სუბიექტური სიღარიბე, სოციალური მხარდაჭერა და ბედნიერების ხარისხი საქართველოში: კავკასიის ბარომეტრის 2011 წლის შედეგები



CRRC-ის ყოველწლიური გამოკითხვა - კავკასიის ბარომეტრი - მოიცავს ბევრ კითხვას რომლებიც საქართველოში სიღარიბის დონის დადგენას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი მათგანია: თქვენს ირგვლივ მცხოვრები ოჯახების უმრავლესობასთან შედარებით, როგორ შეაფასებდით თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ამჟამად? სავარაუდო პასუხებია: ძალიან ცუდი, ცუდი, საშუალო, კარგი და ძალიან კარგი. ეს კითხვა გამორჩეულია სხვა კითხვებისგან სუბიექტურობის მაღალი ხარისხით და იმით, რომ სიღარიბის შესაფასებლად სოციალურ შედარებას იყენებს. შედეგად, ვიღებთ სუბიექტური სიღარიბის მაჩვენებელს, რომელიც ასახავს, თუ რამდენად ღარიბად გრძნობს თავს ინდივიდი, და არა თუ რამდენად ღარიბია ის სინამდვილეში. სიღარიბის ეს ორი - ობიექტური და სუბიექტური - მაჩვენებელი ხშირად კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა არაა აუცილებელი ერთმანეთს სრულად ემთხვეოდეს. ორი ადამიანი, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობაც ობიექტურად ერთნაირია, შესაძლოა განსხვავდებოდეს თავისი მდგომარეობის სუბიექტური აღქმით. შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხი გვაძლევს სურათს, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს სიღარიბის ობიექტური საზომების საფუძველზე (ხელფასის ოდენობა, ოჯახის შემოსავალი და ა. შ) მიღებული სურათისგან და ასახავს სუბიექტურ, შედარებით სიღარიბეს.

2011 წლის კავკასიის ბარომეტრის მიხედვით, საქართველოში ნახევარზე მეტი (54%) ოჯახების შემოსავალი არ აღემატება 100 აშშ დოლარს. მაგრამ მხოლოდ 24% მიიჩნევს თავისი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას როგორც ცუდს ან ძალიან ცუდს სხვა ოჯახებთან მიმართებაში. 65% თვლის, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა ისეთივეა, როგორც საქართველოში მცხოვრებ ოჯახთა უმრავლესობის, ხოლო 7% საკუთარი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას სხვა ოჯახებთან შედარებით უკეთესად მიიჩნევს. 

რა კავშირი აქვს სიღარიბის სუბიექტურ აღქმას ადამიანების აქტივობებთან და ფსიქო-სოციალურ სტატუსთან?

კავკასიის ბარომეტრის მონაცემები აჩვენებს, რომ სუბიექტური სიღარიბის ზრდასთან ერთად, მცირდება ადამიანთა მთელ რიგ კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის სიხშირე. საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც საკუთარი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს როგორც უარესს სხვა ოჯახებთან შედარებით, ნაკლებად მონაწილეობს ისეთ აქტივობებში, როგორიცაა ვარჯიში, მეგობრებთან ერთად დროის გატარება, თეატრში ან კინოში  წასვლა, პარკში გასეირნება; ასევე, ნაკლებად ხშირად ესწრება ქალაქის ან სკოლის საკითხებთან დაკავშირებულ საჯარო შეხვერდებს (დიაგრამა 1).

დიაგრამა 1 (წყარო: კავკასიის ბარომეტრი 2011). 




 მოცემული შედეგების ინტერპრეტაციისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი (68%) პოულობს დროს მეგობრებთან ურთიერთობისთვის, მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული სპორტულ (14%), კულტურულ და სხვა სოციალურ აქტივობებში. კავკასიის ბარომეტრის მონაცემები მიუთითებს, რომ სწორედ ისინი, ვინც საკუთარი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებენ როგორც უკეთესს საქართველოში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობასთან შედარებით, პირველნი ითვისებენ ცხოვრების ჯანმრთელ წესს და ერთვებიან აქტიურ კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

კავკასიის ბარომეტრის მონაცემები მიუთითებს, რომ სიღარიბის სუბიექტური აღქმა კავშირშია არა მხოლოდ კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობასთან, არამედ ზოგადად, ინდივიდის ფსიქო-სოციალურ სტატუსთან. საქრთველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას აღიქვამს როგორც ცუდს სხვა ოჯახებთან შედარებით, განიცდის სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობას: ისინი ნაკლებად ეთანხმებიან მოსაზრებებს, რომ ყავთ ბევრი ახლობელი ადამიანი, ვისი ნდობაც შეუძლიათ და რომელთა იმედიც ექნებათ გაჭირვებაში. ამის საპირისპიროდ, ის ადამიანები, რომლებიც თავის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებენ, როგორც სხვებზე უკეთესს, ნაკლებად გრძნობენ თავს გარიყულად და განიცდიან სიცარიელის გრძნობას, ვიდრე საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას სხვებთან შედარებით უარესად თვლის (დიაგრამა 2).

დიაგრამა 2 (წყარო: კავკასიის ბარომეტრი 2011).

 სუბიექტურ სიღარიბეს და ინდივიდის ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას შორის კავშირს ადასტურებს შემდეგი დიაგრამაც (დიაგრამა 3). კავკასიის ბარომეტრის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ადამიანების მიერ საკუთარი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის აღქმა კავშირშია ბედნიერების ზოგად განცდასთან. საქართველობის მოსახლეობის 51% აცხადებს, რომ ბედნიერია, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებენ როგორც სხვებზე უკეთესს, უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს; მათი მხოლოდ 3% მიიჩნევს თავს უბედურად, მაშინ როდესაც ეს წილი 24%-მდე იზრდება მათთან, ვინც საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას სხვებზე უარესად მიიჩნევს.


საერთო ჯამში, კავკასიის ბარომეტრის 2011 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ¼ თვლის, რომ მათი ოჯახი სხვებთან შედარებით ცუდ ან ძალიან ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ქართული საზოგადოების ეს ნაწილი ნაკლებადაა ჩართული მთელ რიგ სოციო-კულტურულ აქტივობებში და ნაკლებად ბედნიერად გრძნობს თავს. ისინი სხვებზე ხშირად განიცდიან გარიყულობას, სიცარიელეს, მარტოობას და უნდობლობას სხვების მიმართ. 

დიაგრამა 3 (წყარო: კავკასიის ბარომეტრი 2011).
 მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის ბარომეტრის შედეგები ცხადყოფს კავშირს სუბიექტურ სიღარიბესა და ადამიანთა ფსიქო-სოციალურ სტატუსს შორის, ეს კავშირი არაფერს გვეუბნება მათ შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე. შესაძლოა, საკუთარი სიღარიბის აღქმა გავლენას ახდენს ადამიანების ჩართვაზე სხვადასხვა აქტივობებში, მათი ბედნიერების ხარისხზე და ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე. თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ ბევრი სოციალური და კულტურული აქტივობიდან გამოთიშვის, ზოგადად ბედნიერების დაბალი ხარისხის და სუსტი სოციალური მხარდაჭერის გამო ადამიანები თავს უფრო ღარიბად აღიქვამდნენ. თქვენი აზრით, რომელი უფრო ახლოსაა საქართველოს რეალობასთან? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და კომენტარები ამასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ხალხი საქართველოში სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებზე, შეგიძლიათ დამოუკიდებლად გაანალიზოთ 2011 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია CRRC-ის ვებგვერდზე მარტივი ონლაინ-ანალიზის პროგრამის საშუალებით.

ნათია მესტვირიშვილი

No comments:

Post a Comment