ნაცნობობა თუ განათლება - რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის პირველი პოსტი


რა ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან პირობად კარგი სამსახურის საშოვნელად ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის შედეგებიდან ჩანს, რომ საქართველოში ასეთ პირობად ყველაზე ხშირად ნაცნობობა (30%) და განათლება (28%) სახელდება. ეს შედეგები შეესაბამება სხვადასხვა ქვეყანაში სოციალურ კაპიტალზე ჩატარებული კვლევების მიგნებებს, რომლის მიხედვითაც სოციალური კავშირები უზრუნველყოფს ადამიანებს უკეთესი შესაძლებლობებით შრომით ბაზარზე (ლინი, 1999; მოუვი, 2003;  მაკდონალდი და ელდერი, 2006). ასევე იმ კვლევების მიგნებებს, რომელიც სწავლობს განათლების მნიშვნელობას შრომით ბაზარზე და ასკვნის, რომ განათლება მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც ინდივიდების დასაქმების შესაძლებლობებს და კარგად ანაზღაურებადი სამსახურის შოვნის შანსებს ზრდის (კილკულენი, 1972; აპლეტონი, სიმონი და სხვ., 2003; სმიტი და მაკკოი, 2009). CRRC-ის წინა პოსტი, კარგი სამსახურის შოვნა საქართველოში, ანალიზებს ურთიერთობას სოციალურ კავშირებსა და კარგი სამსახურის საშოვნელად დასახელებულ მნიშვნელოვან პირობებს შორის და ასკვნის, რომ ნაკლები სოციალური კავშრების მქონე ქართველები შესაძლოა, მეტად ფიქრობდნენ, რომ ნაცნობობა ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა კარგი სამსახურის საშოვნელად.  წინამდებარე პოსტის მიზანი კი იმის ნახვაა, თუ როგორ იცვლება მოსაზრებები კარგი სამსახურის საშოვნელად მნიშვნელოვან პირობებთან დაკავშირებით განათლების დონისა და დასაქმების სტატუსის მიხედვით და იმის დადგენა, თუ ვინ უფრო მეტად ფიქრობს, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა კარგი სამსახურის საშოვნელად

2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემები აჩვენებს, რომ ეს მოსაზრებები თითქმის არ განსხვავდება განათლების დონის მიხედვით. ერთადერთი შესამჩნევი განსხვავება პროფესიონალიზმის/სამუშაო გამოცდილების, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი პირობის აღქმას უკავშრდება. თუკი უმაღლესი განათლების მქონეთა 17% მიიჩნევს, რომ ესაა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კარგი სამსახურის საშოვნელად, საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონეთა მხოლოდ 8% ფიქრობს იგივეს

 შენიშვნა: კითხვისათვისრომელი შეესაბამება თქვენს მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალ საფეხურს?“ პასუხის ვარიანტები დაჯგუფდა შემდეგნაირად: ვარიანტებიდაწყებითი განათლების გარეშე“, „დაწყებითი განათლება (დასრულებული ან დაუსრულებელი)“, „არასრული საშუალო განათლებადასრული საშუალო განათლებადაჯგუფდა ერთად კატეგორიაშისაშუალო ან უფრო დაბალი“; ვარიანტებიარასრული უმაღლესი განათლება“, „უმაღლესი განათლება (ბაკალავრის, მაგისტრის ან სპეციალისტის დიპლომი)“ დასამეცნიერო ხარისხიდაჯგუფდა ერთად კატეგორიაშისაშუალოზე მაღალი“.


კითხვისათვისრომელი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშნელოვნად საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად?“ იშვიათად დასახელებული პასუხის ვარიანტები - „ასაკი“, „გარეგნობა“, „ნიჭი“, „საჭირო ხალხის პატივისცემადასხვადაჯგუფდა კატეგორიაშისხვა“.

თუკი კარგი სამსახურის საშოვნელად მნიშვნელოვან პირობებთან დაკავშირებული მოსაზრებები თითქმის არ განსხვავდება განათლების დონის მიხედვით, ასეთი განსხვავებები შეიმჩნევა დასაქმების სტატუსის მიხედვით, კერძოდ, იმ ინდივიდთა მოსაზრებებს შორის, რომლებიც თავს თვითდასაქმებულად, დასაქმებულად და უმუშევრად მიიჩნევენ. უფრო ზუსტად, დასაქმებულთა 34% მიიჩნევს, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა კარგი სამსახურის საშოვნელად მაშინ, როცა ამავე ჯგუფის წარმომადგენლების 25% ნაცნობობას ასახელებს. ამის საპირისპიროდ, თვითდასაქმებულები უფრო იშვიათად ასახელებენ განათლებას (20%), ვიდრე ნაცნობობას (33%). ყველაზე ხშირად კი ნაცნობობა (40%) სახელდება იმ ინდივიდებს შორის, რომლებიც თავს უმუშევრად მიიჩნევენ.
შენიშვნა: კითხვისათვისრა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას?“ პასუხის ვარიანტებივარ სტუდენტი და არ ვმუშაობ“, „ვარ ინვალიდი/უნარშეზღუდული და მუშაობა არ შემიძლია“, „სხვა“, „არ ვიციდაუარი პასუხზედაჯგუფდა კატეგორიაშისხვა“.

ამგვარად, პოსტმა აჩვენა, რომ თუკი განათლების დონის მიხედვით თითქმის არ იცვლება მოსაზრებები იმასთან დაკავშრებით, თუ რა პირობებია ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში კარგი სამსახურის საშოვნელად, ეს მოსაზრებები იცვლება დასაქმების სტატუსის მიხედვით. ისინი, ვინც თავს დასაქმებულად მიიჩნევენ, უფრო ხშირად ფიქრობენ, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კარგი სამსახურის საშოვნელად მაშინ, როცა თვითდასაქმებულები და უმუშევრები უფრო ხშირად ნაცნობობას ასახელებენ.

CRRC-ის გამოკითხვებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ CRRC-ის ვებგვერდს ან მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემის გამოყენებით

ნინო ზუბაშვილი

რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 2)

ჩვენი წინა პოსტი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულების რეგიონულ განაწილებას აღწერდა. ამ ნაწილში კი განვიხილავთ აბიტურიენტის სქესსა და რეგისტრაციის ადგილს იმის გასაგებად, თუ როგორ იცვლება საკონკურსო ქულები დასახელებული ცვლადების მიხედვით. მოცემული პოსტის კიდევ ერთი მიზანია, შეაფასოს მასწავლებელთა ხარისხის როლი რეგიონული სხვაობების წარმოშობაში.

აბიტურიენტის რეგისტრაციის მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით, გამოვთვალეთ მდებარეობის ახალი ცვლადი, რომელიც აპლიკანტებს ხუთ კატეგორიად - დედაქალაქში, მსხვილ ქალაქებში (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი), დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში, აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში და სხვა დასახლებულ პუნქტებში (დევნილები და უცხოეთში მყოფი) რეგისტრირებულებად ყოფს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მეშვეობით შეუძლებელია, დეტალურად განვასხვავოთ შედეგები დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით, თუმცა ვვარაუდობთ, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში მოხვედრილი აბიტურიენტების დიდი ნაწილი სოფლებში ცხოვრობს.

როგორც ამ ბლოგის პირველ ნაწილში მოტანილი აღწერილობითი ანალიზი აჩვენებს, თბილისსა და მსხვილ ქალაქებში რეგისტრირებული აბიტურიენტები გამოცდებზე ყველაზე მეტ ქულას იღებდნენ. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აპლიკანტებს ყველაზე ცუდი შედეგები ქონდათ. იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ აღნიშნული განსხვავებები შემთხვევითი არ არის, გამოვიყენებთ სპეციალურ სტატისტიკურ ტექნიკას - დისპერსიულ ანალიზს (ე. წ. ANOVA). აღნიშნული მიდგომით მოწმდება, არის თუ არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცალკეულ ჯგუფებს შორის ცვლადის საშუალო მნიშვნელობების სხვაობა. მოპოვებულ მონაცემებზე ჩატარებული დისპერსიული ანალიზი აჩვენებს, რომ სქესის F(1, 26311)= 136.43, p<0.001, და მდებარეობის F(4, 26311)= 396.36, p<0.001 მთავარი ეფექტი აბიტურიენტის საშუალო საკონკურსო ქულაზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც მოცემული ორი ცვლადის ურთიერთქმედების ეფექტი არ დასტურდება F(4, 26311)=1.67, p=0.1531. მონაცემთა შემდგომი ანალიზი ადასტურებს, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის წარმოდგენილი.


როგორც დიაგრამიდან ჩანს, ყველა ტიპის დასახლებებში, აბიტურიენტი გოგონები ვაჟებზე უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ. თბილისელი გოგონები და ბიჭები საშუალოდ, ყველაზე წარმატებულები იყვნენ. მსხვილი ქალაქების მცხოვრებლები უკეთ გამოდიოდნენ, ვიდრე მეტწილად სასოფლო მოსახლეობით დასახლებული მუნიციპალიტეტები. დაბოლოს, აპლიკანტები „სხვა“ ჯგუფიდან უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ, ვიდრე მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები.

აღსანიშნავია, რომ გოგონებსა და ვაჟებს შორის ქულების განაწილებაში წარმოჩენილი სხვაობა დიდი არ გახლდათ. სამაგიეროდ, ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მსჯელობისას, ნათლად იკვეთება განსხვავება ტერიტორიულ ერთეულებს შორის. ჩვენი აზრით, ამ სურათს რამდენიმე მიზეზი წარმოშობს.

პირველ რიგში, საქართველო ენდემური რეგიონული უთანასწორობით ხასიათდება, რაც ქვეყანაში განათლების არათანაბარ ხარისხსაც გულისხმობს. განსაკუთრებით დიდი განსხვავება მსხვილ ქალაქებსა და სასოფლო მუნიციპალიტეტებს შორისაა. დაბალი ხარისხის განათლება და კარგი მასწავლებლების სიმცირე კარგად ჩანს საერთაშორისო ტესტების (TIMSS, PISA, PIRLS) შედეგების მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, ქართველი მოსწავლეების შედეგები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს უახლოვდება, განსხვავება დასახლებული პუნქტების მიხედვით თვალსაჩინოა.

საქართველოში, ზოგადად, ხარისხიანი სწავლების და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების სიმწირეა - ქვეყნის მასშტაბით, 2013 წელს სერტიფიცირების გამოცდა გარკვეულ დარგებში მასწავლებელთა 90%-მა ჩააგდო. პედაგოგთა დაბალი ხარისხი განსაკუთრებით სოფლებში იგრძნობა. თუკი სერტიფიცირებულ მასწავლებლებზე მოსწავლეთა რაოდენობის სტატისტიკას (ე. ი. იმ მასწავლებლების რაოდენობას, რომლებმაც სპეციალური გამოცდები ჩააბარეს და ითვლებიან, რომ მათი კვალიფიკაცია უკეთესია) გავეცნობით, ვნახავთ, რომ ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებშია. ამ არეალებში ცოტა სერტიფიცირებული მასწავლებელია, შესაბამისად, მათი დატვირთვა მაღალია და ერთ სერტიფიცირებულ პედაგოგზე მეტი მოსწავლე მოდის. მარნეულის, ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში აღნიშნული მაჩვენებელი ას მოსწავლეზე მეტს შეადგენს, როდესაც საჩხერეში ერთ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე მხოლოდ 25 მოსწავლე მოდის.

როგორც ვხედავთ, სასკოლო განათლება, რომელიც მოსწავლეს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებისთვის უნდა ამზადებდეს, არაადეკვატურია. შესაბამისად, აბიტურიენტები (და მათი მშობლები) დამამთავრებელ მე-11 და მე-12 კლასებში სიარულს კერძო მასწავლებლებთან მომზადებას არჩევენ. თუკი მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ რეპეტიტორების უმეტესობა აქტიური მასწავლებელია, მათი რაოდენობა სოფლებში, მსხვილი ქალაქებისგან განსხვავებით, ასევე საკმაოდ მცირეა. აღნიშნული ფაქტორი ეროვნული გამოცდების უთანასწორობის კიდევ ერთი მაჩვენებელია.

ჩვენს მიერ მომზადებული პოსტების სერია მიმოიხილავდა 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგიონულ და გენდერულ თავისებურებებს. როგორც აღწერილობითმა, ასევე ახსნითმა სტატისტიკურმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ აბიტურიენტებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, განსაკუთრებით - გეოგრაფიული თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც ეროვნული გამოცდები ბევრი აბიტურიენტისთვის ხარისხიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაბარების ერთადერთი შანსი გახლდათ, მოსახლეობის გარკვეული სეგმენტი ისევ ვერ სარგებლობს შემოთავაზებული თანაბარი შესაძლებლობით. ეს ფაქტი არა ეროვნული გამოცდებს, არამედ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სექტორში არსებულ ენდემურ პრობლემებს უკავშირდება. მიუხედავად თვალსაჩინო წარმატებისა, გაუმჯობესებულმა მისაღებმა გამოცდებმა ვერ უზრუნველყვეს საქართველოში ღრმად ფესვგადგმული უთანასწორობის აღმოფხვრა საგანმანათლებლო სფეროში.

გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები? შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე ან მოგვწერეთ თქვენი აზრები კომენტარების სექციაში.

რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 1)

საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდების (ეეგ) დანერგვიდან თითქმის ათი წელი გავიდა. აღნიშნულ რეფორმას მსოფლიო ბანკი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნაბიჯად აფასებს. წინათ, უნივერსიტეტში მიღების პროცესის ზედამხედველობას თავად უმაღლესი სასწავლებლები ახორციელებდნენ და საგამოცდო პროცესი ხშირად კორუფციული გარიგებების საგანი ხდებოდა. ეროვნულმა გამოცდებმა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას კორუფცია (ე.წ. „მოწყობა“) და ნეპოტიზმი სრულად ამოძირკვა.

კორუფციის აღმოფხვრის გარდა, სამართლიანი და შედეგებზე დაფუძნებული ეროვნული გამოცდები მიზნად თბილისს გარეთ მცხოვრები აბიტურიენტებისთვის უკეთესი შესაძლებლობის უზრუნველყოფას ისახავდა. იყო მოლოდინი, რომ რეგიონებში მცხოვრებ კონკურსანტებს, მათ შორის - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვედრის მეტი შანსი ექნებოდათ. თუმცა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეს იმედები არ გამართლდა. მართალია, ამჟამად ხელთ არ გვაქვს მონაცემები, რომლებიც რეფორმამდელი და რეფორმის შემდგომი სიტუაციის შედარების საშუალებას მოგვცემდა, სამაგიეროდ, შეგვიძლია, დავაკვირდეთ, თუ რა შედეგები ჰქონდათ საქართველოს რეგიონების წარმომადგენლებს 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში.

გასული წლის გამოცდების შედეგების საჯაროდ ხელმისაწვდომი ბაზა ყველა აბიტურიენტის (დაახლოებით, 26 ათასამდე ინდივიდის) ქულებს მოიცავს. ბაზაში ასევე მოცემულია მათი მარტივი დემოგრაფიული მონაცემები: დაბადების თარიღი, სქესი და აბიტურიენტის რეგისტრაციის მუნიციპალიტეტი. აღსანიშნავია, რომ აპლიკანტის რეგისტრაციის ადგილი ზუსტად არ ასახავს მის საცხოვრებელ ადგილს, რადგანაც, საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეს რეგისტრაციის მისამართზე ყოფნის ვალდებულება არ გააჩნია. აღწერილი კარგად ჩანს დევნილების მაგალითზე, რომლებიც მიუხედავად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რეგისტრაციისა, საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ძირითადად თბილისში (სადაც დევნილთა 40%-ია თავმოყრილი) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (32%). მიუხედავად ამისა, რეგისტრაციის ადგილი მაინც გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას აბიტურიენტთა ტერიტორიულ განაწილებაზე, რადგან განსაკუთრებით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სწორედ იქ ცხოვრობენ, სადაც რეგისტრირებულნი არიან. 

ქვემოთ მოცემულ რუკაზე წარმოდგენილია 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულების განაწილება აპლიკანტის მუნიციპალიტეტის მიხედვით. ტერიტორიული ერთეულები ქულათა საშუალო მაჩვენებლიდან სტანდარტული გადახრის მიხედვითაა შეფერილი. თავის მხრივ, სტანდარტული გადახრა აღწერს, საშუალო მნიშვნელობისგან რამდენად დაშორებულია მონაცემთა თითოეული ელემენტი, ამ შემთხვევაში რომელიმე აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულა. ეს მაჩვენებელი რაოდენობრივად აღწერს მონაცემთა ერთობლიობის ვარიაციას ან დისპერსიას. რუკაზე უარყოფითი სტანდარტული გადახრა საშუალოზე ნაკლებ მნიშვნელობებზე მიუთითებს, ხოლო დადებითი - პირიქით, საშუალოზე მაღალ მაჩვენებლებზე გვაძლევს წარმოდგენას.

საშუალო საკონკურსო ქულების განაწილების რუკაზე რამდენიმე გეოგრაფიული თავისებურება გამოიყოფა, კერძოდ, მაღალი და დაბალი ქულები ტერიტორიული თვალსაზრისით თავმოყრილია და გამოკვეთილ რეგიონებს ქმნის. თბილისსა და მსხვილ ქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი) მცხოვრები აბიტურიენტები, საშუალოდ ყველაზე მაღალ ქულებს იღებდნენ. მაღალი ქულების თავმოყრის კიდევ ერთი არეალი კახეთია. საქართველოს დასავლეთ-ცენტრალური ნაწილების (რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთის აღმოსავლეთი, ხაშური და გორი) შედეგები ოდნავ უარესი იყო. საინტერესოა, რომ დევნილი აბიტურიენტები საკმაოდ მაღალ ქულებს იღებდნენ, განსაკუთრებით კი - სოხუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდები.

მეტწილად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებს საკონკურსო ქულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ. მარნეულის, ბოლნისის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აბიტურიენტები საშუალოდ ყველაზე ცუდ ქულებს იღებდნენ. ამ რეგიონების გარდა, დაბალი ქულების კონცენტრაციით ზემო აჭარა და სვანეთიც გამოირჩევიან.

ეროვნული გამოცდების შედეგები თვალსაჩინოდ აღწერს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის უმნიშვნელოვანეს პრობლემას - ხარისხიანი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის რეგიონულ უთანასწორობას. რეგიონების, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიების წარმომადგენელ აბიტურიენტებს უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულა მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სისტემა ყველას მეტ-ნაკლებად თანაბარ შანსს აძლევს. ამასთან, რადგან გამოცდების ჩასაბარებლად აუცილებელი იყო სახელმწიფო ენის - ქართულის ცოდნა , ეროვნული გამოცდები გარკვეულწილად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა, განსაკუთრებით კი სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის მცხოვრებთა დისკრიმინაციას ახდენს, რომლებიც, როგორც წესი, ქართულს ვერ ან ცუდად ფლობენ.

მიუხედავად იმისა, რომ შეფასების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პრობლემაზე რეაგირება მალევე მოახდინა და 2010 წლიდან გამოცდების უმცირესობების ენებზე (სომხურად, აზერბაიჯანულად და რუსულად) ჩატარება დაიწყო, როგორც რუკიდან ჩანს, ქართულენოვან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებს შორის უთანასწორობა მაინც არსებობს.

წინამდებარე პოსტი საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიხედვით რეგიონულ უთანასწორობას აღწერდა. მომდევნო ნაწილში ჩვენ გამოვიკვლევთ, ახდენს თუ არა გავლენას აბიტურიენტის შედეგზე მისი სქესი და რეგისტრაციის დასახლებული პუნქტის ტიპი. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული უთანასწორობის შესახებ ზემოთ მოტანილი ახსნა ამომწურავი არ არის, იგი განსჯისა და დისკუსიისთვის კარგ მასალას წარმოადგენს. გაქვთ სხვა მოსაზრებები? აუცილებლად შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე და მოგვწერეთ თქვენი კომენტარები.

ქალები საქართველოში და სექსი ქორწინებამდე

ქართულ საზოგადოებაში კონსერვატიული ტრადიციები ყოველთვის ძლიერი იყო, განსაკუთრებით, როცა საქმე ურთიერთობებს ეხება. კაცებისთვის ქორწინებამდე სექსი არა მხოლოდ დაშვებული, არამედ მოწოდებულიცაა, ქალებისთვის კი კვლავ მიუღებლად რჩება.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით CRRC-საქართველოს მიერ 2009, 2011 დან 2013 წლებში ევროკავშირის შესახებ ჩატარებული გამოკითხვის  მონაცემებზე დაყრდნობით ეს ბლოგი იკვლევს საქართველოში ხალხის დამოკიდებულებას ქორწინებამდე სექსის მიმართ.  ამ ბლოგის საშუალებით გავიგებთ, თუ ვის უფრო ლიბერალური შეხედულებები აქვს საქართველოში, ქალებს თუ კაცებს და განსხვავდება თუ არა დამოკიდებულებები განათლების დონისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქორწინებამდე სექსის მიმართ დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება. 2009 წელს, გამოკითხვაში დასმულ კითხვაზე: „რამდენად გამართლებულია ან არ არის გამართლებული ქალისთვის სექსუალური ურთიერთობა ქორწინებამდე?“ საქართველოს მოსახლეობის 78% პასუხობდა, რომ ეს არასდროსაა გამართლებული. 2013 წელს ეს რიცხვი 69%-მდე შემცირდა. ამავდროულად გაცილებით ნაკლებს მიაჩნია, რომ მამაკაცებისთვის სექსი ქორწინებამდე არასდროსაა გამართლებული - 2013 წელს 39% და  2011 წელს 33%.

მიუხედავად იმისა, რომ ღირებულებები, რელიგია და პატრიარქალური საზოგადოება ბევრ გენდერულ სტერეოტიპს წარმოშობს, მათ შენარჩუნებაში თავად ქალებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. 2011 წლის გამოკითხვის თანახმად, უფრო მეტმა ქალმა განაცხადა, რომ ქალებისთვის სექსი ქორწინებამდე არასდროსაა გამართლებული, ვიდრე კაცმა (70%  ქალები და 58% კაცები). 2013 და 2009 წლებში პროცენტული განაწილება ორივე სქესის შემთხვევაში თითქმის ერთნაირია.

საინტერესოა, რომ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები (18-35 წლის) ისევე არ ამართლებენ ქალების სექსს ქორწინებამდე, როგორც უფროსი თაობა. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში ჩანს, 18-35 წლის მოსახლოება თითქმის იგივენაირად არ ამართლებს ქალებისთვის ქორწინებამდე სექსს, როგორც 36-55 წლის ჯგუფი. თუმცა, 56 და მეტი ასაკის ჯგუფთან შედარებით, უფრო ლიბერალურადაა განწყობილი. 

დედაქალაქის მაცხოვრებლები ყველაზე ნაკლებად კონსერვატიულები არიან ამ საკითხთან მიმართებაში. თუმცა, მათმა რიცხვმა, ვინც ქალების ქორწინებამდე სექსს კატეგორიულად არ ამართლებდა, 2009 წლის შემდეგ დაიკლო როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2009 წლის 65%-ისგან განსხვავებით, 2013 წელს თბილისელების მხოლოდ 43%-ს მიაჩნდა, რომ ქალებისთვის ქორწინებამდე სექსუალური კავშირი დაუშვებელია . სხვა ქალაქებშიც რადიკალურად განწყობილი მოსახლეობის რიცხვი შედარებით შემცირდა - 2009 წელს 83% იყო, 2013-ში კი 71%. მონაცემების ადასტურებს, რომ სოფლის მოსახლეობა ყველაზე კონსერვატიულია. 2013 წლის გამოკითხვის მიხედვით, სოფლის მოსახლეობის 79%-ს მიაჩნდა, რომ ქორწინებამდე სექსი ქალებისთვის არასდროსაა გამართლებული. თუმცა, პატარა ცვლილებები სოფლის მაცხოვრებლებშიც შეინიშნება, რადგან 2011 და 2009 წლებში ეს რიცხვი 88% იყო. 

მონაცემები აჩვენებს, რომ განათლებაც დიდ როლს თამაშობს საქართველოში მცხოვრები ხალხის სტერეოტიპების ჩამოყალიბებაში. 2013 წლის გამოკითხვის მიხედვით, უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის 63%-ს მიაჩნდა, რომ ქალებისთვის სექსი ქორწინებამდე დაუშვებელია მაშინ, როცა საშუალო ტექნიკური განათლების მქონეთა 81% და საშუალო ან უფრო დაბალი განათლების მქონეთა 84% ფიქრობდა იგივეს

ამრიგად, ქორწინებამდე სექსის მიმართ დამოკიდებულებების განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია განათლების დონე, სქესი და დასახლების ტიპი . თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მოსახლეობა არ ამართლებს ქალებისთვის ქორწინებამდე სექსს, ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება. 

ხანდაზმულთა კეთილდღეობა სამხრეთ კავკასიაში: პრობლემა გამწვავების პერსპექტივით

მსოფლიოს მოსახლეობა ბერდება. სიკვდილიანობის შემცირებისა და შობადობის კლების გამო ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება. საერთაშორისო ორგანიზაციები წინასწარმეტყველებენ1, რომ მოსახლეობის დაბერება ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის იმ ქვეყნებს, რომლებსაც ხანდაზმულების სათანადოდ უზრუნველყოფა ამჟამადაც არ შეუძლიათ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არ წარმოადგენენ. Global AgeWatch-ის ინდექსის თანახმად2, 2050 წლისთვის 60 წელზე უფროსი მოსახლეობის წილი სომხეთსა და საქართველოში 30%-ს გადააჭარბებს, ხოლო აზერბაიჯანში 26%-ს მიაღწევს. დღესდღეობით 60 წელზე უფროსი მოსახლეობის წილი ამ ქვეყნებში, შესაბამისად, 14.7%, 20.1% და 8.8%-ია. CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემების გამოყენებით მოცემული ბლოგი აღწერს ხანდაზმულთა დემოგრაფიულ შემადგენლობასა და ეკონომიკურ მდგომარეობას სამხრეთ კავკასიაში.  პოსტი ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ ხალხზე, ვინც სტანდარტული ხანდაზმულობის პენსიის ასაკის ან მასზე უფროსია3 და ამბობს, რომ პენსიონერია და არ მუშაობს. 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვაში ეს ჯგუფი რესპონდენტების 12%-ს შეადგენს და ბლოგში ხანდაზმულებად მოიხსენიება. მოცემული ბლოგი არ ეხება საპენსიო ასაკის ხანდაზმულებს, რომლებიც მუშაობენ. შემოსავლის ოდენობისა და წყაროების განხილვის შემდეგ ბლოგი აღწერს ხანდაზმულთა მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რამდენად ყოფნით შემოსავალი ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. 

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში მოქალაქეები ხანდაზმულობის პენსიას იღებენ მიუხედავად იმისა, ოდესმე უმუშავიათ თუ არა. სომხეთსა და საქართველოში პენსიის საშუალო ოდენობა (634და 81 აშშ დოლარი5, შესაბამისად) ახლოსაა ოფიციალურ საარსებო მინიმუმთან (656 და USD 79 აშშ დოლარი7, შესაბამისად), ხოლო აზერბაიჯანში საშუალო პენსია (190 აშშ დოლარი8) საარსებო მინიმუმზე რამდენადმე მაღალია (160 აშშ დოლარი9). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანში ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე სომხეთსა და საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ პენსიების ოდენობა ახლოსაა საარსებო მინიმუმთან, რომელიც, თავის მხრივ, არარეალისტურია10, ხანდაზმულთა ეკონომიკური მდგომარეობა სამივე ქვეყანაში საკმაოდ რთულია.

2013 წლის კავკასიის ბარომეტრის თანახმად, ხანდაზმულთა ნახევარზე მეტი სომხეთსა და აზერბაიჯანში და ორ მესამედზე მეტი საქართველოში ქალია, რაც შესაძლოა, მამაკაცებში სიცოცხლის უფრო დაბალ ხანგრძლივობას უკავშირდებოდეს. სომხეთთან შედარებით, აზერბაიჯანსა და საქართველოში სოფლებში უფრო მეტი ხანდაზმული ცხოვრობს, ვიდრე ქალაქებში. აზერბაიჯანელებისა და ქართველების 40%-ზე მეტი ქვრივია, სომხეთში - 34%. საქართველოში მარტო ხანდაზმულთა 16% ცხოვრობს, სომხეთში 12% და აზერბაიჯანში 7%.  ალბათ, ნაწილობრივ ამ ფაქტის გამო, ხანდაზმულთა ოჯახის საერთო შემოსავალი აზერბაიჯანში უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ ორ ქვეყანაში. სომხებისა და ქართველების 70%-ზე მეტისთვის ბოლო თვეში ოჯახის საერთო შემოსავალი 250 აშშ დოლარი ან ნაკლებია, ხოლო აზერბაიჯანელთა 70%-სთვის - 250 აშშ დოლარზე მეტი. სომხებთან და ქართველებთან შედარებით, ხელფასები შემოსავლის წყაროდ უფრო ხშირად აზერბაიჯანელმა ხანდაზმულებმა დაასახელეს. შესაძლოა, იმიტომ, რომ ისინი უფრო იშვიათად ცხოვრობენ მარტო. 

დიაგრამა 1

შენიშვნა: დიაგრამა აჩვენებს მხოლოდ „დიახ“ პასუხის პროცენტებს ხუთი ყველაზე ხშირად დასახელებული შემოსავლის წყაროსათვის.


შინამეურნეობის ეკონომიკური მდგომარეობის 10-ბალიან სკალაზე შეფასებისას, ხანდაზმულთა უმრავლესობა სამივე ქვეყანაში საშუალო და დაბალ პოზიციებს ირჩევს. ხანდაზმულები სომხეთში საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო ცუდად აფასებენ, ვიდრე აზერბაიჯანსა და საქართველოში. სომხეთში ხანდაზმულთა 52% აცხადებს, რომ ფული საკვების შესაძენადაც არ ჰყოფნის, ხოლო აზერბაიჯანსა და საქართველოში იგივეს მხოლოდ 26% და 39% ამბობს.

ხანდაზმულთა რთული ეკონომიკური მდგომარეობა ასევე კარგად იკვეთება იმაში, თუ რამდენად ხშირად სჭირდებათ ფულის სესხება ყოველდღიური ხარჯებისთვის. ხანდაზმულები სამივე ქვეყანაში მიუთითებენ, რომ ფულს საკვების შესაძენად სესხულობენ. თუმცა, აზერბაიჯანელები და ქართველები ამას უფრო იშვიათად აკეთებენ. სომხეთში ხანდაზმულთა დაახლოებით მესამედი ამბობს, რომ საკვებისათვის ფულს ყოველთვიურად სესხულობს, ხოლო აზერბაიჯანსა და საქართველოში იგივეს მხოლოდ 15% ამბობს. სამივე ქვეყანაში ხანდაზმულები ფულს საკვებისთვის უფრო ხშირად სესხულობენ, ვიდრე, მაგალითად, კომუნალური მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად.

გარდა საკვებისა და კომუნალური მომსახურების ხარჯებისთვის ფულის სესხებისა, ხანდაზმულები მიუთითებენ, რომ კონკრეტული პროდუქტების მოხმარების შეზღუდვა უწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეზღუდვები ყველა ასაკობრივ ჯგუფს ახასიათებს, ხანდაზმულებში ეს უფრო მეტად შეინიშნება. ხანდაზმულთა უმრავლესობა მიუთითებს, რომ ხორცისა და თევზის მოხმარებას ზღუდავს. სომხეთში ხანდაზმულების თითქმის ნახევარი მიუთითებს, რომ ასევე ზღუდავს კარაქისა და რძის მოხმარებას მაშინ, როცა აზერბაიჯანსა და საქართველოში ამას 21% და 31% ამბობს. აზერბაიჯანსა და საქართველოსთან შედარებით, სომხები ასევე უფრო მეტად ზღუდავენ თევზის, ხილისა და ბოსტნეულის მოხმარებას.

ამრიგად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ხანდაზმულთა ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. მათი უმრავლესობა, განსაკუთრებით სომხეთში, მიუთითებს, რომ შემოსავალი საკვებისა და კომუნალური მომსახურების ხარჯების დასაფარად არ ჰყოფნის. შედეგად, მათ ფულის სესხება და ზოგიერთი პროდუქტის მოხმარების შეზღუდვა უწევთ. ხანდაზმულების ასეთი მდგომარეობა შეშფოთების საბაბს გვაძლევს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ხანდაზმულთა ხვედრითი წილი მოსახლეობაში მომავალი ათწლეულების განმავლობაში კიდევ გაიზრდება და სახელმწიფო უფრო მწვავე გამოწვევების წინაშე დადგება.

1 United Nations (2013). World Population Ageing 2013. ნანახია http://www.un.org/en/development/desa/population/publications/pdf/ageing/WorldPopulationAgeing2013.pdf
2 Global AgeWatch Index (2014). The proportion of population aged 60 or over in 2014 and 2050. ნანახია http://www.helpage.org/global-agewatch/population-ageing-data/population-ageing-map/.
3 სომხეთში 63 წლის ან უფროსი ქალები და მამაკაცები, აზერბაიჯანში 59.5 წლის ან უფროსი ქალები და 62 წლის ან უფროსი კაცები, საქართველოში კი 60 წლის ან უფროსი ქალები და 65 წლის ან უფროსი კაცები
4 Armenian National Statistics office (2015). Average Pension size in drams, 2014. ნანახია http://www.armstat.am/en/?nid=126&id=19151
5 სოციალური მომსახურების სააგენტო (2015). საპენსიო ასაკის მიღწევა. ნანახია http://ssa.gov.ge/index.php?sec_id=378&lang_id=GEO
6 Armbanks (2011). Minimum subsistence basket becomes 13.5% cheaper in Armenia. ნანახია http://www.armbanks.am/en/2011/11/01/28977/
7 სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) (2015). ცხოვრების დონე, საარსებო მინიმუმი. ნანახია http://www.geostat.ge/?action=page&p_id=175&lang=geo
8 State Statistics Committee of Azerbaijan (2015). Health, Social Protection, Sport. ნანახია http://www.stat.gov.az/source/healthcare/indexen.php
9 News.Az (2014). Azerbaijan to increase subsistence minimum for next year by 5%. ნანახია http://www.news.az/articles/economy/93344
9 Frank, Liza (2013). Living and Surviving: Consumer Basket in Eastern Partnership Countries. ნანახია http://eastbook.eu/en/2013/07/country-en/moldova-en/living-surviving-consumer-basket-in-eastern-partnership-countries/

როგორ განსხვავდება სამსახურით კმაყოფილება სამუშაოს პროფილის მიხედვით?

რიგი დარგებისა, მათ შორის ეკონომიკა, სოციოლოგია და ფსიქოლოგია, შეისწავლის სამსახურით კმაყოფილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემების გამოყენებით, ეს ბლოგი წარმოაჩენს, თუ როგორ განსხვავდება სამსახურითკმაყოფილება სამუშაოსპროფილის მიხედვით.
2013 წელს კავკასიის ბარომეტრმა პირველად გამოიყენა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროფესიების სტანდარტული კლასიფიკაცია (ISCO-08),რომ გაეზომა რესპონდენტების დასაქმების სტატუსი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „სამუშაოს პროფილი“). სამსახურითკმაყოფილების გასაზომად კი გამოიყენეს შემდეგი კითხვები:
  • „რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: ვაკეთებ საქმეს, რომელიც ბევრ ადამიანს სჭირდება“.
  • „ზოგადად რამდენად კმაყოფილი ან რამდენად უკმაყოფილო ხართ თქვენი სამსახურით?“
  • „რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: ვგრძნობ, რომ სამსახურში ჩემს შრომას აფასებენ.“
CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემების თანახმად, სხვადასხვა სამუშაოს პროფილის მქონე ქართველებსსამსახურით კმაყოფილების სხვადასხვა დონე აქვთ. ქართველებს, რომლებსაც ე.წ. „მაღალი პროფილის“ სამსახური აქვთ (75%) ორჯერ უფრო მეტად ფიქრობენ, რომ აკეთებენ ბევრი ადამიანისთვის საჭირო საქმეს, ვიდრე „დაბალი პროფილის“ სამსახურის მქონენი (40%). 
დიაგრამა 1 1
შესაბამისად, სამსახურით კმაყოფილება განსხვავდება სამუშაოსპროფილის მიხედვით. დასაქმებული ქართველებიდან, ვინც გამოხატასაკუთარი სამსახურით კმაყოფილება, დიდია„მაღალი პროფილის“ სამსახურის მქონე ადამიანების წილი. 
მსგავსი ლოგიკით, რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ეთანხმება მოცემულობას: „ვგრძნობ, რომ სამსახურში ჩემს შრომას აფასებენ“ თითქმის ორჯერ მეტია „მაღალი პროფილის“ სამუშაოს (47%), ვიდრე „დაბალი პროფილის“ სამუშაოს მქონე პირებში (25%).
ქართველებში სამსახურით კმაყოფილება განსხვავდება სამუშაოს პროფილის მიხედვით. ზემოთ მოყვანილი დიაგრამები წარმოაჩენენ განსხვავებას: დასაქმებულები, რომლებსაც სჯერათ, რომ სხვებისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და გრძნობენ, რომ სამსახურში მათ შრომას აფასებენ, უფრო დიდი ალბათობით„მაღალი პროფილის“ სამსახურის მქონენი არიან (მენეჯერები, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები). საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში სამუშაოს პროფილის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ CRRC-ის ვებგვერდს ან მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდის გამოყენებით.


1 შენიშვნა: კითხვარში მოცემული სამსახურის პროფილის აღმნიშვნელი კითხვა მოიცავდა პასუხის შემდეგ ვარიანტებს: მენეჯერი; მაღალკვალიფიციური სპეციალისტი; შუალედური რგოლის სპეციალისტი ან ტექნიკოსი; ოფისში მომუშავე დამხმარე პერსონალი; მომსახურების ან სავაჭრო სფეროს მუშაკი; სოფლის მეურნეობის / მეტყევეობის / მეთევზეობის დარგის კვალიფიციური მუშაკი; ხელოსანი და მონათესავე პროფესიების მუშაკი; სამრწეველო დანადგარების, მოწყობილობების, მანქანების ოპერატორი / ამწყობი; არაკვალიფიციური მუშა და შეიარაღებულ ძალებში მომუშავე პერსონალი. თითოეული ვარიანტი შეესაბამება კვალიფიკაციის, ანაზღაურებისა და პრესტიჟის სხვადასხვა დონეს. ამ ბლოგისთვის ვარიანტები „მენეჯერი“ და „მაღალკვალიფიციური სპეციალისტი“ დაჯგუფდა ერთად „მაღალი პროფილის“ კატეგორიაში მაშინ, როდესაც დანარჩენი ვარიანტები „დაბალი პროფილის“ საქმიანობებში გაერთიანდა. პასუხის ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ დასაქმებულთა მხოლოდ 3% დააფიქსირა. შესაბამისად, ისინი უგულებელყოფილნი იყვნენ ანალიზის პროცესში. აღსანიშნავია, რომ ბლოგში მოცემული დაკვირვებები შეესაბამება ქართველთა მხოლოდ იმ ნაწილს, რომლებმაც ინტერვიუს პროცესში სამსახურის ქონა დააფიქსირეს (გამოკითხულთა 39%), ხოლო თანაფარდობა მაღალი და დაბალი პროფილის პროფესიებს შორის არ არის თანაბარი (23% და 77%).

ივარჯიშე და იყავი ბედნიერი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ვინც რეგულარულად ვარჯიშობს, უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ის, ვინც პასიურად ცხოვრობს. მაგრამ ასევე საინტერესოა, არის თუ არა რეგულარულად მოვარჯიშე უფრო ბედნიერიც? ბრისტოლის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, ზოგადად უფრო ბედნიერები არიან, უკეთ მუშაობენ და ნაკლებად განიცდიან სტრესს. უფრო მეტიც, ბევრმა კვლევამ ცხადჰყო, რომ ფიზიკური ვარჯიში დეპრესიას ებრძვის და განწყობას აუმჯობესებს, რაც ვარჯიშისას ნეიროგენეზის და ენდორფინების გამოყოფის ხარჯზე ხდება. CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ეს ბლოგი იკვლევს, არიან თუ არა ფიზიკურად აქტიური ადამიანები საქართველოში უფრო ბედნიერები და უფრო კმაყოფილები საკუთარი ცხოვრებით იმათთან შედარებით, ვინც არ ვარჯიშობს. ამასთან, ბლოგი გააანალიზებს, ვინ უფრო მეტად ვარჯიშობს, ქალი თუ კაცი, და სად უფრო აქტიურია მოსახლეობა: თბილისში, სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში.
ფიზიკური ვარჯიშის ბევრი დადებითი მხარის მიუხედავად, საქართველოში, ისევე როგორც ამერიკასა და ევროკავშირში, არც ისე ბევრი ადამიანია ფიზიკურად აქტიური. კავკასიის ბარომეტრის მონაცემებით (იხ. დიაგრამა 1), საქართველოს მოსახლეობის 16% ვარჯიშობს კვირაში ორ საათს მაინც. რაც შეეხება სქესებს შორის განსხვავებას, საქართველოში მცხოვრები მამაკაცები (22%) ფიზიკურად ორჯერ უფრო აქტიურები არიან, ვიდრე ქალები (10%).

დიაგრამა 1[1]

[3] შენიშვნაკითხვისას „ზოგადად რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი ახლანდელი ცხოვრებით“ გამოყენებული იყო 10-ბალიანი სკალა. ამ დიაგრამაზე ეს სკალა შეიცვალა 5-ბალიანი სკალით, სადაც კოდები ‘1’ და ’2’ დაჯგუფდა კატეგორიაში „ძალიან ბედნიერი“, კოდები ‘3’ და ‘4’ - კატეგორიაში ‘2’, კოდები ‘5’ და ‘6’ - კატეგორიაში ‘3’, კოდები ‘7’ და ‘8’ - კატეგორიაში ‘4’ და კოდები ‘9’ და ‘10’ - კატეგორიაში „ძალიან კმაყოფილი.“ ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ ანალიზიდან გამოირიცხა.

მონაცემების თანახმად, თბილისსა და სხვა ქალაქებში მცხოვრები ხალხი ფიზიკურად უფრო აქტიურია, ვიდრე სოფლებში მცხოვრები ადამიანები: თბილისის მოსახლეობის 22% და სხვა ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის 20% რეგულარულად ვარჯიშობს მაშინ, როცა სოფლის მოსახლეობის მხოლოდ 9% ვარჯიშობს კვირაში 2 საათს მაინც.


დიაგრამა 2[2]


კვლევის შედეგებით, ფიზიკურად აქტიური ადამიანები უფრო კმაყოფილები არიან დღევანდელი ცხოვრებით. ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა აჩვენებს, რომ მათგან, ვინც ვარჯიშობს, 40% კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 33%-მდე მცირდება არააქტიურ მოსახლეობაში. განსხვავება კიდევ უფრო თვალსაჩინოა მათთან, ვინც უკმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით: მათი 18%, ვინც ვარჯიშობს, და მათი 31%, ვინც არ ვარჯიშობს, ცხოვრებით კმაყოფილი არ არის.




დიაგრამა 3[3]
ამრიგად, საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით იგივე რაოდენობა ვარჯიშობს რეგულარულად, რაც ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე, ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების დონე უფრო მაღალია ფიზიკურად აქტიურ მოსახლეობაში.

თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ფიზიკურ აქტივობასა და ბედნიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში, ესტუმრეთ CRRC-ის ვებგვერდს ან მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის სისტემის გამოყენებით. 

[1] შენიშვნაკითხვისას „ზოგადად რამდენად ბედნიერი ხართ“ გამოყენებული იყო 10-ბალიანი სკალა. ამ დიაგრამაზე ეს სკალა შეიცვალა 5-ბალიანი სკალით, სადაც კოდები ‘1’ და ’2’ დაჯგუფდა კატეგორიაში „ძალიან ბედნიერი“, კოდები ‘3’ და ‘4’ - კატეგორიაში ‘2’, კოდები ‘5’ და ‘6’ - კატეგორიაში ‘3’, კოდები ‘7’ და ‘8’ - კატეგორიაში ‘4’ და კოდები ‘9’ და ‘10’ - კატეგორიაში „ძალიან ბედნიერი.“ ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ ანალიზიდან გამოირიცხა. 

[2] შენიშვნა: კითხვისას „ზოგადად რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი ახლანდელი ცხოვრებით“ გამოყენებული იყო 10-ბალიანი სკალა. ამ დიაგრამაზე ეს სკალა შეიცვალა 5-ბალიანი სკალით, სადაც კოდები ‘1’ და ’2’ დაჯგუფდა კატეგორიაში „ძალიან ბედნიერი“, კოდები ‘3’ და ‘4’ - კატეგორიაში ‘2’, კოდები ‘5’ და ‘6’ - კატეგორიაში ‘3’, კოდები ‘7’ და ‘8’ - კატეგორიაში ‘4’ და კოდები ‘9’ და ‘10’ - კატეგორიაში „ძალიან კმაყოფილი.“ ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ ანალიზიდან გამოირიცხა.