში შემავალი სოფლები კოჯორი, კიკეთი, ტაბახმელა, წავკისი და შინდისი მიუერთდა მთაწმინდას, სადაც მანამდე მხოლოდ ერთი სასოფლო დასახლება - ოქროყანა შედიოდა. შედეგად, სასოფლო მოსახლეობის წილი ოლქის ამომრჩევლებში 2%-დან 10%-მდე გაიზარდა, ხოლო კრწანისში 18%-დან 9%-მდე შემცირდა. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საოლქო მასშტაბით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმების 60% დააგროვა, როდესაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენები შედეგი 46% გახლდათ. რა თქმა უნდა, ამასთან გასათვალისწინებელია ზოგადად, ოპოზიციური ძალების ნაკლები წარმატება, თუმცა მაინც არსებობს გარკვეული საფუძველი იმის მტკიცებისა, რომ საარჩევნო ოლქის საზღვრების ცვლილება შედეგებით მანიპულირების საშიშროებას ქმნიდა როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული ხმის მიცემის პროცესის დროს, მით უმეტეს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მთაწმინდას საკრებულოში ერთი მაჟორიტარი დეპუტატი წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში ახალი არ არის და ლიტერატურაში „ჯერიმენდერინგის სახელითაა ცნობილი, თუმცა საქართველოში ამ ფენომენის არსებობის შესახებ ჩვენთვის აქამდე არაფერი იყო ცნობილი.
დიაგრამა 2
სპეციალური უბნები ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის და სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებისთვის იქმნება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მათი შედეგები დამოუკიდებლად არ ითვლება, მონაცემთა შეჯამებისას დროს ხმების დაჯამება ხდება სხვა, ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებზე. ცხადია, ამ შემთხვევაში შეუძლებელია უშუალოდ სპეციალური უბნების ქცევაზე საუბარი, რადგან მონაცემები აგრეგირებულია, თუმცა რამდენიმე საინტერესო ტენდენციის გამოკვეთა შესაძლებელია. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა 70 სპეციალური საარჩევნო უბნის იდენტიფიცირება, სადაც ჩვეულებრივ ამომრჩევლებთან ერთად სულ დაახლოებით 95 ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული (ეს მოიცავს სპეციალური უბნებსა და ე.წ. „დედა-უბნებზე“ რეგისტრირებულ ამომრჩევლებს). თუკი გავაანალიზებთ არჩევნების დღეს საოლქო აქტივობას, ვნახავთ, რომ იმ 25 ოლქიდან, სადაც სპეცუბნები იყო ორგანიზებული, რვაში მსგავს უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლები მთელ ოლქში მონაწილე ამომრჩევლების 10%-ს ან მეტს შეადგენდნენ - მაგალითად, კრწანისში ეს მაჩვენებელი 24%-ს აღწევდა, მთაწმინდაზე კი - 17%-ს. აღნიშნული უბნები ხმის მიცემის თავისებურებებით აშკარად განსხვავდებოდნენ იმავე ოლქის სხვა უბნებისგან. კერძოდ, ზემოთხსენებული 70 უბნიდან 54-ში გამარჯვება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა, საიდანაც 42-ში 10% და მეტით უსწრებდა „ქართულ ოცნებას“. ამასთან, 63 სპეციალურ უბანში მმართველმა პარტიამ ხმების უფრო მაღალი მაჩვენებელი დააგროვა, ვიდრე ოლქის მასშტაბით, საიდანაც 53-ში სხვაობა 10% და მეტი იყო.  განსხვავება განსაკუთრებით თვალშისაცემი სენაკის და გარდაბნის საარჩევნო უბნებზე გახლდათ, სადაც განსხვავება 20%-ს აღემატებოდა (დიაგრამა 2).

საქართველოში ჩატარებული ბოლო რამდენიმე არჩევნების შედეგებს თუ გადავხედავთ, განხილული ტენდენცია საკმაოდ მაღალი მდგრადობით ხასიათდება (დიაგრამა 3). ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი სპეციალურ უბნებზე ყოველთვის ხმების გაცილებით მაღალ პროცენტულ მაჩვენებლებს იღებდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ უბნებზე იმის მიუხედავად, რომ ჩვენს მიერ მოტანილი რიცხვები ასევე მოიცავს ე.წ. დედა უბნების მონაცემებსაც.
დიაგრამა 3
არჩევნების შედეგების ცალკეული უბნის დონეზე განხილვა საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. აღმოჩნდა, რომ სასოფლო მოსახლეობისერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმილოიალობის მთელი საქართველოსთვის დამახასიათებელი ტენდენცია თბილისისთვისაც რელევანტურია, უფრო მეტიც, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დედაქალაქის ორი საარჩევნო ოლქის სასოფლო უბნებზე სახელისუფლებო პარტიამ გამარჯვება მოიპოვა. ანალოგიური ტენდენციით ხასიათდება სამხედრო და სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეთათვის შექმნილი სპეციალური საარჩევნო უბნები, რომლებიცერთიანი ნაციონალური მოძრაობისმყარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ. ამასთან ორივე აღწერილი ტენდენცია დამახასიათებელია 2008 წლის შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნებისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიმსჯელოთ მათი გრძელვადიანობის შესახებ.

დავით სიჭინავა

No comments:

Post a Comment