საცხოვრებლის ტიპები საქართველოს ქალაქებში

თბილისი, ხედი კუს ტბიდან (მარიამ კობალაძის ფოტო)

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო მეტად ურბანული გახდა. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ რეგიონებში უთანასწორო განვითარება გამოიწვია. უკეთესი საცხოვრებელი პირობებისა და მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებაში სულ უფრო მეტმა ადამიანმა მიაშურა დიდ ქალაქებს. ამის შედეგად, 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (57.5%) ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრობს.

CRRC-საქართველოს მიერ 2013 წელს მსოფლიო ბანკის დაკვეთით ჩატარებული STEP უნარების/ცოდნის შეფასების გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ეს ბლოგი აღწერს საცხოვრებლებს, რომლებშიც საქართველოს დედაქალაქისა და სხვა ქალაქების მოსახლეობა ცხოვრობს. ბლოგში წარმოდგენილია მონაცემები ოთახების რაოდენობის, იატაკის ტიპისა და ტუალეტების შესახებ. ამასთან, ბლოგი ეხება საცხოვრებლების საკუთრების სტატუსის საკითხს. მსოფლიო ბანკის ამ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 2015 წელს და ამ დროისათვის ყველაზე ახალ მონაცემებს წარმოადგენს.

ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა (თბილისის 78% და სხვა ქალაქების 53%) დიდ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობს. თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 14% ცხოვრობს კერძო სახლებში, სხვა ქალაქების მაცხოვრებლების 41 პროცენტთან შედარებით. 

რაც შეეხება საკუთრების ფორმას, თბილისის მოსახლეობის 83% და სხვა ქალაქების - 90% ფლობს საკუთარ საცხოვრებელს. თბილისში მაცხოვრებელთა მხოლოდ 9%, სხვა ქალაქებში კი 3% ქირაობს სახლს ან ბინას, რომელშიც ცხოვრობს.

ქალაქის მაცხოვრებელთა ერთი მესამედი სამოთახიან საცხოვრისში ცხოვრობს. ერთ და ოროთახიანი ბინები უფრო ხშირია დედაქალაქში, ხოლო ხუთ ან უფრო მეტ ოთახიანი საცხოვრისები - სხვა ქალაქებში.
თბილისში ყველაზე გავრცელებულია პარკეტის იატაკი. გამოკითხვის მიხედვით,  დედაქალაქის საცხოვრებლების 73%-ში პარკეტის იატაკია. სხვა ქალაქებში ეს რიცხვი 44%-ს შეადგენს. პარკეტის შემდეგ ყველაზე გავრცელებულია ხის გრძელი ფიცრები, რომელიც გვხვდება თბილისის საცხოვრებლების 16%-სა და სხვა ქალაქების საცხოვრებლების 39%-ში.























რადგან გამოკითხვა მხოლოდ დედაქალაქსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში ჩატარდა, არ არის გასაკვირი, რომ საცხოვრებლების უმეტესობას ჩასარეცხი ტუალეტი აქვს, რომელიც კანალიზაციის სისტემასთანაა მიერთებული (97% თბილისში და 79% სხვა ქალაქებში). თუმცა, კიდევ არსებობს საცხოვრებლები, სადაც სეპტიკურ ავზთან მიერთებული ჩასარეცხი ტუალეტია (2% თბილისში და 11% სხვა ქალაქის ტიპის დასახლებებში).

 შენიშვნა: დამრგვალების გამო პასუხების ჯამი აღემატება 100%-ს.

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა დიდ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობს. მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ორ ან სამოთახიან ბინებში ცხოვრობს. უმეტესობა ფლობს იმ საცხოვრებელს, რომელშიც ცხოვრობს. აღსანიშნავია ასევე ის, რომ ქალაქში არის საცხოვრებლები, სადაც ისეთი ტუალეტებია, რომლებიც არ არის შეერთებული საკანალიზაციო სისტემასთან.

გთხოვთ, იხილოთ მეტი მონაცემები ამ საკითხების შესახებ აქ

საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება იძულებითი “მოხალისეობისადმი”

მართალია, მოხალისეობის ისტორია ევროპაში ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ დასავლური სახელმწიფოების უმრავლესობაში მოხალისეობის განვითარება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოჩენას უკავშირდება, რაც განაპირობა „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ კრიზისმა და მთავრობების უუნარობამ, საზოგადოების მზარდი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. განსხვავებული ვითარება იყო 1990-იან წლებამდე სოციალისტურ სახელმწიფოებში, სადაც მოქალაქეებს ხშირად აიძულებდნენ „მოხალისეობას“ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციებისათვის. ასეთ  დროს ხშირი იყო ადამიანის უფლებების ხელყოფის შემთხვევებიც. იმ დროისთვის, ამ ფენომენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო „საზოგადოებრივი სამსახური“, რაც გულისხმობდა საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავებას და ძირითადად, შაბათ დღეს ტარდებოდა (ამ ფენომენს ქართულად შაბათობა ერქვა). სოციალისტურ სახელმწიფოში მცხოვრებთა უმეტესობისთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება სავალდებულო იყო. ამას ძირითადად პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და აქტიურად გამოიყენებოდა სახელმწიფოს პროპაგანდაში.

ბოლოდროინდელ კვლევებში საუბარია იმაზე, რომ დღეს ზოგიერთ პოსტსოციალისტურ ქვეყანაში საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება მოხალისეობისადმი შაბათობის მსგავსი ღონისძიებებიდან მიღებული გამოცდილების შედეგია (UNV, 2010; GHK, 2010; ეკიერტი და ფოა, 2011). მეორეს მხრივ, სხვა კვლევები (UNV and UNDP, 2009) ამტკიცებს, რომ შეუძლებელია, განაზოგადო საზოგადოების დამოკიდებულება იძულებითი „მოხალისეობისადმი“ როგორც მაშინ, ისე დღეს.

დღესდღეობით, იძულებითი მოხალისეობისადმი დამოკიდებულება საქართველოში საკმაოდ არაერთგვაროვანია. წინამდებარე პოსტის მიზანია იმის ნახვა, თუ როგორ იცვლება ეს დამოკიდებულება ასაკის, განათლების დონისა და მოხალისეობის წარსული გამოცდილების მიხედვით. ამის ნახვას შევეცდებით CRRC-საქართველოს გამოკითხვის, მოხალისეობა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (აპრილი, 2014) მიხედვით, რომელიც დაფინანსდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
ზემოხსენებული (UNV and UNDP 2009) კვლევის მიხედვით, თუკი უფროსი თაობების წარმომადგენლებს უფრო დადებითად ახსოვთ სოციალისტური პერიოდის იძულებითი „მოხალისეობრივი“ შრომის პროგრამები, ახალგაზრდა თაობებს ხშირად უჭირთ იმის გაგება, თუ როგორ შეიძლებოდა, ასეთი პროგრამები მისაღები ყოფილიყო. ამის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდებს, უფროსი თაობების წარმომადგენლებთან შედარებით, ასეთი აქტივობების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ. რაც უნდა გასაკვირი იყოს, გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები საკმაოდ ერთგვაროვან დამოკიდებულებას ამჟღავნებენ იძულებითი „მოხალისეობრივი“ შრომის მიმართ. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა, რომელი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელიც უნდა იყოს, ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, ხელისუფლება მოქალაქეებს შაბათობის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას რომ აძალებდეს. თუმცა, უფროსი თაობის წარმომადგენლებთან შედარებით, ამ მოსაზრებას ნაკლები ახალგაზრდა ეთანხმება.

შენიშვნა: კითხვაზე პასუხების გადასაკოდად გამოყენებული იყო 10-ბალიანი შკალა, პასუხის ვარიანტი კითხვისთვის „ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა შაბათობა, რომლის დროსაც ყველა ერთად ასუფთავებდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.  რას ფიქრობთ დღეს საქართველოში მსგავსი ღონისძიებების შესახებ?“ ორიგინალ შკალაზე კოდი „1“ შეესაბამებოდა მოსაზრებას „კიდევ კარგი, ხელისუფლება მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას არ გვაძალებს“, კოდი „10“ კი შეესაბამებოდა მოსაზრებას „საქართველოში უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, ხელისუფლება მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას რომ გვაძალებდეს“. წინამდებარე ბლოგ პოსტისთვის პასუხის ვარიანტები დაჯგუფდა შემდეგნაირად: კოდები 1-4 გაერთიანდა კატეგორიაში „კიდევ კარგი, ხელისუფლება მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას არ გვაძალებს“. კოდები 5-6 გაერთიანდა კატეგორიაში „არც ვეთანხმები და არც არ ვეთანხმები მოცემულ მოსაზრებებს“. კოდები 7-10 გაერთიანდა კატეგორიაში „საქართველოში უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, ხელისუფლება მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას რომ გვაძალებდეს“. პასუხის ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ ამოღებულია ანალიზიდან.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ზოგიერთ პოსტსოციალისტურ ქვეყანაში (თუმცა არა საქართველოში) ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები მეტად ერთვებიან მოხალისეობრივ საქმიანობაში საშუალო განათლების მქონე ადამიანებთან შედარებით (UNV and UNDP, 2009; GHK, 2010). მოსალოდნელია, რომ მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, უნდა აიძულებდეს თუ არა მთავრობა მოქალაქეებს მოხალისეობრივი სამუშაოს შესრულებას, შეიცვლება განათლების დონის შესაბამისად. მართლაც, CRRC-ის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საშუალო ტექნიკური და საშუალო განათლების მქონე ინდივიდებთან შედარებით, უმაღლესი განათლების მქონენი ცოტა ნაკლებად იხრებიან იმ მოსაზრებისკენ, რომ უკეთესი იქნებოდა, მთავრობა მოქალაქეებს შაბათობის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას რომ აძალებდეს.


შენიშვნა: კითხვისათვის რომელი შეესაბამება თქვენს მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალ საფეხურს? პასუხის ვარიანტები დაჯგუფდა შემდეგნაირად: ვარიანტები დაწყებითი განათლების გარეშე“, დაწყებითი განათლება (დასრულებული ან დაუსრულებელი), არასრული საშუალო განათლება“ და სრული საშუალო განათლება“ გაერთიანდა კატეგორიაში საშუალო ან უფრო დაბალი“; ვარიანტები არასრული უმაღლესი განათლება“, უმაღლესი განათლება (ბაკალავრის, მაგისტრის ან სპეციალისტის დიპლომი) და სამეცნიერო ხარისხი“ - კატეგორიაში საშუალოზე მაღალი“.

აღსანიშნავია, და საკმაოდ მოულოდნელიც, რომ ისინი, ვისაც წარსულში ჰქონია მოხალისეობის გამოცდილება (მაგალითად, დაურგავს ხე საკუთარი ნაკვეთის გარეთ ან დაუსუფთავებია საჯარო სივრცე), მეტად ემხრობიან მოსაზრებას, რომ საქართველო უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, მთავრობა მოქალაქეებს შაბათობის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას რომ აძალებდეს, იმათთან შედარებით, ვისაც მოხალისეობის გამოცდილება არ ჰქონია.


შენიშვნა: ამ პოსტისათვის შექმნილია ახალი ცვლადი შემდეგ კითხვებზე დაყრდნობით: „დარგეთ თუ არა ხე საკუთარი ნაკვეთის ფარგლებს გარეთ?“ და „მიიღეთ თუ არა მონაწილეობა საზოგადო ადგილის, მაგალითად, სადარბაზოს, სკოლის ან ეკლესიის ეზოს დასუფთავებაში?“ პასუხი „დიახ“ ცვლადში ნიშნავს მონაწილეობას წინამდებარე აქტივობებიდან ერთ-ერთში მაინც, პასუხი „არა“ ნიშნავს მონაწილეობას არცერთში.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბლოგპოსტში წარმოდგენილი გამოკითხვის შედეგები საკმაოდ მოულოდნელია. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, მთავრობა მოქალაქეებს მოხალისეობას რომ აძალებდეს და ეს დამოკიდებულება მხოლოდ მცირედ იცვლება ასაკისა და განათლების დონის მიხედვით. ალბათ ყველაზე მოულოდნელი არის ის, რომ ადამიანები რომელთაც წარსულში ჰქონიათ მოხალისეობის გამოცდილება, ცოტათი მეტად ემხრობიან ამ მოსაზრებას მათთან შედარებით, ვისაც ასეთი გამოცდილება არ ჰქონია და კორელაციაც აჩვენებს, რომ ეს კავშირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა შედარებით სუსტი.

მეტი ინფორმაციისათვის მოხალისეობაზე სამხრეთ კავკასიაში შეგიძლიათ, იხილოთ პოსტები რა ვიცით მოხალისეობის შესახებ საქართველოში, მოხალისეობა სამხრეთ კავკასიაში და თემის მხარდაჭერა და მოხალისეობა სამხრეთ კავკასიაში. გამოკითხვაზე - მოხალისეობა და სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში -  მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემას ან გაეცანით კვლევის ანგარიშს მოხალისეობასა და სამოქალაქო ჩართულობაზე.

განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?

მრავალი მკვლევარი მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონეს დიდი გავლენა აქვს მათი შვილების განათლებაზე, ვინაიდან მშობლები მათთვის მაგალითის მიმცემები და პირველი მასწავლებლები არიან. Gratz-ის მიხედვით, უფრო მოსალოდნელია, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუ მათ მშობლებს განათლების მაღალი დონე აქვთ, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც განათლების დაბალი დონე აქვთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის განათლებას აქვს მეტი მნიშვნელობა, დედის თუ მამის. თუმცა, უფრო და უფრო მეტი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ორივე მშობელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შვილის განათლებაზე.
წინამდებარე ბლოგ პოსტი ეფუძნება საქართველოში მოხალისეობისა და სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ 2014 წლის აპრილ-მაისში სი-არ-არ-სი-საქართველოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებს. ამ კვლევის შედეგები მშობლებისა და შვილების განათლებას შორის კორელაციის დადგენის შესაძლებლობას გვაძლევს.
აღნიშნული გამოკითხვა სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს მონაცემებს შემდეგზე:
  • რესპონდენტის მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალი საფეხური;
  • რესპონდენტის მამის მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალი საფეხური;
  • რესპონდენტის დედის მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალი საფეხური;
  • რესპონდენტის ცოდნის დონე რუსულ და ინგლისურ ენებში და
  • რესპონდენტის ცოდნის დონე კომპიუტერში (Microsoft Office-ის პროგრამები, თამაშების გარდა).

ამ ბლოგ პოსტისთვის ჩატარებული ანალიზის დროს მონაცემები არ შეწონილა.
როგორც უკვე არსებული კვლევებიდან იყო მოსალოდნელი, საქართველოში მოხალისეობისა და სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ ძლიერი კორელაცია არსებობს ინდივიდის დედისა და მამის განათლების დონეებს შორის. ამასთანავე, კორელაცია მშობლის განათლების დონესა და შვილის განათლების დონეს შორის მხოლოდ საშუალო სიძლიერისაა. რესპონდენტის განათლების კორელაცია მამის განათლების დონესთან მცირედით უფრო მეტია, ვიდრე დედის განათლების დონესთან. თუმცა, შვილის განათლების დონის კორელაცია როგორც დედის, ასევე მამის განათლების დონესთან მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც მეორე მშობლის განათლების დონეს ვაკონტროლებთ.

რესპონდენტის განათლების დონე
მამის განათლების დონე
დედის განათლების დონე
ბივარიაციული კორელაციები (სპირმენის r)
მამის განათლების დონე
0.451
1.000
-
დედის განათლების დონე
0.389
0.701
1.000
ორივე მშობლის გაერთიანებული განათლების დონე*
0.445
-
-
ნაწილობრივი კორელაცია, მეორე მშობლის განათლების დონის გაკონტროლებით
მამის განათლების დონე
0.242
-
-
დედის განათლების დონე
0.107
-
-
შენიშვნა: ყველა შემთხვევაში p<0.01*განათლების დონე რიგის სკალაზეა გაზომილი და მისი მნიშვნელობა 1-დან 8-მდე იცვლება (1 – „დაწყებითი განათლების გარეშე”, 2 – „დაწყებითი განათლება”, 3 – „არასრული საშუალო განათლება”, 4 – „სრული საშუალო განათლება”, 5 – „საშუალო ტექნიკური/საშუალო სპეციალური განათლება”, 6 – „არასრული უმაღლესი განათლება”, 7 – „უმაღლესი განათლება”, 8 – „სამეცნიერო ხარისხი”). ორივე მშობლის გაერთიანებული განათლების დონის მისაღებად, დედის და მამის განათლების დონეები დაჯამდა (მაგალითად, თუ დედას საშუალო ტექნიკური განათლება ჰქონდა - კოდი 5, ხოლო მამას - სრული საშუალო - კოდი 4, ორივეს დონე შეიკრიბა და მივიღეთ კოდი 9 გაერთიანებულ განათლების დონეზე). გაერთიანებული ცვლადი 2-დან 16-მდე იცვლება და რაც უფრო მაღალია კოდი, მით უფრო მაღალია ორივე მშობლის განათლება და პირიქით.

წინამდებარე დიაგრამა აჩვენებს, რომ როდესაც ერთ-ერთ მშობელს მაინც აქვს უმაღლესი განათლება, სტატისტიკურად უფრო მეტადაა მოსალოდნელი, რომ შვილსაც უმაღლესი განათლება ჰქონდეს, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ. ამას ადასტურებს Kruskal-Wallis-ის ტესტი.

*რესპონდენტის მიერ მიღებული განათლების უმაღლესი დონის შესახებ გამოკითხვაში დასმული კითხვა გადაიკოდა. პასუხის ვარიანტები „დაწყებითი განათლების გარეშე”, „დაწყებითი განათლება”, „არასრული საშუალო განათლება” და „სრული საშუალო განათლება” გაერთიანდა პასუხში „საშუალო ან უფრო დაბალი განათლება”; პასუხის ვარიანტები „არასრული უმაღლესი განათლება”, „უმაღლესი განათლება” და სამეცნიერო ხარისხი” - პასუხში „უმაღლესი განათლება”.
**რესპონდენტის მშობლების მიერ მიღწეული განათლების უმაღლესი საფეხურის შესახებ საწყისი ცვლადები გადაიკოდა ერთ ცვლადად - „მშობლების განათლება”, რომელიც მოიცავს მშობლების განათლების დონის ყველა კომბინაციას: (1) ორივე მშობელს აქვს უმაღლესი განათლება; (2) ორივე მშობელს აქვს საშუალო ან უფრო დაბალი განათლება; (3) მამას აქვს უმაღლესი, ხოლო დედას საშუალო ტექნიკური ან უფრო დაბალი განათლება; (4) დედას აქვს უმაღლესი, ხოლო მამას საშუალო ტექნიკური ან უფრო დაბალი განათლება.

რაც შეეხება ინდივიდის მიერ უცხო ენებისა და კომპიუტერის ცოდნას  (Microsoft Office-ის პროგრამები, თამაშების გარდა), რესპონდენტები, რომელთა მშობლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ, ცოდნის უფრო მაღალ დონეზე მიუთითებენ, ვიდრე რესპონდენტები, რომელთა მშობლების განათლების დონე უფრო დაბალია. გასაკვირი არ არის, რომ კომპიუტერის ცოდნის დონე უფრო მაღალია, როდესაც ორივე მშობელს უმაღლესი განათლება აქვს, ვიდრე მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთ მშობელს აქვს უმაღლესი განათლება. აღსანიშნავია, რომ როდესაც მხოლოდ ერთ მშობელს აქვს უმაღლესი განათლება, ინგლისური ენის ცოდნის დონე უფრო მაღალია, როდესაც ეს მშობელი დედაა და არა მამა. Mann-Whitney-ის ტესტი აჩვენებს, რომ ეს განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. 

ამრიგად, მონაცემები ადასტურებს, რომ მშობლების განათლების დონეებს შორის კორელაცია ძლიერია, ხოლო რესპონდენტის განათლების დონის კორელაცია დედის და მამის განათლების დონესთან საშუალო სიძლიერისაა. მონაცემები მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონე ყველაზე ძლიერად შვილის განათლებასთან მაშინაა დაკავშირებული, როდესაც მათ ერთად განვიხილავთ. რესპონდენტის განათლება უფრო მაღალია, როდესაც ერთ-ერთ მშობელს მაინც აქვს უმაღლესი განათლება მიუხედავად იმისა, დედაა ეს მშობელი თუ მამა. იგივე ტენდენციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ენებისა (ინგლისური და რუსული) და კომპიუტერის (Microsoft Office-ის პროგრამები, თამაშების გარდა) ცოდნას განვიხილავთ. უმაღლესი განათლების მქონე დედის შვილები ინგლისურის უკეთ ცოდნაზე მიუთითებენ.
მშობლის განათლებასა და შვილის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის გაეცანით ადრინდელ ბლოგ პოსტებს:  A taxi driver’s tale, Part 1 და Part 2. ასევე, ეწვიეთ CRRC-ის ონლაინ ანალიზის ვებგვერდს.

საოჯახო ელექტროტექნიკის შეძენის ტენდენციები სამხრეთ კავკასიაში, 2000-2013

სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს და ძვირადღირებული ელექტროტექნიკის შეძენა არ შეუძლია. CRRC-საქრთველოს მიერ 2013 წელს ჩატარებული გამოკითხვის, კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით, საქრთველოში მოსახლეობის 28% აცხადებს, რომ საკვებზე ფული არ ჰყოფნის; 33%-ს საკვებისთვის ფული აქვს, მაგრამ ტანსაცმლის შესაძენად - არა და 31% აცხადებს, რომ ფული საკვებსა და ტანსაცმელზე ჰყოფნის, მაგრამ არ შეუძლია ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა. მოსახლეობის მხოლოდ 7% ამბობს, რომ შეუძლია ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა და მხოლოდ 2%, რომელსაც ყველაფრის შეძენა შეუძლია, რაც სურს. მსგავსი მდგომარეობაა სომხეთში. თუმცა, ოდნავ განსხვავებულია აზერბაიჯანში, სადაც ნაკლებია იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც ფული საკვების შესაძენად არ ჰყოფნით (22%).

2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემებზე დაყრდნობით ეს ბლოგი იკვლევს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მცხოვრები ოჯახების რა რაოდენობა ფლობს სარეცხ მანქანას, მაცივარს და კონდიციონერს. ამ ბლოგის საშუალებით ასევე გავიგებთ, რომელ წელს შეიძინეს ოჯახებმა ეს ნივთები, 2000 წელს თუ მის შემდეგ.

იმ საოჯახო ტექნიკიდან, რომელსაც ამ ბლოგში განვიხილავთ, მაცივარი ყველაზე ფართოდაა გავრცელებული (აზერბაიჯანში მას ოჯახების 94% ფლობს, სომხეთში - 79% და საქართველოში - 78%). აზერბაიჯანსა და საქართველოში ოჯახების დაახლოებით ნახევარს აქვს ერთი ავტომატურ სარეცხი მანქანა. სომხეთში ოჯახების რაოდენობა, რომელსაც სარეცხი მანქანა აქვს, ოდნავ მეტია. კონდიციონერებს ფლობს სომხეთსა და საქართველოში მცხოვრები ოჯახების მხოლოდ მცირე რაოდენობა. აზერბაიჯანში ეს რიცხვი გაცილებით დიდია (29%). გასაკვირი არ არის, რომ სამივე ქვეყანაში, დედაქალაქში მცხოვრები ოჯახები უფრო მეტად ფლობენ საოჯახო ტექნიკას, ვიდრე სხვა დასახლებებში მცხოვრები ოჯახები.

საქართველოში საოჯახო ტექნიკის შეძენის ტენდენციის ანალიზისას ჩანს, რომ 2000-დან 2008 წლამდე პერიოდში ტექნიკის შეძენა გაიზარდა, შემდეგ კი დაიკლო.  ეს კლება შეიძლება, დავუკავშიროთ 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს. 2010 წელს ტექნიკის შეძენის ტენდენცია ისევ გაიზარდა, ხოლო 2011 წელს კვლავ დაეცა.  2012 წელს კონდიციონერების შეძენა გაიზარდა 2012 წელს, ავტომატური სარეცხი მანქანების შეძენის ტენდენციამ იკლო, ხოლო მაცივრების იგივე დარჩა. 2013 წელს,  სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებმა ოჯახებმა, ნაკლები კონდიციონერი და ავტომატური სარეცხი მანქანა შეიძინეს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფიკში ჩანს, საოჯახო ტექნიკის შეძენის ტენდენციები გარკვეულწილად ემთხვევა მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკას. გამონაკლისია 2013 წელი, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით გაიზარდა, ხოლო ავტომატური სარეცხი მანქანების და კონდიციონერების შეძენა შემცირდა. 

სომხეთში, საოჯახო ტექნიკის ყიდვის ტენდენციები საქართველოს მსგავსია. გამონაკლისია კონდიციონერები, რომელთა შეძენა გაიზარდა 2013 წელს. 


შენიშვნა: 2001 და 2002 წლებში, საქართველოში მცხოვრები ოჯახების დაახლოებით ერთნაირმა რაოდენობამ შეიძინა მაცივრები, სარეცხი მანქანები და კონდიციონერები.  

როგორც ჩანს, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა აზერბაიჯანზეც იმოქმედა. თუმცა, 2009 წლის შემდეგ, მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტექნიკის შეძენა შემცირდა. ამის შესაძლო ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა აზერბაიჯანში ბუნებრივი გაზთან და ნავთობთანაა დაკავშირებული. ეს კი, სავარაუდოდ, უფრო ეკონომიკურ ელიტას ეხება და ნაკლებად - ჩვეულებრივ მოსახლეობას და მის მსყიდველობით უნარს.


ამრიგად, რეგიონში კიდევ ბევრი ოჯახია, რომელსაც არ აქვს ისეთი საოჯახო ტექნიკა, როგორიცაა ავტომატური სარეცხი მანქანა და კონდიციონერი. დედაქალაქში მცხოვრებნი უკეთ არიან აღჭურვილი საოჯახო ტექნიკით, ვიდრე სხვა დასახლებებში მცხოვრები ოჯახები.



თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ესტუმრეთ CRRC-ის ვებგვერდს ან  მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემის გამოყენებით.